ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
27.04.2011
ქართული ოპოზიცია ამერიკულ პოდიუმზე

ქართულ საზოგადოებაში ჩუმი მღელვარებაა. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თბილისს ჯეიმს აპატურაიც ეწვია, ამერიკელი სენატორების ჯგუფიც, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშიც გამოქვეყნდა, აშშ ელჩმა ჯონ ბასმა ქართული სუბტიტრებით წინასწარ აღჭურვილი მიმართვაც გაავრცელა და ბოლოს, აშშ სახელმწიფო მდივანმა ბერლინში, ნატოსა და საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განცხადებაც გააკეთა, რომელმაც “სულზე მოუსწრო” (მათივე სიტყვებით) “ქართულ აკადემიას”, როცა იგი “მეტეხი პალასში” უცხოელ დიპლომატებსა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს არასამთავრობო სექტორის მიმართვას აცნობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმართვაში სამოქალაქო სექტორი საარჩევნო გარემოს შესაცვლელად საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას მოითხოვს.

საქართველოს ხელისუფლებაზე გარედან ზეწოლის მოთხოვნა არც პირველია და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი. ათიოდე დღით ადრე თბილისში ვიზიტად მყოფ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს აპატურაის ოპოზიციური რვიანის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ერთგვარი გარანტია მიიღეს იმისა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობაში მთავარი თემა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესება იქნება, ხოლო მთავარ ფაქტორად დემოკრატიული არჩევნები იქცევა.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა: “ძალიან სწორი პოზიცია აქვთ ნატოს წარმომადგენლებს, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება შეუძლებელია”. დავით გამყრელიძემ დაამატა: “ჯეიმს აპატურაიმ დაადასტურა ნატოს განწყობა საქართველოს მიმართ. მოლოდინი იმისა, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო, მედიაგარემო. თუ როგორ ჩატარდება საქართველოში თავისუფალი არჩევნები, ეს იქნება ნიშნული საქართველო-ნატოს ურთიერთობებში”.

18 აპრილს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი აშშ სენატის დელეგაციას დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმის საკითხს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ნიკა ლალიაშვილის განცხადებით კი მათ ამერიკელ სენატორებთან დასვეს საკითხი, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება გარკვეული სახის ახალი უსაფრთხოების მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცულებული მოახლოებული საფრთხე, რომელიც ტერორიზმს უკავშირდება.

რთული სათქმელია, რამდენად შედეგიანი იქნებოდა ამერიკელ სენატორებთან საარჩევნო გარემოზე საუბარი, რადგან მათი აღმოსავლეთევროპული ტურნეს მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ როგორ იმოქმედა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ რუსეთთან წამოწყებულმა “გადატვირთვის პოლიტიკამ” აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს მოკავშირეთა უსაფრთხოებაზე. ასეა თუ ისე, ალასანიამ “გარედან ზეწოლის” ეს შანსიც არ გაუშვა ხელიდან.

რაც შეეხება ჰილარი კლინტონის განცხადებას, რომელმაც “სულზე მოუსწრო” ქართულ აკადემიას, იგი რამდენიმე დღით ადრე გაკეთდა ბერლინში, მაგრამ მხოლოდ 19 აპრილს გამოჩნდა ქართულ მედიაში. მასში ნათქვამია:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობის სფეროში რეფორმების განხორციელებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების სრულყოფილად დემოკრატიული გადაცემა მომდევნო 2012 და 2013 წლების არჩევნებში”.

ოპოზიციურად განწყობილი ძალები მიიჩნევენ, რომ ამ განცხადებაში დიპლომატიურ ენაზე არის მინიშნებული, _ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლების წარმომადგენლები “გადაცემაში” სულაც არ გულისხმობენ ძალაუფლების დათმობას. მათთვის ხელისუფლების მარჯვენა ხელიდან მარცხენაში გადაცემაც – გადაცემაა, თანაც “სრულყოფილად დემოკრატიული”. მართლაც, თუკი ამომრჩეველი კვლავაც ნაციონალურ მოძრაობას აირჩევს, ხალხის არჩევანს ხომ არ უგულებელყოფენ?!

იმავე განცხადებაში აშშ სახელმწიფო მდივანმა მიუთითა: “პრეზიდენტმა სააკაშვილმა დემოკრატიული კურსი უნდა უზრუნველყოს. არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე იმ დემოკრატიული მიღწევების განმტკიცება, რაც აქამდე გაკეთდა”.

