ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.04.2011
დესტალინიზაციის თემა დასავლეთის მიერ ეხვევა თავს რუსეთს

არაბული ქვეყნების ამბოხმა ნათელჰყო მთელი რიგი პრობლემების არსებობა, რომლებიც არა მარტო სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება, არამედ საყოველთაოდ აღიარებულ, თითქოსდა მივიწყებულ - უთანასწორობას, ღარიბისა და მდიდრის ნეგატიური ურთიერთდამოკიდებულების მარადიულობისა და უკვდავების თემას.

არაბული ქვეყნების რევოლუციების დამკვრელური ძალა, ახალგაზრდობა, ინტერნეტის სიკეთეებს დაუფლებული, მათ მიერ ჩამოგდებულ-განდევნილი პრეზიდენტების წყალობით განათლებას ნაზიარები (ტუნისისა და ლიბიის ახალგაზრდათა შორის განათლებულთა რაოდენობა 95 პროცენტს აღწევს) ისეთივე ცხოვრების პირობების აუცილებლობას აყენებს, როგორიც დასავლეთშია. არაბი ახალგაზრდობა არა მარტო საკუთარ ქვეყნებში ითხოვს პარიტეტულ საფუძვლებს, არამედ დასავლეთთან ურთიერთობის დროსაც.

ტუნის-ეგვიპტის რევოლუციის შემდგომი პერიოდი ძნელად ექვემდებარება სიმშვიდესა და სტაბილურობას. წინ არჩევნებია, რომლის დროსაც უდავოდ ახალი ძალით იფეთქებს ხალხში დაგროვილი, ჯერაც დაუშრეტელი ენერგია, მიმართული, როგორც საკუთარი პოლიტიკოსების, ისე დასავლეთის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ისტორიას ბარდება დასავლური პრიმიტიული მიდგომა - ნავთობისა და გაზის სანაცვლოდ სტაბილურობა, ავტორიტარული რეჟიმებისადმი მუდმივი მხარდაჭერა.

ვაშინგტონის პოლიტიკამ, ისე, როგორც სპეცსამსახურებმა ვერ გათვალეს აღნიშნულ ქვეყნებში არსებული რევოლუციური განწყობა. ისინიც შორიდან, თანაც დაბნეული, ადევნებდნენ თვალს მოვლენებს, ტრაფარეტული განცხადებებით და „კეთილი“ სურვილებით.

სხვა ვითარებაა ლიბიაში. ნაუცბათევად მიღებულმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ ჩიხში შეიყვანა, როგორც აშშ-ი, ისე მისი სატელიტი ევროპული სახელმწიფოები. კადაფის წინააღმდეგ აგორებულ კოალიციურ დაბომბვას ბოლო არ უჩანს, ისევე, როგორც კადაფის მმართველობას. პოლკოვნიკის მტკიცე გადაწყვეტილებამ - დარჩეს ლიბიაში და იბრძოლოს გამარჯვებამდე, დააბნია დასავლეთი, იმავდროულად დადებითი განწყობა შექმნა მის მიმართ მუსლიმანურ სამყაროში, გამოასწორა რა წლების განმავლობაში პოლკოვნიკის მიერ ჩადენილი დანაშაული საკუთარი სისხლის და ხორცის წინააღმდეგ, ისრაელის მოსადის და აშშ-ს სპეცსამსახურების სასარგებლოდ.

დასავლეთის მიერ განწირული პოლკოვნიკი ნანობს გუშინდელ საქციელს და იმასაც, რომ შეწყვიტა ბირთვული იარაღის შექმნისათვის კვლევითი სამუშაოები.

კადაფის სიმტკიცე მაგალითია არაბული ქვეყნებისათვის. მან დაარწმუნა ისინი, რომ უძლეველ კაპიტალისტურ სამხედრო მანქანასთან შეიძლება ბრძოლა.

