ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.05.2011
ხანმოკლე გაზაფხული - დედაქალაქი ხელისუფლების გარეშე და ჩერქეზთა გენოციდი

ხელისუფლებამ მიაღწია საწადელს - შექმნა რა „ელიტარული“ და „ჩვეულებრივი“ საზოგადოება. საქართველოს დაბეჩავებულ მოსახლეობას დღენიადაგ ჩასძახიან „ელიტარული“ ტელევიზიები ელიტარულების ანუ ცნობადი სახეების შესახებ. ელიტაში, ცხადია, უპირველესად ხელისუფლება მოიაზრება, აგრეთვე მის მიერ ნათესავ-მეგობართა წრიდან დანიშნული „ბიზნესმენები“, ესოდენ გულმოდგინედ რომ ატყავებენ „ჩვეულებრივებს“, გარდა ამისა, აქ არიან მომღერალ-მოტლინკავე გოგო-ბიჭები, ტელეშოუების წამყვანები, თითო-ოროლა მსახიობი და ე.წ. მწერალი.

მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, თანაც საკმაოდ დიდი, „ელიტაში“ არ გადის. ის „ჩვეულებრივია“ ანუ არაფრით გამორჩეული, უფულო, უჭკუო, ნაცრისფერი მასა, რომელსაც მხოლოდ მიტინგების შესავსებად იყენებენ ან არჩევნებში ხმების მისაცემად. ერთი სიტყვით, ამ „ჩვეულებრივებს“ „მასოვკებისთვის“ იყენებენ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც და როდესაც დასჭირდებათ, მკერდზე მჯიღის ცემით, ხმამაღლა გაჰყვირიან „ჩემი ხალხიო“.

„ჩემი ხალხის“ როლი პოლიტიკაში განუზომელია, მაგრამ არა ფეოდალურ-დიქტატორულ ქვეყანაში. ხალხს, როგორც გითხარით, გარკვეულ მომენტში იხსენებენ და ისიც ცოტა ხნით, უფრო მეტზე აღარ „აწუხებენ“. მიაღწევენ რა საწადელს, „ხალხის“ მასას უკანა პლანზე გადასწევენ. ბოლო 20 წელია ტრიალებს ქართული პოლიტიკის ერთფეროვანი ბორბალი.

საყოველთაოდ მიღებულ ერთფეროვნებაში თავისებური კორექტივები შეაქვს გაზაფხულს, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს წელს - მიტინგებისა და მანიფესტაციების სახით, რაც არ არის გასაკვირი. ბუნების კანონებიდან გამომდინარე ზამთარგამოვლილ ორგანიზმს სითბო ეუფლება, ამასთანავე აღმაფრენის სურვილიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნით. ხანმოკლე გაზაფხულიდან, აუტანელ პაპანაქებაში სწრაფი გადასვლა, თავისთავად განსაზღვრავს პოლიტიკური აქტივობის ხანმოკლეობას. ქართული პოლიტიკური აქტიურობის ხანგრძლივობა მოკლე გაზაფხულით და არანაკლებ მოკლე შემოდგომით განისაზღვრება.

ხანმოკლე გაზაფხულის დროს „ელიტის“ უპირველესმა წარმომადგენელმა - ხელისუფლებამ ორი ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, რომელიც სამარადისოდ თუ არა, კარგა ხნის განმავლობაში დაზაფრავს საქართველოს - საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანა და ჩერქეზთა გენოციდის აღიარება.

რაც შეეხება მეორე მხარეს ანუ ოპოზიციას - მასაც აქვს თავსაქებარი - აშშ-ს საელჩოსთან მოწყობილი საპროტესტო აქცია და სახალხო კრების მიტინგი. სამწუხაროდ - ერთიც და მეორეც ნაკლები აქტიურობით გამოირჩეოდა, უფრო სწორად, „ხალხის“ “გრანდიოზული“ მონაწილეობა რევოლუციურის მომასწავებელი არ გამოდგა.

ერთი წელია საქართველოს მოსახლეობას თავს ახვევენ ახალ გამოწვევას ანუ ქვეყნის უთავობას ანუ დედაქალაქს ხელისუფლების გარეშე. მსოფლიოს საუკუნოვანი ისტორიიდან გამომდინარე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქვეყნის დედაქალაქად სწორედ ის ქალაქი ითვლება, სადაც არის პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს (კაბინეტის) სახით. სწორედ ამ აწყობილი სისტემის დაშლას ლამობს პრეზიდენტი და მასზე მიტმასნილი ნაციონალური პარტია.

