ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
27.04.2011
ჩრდილოეთ-სამხრეთის რკინიგზის მარშრუტის მნიშვნელობა

„გადატვირთვის“ პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ამერიკა-რუსეთს შორის, უპირველეს ყოვლისა, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს ეხება, თუმცა ღრმად ჩაფიქრებული გეგმით - პოსტსაბჭოთა სივრცეს, განსაკუთრებით კავკასიას, ცენტრალურ აზიას, ინდოეთის სუბკონტინენტს, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩინეთსაც მოიცავს.

„გადატვირთვის“ მთავარი მიზანი - რუსეთთან პარტნიორული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ხელს უხსნის ვაშინგტონს შორსმიმავალი გეგმების განხორციელებაში, რაც თავისთავად არც რუსეთის როლის დაკნინებას გამორიცხავს და არც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის შემცირებას. აშშ-ს მიზნები უშუალოდ ეჯახება რუსეთის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, ვისაც, სიტყვით, ამერიკა პარტნიორ-სახელმწიფოდ იხილავს - ამბობს რა, რომ ვაშინგტონი მიესალმება რუსეთის უფრო მეტ აქტიურობას აზიაში ამ რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისათვის.

რუსეთის ყურადღების მოსადუნებელი ტკბილი სიტყვების მიღმა ვაშინგტონის ნამდვილი გეოპოლიტიკური სურვილები იმალება, რომელიც ცუდის მეტს რუსეთს არაფერს უქადის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის რუსეთის პოლიტიკური ინტერესების შეზღუდვა ყოფილ საბჭოთა სივრცეში. მეორე - რუსეთის ეკონომიკური ინტერესებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა. მესამე - სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის გავლენის შემცირება და მისი განდევნა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან.

ყოველივე აღნიშნულის შესახებ სულაც, ცხადია, არ არის პირდაპი ლაპარაკი ამას წინათ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში - ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში, მაგრამ დოკუმენტში აღნიშნული მოსაზრება, რომ აშშ განიხილავს პოსტსაბჭოთა სივრცეს და მის მოსაზღვრე ტერიტორიებს, როგორც ამერიკისათვის სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზონას, თავისთავად ბევრის მანიშნებელია.

მსოფლიოში, განსაკუთრებით, ცენტრალურ აზიაში, ე.წ. ტერორიზმთან ბრძოლა ზედგამოჭრილი შესაძლებლობაა საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის და რომ არ ყოფილიყო ავღანელი თალიბები და ალ–ქაიდა, საჭირო იქნებოდა მათი გამოგონება, თუმცა ის, რაც იყო, არ იძლევა თვალის დახუჭვის შესაძლებლობას. თავის დროზე ორივე სწორედ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უშუალო ძალისხმევით შეიქმნა. ტერორიზმთან ბრძოლაში ჩართული აშშ, ნატო და მათზე მიბმული ქვეყნები რა ხანია ნაკლები წარმატებით იბრძვიან ავღანეთში. იქ შექმნილი ვითარება არ იძლევა უახლოეს მომავალში ამ ქვეყნიდან კოალიციის ჯარების გამოყვანის არავითარ საფუძველს. პირიქით, ვაშინგტონ-ქაბულის მოლაპარაკების მიხედვით, ავღანეთში ამერიკული სამხედრო ბაზა შეიქმნება. ის, რომ ეს ასე იქნება, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიამაც აღიარა ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე - „ალ კაიდასთან“ და „თალიბანთან“ საბრძოლველად ამერიკელებს სამხედრო ბაზა ესაჭიროებათ“, - განაცხადა კარზაიმ.

ვაშინგტონი მარტო ავღანეთში გახსნილ ბაზას არ სჯერდება. მას ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებშიც ესაჭიროება მსგავსი ბაზები, რასაც წარმატებით ახერხებს კიდეც. მკითხველს კარგად ახსოვს ყირგიზეთში, ამერიკული სამხედრო საჰაერო ბაზის ირგვლივ ატეხილი ხმაური, რასაც ადგილი ჰქონდა ყურმანბეკ ბაკიევის პრეზიდენტობის დროს. „პოლიტიკური“ მოსაზრებით დაწყებული ყირგიზული უკმაყოფილება ამერიკულმა დოლარმა გადაფარა. ბაზას ფირნიში შეეცვალა, ეს იყო და ეს. ის დღესაც წარმატებით მუშაობს.

ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში სამხედრო ბაზა „მანასი“-ს მნიშვნელობის შესახებ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნანმა ჰილარი კლინტონმა, ბიშკეკში ვიზიტის დროს გასული წლის დეკემბერში. ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ კი კატეგორიულად განაცხადა, რომ ყირგიზეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ბაზის შეუფერხებელი მუშაობისათვის.

აშშ-სა და ნატოსათვის მხარდაჭერაზე ილაპარაკა ბრიუსელში თებერვალში მყოფმა უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა. უზბეკეთის ქ.ნავოის აეროპორტი და თერმეზის რკინიგზის სადგური საკვანძო პუნქტებია ავღანეთში მებრძოლი კოალიციისთვის ტვირთების მიწოდების საქმეში.

ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს თურქმენეთის აეროპორტი „აშხაბადი“, ტაჯიკეთის ინფრასტრუქტურა. რაც შეეხაბა ყაზახეთს - მან პირველმა და ჯერ-ჯერობით ერთადერთმა ცენტრალურ აზიის ქვეყნებიდან საკუთარი სამხედრო კონტიგენტი გაგზავნა ავღანეთში.

საქართველოს ხელისუფლებაში დიდი სიხარულით აღიქვეს რესპუბლიკელი სენატორების მიმართვა პენტაგონისადმი - განიხილოს საკითხი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რადარის არა თურქეთში, არამედ საქართველოში განთავსების შესახებ. ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ წერდა, რომ ახალი მოწვევის კონგრესი მზადაა იმოქმედოს ამერიკა-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის აღსადგენად, რომელიც შენელდა თბილის–რუსეთის 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ.

ამერიკელთა მიერ გამოგონებული „გადატვირთვა“ უმთავრესად მიმართულია საკუთარი სარგებლის მიღებისთვის. პირველი ასეთი სარგებელი იყო მოსკოვის დათანხმება ავღანეთში კოალიციისთვის ტვირთების ტრანზიტის თაობაზე და ამ მიზნით ცენტრალური აზიის ქვეყნების ტერიტორიების გამოყენება. მეორე – გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთის მიერ ირანის საწინააღმდეგო პოზიციის დაკავება. კრემლის მხრიდან რევერანსებმა ამერიკას მეტის მიღების სურვილი გაუღვივა, რაც კარგად გამოჩნდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის რობერტ ბლეიკის განცხადებაში. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ამ რეგიონის როლს მსოფლიო ენერგეტიკისათვის. ნავთობის და გაზის ტრანზიტი, მისი აზრით, სამხრეთ კავკასიის გავლით უნდა განხორციელდეს, რათა რუსეთს არ ჰქონდეს ევროპისათვის ამ ენერგორესურსების მიწოდების პრიორიტეტი.

ამერიკელები მიესალმნენ მეორე პროექტსაც, რომელსაც გასული წლის 11 დეკემბერს მოეწერა ხელი - თურქმენეთს, ავღანეთს, პაკისტანსა და ინდოეთს შორის. „ვაშინგტონი დაინტერესებულია ამ გაზსადენის მნიშვნელობით, ვინაიდან ის იქნება რუსეთის გაზსადენის ალტერნატივა, რომელითაც ცენტრალური აზიის გაზი მიდის ევროპაში“. დიპლომატის ნათქვამი ყოველგვარი კომენტარის გარეშე მიანიშნებს იმ პოლიტიკაზე, რაც ვაშინგტონს რუსეთისთვის აქვს განსაზღვრული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ დადებითად განიხილავს რუსეთთან თანამშრომლობას აზიაში, რაც, ჩემის აზრით, კრემლის პოლიტიკოსთა ყურადღებას უნდა იქცევდეს, რამეთუ რუსეთს, რომელსაც მსოფლიო ამბიციები აქვს, ვაშინგტონი მხოლოდ აზიით ფარგლავს.

ახალ სტრატეგიაში გამოთქმულია ვაშინგტონის შეშფოთება ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაციის მასშტაბებითა და სტრატეგიული მიზნებით, კოსმოსის ათვისების მიმართ ჩინეთის თავდაჯერებული მოქმედებით, ამბიციებით ყვითელ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში. თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ მცირედი საფრთხის შემთხვევაში, თუ ასეთს ადგილი ექნა, აშშ-ს ან მისი მოკავშირეების მხრიდან ჩინეთს სათანადო პასუხი გაეცემა.

დოკუმენტის მიხედვით, დასახელებულია მხოლოდ სამი გლობალური სახელმწიფო - აშშ, ჩინეთი და ინდოეთი. რატომღაც რუსეთი ნახსენები არ არის. როგორც ჩანს ამერიკა რუსეთს მხოლოდ რეგიონულ ქვეყნად მოიაზრებს. რაც შეეხება არქტიკას, რომელზედაც სამართლიანი პრეტენზიები აქვს რუსეთს, აშშ ამ საკითხის გადაწყვეტას კანადასთან ერთად აპირებს და არა რუსეთთან.

ყოველივე აღნიშნული ნათლად მეტყველებს აშშ-ს სამომავლო მისწრაფებებზე, რომელთა შორის ერთ-ერთია რუსეთის როლის დაკნინება, მისი გავლენის შემცირება, პოსტსაბჭოთა სივრციდან მისი განდევნა. ამიტომაცაა, რომ ორი ქვეყნის მაღალი დონის პოლიტიკოსთა შეხვედრის დროს რუსეთს სისტემატურად ახსენებენ, რომ ვაშინგტონისთვის მიუღებელია რუსული გავლენის სფეროები.