არაბთა რევოლუცია უფრო მეტია, ვიდრე რევოლუცია. ის სხვა სახიფათო ელემენტებსაც შეიცავს - ცივილიზაციათა დაპირისპირებას. მწვავე სიახლის მაძიებელი ამერიკელი ექსპერტები და პოლიტიკოსები რახანია ქადაგებენ ქრისტიანთა და მუსლიმანთა დაპირისპირების თაობაზე. ბევრიც კეთდება ამ მიმართებით, განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში - წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით საფრანგეთში მუსლიმანური ადათ-წესების წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობა, ყურანის საჯარო დაწვა და სხვა მრავალი დიდი შეტაკების მაუწყებელი სავალალო მაგალითებია.

ყოველივე აღნიშნულის შემყურეს უნებლიედ დაებადება კითხვა - ახდება სამუელ ჰანტინგტონის წინასწარმეტყველება - ცივილიზაციათა დატაკების თაობაზე? იქნებ ვიღაცას აწყობს ასეთი რამ? იქნებ კაცობრიობას არ ძალუძს მშვიდი ცხოვრება? ის, რომ ფათერაკების მაძიებელი გარკვეული დასავლური წრეები საკუთარი თავისა და პოლიტიკურ-სამხედრო სტრუქტურების გადასარჩენად უკიდურეს ექსტრემიზმზეც არ იტყვიან უარს, არახალია.

დასავლეთს ესაჭიროება მტრის ხატი. ასეთს 70-ზე მეტი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი ასრულებდა. კომუნისტური გიგანტი ისტორიას ჩაბარდა. მისი მემკვიდრე, რუსეთი, დასავლეთის „ნეტარებას“ ზიარებული, დიდი რვიანისა და ოციანის წევრი, ტოტალური მტრის როლში არადამაჯერებლად გამოიყურება. მისი ადგილი ტერორიზმით ჩანაცვლდა, პლიუს რელიგიური დაპირისპირება. დასავლური მედიის წყალობით, ტერორიზმი ისლამთანაა გაიგივებული და რაც არ უნდა ამტკიცონ საწინააღმდეგო ბუშმა და ობამამ, რომ ტერორიზმს მუსლიმანური სახე არ აქვს, არაფერი გამოვა.

ფართო საზოგადოებაში არსებული გაგებით ტერორისტი - იგივე მუსლიმანია. სულ ახლახანს აშშ-ს ერთ პატარა ქალაქში ამერიკელმა პასტორმა ცეცხლს მისცა მუსლიმთა საღვთო წიგნი ყურანი, რამაც ავღანელთა მწვავე გამოსვლები და მსხვერპლი, მათ შორის გაეროს მუშაკების, გამოიწვია. პასტორს შეეძლო საკუთარი სულის დასაკმაყოფილებლად, ჟურნალისტთა დაუსწრებლად დაეწვა ყურანი, თუმცა ღვთისმსახურის მხრიდან ასეთი საქციელიც აშკარად მიუღებელია. მაგრამ პასტორმა საჯაროდ გააკეთა ყოველივე, რაც თავისთავად მიანიშნებს დაპირისპირებასა და სიძულვილზე. პასტორის სურვილი - ხალხის ერთმანეთზე წაკიდება და რელიგიური შუღლის გაღვივება არის ცივილიზაციათა კონფრონტაციისგან თავის არიდების გზა?

რამდენიმე წლის წინათ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰათამიმ მოითხოვა ცივილიზაციათა დიალოგის დაწყება. სამწუხაროდ, დასავლეთი ამ წინადადებას არაჯეროვნად შეხვდა. ცივილიზაციათა დიალოგი ორმხრივი და არა ცალმხრივი მოძრაობაა. მას მოთმინება, ლოგიკური განსჯა, ობიექტური მიდგომა ესაჭიროება და არა ქედმაღლური დამოკიდებულება, ზერელე, ყასიდი მოძრაობა, რასაც დასავლეთში აქვს ადგილი.

ამერიკელი პასტორის ნამოქმედარი ჰგავს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ გეგმას დესტალინიზაციასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი მედვედევის ლიბერალურმა იმიჯმა რუსი ლიბერალების უკიდეგანო არმია მიიზიდა კრემლისაკენ. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებისთანავე იზრდება ლიბერალური მოთხოვნები, სურვილები და ქმედება. რუს ლიბერალებს აწყობთ მედვედევის მეორედ გაპრეზიდენტება, ვიდრე პუტინის დაბრუნება. ლიბერალთა მხარეს გადახრილი მედვედევის დაყოლება გაცილებით იოლია, ვიდრე პუტინის. პუტინი „დერჟავნიკია“, რაც აშკარა გაღიზიანებას იწვევს ლიბერალებში.