ერთი წლის წინათ, როდესაც პირველად გაისმა ეს „ბრძნული“ აზრი; ინდიფერენტულ საზოგადოებას გული რომ არ გახეთქოდა, სანახევრო ვარიანტი შეაპარეს - ქუთაისში პლენარული სხდომების, ხოლო თბილისში საკომიტეტო მუშაობის ჩატარების სახით.

მართლაცდა “ჯუჯულა” საზოგადოებამ, ინდიფერენტულზე უარესმა, დანაშაულებრივად დამყოლმა, თავი იმით დაიმშვიდა - “აქაც” იქნებაო. სააკაშვილი რა სააკაშვილია, ოდნავი დათმობა რომ არ გამოეყენებინა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და წლისთავზე პირდაპირ გვაჯახა - პარლამენტი მთლიანად ქუთაისში გადავაო.

ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას არაფერი მოაქვს, თუმცა სააკაშვილის ერთი წლის წინანდელ გადაწყვეტილებას არავითარი ჩხუბი არ მოჰყოლია, არც ოპოზიციის და არც ხალხის მხრიდან. ის უსუსური წკავწკავი, საპარლამენტო ოპოზიციამ რომ მორთო, უფრო რიტუალის შემადგენელი ნაწილი იყო, ვიდრე გულწრფელი ბრძოლა, წინ აღდგომოდნენ გაუგონარ იდიოტიზმს.

ასეა, როდესაც ხმას არ ამოიღებ ხელისუფალთა მიერ ნაკეთებ სიბინძურეებზე - ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქებაზე, სამინისტროების დაშლა-გაუქმებაზე, დარჩენილში, გაუნათლებელი თინეიჯერების შეყრაზე, თბილისის ძველი ქალაქის უფუნქციო ხიდით წაბილწვაზე, გორში სტალინის ძეგლის ქურდულად აღებაზე, „იმელის“ შენობის გაუპატიურებაზე და სხვა მრავალ ხელმრუდე საქმეზე.

პრეზიდენტისა და მისი პარტიის ვერც ერთი არგუმენტით ვერ გამართლდება პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა, ხოლო მთავარი მიზეზი - რომ თბილისელებს მოესპობათ პარლამენტის წინ მიტინგზე თავშეყრის შესაძლებლობა, ბოროტი, ეგოისტური ზრახვებია, რომელსაც შეიძლება შეეწიროს ისედაც ეჭვის ქვეშ მდგარი ქვეყნის ერთიანობა.

პარლამენტის გადატანა დაახლოებით ისეთივე მზაკვრული ნაბიჯია, როგორიც 2008 წლის ცხინვალის აგრესია, რამაც ქვეყნის ულამაზესი 20% დაგვაკარგვინა. პარლამენტის გადატანით ისტორიას ბარდება თბილისის პოლიტიკური ლიდერობა, დედაქალაქობა. მხედველობაშია მისაღები გაძვალტყავებული ქვეყნის მიერ პარლამენტის გადატანით გამოწვეული ხარჯების დაფარვის საკითხიც, ადამიანის ბიოლოგიური რესურსი და სხვა. უამრავი თანხა დაიხარჯება თვით პარლამენტის შენობის აგებაში, თბილისელი პარლამენტარების აქეთ-იქით მოგზაურობაში, ქუთაისში, თბილისელი პარლამენტარებისთვის საცხოვრებელი ბინების გამოყოფაში და სხვა.

საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვის შემდეგ, რაც არ უნდა ქორფა ასაკის იყოს პარლამენტარი, ფიზიკურად გაუჭირდება გონებრივ საქმიანობაში სწრაფი ჩართვა.