ოპოზიცია აქცენტს სწორედ პირველ ფრაზაზე აკეთებს, რომელშიც კლინტონმა სააკაშვილს დემოკრატია დაუწუნა. განსაკუთრებით უსვამენ ხაზს იმას, რომ დიპლომატიურ ენაზე სიტყვა “უნდა” მეტისმეტად ხისტია. ხელისუფლებას კი ამ წინადადების დაბოლოება მოსწონს; რაც აქამდე გაკეთდა, უნდა განმტკიცდეს, ე.ი. ხელისუფლების დემოკრატიული მიღწევები ჰილარი კლინტონმა მოიწონა.

დიპლომატიური ენა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკოსები შერჩევით ეყრდნობიან, სწორედ იმით ხასიათდება, რომ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული. თუ მღელვარება დაიწყება, სახელმწიფო დეპარტამენტი სწორედ იმ ფრაზას მოიშველიებს, რომლითაც სააკაშვილს დემოკრატიული კურსის უზრუნველყოფას ავალდებულებდა. თუ არჩევნებში კვლავაც ნაცმოძრაობა “გადაიბარებს” ძალაუფლებას, ხოლო ოპოზიცია ისევ ვერაფერს გახდება, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება “ხელისუფლების დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას”.

ჰილარი კლინტონმა განცხადება 2010 წლის ივლისშიც გააკეთა, როცა თბილისში 140 ლიდერ ქალს შეხვდა: “მიხარია, რომ ვიზიტის ბოლოს საქართველოში ვარ. ქვეყანას დიდი ისტორია აქვს და აქვს პოტენციალი, იყოს პროგრესის და განვითარების შუქურა რეგიონში...  თამარ მეფე იყო მეფე და ასევე იყო ქალი, რომელმაც ოქროს ხანა შექმნა საქართველოში. ქალბატონებო, დღეს თქვენ უნდა შექმნათ ქვეყანაში მეორე ოქროს ხანა. ჩვენ ვხედავთ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას.”

განა ამ განცხადებამ ვინმეს აფიქრებინა, რომ ის 140 მანდილოსანი ოქროს ხანას შექმნიდა? ან ვინმეს იმის ილუზია გაუჩნდა, რომ ჰილარი კლინტონმა ზედმიწევნით შეისწავლა საქართველოს უძველესი ისტორია? ამ გამოსვლაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ის ქვეტექსტი იყო, რომ ამერიკისთვის საქართველო კვლავაც პროგრესისა და განვითარების შუქურაა, ხოლო საზოგადოებაში არსებული მკვეთრად კრიტიკული განწყობა – მეორეხარისხოვანი. “ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიძლება იდგე შენს მთავარ კონკურენტთან ერთად. ადამიანს ქვეყნის სიყვარული და რწმენა აძლევს მოტივაციას. ჩემთვის ყველაზე მთავარია, აღებული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს” - ასე დაასრულა ჰილარი კლინტონმა თავისი მიმართვა. მინიშნება ყოფილ კონკურენტებთან მოლაპარაკებაზე ირაკლი ალასანიამ მშვენივრად გაიგო და მანაც ამ გზას მისდია, რის გამოც არაერთხელ დაიმსახურა საყვედურებიც და ბრალდებებიც. თუმცა, დემოკრატიას დავუბრუნდეთ.

რა “მიღწევებზეა” ლაპარაკი და რომელ “დემოკრატიულ განვითარებას” გულისხმობს ქალბატონი სახელმწიფო მდივანი? იქნებ იმას, რომ მისივე სახელმწიფოს ელჩი იძულებულია, ქართული სუბტიტრები დაურთოს საკუთარ მიმართვას, რათა ნაციონალურმა ტელეარხებმა “საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულ მიღწევებად” არ თარგმნონ მისი ტექსტი? თუმცა დიპლომატიური ენა აქაც მოქმედებაშია და ელჩი პოზიტივზეც საუბრობს, მაგრამ რაკი ამ პოზიტივს ყველა საინფორმაციო საშუალებაში უკეთებენ ტირაჟირებას, ჩვენ კრიტიკულ შეფასებებს მივყვეთ:

“ჩვენ კვლავ გვაღელვებს მოწოდებული ანგარიშები კანონის შერჩევით გამოყენებაზე, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ნაკლებობაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და მთავრობის ჩარევაზე პროფესიული კავშირების საქმიანობაში”.

ნუთუ ამას დემოკრატიულ მიღწევებთან რაიმე აქვს საერთო? ცხადია, არა. მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს მის აღმატებულება ელჩს, რომ საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული შეფასება გამოიყენოს: “მიგვაჩნია, რომ უფრო ძლიერი ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოს”! ანუ, დემოკრატია კი არის, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერი გვინდაო! ამ “გაძლიერების” შესახებ ჯონ ბასი 2012 და 2013 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს და იქვე განმარტავს: “ამიტომ, საქართველოსთვის ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი (მათ შორის, წელს ახალ ინვესტიციებად გამოყოფილი 60 მილიონი დოლარი) მიმართულია საარჩევნო რეფორმის და კანონის უზენაესობის განმტკიცების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერაზე”.

