ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
11.05.2011
სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არავის მოუნდება

აპრილის ბოლოს ვლადიკავკაზში დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც, კავკასიის რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზი და ოსი დელეგატებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქართველებიც იმყოფებოდნენ.

რა იყო აღნიშნული შეხვედრის მიზანი და როგორია ეთნიკური ოსებისა და აფხაზების დამოკიდებულება ქართველებისადმი, საკუთარ შთაბეჭდილებებს “საქართველო და მსოფლიოს” ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე უზიარებს.

- ბატონო გულბაათ, რა იყო ვლადიკავკაზში გამართული შეხვედრის მიზანი?

- აღნიშნული ღონისძიება, პირობითი სახელწოდებით “დიდი სამამულო ომი და მისი მიმდინარეობა კავკასიაში, გამარჯვება, რომელიც მოპოვებულია ერთიანობით” შარშანაც გაიმართა ტუაფსეში, წელს კი უკვე მეორედ ჩატარდა და ამჯერად ჩვენი მასპინძელი ვლადიკავკაზი იყო. კონფერენციაში, რომლის ორგანიზატორიც რუსეთის ხელისუფლება იყო, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეტერანები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რაც აღნიშნული ღონისძიების უდა­ვოდ მაღალი სტატუსის მანიშნებელია. ქართველებთან და რუსებთან ერთად, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის, ოსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის წარმომადგენლები. საუბრის თემა და შეხვედრის მიზანი იყო სამამულო ომში კავკასიელი ხალხების წვლილი. თუმცა ეს ხალხები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამწუხაროდ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ვლადიკავკაზში შეხვედრის მიზანი სწორედ მოძმე კავკასიელი ხალხების დაახლოება იყო, რათა მათ კვლავ გამონახონ საერთო ენა. ვინაიდან იყო დრო, როდესაც ჩვენი მამები და პაპები საერთო მტრის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ. ეს შეხვედრა გამჭვირვალეა და მისი კარი ყველასთვის ღიაა. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება შეშინებული, დაკომპლექსებული და გამოთაყვანებულია ანტირუსული პროპაგანდით და მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია, როგორიცაა, მაგალითად, “ისტორიული მემკვიდრეობა”, თუ ბედავს ამგვარ შეხვედრებში მონაწილეობას.უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც, როგორც ტუაფსეში, ისე ვლადიკავკაზში შესანიშნავი სიტყვით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე და ვფიქრობ, რომ ასეთი სიტყვებით გამოსვლა გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვიდრე გამუდმებით იმის ძახილი - რუსებო, თქვენ ოკუპანტები ხართო. თუ დიალოგი არ დაიწყე საკითხით, რომელიც ნაკლებ კონფლიქტს იწვევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მოლაპარაკება ჩიხში მოექეცევა.

ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ შეხვედრაზე რუსებს შეახსენა, რომ, როდესაც  ომში გამარჯვების დღეს ზეიმობენ, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ სამხედრო ხელმძღვანელის გარეშე ომს ვერ მოიგებ, და ის ადამიანი, რომელმაც ხალხს გამარჯვება მოუტანა, იყო იოსებ სტალინი. აღსანიშნავია, რომ, როდესაც ბატონი ალექსანდრე თავის გამოსვლას ამთავრებს, რიგი დგება ხოლმე - მიდიან და მის მიმართ საოცარ სიმპათიას გამოხატავენ. ასევე, სიმპათიით სარგებლობენ საქართველოს წარმომადგენლები, თავად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მითხრა, თქვე­ნი გამოსვლები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესსა და ყურადღებას იმსახურებსო. აღსანიშნავია ისიც, რომ, მართალია, ბატონი ალექსანდრეს გამოსვლა კრიტიკული  იყო რუსეთის მიმართ, მაგრამ, როდესაც რუსებს მეგობრის პოზიციიდან ვაკრიტიკებთ, ამ კრიტიკას ისინი იღებენ და გვისმენენ.კონფერენციის პარალელურად, ქართული დელეგაცია, ბატონი ალექსანდრეს ინიციატივით, ვლადიკავკაზში მოქმედ ქართულ სკოლასაც ესტუმრა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. თავის დროზე ამ სკოლის დაარსებას დიმიტრი ყიფიანი და კოსტა ხეთაგუროვი ედგნენ სათავეში. იქ სწავლობენ ქართველი ბავშვები, რომლებმაც ლექსები წაგვიკითხეს. ეს ბავშვები შესანიშნავი ქართულით მეტყველებენ და მე ბედნიერი ვიქნებოდი, თბილისშიც ასეთი ქართულით რომ მეტყველებდნენ ქართველი ბავშვები. ძალიან თბილად დაგვხვდნენ... რუსი ბავშვებიც ვნახე, რომლებიც ქართულ სკოლაში დადიოდნენ. იქ მცხოვრებ ქართველებსა და ოსებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. თუმცა არის ერთი პრობლემა: სკოლის შესასვლელში ადრე იყო სამლოცველო, რომელიც დროთა განმავლობაში დაინგრა და ამის აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა. სავალალოა, რომ ქართულ მხარეს არ აინტერესებს ამ ეკლესიის აღდგენა, სადაც, სხვათა შორის, ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინათლა.ჩვენ მიგვაჩვიეს აზრს, რომ რუსეთი მხოლოდ “დაყავი და იბატონეს” პრინციპით მოქმედებს, რათა წააჩხუბოს ერთმანეთს კავკასიის ხალხები და ამის ფონზე ის მედიატორად და მომრიგებლად გამოჩნდეს, მაგრამ თუნდაც აღნიშნული შეხვედრები ადასტურებს, რომ რუსეთის ხელისუფლება მზადაა, კავკასიის ხალხებს შორის მეგობრობასა და ურთიერთგაგებას შეუწყოს ხელი.

