ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
17.05.2011
ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი

სულ ახლახანს რუსეთმა ჩვეული პომპეზურობით აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი. წითელ მოედანზე გამართული სამხედრო პარადი თავისი მასშტაბურობით, ორგანიზებულობით, წამებში გათვლილი ჯარისკაცული მარშით, მძლავრი სამხედრო ტექნიკის ჩავლით, შთამბეჭდავი სანახაობა იყო.

დასავლეთმაც აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვება, ერთობ კამერულად, მოკრძალებულად, დემონსტრაციებისა და სამხედრო პარადების გარეშე, თანაც 8 მაისს და არა 9-ში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს „ღრმადგანათლებულ“ ვაშაძეს სხვა მოსაზრება აქვს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით - რუსები, ისე, როგორც ყველაფერში აქაც სხვებისგან განსხვავებულს, სეპარატულს თამაშობენო, - ასეთი იყო მისი საჯარო განცხდების დედა აზრი. მაინც რა ურჩხულია ეს შეჩვენებული კრემლი გამარჯვების დღესაც, რომ მსოფლიოსგან განსხვავებულად ზეიმობს?

მოსკოვის ელიტარული დიპლომატიური სასწავლებლის კურსდამთავრებულ ვაშაძეს, თუ მართლაც უსწავლია აღნიშნულ სასწავლებელში და ისე არ უცუღლუტია, როგორც მოსკოვში „მოსწავლე“ ქართველ სტუდენტობას, ის, მაინც უნდა მოეხსენებოდეს, რომ გამარჯვების დღესასწაულის აღნიშნვა და რუსული სეპარატიზმი შორს არის ერთმანეთისაგან და უფრო ტექნიკური რეალობაა, ვიდრე პოლიტიკური ამპარტავნობა.

1945 წლის 8 მაისს მოეწერა ხელი გერმანიის კაპიტულაციის აქტს. საბჭოთა კავშირის მხრიდან მას ხელი მოაწერა მარშალმა ჟუკოვმა. დოკუმენტი გვიან ღამით (2 საათზე) ჩაიტანეს მოსკოვში. უკვე 1945 წლის 9 მაისი იდგა.

ოფიციალურმა საქართველომაც აღნიშნა 9 მაისი, მაგრამ გაგვაფრთხილა - მომავალში 9 მაისს, 8 მაისს გაზეიმებთო, ისე, როგორც ევროპაშიო. რითი ვართ ევროპელებზე ნაკლები, პირიქით, ჩვენი ხელისუფლების შემყურე არათუ ნაკლები, მეტიც ვართ. ბაქრაძის თქმისა არ იყოს, დავიბრუნეთ ჩვენი ადგილი ევროპაში. საინტერესოა ისტორიულად როდის და რამდენი ხნით ვიყავით ამ დალოცვილ კონტინენტზე ან იქ რომ ვიყავით, რა ვისწავლეთ იქაური, რაში დაგვეტყო იქაურობა? მარტო ზოგიერთი „მამაკაცის“ კურტუმოს ქნევა და გავის გასხვისება არ უნდა ნიშნავდეს ევროპელობას. მაგრამ ჩვენი თანამედროვეობა განსხვავებულები ვართ - ევროპელებზე უფრო ევროპელები, უფრო სწორად ასეთები გვინდა ვიყოთ, მაგრამ დიდმა სურვილმა და თანაც სულსწრაფობამ გზაკვალი აგვიბნია და ევროპას უკნიდან მიგვაყენა - უკანალის ქნევით და ერთსქესიანი ქორწილების სურვილით, პლიუს ქურდობით. ამით ხომ მოვიჭერით და ისე მოვაბეზრეთ თავი მათ, ქართველების დანახვაც აღარ უნდათ.

ევროპელობა მარტო ქურდობა, ნარკომანია, კაცების გათხოვება არ არის, სამწუხაროდ ეს მანკიერება ახასიათებს მას, მაგრამ გაცილებით მეტი აქვს მისაბაძი, ვიდრე ჩვენ გვგონია, თუნდაც ისეთ „მარტივ“ დარგებში, როგორებიცაა განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, გამართული, ცხოვრებისეული კანონმდებლობა და კანონების პატივისცემა, ხელისუფალთა მორჩილება ხალხისადმი და არა ხალხის მორჩილება ხელისუფლებისადმი, ხელისუფალთა მკაცრი კონტროლი და სხვა. რა უგავს საქართველოს ევროპის? დიქტატურაში გადასული ავტორიტარული მართვა, თუ „გამჭრიახი“, „დაღვინებული“ ხელისუფლება?