ოპოზიციური პარტიები დიდ იმედებს ამყარებენ დემოკრატიის მხარდაჭერის ფინანსურ ასპექტზე. მართლაც, ხუმრობა ხომ არ არის, 60 მილიონ დოლარად რამდენი რამის გაკეთება შეიძლება! შეიძლება და შეიძლებოდა, მაგრამ 2007 წლიდან დემოკრატიის გაუმჯობესებას არაფერი დაეტყო, არადა, 20 აპრილს ჯონ ბასმა საქართველოში აშშ მთავრობის მიერ განხორციელებული დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ კეთილშობილური მიზნებისთვის აშშ მთავრობას უკვე 90 მილიონი დოლარი გაუღია, მთლიანობაში კი 2007 - 2015 წლებში 200 მილიონი დაიხარჯება.

ამოცანის ამოხსნაც სწორედ ამ ციფრებში უნდა ვეძიოთ: თუ საქართველოში დემოკრატია არ არის, რაში დაიხარჯა 90 მილიონი დოლარი? ამიტომ უმჯობესია, ჩავთვალოთ, რომ დემოკრატია კი არის, მაგრამ ჩვენ “უფრო ძლიერი” დემოკრატია გვჭირდება! ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ამგვარი დახმარების იმედი აქვთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, უნდა შევახსენოთ, რომ რევოლუციის შემდგომ დამკვიდრებული პრაქტიკით, გრანტის მისაღებად ამერიკული თუ სხვა ქვეყნების შესაბამისი ფონდები და ორგანიზაციები ხელისუფლების წარმომადგენელთაგან რეკომენდაციებს ითხოვენ. ამგვარ რეკომენდაციას კი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, ცხადია, ვერ მოიპოვებენ. რაც შეეხება აშშ საელჩოს, მისი განცხადებაც სწორედ მთავრობასთან თანამშრომლობაზე აკეთებს აქცენტს:

“აშშ-ის მთავრობის ინვესტიცია ხაზს უსვამს ამერიკის სურვილს, დემოკრატიის გასაძლიერებლად საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშაოს და დააფინანსოს პროგრამები, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, სამართლიან მმართველობას, პოლიტიკურ პაექრობას, სკოლებში სამოქალაქო განათლების დანერგვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებას შეუწყობს ხელს”.

სამადლობელი სიტყვით უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გამოვიდა. მისი განცხადებით, საქართველოს ამ დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა. საქართველოს რომ ძალიან უჭირს, ამას უშიშროების საბჭოს მდივანი ვერ ან არ ხედავს. სამაგიეროდ, ხაზგასმით ამბობს, რომ დარბაზში არიან ადამიანები, რომელთა მოსაზრებებს იგი კატეგორიულად არ ეთანხმება. ივარაუდება, რომ თუკი ეს ადამიანები დარბაზში სხედან და არა ციხეში, ესეც ქართული დემოკრატიის მიღწევაა.

ყველა ეს დეტალი იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ქართული პოლიტიკის დინამიკას განაპირობებს. როგორ უცნაურადაც უნდა გეჩვენოთ, ბოლო ამერიკული შეფასებების მიუღებლობას არა მარტო ხელისუფლება, არამედ რადიკალური პოლიტიკური ძალებიც ამჟღავნებენ. საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესისგან გამიჯნული და ანონსირებული რევოლუციის მომხრე პოლიტიკოსები ისევე ცდილობენ, შეამცირონ უკანასკნელი ამერიკული გზავნილების მნიშვნელობა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქმე იქამდე მივიდა, რომ რევოლუციური სამეულის მეოთხე წევრმა ეროსი კიწმარიშვილმა სატელევიზიო ეთერში რევოლუციის ახალი მითი შესთავაზა მაყურებელს: თურმე რევოლუცია იმიტომ მოხდა, რომ აშშ ელჩი რიჩარდ მაილსი შევარდნაძეს ემხრობოდა და სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ! ამერიკისადმი ეჭვიანობამ ოპოზიციური რვიანის მხარდაჭერის გამო ასეთი ანომალური სახეც შეიძლება მიიღოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სამი წარმოდგენილი ჯგუფიდან (ხელისუფლება, რვიანი, რევოლუციის მომხრეები) ამერიკის სრულფასოვანი ფავორიტი არცერთი არ არის.

კასტინგი გრძელდება. . .

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"