პარლამენტი მარტო წევრებისგან არ შედგება, მას ორჯერ მეტი რაოდენობის აპარატი ემსახურება. აპარატის პროფესიონალური აზროვნება პარლამენტის ნაყოფიერი მუშაობის საწინდარია. პარლამენტის შემადგენლობა იცვლება, მაგრამ აპარატი რჩება. ასეა ცივილიზებულ, საპარლამენტო ცხოვრებაში გამობრძმედილ ქვეყნებში. სამწუხაროდ ეს დაუწერელი კანონი აქ არაერთხელ დაირღვა, რამაც ცუდად იმოქმედა პარლამენტის მუშაობაზე. ქუთაისში გადასვლის შემთხვევაში გამოდის, რომ აპარატიც უნდა გადავიდეს ან აქეთ-იქით იაროს, რაც გამოიწვევს ოჯახების გაყოფას, უადგილო ადგილას გააჩენს პრობლემებს, გარდა ამისა, წყალში გადაიყრება ასეულ-ათასობით ლარი - ესოდენ აუცილებელი ღარიბ-ღატაკი ქვეყნისათვის.

არა უშავს, აპარატს ქუთაისში ავიყვანთო - თქვა ხელისუფლებამ. აყვანა შეიძლება, მაგრამ აპარატი, რომ ნამდვილ აპარატად ჩამოყალიბდეს, მრავალი წელია საჭირო და რაც მთავარია - ტრადიცია. თუ ვინმეს აქვს უფლება თქვას აპარატის რაობაზე, მათ შორის თქვენს მონა მორჩილსაც - 1974-დან 1993 წლამდე უმაღლესი, უზენაესი საბჭოსა და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს, მოგვიანებით პარლამენტის წევრს.

სამწუხაროდ, პარლამენტის რუსთაველის პროსპექტიდან გადატანის იდეა თბილისის 1991-1992 წლების ომის შემდეგ გაჩნდა. მაშინ ზოგიერთმა საერთოდ მოითხოვა ამ შენობის დანგრევა - ვითარცა „სატანის ბუდის“ (სატანა, მათი აზრით, გამსახურდია იყო). მეორე ნაწილმა - თბილისის მაშინდელმა მერმა და „ნამდვილმა თბილისელებმა“ დროებითი მთავრობის (სიგუა) წინაშე დასვა საკითხი შენობის ბიზნესისათვის გადაცემის, ხოლო პარლამენტისათვის შენობის თბილისის ზღვაზე აშენების თაობაზე. პარლამენტის შენობის თბილისის ზღვაზე გადატანით თურმე ადგილი არ ექნებოდა ისეთ ექსცესებს, რასაც ჰქონდა ადგილი თბილისის ომის სახით და თუ ექნებოდა, დედაქალაქის ცენტრი არ დაინგრეოდა. პატივცემულ თენგიზ სიგუასთან სხდომაზე, საბედნიეროდ, ჩვენი დაბეჯითებული თხოვნით, მიიღეს წინადადება, რომ პარლამენტის შენობის ბედი გადაეწყვიტა ახალარჩეულ პარლამენტს. რა ბედი ეწევა თვით პარლამენტის შენობას?

მოარული ხმების მიხედვით, საბჭოთა კავშირის ათ საუკეთესო საოფისე შენობათა რიცხვში შესულ უნიკალურ შენობას, ქართული არქიტექტურის ძეგლს, ისე გაჰყიდიან, როგორც სხვა შენობას. მას ისეთი ბედი ელის, როგორც „იმელს“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობას.

პარლამენტის ქუთაისში გადატანით ყველაზე მეტ ამომრჩეველს-თბილისელს შესაძლებლობა ერთმევა შეხვდეს თავის არჩეულს ანუ იქონიოს მასთან სისტემატური საქმიანი კონტაქტი, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, არა მარტო პარლამენტარიზმისთვისაა სილის გაწვნა, არამედ „ამომრჩევლისათვისაც“, თუმცა ამომრჩევლის, ამ „ნაცრისფერი მასის“ შეურაცხყოფა ვის აწუხებს?! პარლამენტის გადატანა შორს მომავალი გეგმაა - ისეთადაც დაშლილი ქვეყნის, კიდევ უფრო დაშლის საქმეში.

არანაკლებ შორსმომავალი და სახიფათოა - საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება. პარლამენტის დარბაზში გამოსული პარლამენტარები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პატრიოტული სიტყვების ფრქვევაში. უმრავლესობას მხარში ედგნენ ე.წ. ოპოზიციონერებიც, მათ შორის განსაკუთრებულად აღტყინებული ლორთქიფანიძე-ჩახვაძე. მეამაყება ქართველი რომ ვარო, - ბრძანა დიმიტრიმ. მსგავსი პათოსი სუფევდა უზენაესი საბჭოს სხდომაზე, როდესაც კენჭი უყარეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმებას, თუ რით დასრულდა ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკური სიბეცე, კარგადაა ცნობილი.