ცენტრალური აზიით არა მარტო აშშ არის დაინტერესებული, არამედ თურქეთი, ირანი, ჩინეთი, პაკისტანი, სხვა ქვეყნები. მათგან გამოვყოფდი ირანს, რომელიც თანმიმდევრულად აფართოებს თავის ყოფნას ტაჯიკეთში. ამას წინათ ტაჯიკეთში ირანის ელჩმა ალი ასგარი შერდუსტმა განაცხადა, რომ დროა ორ ქვეყანას შორის გაუქმებულ იქნას სავიზო რეჟიმი, რაც ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას.

გასულ წელს ირანმა 66 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა ამ ქვეყანაში, რითაც უკან ჩამოიტოვა რუსეთი. ტაჯიკეთ-ირანის სავაჭრო ბრუნვამ 202 მილიონ დოლარს მიაღწია. ირანულმა კომპანიამ მდინარე ვახშზე ააშენა ჰიდროელექტროსადგური და შეუდგა სამი ახალი ელექტროსადგურის მშენებლობას.

ირანის ინტერესს ტაჯიკეთის მიმართ აძლიერებს ურანის საბადოები. ტაჯიკეთში ურანის მსოფლიო მარაგის 13%-ია თავმოყრილი. ამჯერად საბადო არ მუშავდება ფინანსების არ არსებობის გამო. არ არის გამორიცხული, რომ ირანმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს საბადოს ასამოქმედებლად. ირანი, რომელიც ავითარებს ბირთვულ ენერგეტიკას, დაინტერესებული უნდა იყოს საკუთარი ურანით.

ირან-ტაჯიკეთს შორის აქტიური თანამშრომლობაა სამხედრო თვალსაზრისითაც. ირანი ტაჯიკეთს აძლევს კრედიტებს არმიისათვის სამხედრო ფორმის, კავშირგაბმულობის, ტყვია-წამლის შესაძენად.

ამერიკული გავლენის განეიტრალებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება ისეთი მარშრუტის ამოქმედებას, როგორიცაა ჩრდილოეთ-სამხრეთი. ამ მარშრუტის მნიშვნელობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მივიღე 10 წლის წინათ აჭარის სამთავრობო დელეგაციის ირანში ოფიციალური ვიზიტის დროს. მაშინ ჩვენი მიზანი იყო კასპიის ზღვაზე არსებული, შედარებით ახალი, თავისუფალი ეკონომიკური ზონის მუშაობის გაცნობა, შესაბამისი გამოცდილების მიღების მიზნით. მაშინ ირანში 25 ასეთი თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოქმედებდა. კასპიის ზღვაზე არსებული ეკონომიკური ზონა სპარსეთის ყურიდან წამოსული ტვირთების შემკრები და დისტრიბუტორი იყო, კასპიის ზღვის ირგვლივ მდებარე ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ამჯერად ამ მარშრუტს რკინიგზა დაემატება.

ა.წ. თებერვალში თეირანში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ირანს, აზერბაიჯანს და რუსეთს შორის საერთო რკინიგზის ამოქმედებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ, ააშენონ რკინიგზის ხაზი ირანის ქალაქ რეშტიდან აზერბაიჯანის ასტარამდე. აზერბაიჯანულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სადგურ იალამიდან (რუსეთის საზღვარი) ასტარამდე (ირანის საზღვარი) 500 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მოდერნიზება. მარშრუტის მიზანი არის ჰელსინკი-პეტერბურგის რკინიგზის დაგრძელება ინდოეთის ოკეანემდე ანუ ინდოეთის ოკეანიდან წამოსული ტვირთების ირანის, აზერბაიჯანის და რუსეთის გავლით არა მარტო სკანდინავიის ქვეყნებში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გატანა. ამით ტვირთი 800 კილომეტრით ნაკლებ გზას გაივლის, რაც წლიურად 5 მილიონ ტონამდე ტვირთს მოიზიდავს, პერსპექტივაში - 20 მილიონ ტონას.

17 ქვეყანამ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს პროექტში. ამ რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა 10-15%-ით იაფი იქნება, გარდა ამისა, 20 დღით სწრაფი სუეცის არხთან შედარებით. პროექტის ღირებულება 400 მილიონი დოლარია, მაგრამ მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა ფასდაუდებელია. როდესაც ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ალტერნატიული მილსადენები უნდა აშენდეს გაზის დასავლეთისთვის მიწოდებაში რუსეთის როლის შესაზღუდად, თავისთავად, რეგიონის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი და ირანი, უნდა ფიქრობდნენ რეგიონში ალტერნატიული მარშრუტების შექმნაზე, რომლებიც შეზღუდავენ ამერიკის როლს. სწორედ ამ კუთხით თუ მივუდგებით ჩრდილოეთ-სამხრეთის რკინიგზის მარშრუტს მას არა მარტო ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა ექნება, არამედ გეოპოლიტიკურიც.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"