ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
19.05.2011
ხელისუფლება მორიგი კლოუნადისთვის ემზადება

დღეს დილაადრიან მთელი თბილისი გააყრუა დაბალ სიმაღლეზე მფრინავმა საჰაერო აპარატებმა - ვერტმფრენებმა და თვითმფრინავებმა. ზოგიერთი მოქალაქე, „მოდელირებული ქრონიკის“ არ იყოს, შეიძლება პანიკაშიც კი ჩავარდა - ომი ხომ არ დაიწყოო. თუმცა ეს მხოლოდ ე.წ. სამხედრო აღლუმის რეპეტიცია აღმოჩნდა.

თუ რაოდენ კომიკურია აგვისტოს „ომის“ ორ დღეში წაგების და გორში მიწაზე ფორთხიალის შემდეგ სამხედრო აღლუმების გამართვა, რომელსაც ტრიბუნაზე გამოჯგიმული „მთავარსარდალი“ ჩაიბარებს, ამას დიდი განსჯა და კამათი, ვფიქრობთ, არ სჭირდება. მაგრამ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ომი „არ წაუგია“, რადგან „თბილისი შეინარჩუნა“ და „რუსული დროშა არ ფრიალებს“ პარლამენტის თავზე (რომლის შენობასაც ჰყიდიან, და არაა გამორიცხული, რომ რომელიმე რუსულმა კომპანიამ იყიდოს). ამ ლოგიკით, ქართული ჯარის აღლუმი 1941 წელს მოსკოვში გამართულ აღლუმს წააგავს, როცა მძიმე დამარცხებების მიუხედავად, საბჭოთა ჯარი არ გატყდა და წითელი მოედნიდან პირდაპირ ფრონტზე მიემართებოდა. ერთია, რომ არც სააკაშვილია სტალინი და არც ბაჩო ახალაიას არწივები მიდიან აღლუმიდან „ფრონტზე“.

სინამდვილეში, შეიარაღებულ ძალებს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში მხოლოდ ორი ამოცანა აქვთ: 1) საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორის“ ანუ აშშ-ს სამხედრო ავანტურებში მონაწილეობა; 2) რეჟიმის დაცვა-გამყარება.

სწორედ ამ მიზნებით იქმნებოდა და იწვრთნებოდა ქართული ჯარი, როგორც მინიმუმ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამერიკელების მიერ. დღესაც ქართველი ჯარისკაცები იღუპებიან და სახიჩრდებიან ავღანეთში, ძირითადად ნაღმების აფეთქების შედეგად, რომლებსაც პარტიზანები და ნარკომოვაჭრეთა თუ ადგილობრივ საველე მეთაურთა ბანდები ამონტაჟებენ. არანაირ რეალურ საბრძოლო გამოცდილებას ქართული ბატალიონი ავღანეთში არ იღებს, რომელიც შეიძლება გამოსდგომოდა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების დროს. თუმცა რა დაპირისპირებაზეა საუბარი. ყველას ესმის, რომ არათუ რუსეთი და თურქეთი, ჩვენი მეზობელი რესპუბლიკები - სომხეთი და აზერბაიჯანიც კი გაცილებით ძლიერ არმიებს ფლობენ, ვიდრე საქართველო. რაც შეეხება რუსეთთან შესაძლო ომს, თუკი 2008 წელს საომარ მოქმედებათა აქტიური ფაზა 48-72 საათში დასრულდა, დღეს ანალოგიური დრო ორჯერ და შეიძლება მეტჯერაც ნაკლები იქნებოდა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავად რუსეთის არმიაც არ იმყოფება იდეალურ, რბილად რომ ვთქვათ, მდგომარეობაში.

ის, რომ არმია, ჯარი ამჟამინდელ ხელისუფლებას საკუთარი პოზიციების დასაცავად სჭირდება, იქიდანაც ჩანს, თუ ვინ ხელმძღვანელობს მას. რამდენიმე წლის წინ ეს იყო პოლიციის და უშიშროების სტრუქტურებიდან მოყვანილი პოლკოვნიკი გოგავა, რომელიც გენერალურ შტაბს ედგა სათავეში. ეს გოგავა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ რუსთაველის პროსპექტზე დადიოდა და ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებდა. ახლა კი თავდაცვის მინისტრად მუშაობს ბაჩო ახალაია, სააკაშვილთან დაახლოებული ოჯახის წევრი, რომლის მამა პროკურორია, უფროსი ძმა პოლიციის მაღალჩინოსანი, ხოლო თავად „ციხეების უფროსად“ მუშაობდა თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე.

ასე რომ, ქართული ჯარი მხოლოდ პოლიციის დასახმარებლად თუ გამოდგება, მიტინგების დარბევის დროს. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩვენი პოლიცია თავადაც საკმაოდ ძლიერია და ჯარის მხარდაჭერა არ სჭირდება, და კაცმა რომ თქვას, არც დასარბევი მომიტინგეები ჩანს სადმე. ამიტომ, როცა საქმე არაფერია, აღლუმებითაც შეიძლება გართობა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"