ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
18.05.2011
სააკაშვილმა საქართველოს მუსლიმთა სამმართველო შექმნა

ამ რამდენიმე ხნის წინ მას-მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ საქართველოში შექმნილია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო (სსმს). მაისის პირველ დეკადაში ამ ორგანიზაციას სამეცნიერო კონფერენციაც კი ჩაუტარებია, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის დიდი ქრისტიანი და აწ უკვე, როგორც ჩანს, მუსლიმი მოღვაწეც ზაზა გაბუნია.

სამმართველოს სახელწოდებაში სიტყვა „სრულიად“ რომ არა, ორგანიზაციის აბრევიატურა „სმს“ იქნებოდა. არაა გამორიცხული, მის დამფუძნებლებსაც პარლამენტიდან და მთავრობიდან სმს-ით ატყობინებდნენ, რომ ისინი უკვე ახალი სამმართველოს მუშაკები არიან. სამმართველოს ხელმძღვანელად (მუფთი) დაინიშნა ჯემალ ბაქრაძე (თუმცა, სხვა გვარიც ფიგურირებს რუსული მას-მედიის ინფორმაციებში). საინტერესოა, რომ სწორედ რუსული და ასევე, აზერბაიჯანული საიტების ინფორმაციები გადაბეჭდეს ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა.

სსმს-ს შექმნამ პროტესტი გამოიწვია კავკასიის მუსლიმთა სამმართველოში. შეგახსენებთ, ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არსებობდა და მისი ცენტრი მდებარეობს ბაქოში. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი, უკვე რამდენიმე ათეული წელია, არის ალაჰშუქურ ფაშაზადე. სამმართველოს აქვს წარმომადგენლობაც საქართველოში, რომელსაც უძღვება ალი ალიევი.

ამ შემთხვევაში საინტერესოა ერთგვარი შიდა კონფესიური დაპირისპირება, ან კონკურენცია. როგორც ცნობილია, მორწმუნე აზერბაიჯანელთა უმრავლესობა მუსლიმი შიიტია, მათ შორის საქართველოში მცხოვრებნიც. ამავე დროს, ქართველ მუსლიმთა უდიდესი ნაწილი სუნიტია, ძირითადად აჭარლები. აჭარელ მუსლიმთა შორის გავლენა აქვთ თურქულ ისლამურ ცენტრებს, სასწავლებლებს და „სასულიერო პირებს“ (თუმცა ეს ტერმინი ისლამისთვის ზუსტი არ არის). ხოლო საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, ბუნებრივია, კავშირები აქვთ ბაქოში არსებულ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოსთან, რომელიც შიიტურ ორგანიზაციად ითვლება. ზოგადად, აზერბაიჯანელი მორწმუნეების სასულიერო კერა უფრო მეტად ირანი და ერაყია, სადაც განლაგებულია ძირითადი შიიტური თეოლოგიური ცენტრები, რადგან თავად აზერბაიჯანში მოსახლეობის რელიგიურობა დაბალ დონეზეა და თეოლოგიური ცენტრებიც თითქმის არ არსებობს. კავკასიის მუსლიმთა სამმართველოც უფრო ფორმალური სტრუქტურაა, ვიდრე რეალური. ამრიგად, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შექმნით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თურქეთის და ირანის გავლენიდან გამოიყვანოს საქართველოში მცხოვრები ისლამის მიმდევრები. რამდენად რეალურია ეს განზრახვა, ძნელი სათქმელია, თუმცა გარკვეული კონტროლის მოპოვებას ხელისუფლება, ალბათ, მოახერხებს.

თავად ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესდა ამ საკითხით და გადაწყვიტა, სპეციალური სამმართველოც კი შეექმნა, მიუთითებს იმაზე, რომ ისლამის როლი იზრდება პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის კავკასიაშიც. ირანის და შემდგომ თურქეთის მაგალითით, სადაც ისლამიზაციის პროცესი ასევე მიმდინარეობს, შეიძლება დაინტერესდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები მუსლიმები, რომელთა სასულიერო განათლების და თვითიდენტიფიკაციის დონე ძალზე დაბალია. ამიტომ, როგორც რუსეთის, ისევე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის ახლა უკვე საქართველოს, ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს ეს პროცესები და სათავეში ჩაუდგეს მათ. როგორც ჩანს, უახლოეს წლებში ხელისუფლების მცდელობები ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"