ჩერქეზთა გენოციდის ისე, როგორც პარლამენტის გადატანის თემა, ერთი წელი დამოკლეს მახვილივით ტრიალებს ბედკრული საქართველოს თავზე. ამ საქმეში საშური სიბეჯითით მოქმედებდა აშშ-ს ჯეიმსთაუნის უნივერსიტეტის ექსპერტი-მკვლევარები, რომლებიც ზედიზედ ატარებდნენ კონფერენციებს თბილისში. მიზანი ნათელია - საქართველოს ხელით რუსეთის გამოწვევა.

გენოციდის დადგენა ერთობ რთული საქმეა და შესაძლებელია სერიოზული, ღრმა, მრავალწლიანი კვლევით და, არა ისე „თათარიახნად“, რასაც ჰქონდა ადგილი. ამერიკელ „კეთლისმსურველთა“ ძალისხმევით საქართველომ შექმნა ჩერქეზთა გენოციდის აღიარების პრეცედენტი. ამ ნაბიჯით მან თავი ჩაიგდო ერთობ უხერხულ მდგომარეობაში. როდესაც აღიარებ ჩერქეზთა გენოციდს, რას ფიქრობ სომხების გენოციდზე? და თუ ამაზეც იფიქრებ და ანგარიშს გაუწევ სომეხ ხალხს, რას ფიქრობ განაწყენებულ თურქეთ-აზერბაიჯანზე?

საქართველოს პარლამენტის სხდომამ დამარწმუნა, რომ პოლიტიკა რთული საკითხია და მასში გამოუცდელი ხალხის მონაწილეობა დამღუპველია. პარლამენტმა ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა კრემლის გასაღიზიანებლად. სიტყვით თითქოს საქართველო მზადაა აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან, საქმით - ის ყოველდღე შორდება „მიზანს“. ამ დაშორებაში აქტურადაა ჩართული „მოკავშირე“ აშშ-ი. მისი უშულო მონაწილეობით ადგილი აქვს საქართველოს ხელისუფალთა წაქეზებას რუსეთის წინააღმდეგ. აშშ-ს მთავარი პრინციპი - რაც უარესი, მით უკეთესი, ძალაში რჩება. ვაშინგტონს აწყობს კავკასია - ერთმანეთთან წაკიდებული, დაპირისპირებული, რაღაც გაუგებარი და აბსტრაქტული კავკასიური სახლებით, კავკასიური ფედერაციით.

ამერიკა არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეში - ხშირად ამბობენ საქართველოში აკრედიტებული ამერიკელი დიპლომატები და ვაშინგტონელი პოლიტიკოსები - ეს სიტყვით, საჯაროდ, საქმით, არათუ ერევა, უმნიშვნელო დეტალსაც კარნახობს და თანაც დიქტატის სახით. სააკაშვილის არჩევნებში გამარჯვებას წყალი შეუდგებოდა, რომ არა ვაშინგტონის სწრაფი რეაგირება არჩევნების აღიარებასთან დაკავშირებით.

საქართველო ის ადგილია, სადაც ლაღად ხარობს ამერიკული პოლიტიკა, რომელსაც შეჰხარის ყველა დიდი თუ პატარა, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, რაც ნათლად გამოჩნდა ქართული პარტიის საპროტესტო განცხადების შემდეგ, აშშ-ს საელჩოსთან აქციის მოწყობასთან დაკავშირებით. გახსოვთ, თუ რა გულმოდგინებით დაწიხლეს ოქრუაშვილი ყველა „ოპოზიციურმა“ პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ - ამერიკას როგორ აკადრა ოქრუაშვილმა ასეთი რამო, ის, ხომ ჩვენი მეგობარი და მარჩენალიაო. ვაი ჩვენს პატრონს, როდესაც ქვეყნის ოპოზიციას მერკანტილური მოსაზრება ამოძრავებს და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესები, რას უნდა ველოდოთ მისგან?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"