- როდესაც “ერთიან კავკასიურ სახლზე” საუბრობენ, ბუნებრივია, გაერთიანება გამოიწვევს კავკასიის რეგიონის გაძლიერებას, რაც, მოგეხსენებათ, არც ერთ დიდ სახელმწიფოს არ აწყობს. როგორ ფიქრობთ, რა დაინტერესება აქვს რუსეთის ხელისფლებას, როდესაც კავკასიის ხალხების დაახლოებას ცდილობს? - მთავარია, როგორ განიხილავთ “ერთიანი კავკასიური სახლის იდეას”. გვინდა თუ არა ჩვენ, რუსეთი უზარმაზარი სახელმწიფოა, მაგრამ კავკასიური ქვეყანაცაა. რუსეთს ძვირი უჯდება თუნდაც ამ ქვეყნების სისუსტე, ვინაიდან ის უზარმაზარ ფინანსებს ხარჯავს ამ ქვეყნებზე და, როდესაც ამგვარი გაერთიანება ხდება არა ანტირუსულ საწყისებზე, არამედ - რუსეთის მონაწილეობით, ეს რუსეთისთვისაც მისაღებია. - შეხვედრას ესწრებოდა დელეგაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთიდანაც, თქვენ ესაუბრეთ მათ, როგორ გესახებათ ქართულ-ოსური ურთიერთობების მოგვარება და თუნდაც აღნიშნულ შეხვედრაზე, თუ დაისახა რამე კონკრეტული სამოქმედო გეგმა? - შეხვედრის ფორმატი საკითხების პოლიტიკურ განხილვას არ ითვალისწინებდა. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და არ გვაქვს მანდატი, რათა მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ქართულ-ოსურ ურთიერთობებსა თუ პოლიტიკურ სტატუსზე. თუმცა, თუ დღევანდელ ვითარებას გადავხედავთ, აგვისტოს ომმა ბევრი რამ გააფუჭა და შორეული მომავლის პერსპექტივად აქცია. ახლა მთავარია ნდობის აღდგენა. სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდები და სტატუსზე და პოლიტიკურ თემებზე დაიწყებ ლაპარაკს, უნდა არსებობდეს გარკვეული ნდობა ხალხებს შორის. შეხვედრის შემდეგ, საკუთარი ინიციატივით მოვიდა ჩვენთან “სამხრეთელი ოსების” დელეგაციის წარმომადგენელი, ცხინვალის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კოკოევი და გაგვეცნო.მართალია, მათ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიაჩნიათ და რუსეთის აღიარებამ ფრთები შეასხათ, მაგრამ ჩვენ ამას არასდროს ვეთანხმებოდით და არც დავეთანხმებით, თუმცა ამაზე ჩხუბის გამართვა არ შეიძლება. ისინი აღგვიქვამენ მეზობლებად და არ სძულთ ქართველები, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო. - თუმცა საქართველოს ხელისუფლება საპირისპიროს აცხადებს... - ხელისუფლება რას ამბობს, ერთია, მაგრამ ოსებმა ხომ იციან სიმართლე?! ამის მიუხედავად, მე ქართველი ხალხისადმი, ჩვენი დელეგაციისადმი მხოლოდ დადებითი განწყობა ვიგრძენი. ერთი კია, პოლიტიკური დიალოგი შესაძლებელი რომ გახდეს ოსებთან და აფხაზებთან, ამისთვის ჯერ რუსეთთან დიალოგია საჭირო. გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ფაქტორი. პირველ რიგში, აგრესიულად არ უნდა ვიყოთ განწყობილი და რუსების ლანძღვა-გინებითა და იმის მტკიცებით, რომ მართლები ჩვენ ვართ, ვერაფერს მივაღწევთ. ასევე, არ არის საჭირო მოძველებული და პრიმიტიული რიტორიკა - რომ გვინდა  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რადგან, ბუნებრივია, ეს არ ხიბლავს არც ოსს და არც აფხაზს, რადგან ეს მათთვის ომთან და ჩაგვრასთან ასოცირდება. - მაგრამ ნებისმიერი მოლაპრაკების დროს, ჩვენი მიზანი ხომ სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს? - რას ნიშნავს ტერიტორიული მთლიანობა? ის, რომ თავისუფლად გადაადგილება შეგვეძლოს აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუ იქ რომ ჩავალთ, ოსი მოვიდეს და დაგვიჩოქოს? ჩვენს ხელისუფლებას ასე ესმის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც, მაგალითად, აჭარაშია. ჰამლეტ ჭიპაშვილმა თქვა ამას წინათ, აჭარაში თხების ფერმაში დირექტორს ვერ ნიშნავდნენ, თბილისმა უნდა გადაწყვიტოსო. ასეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება არ მოუნდებათ და არც უნდა დაბრუნდნენ. სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არავის მოუნდება. ჯერ ჩვენ ქვეყნის შიგნით უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია. რო­გორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას “გოიმებად” მიაჩნია ოსები და აფხაზები, ჰგონია, რომ მათ შადრევნებითა და განათებული ქუჩებით მოხიბლავს.