დიახ! ჩვენ, მომავალში 8 მაისს ვიზეიმებთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს კი, როგორც „ძირძველი“ ევროპელები - ევროპის დღეს აღვნიშნავთ, ალბათ გეი პარადით.

ხელისუფლებამ მთლად დააბნია, ისედაც დაბნეული მოსახლეობა - ხან დიდების მემორიალს აფეთქებს ქუთაისში, ხან ფაშიზმზე გამარჯვების სულისჩამდგმელის ძეგლს იპარავს გორში, ხან 9 მაისს გვასვენებს და გვეუბნება, რომ 9 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია, ხან 9 მაისობას 8 მაისობით შეცვლას გვპირდება და სხვა.

ქართული 9 მაისი მარტო ამ გაუგებრობით არ იყო გამორჩეული. ზოგიერთთა, განსაკუთრებით მოჭარბებულად ევროპელ ქართველთა სატელევიზიო გამოსვლებმაც „დაუვიწყარი“ კვალი დასტოვეს ტელემაყურებლებზე. ყველა მათგანმა გამოავლინა ერთობ დიდი უცოდინარობა მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის მეორე მსოფლიო ომთან და სტალინთან მიმართებაში.

ფაშიზმზე გამარჯვება და სტალინის როლი ამ საქმეში კარგა ხანია ფართო პოლემიკის საგანია დასავლეთში და რუსეთში. კრემლის ბოლოდროინდელმა დასავლურობისაკენ გადახრამ ფრთები შეასხა რუს ლიბერალებს, განსაკუთრებით ანტისტალინურ პროპაგანდაში. მათი აზრით, რომ არ ყოფილიყო სტალინი, ფაშისტური გერმანია თავს არ დაესხმებოდა საბჭოთა კავშირს და თუ ამას ექნებოდა ადგილი საბჭოთა ხალხი ომს უსტალინოდაც მოიგებდა. სტალინის ყოფნამ, პირიქით, დაამძიმა ვითარება, გააჭიანურა ომი, მისმა უცოდინარობამ სამხედრო საქნეში გამოიწვია დიდი მსხვერპლი და სხვა.

შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ჟუკოვის ნათქვამი: „Во время беседы он производил сильное впечатление: способность четко формулировать мысль, природный ум и редкая память, поразительная работоспособность, умение быстро схватывать на лету суть дела позволяли ему просматривать и усваивать за день такое количество материала, которое было под силу только незаурядному человеку. Могу твердо сказать, он владел основными принципами организации фронтовых операций и групп фронтов и руководил ими со знанием дела, хорошо разбирался в больших стратегических вопросах. Он был достойным Главнокомандующим“.

1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 9 მაისამდე სტალინის მიერ გაწეული შრომა, როგორც ფრონტთან, ისე ზურგთან მიმართებაში, საბჭოთა ხალხის მობილიზება ფაშიზმთან საბრძოლველად და ფრონტისთვის საჭირო საბრძოლო ტექნიკის, საკვების მიწოდება, აგრეთვე დიპლომატიური ჭიდილი აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელებთან, ფასდაუდებელია.

სტალინის საჯარო გამოსვლებში აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ფაშისტურ გერმანიასთან ომი არ შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც არმიათა ომი - არამედ აღქმული უნდა ყოფილიყო, როგორც მთელი საბჭოთა ხალხის ომი, „საყოველთაო ომი“, „ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის ომი“, „რომელიც გადაიზრდება ევროპისა და ამერიკის ხალხებთან ერთად მათი დამოუკიდებლობის და დემოკრატიული თავისუფლებისათვის ომში“.

სტალინს არც ომის ნაციონალური ასპექტები დავიწყებია. ის ლაპარაკობდა ეროვნული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის დანგრევის საფრთხეზე, როგორც რუსებისთვის, ისე უკრაინელების, ბელორუსების, ლიტველების, ლატვიელების, ესტონელების, უზბეკების, თათრების, მოლდოველების, ქართველების, სომხების, აზერბაჯანელების, სხვა ერებისათვის.