მინდა, ერთ მნიშვნელოვან მომენტზეც ვთქვა ორიოდე სიტყვა, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია. გზა გუდაურამდე ძალიან კარგია, რათა ბატონი მიხეილ სააკაშვილი იოლად ავიდეს და თხილამურებზე ისრიალოს, მაგრამ რა ხდება გუდაურს იქით, როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებაში ეს არავის აინტერესებს. გუდაური-კობის მონაკვეთი საშინელ მდგომარეობაშია და სტეფანწმიდის რაიონი, ფაქტობრივად, მოწყვეტილია საქართველოს. - თქვენ ამბობთ, რომ ქართულ-ოსურ ან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობამდე უნდა მოგვარდეს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ როგორ გესახებათ ამ ურთიერთობის მოგვარება იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს - სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იქნება, მას არ დაელაპარაკება და, თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებაც აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებამდე რუსებთან საუბარს აზრი არ აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ რთულ ვითარებაში ურთიერთობის მოგვარება? - ამ ეტაპზე ქართულ-რუსული ურთიერთობის აღდგენა არ მესახება შესაძლებლად. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა შესაძლებელი, რასაც ჩვენ და ჩვენი მსგავსი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვაკეთებთ და რომლებსაც თავი გვაქვს გადადებული.სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ იმის მაგივრად, რომ მადლობა გვითხრას, პირიქით, მოღალატეების იარლიყს გვაკერებენ. სიმართლე გითხრათ, სულ არ მეხალისება ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, სადაც ოსებთან და აფხაზებთან თანაბარი სტატუსით გვიწევს საუბარი და ამის შესახებ  რუსებსაც ვუთხარი, მაგრამ შეხვედრაზე ვლადიკავკაზში  მაინც წავედი და კიდევ წავალ, რადგან ვატყობ, რომ საქართველოს ეს სჭირდება. ეს ყველაფერი საქართველოს იმიჯს უკეთესობისკენ ცვლის და ამაში თავად რუსები გვეხმარებიან.აღსანიშნავია, რომ ჩვენი დელეგაცია ყოველთვის თვითკრიტიკულია. ჩვენ  ყოველთვის ღიად ვაკრიტიკებთ საქართველოს ხელისუფლებას და ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, რასაც ერის ღალატად გვითვლიან. არადა, ეს ხელისუფლება რომ ნორმალურად აზროვნებდეს, მადლობას გვეტყოდა. ჩვენ საქართველოს თავიდან ვარიდებთ ყველანაირ ბრალდებას და შეცდომებს ვაწერთ მხოლოდ ხელისუფლებას. ამასთან, თვითკრიტიკულობის ფონზე, ჩვენი კრიტიკა რუსეთის მისამართით მწვავედ აღარ აღიქმება, ასეთ კრიტიკას ყურს უგდებენ და პატივს სცემენ.- მაგრამ ხელისუფლება ხომ ქვეყნის სახეა? - სამაგიეროდ, ხელისუფლება წარმავალია და არა - მუდმივი (თუმცა სააკაშვილი ცდილობს, პოლიტიკაში ამა თუ იმ ფორმით მუდმივად დარჩეს და კონსტიტუცია თავისი ხუშტურების მიხედვით ცვალოს). მუდმივი საქართველოს ინტერესებია. თუ ჩვენ მივაღწევთ საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული მეთოდებით შეცვლას, მაშინ საქართველოს თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გაცილებით ადვილი იქნება.მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენთანაც იყო გავრცელებული აზრი, თითქოს რუსეთი იშლება, რაც აბსურდია. თქვენ რომ გენახათ, როგორ ხვდებოდნენ ამ დელეგაციების წარმომადგენლები რუსებს, საბჭოთა კავშირი გაგახსენდებოდათ. მაგრამ, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, გულწრფელობა ამ ემოციურ დახვედრაში გაცილებით მეტი იყო.- ისინი დელეგაციების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ რა განწყობაა ხალხში, მათაც იგივე სურვილი აქვთ და მოსწონთ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა? - ამ დელეგაციების წევრები მხოლოდ ოფიციალური პირები არ არიან, იქ არიან ვეტერანები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისტორიკოსები და ა.შ. ბევრ ისეთ ადამიანსაც შევხვდი, ვინც კრიტიკულადაა რუსეთის ხელისუფლებისადმი განწყობილი, მაგრამ არც კი განიხილება, რომ რომელიმე რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობიდან გავიდეს. ჯერ ერთი, რუსეთის დოტაციებზე არიან დამოკიდებული და რუსეთის გარეშე ვერ იარსებებენ. დამოუკიდებლად რა უნდა აკეთონ ჩერქეზებმა და ჩრდილო ოსებმა? დასავლეთის მოწყალებას ელოდონ? რომელიც ვნახეთ, რაც არის. ეს ხალხი არ არის უგუ­ნური, მათ თვალწინ აქვთ ჩეჩნეთის მაგალითი, შეხედეს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ სისხლისღვრისა და გაჭირვების მეტი არაფერი მოუტანა ამ ქვეყნებს, თუნდაც საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს. ამიტომ მათ არ სურთ სხვისი შეცდომების გამეორება.- მაგრამ ამ ქვეყნებს მოუტანა ნანატრი თავისუფლება. - ეს თავისუფლებაც ფილოსოფიური საკითხია. ადამიანი შეიძლება ციხეში უფრო თავისუფალი იყოს, ვიდრე - ოქროს სასახლეში. შენ გაეროს წევრი ხარ თუ რუსეთის შემადგენლობაში იმყოფები, ამით შენი თავისუფლება არ განისაზღვრება. ეს უნდა გავაგებინოთ აფხაზებსაც და ოსებსაც. უნდა ავუხსნათ, რომ მათ თავისუფლებას არ ვეხებით იმით, რომ ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში იცხოვრონ, ოღონდ გარანტად რუსეთი თუ არ დაუდგა, არც აფხაზები და არც ოსები ჩვენთან ურთიერთობას არ მოისურვებენ.- დაბოლოს, რას გვეტყვით ჩრდილოეთ ოსეთში ქართველების მდგომარეობის შესახებ, თქვენ თავად ახსენეთ ვლადიკავკაზის ქართული სკოლა, როგორ ცხოვრობენ ქართველები იქ? ხომ არ ავიწროებენ მათ?-მართალია, აგვისტოს ომის შემდეგ ბევრმა ქართველმა გვარი შეიცვალა და რუსული აიღო, მაგრამ ასევე ბევრი ადამიანი ინარჩუნებს თავის ქართველობას. მათ არავინ ავიწროებს. ადგილობრივ ქართვე­ლებს შევხვდი და მითხრეს, რომ აგვისტოს ომის დროს მათთან სახლებში მოდიოდნენ რუსეთის უშიშროების - “ფეესბეს” წარმომადგენლები და აფრთხილებდნენ, თუკი ვინმე ეცდებოდა მათ შევიწროებას, დაერეკათ. უშიშროების თანამშრობლები თავიანთ ტელეფონის ნომრებს უტოვებდნენ ქართველებს. მაგრამ მათი დახმარება საჭირო არ აღმოჩნდა. ქართველები ოსეთში ნორმალურად ცხოვრობენ. ვლადიკავკაზში მანქანით ჩავედი, იქაურმა ქართველმა მძღოლმა ჩამიყვანა, რომელსაც სამუშაო აქვს და დამატებით შემოსავალს ასე, ტაქსით, იღებს. ეს კაცი საქართველოში დედას და ორ უმუშევარ ძმას არჩენს, პლუს ამას, შვილი გამოუშვა სასწავლებლად და ფიქრობს, თბილისში ბინა შეუძინოს. მას აქვს ახალი ავტომანქანა “ვოლგა”, რომელშიც ათი ათასი დოლარი გადაიხადა. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთში სამუშაო პირობები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩვენთან. ჩვენს თანამემამულეებს კი ჩვენი ხელისუფლების უპასუხისმგებლობამ და სისულელეებმა საარსებო წყარო არ უნდა მოუსპოს.ესაუბრაშორენა ცივქარაშვილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"