საბჭოთა ხალხისადმი 1941 წლის 3 ივლისის რადიომიმართვაში სტალინმა ხაზი გაუსვა შემდეგ სიტყვებს „ძმებო და დებო“, - რაც დამახასიათებელია მართლმადიდებლური ღვთისმსახურებისთვის, ამით მან საფუძველი ჩაუყარა ბოლშევიკების მიერ აწიოკებული და რეპრესირებული ეკლესიის შემორიგებას. 1941 წელს შედგა სტალინის შეხვედრა მიტროპოლიტ სერგისთან.

სტალინი ბოლშევიკთა მიერ დაწიხლულ და უგულებელყოფილ რუსეთის ისტორიასაც შეეხო - ააღორძინა რა რუსეთის ფუძემდებლებისა და დამცველების სახელები - ალექსანდრე ნეველის, დიმიტრი დონსკოის, ალექსანდრე სუვოროვის, მიხეილ კუტუზოვის. 1941 წლის 10 დეკემბერს მისი ბრძანებით ყველა სამხედრო გაზეთიდან მოიხსნა მოწოდება „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით“.

სტალინი ქვეყნის და სოციალიზმის გადარჩენას ხედავდა ომის სამამულოდ, ეროვნულად გადაქცევაში და არა ომის კლასობრიობაში.

ომის დასასრულს საბჭოთა კავშირში მოქმედებდა 10547 მართლმადიდებლური ეკლესია და 75 მონასტერი, მაშინ, როდესაც ომის დასაწყისში მხოლოდ 380 ეკლესია იყო და არც ერთი მონასტერი.

ომის დასასრულს შეიცვალა მოწოდებებიც - „სიკვდილი გერმანელ ოკუპანტებს“ და „მოკალი გერმანელი“. ბოლო ეტაპზე აღარ იყო საჭირო ამდაგვარი უკიდურესობანი, რათა ის არ გადაზრდილიყო გერმანელი ხალხის საყოველთაო სიძულვილში.

„რა ეცემოდა თვალში სტალინის შემხედვარე ადამიანს?“ - სვამს კითხვას ანდრია გრომიკო და თვითონვე პასუხობს: „უპირველეს ყოვლისა რაც ყურადღებას იქცევდა, იყო გონიერება, აზროვნება. მე არასდროს შემინიშნავს, რომ მისი ნათქვამი დაკავშირებული არ ყოფილიყო განხილვის თემასთან. წინასიტყვაობას, გრძელ წინადადებებს ან არაფრის გამომხატველ მოსაზრებებს თავს არიდებდა“.

„სტალინის სიტყვისათვის დამახასიათებელი იყო თავისებური მანერა. მის მიერ ნათქვამი სიტყვა ჩამოყალიბებული აზრის გამომხატველი იყო.

სტალინი ბევრს კითხულობდა. მისი ერუდიცია ჩანდა არა მარტო გამოსვლებში. მან იცოდა რუსული კლასიკური ლიტერატურა. უყვარდა გოგოლი, სალტიკოვ-შჩედრინი. სტალინმა იცოდა შექსპირი, ბალზაკი, ჰიუგო, გი დე მოპასანი - რომელსაც ხშირად აქებდა, სხვა დასავლელი პროზაიკოსი. მას ბევრი ისტორიული წიგნი ჰქონდა წაკითხული. მის გამოსვლებში გამოყენებული მაგალითები თავისთავად მეტყველებდა შესაბამისი ისტორიული ფაქტის ცოდნაზე.

ერთი სიტყვით, სტალინი განათლებული ადამიანი იყო და როგორც ჩანს ვერავითარი ფორმალური განათლება ვერ მისცემდა მას ამ ცოდნას, რამდენსაც საკუთარ თავზე მუშაობა. სწორედ ამ შრომის შედეგი იყო ცნობილი სტალინური ენა, მისი უნარი რთული აზრის გადმოცემა მარტივად და პოპულარულ ენაზე.

მსოფლიოს სამი ლიდერის შეხვედრებთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი ფაქტი, თითოეული შეხვედრის დროს ვადევნებდი რა თვალს მასში მონაწილეებს, როგორც რუზველტს, ისე შემდგომში ტრუმენს, ჩერჩილს და მის მემკვიდრე ეტლს, ყველა მათგანში სტალინი სარგებლობდა უდიდესი პატივისცემით“, - წერს ა.გრომიკო თავის წიგნში.

66 წელია მსოფლიომ არ იცის ისეთი ყოვლისმომცველი ომი, რასაც ადგილი ჰქონდა 1941-45 წლებში, რაც უდიდესი დამსახურებაა სამი სახელმწიფოს მაშინდელი ლიდერის, მათ შორის სტალინის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"