ამერიკული დაკვეთის შემსრულებელი ლიბერალობა „დერჟავისტული“ პოლიტიკის წინააღმდეგაა დარაზმული. „დერჟავიზმის“ აღმოფხვრა უპირველესად მის შემქმნელსა და სულისჩამდგმელ სტალინს უკავშირდება. არ იქნება სტალინი, არ იქნება პატრიოტული რუსეთი, ისეთი, რომელიც წინ აღუდგება არა მარტო შიდა გამოწვევებს, არამედ გარე შემოტევას, თუნდაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების სახით.

დასავლეთი კი უბრალო მომენტსაც არ უშვებს ხელიდან, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს, რომ არ იზიარებს კრემლის მოსაზრებას გავლენის სფეროებთან დაკავშირებით, რომ ნატოს რიგებში საქართველო-უკრაინის გაწევრიანება არ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას. ნატოს წარმომადგენლის აპატურაის ვიზიტი საქართველოში და მისი განცხადება - საქართველო ნატოს წევრი გახდება, ნიშნავს იმას, რომ ადრე, თუ გვიან ამას ექნება ადგილი. ნიშნავს თუ არა ეს დასავლეთისა და კრემლის დაპირისპირებას? დღემდე, რუსი პოლიტიკოსების განცხადებით ასე იყო, თუმცა ლიბერალური მოსაზრების ზეგავლენით შესაძლოა სერიოზულ ძვრას ჰქონდეს ადგილი.

საპრეზიდენტო კართან დაახლოებული ექსპერტობა ბოლო დროს ხმამაღლა ალაპარაკდა რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზე. ძველი სიმღერა, ელცინის დროინდელი და მოძველებული, რეანიმაციას განიცდის. ელცინის გუნდის წევრს, საგარეო საქმეთა მინისტრ კოზირევს გულით სჯეროდა ვაშინგტონ-ბრიუსელის კულუარული დაპირება ნატოში გაწევრიანების თაობაზე, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, დაპირება ტყუილი გამოდგა.

დასავლეთს ჩახუტებულ რუსეთს კადაფის მსგავსი ფინალი ექნება - დაღეჭილი საღეჭი რეზინის ფურთხთან ერთად გადაყოლება. დასავლეთის სამსახურში ჩამდგარი ლიბერალური რუსეთისათვის სწორედ ეს არის მიზანი?!

რუსი ლიბერალების სულისკვეთება აშკარად წააგავს გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკი ბელადების ტროცკის, ბუხარინის, კამენევის, სხვათა სულისკვეთებას. მათკენ გადახრილ პოეტ დემიან ბედნის სტალინი წერდა: „Пролетарский поэт, дескать, не должен возглашать на весь мир, что Россия в прошлом представляла сосуд мерзости и запустения, что «лень» и стремление «сидеть на печке» является чуть ли не национальной чертой русских вообще, а значит и русских рабочих, которые преодолев Октябрьскую революцию, конечно, не перестали быть русскими“.

1939 წელს კოლონტაისთან საუბრის დროს სტალინმა თქვა: „Русский народ – великий народ. Русский народ – это добрый народ. У русского народа, среди всех народов, наибольшее терпение. . . Русский народ неисчерпаем“ («Наш Современник». 1998. № 6).

„Великий Русский народ“-ის მთქმელს, რუსული ენის ზენიტში ამყვანს, ბოლშევიკთა მიერ შეურაცხყოფილ რუსეთის ისტორიის ამღორძინებელს საბოლოო განაჩენს უმზადებენ, უკვე მერამდენედ.

დესტალინიზაციის თემა დასავლეთიდან ეხვევა თავს რუსეთს, დაპირისპირებას აჩენს რუს ხალხში. მიუხედავად მრავალწლიანი დესტალინიზაციისა რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სტალინის მიმართ სიმპატიით არის განმსჭვალული. დასავლეთს აწყობს რუსული დაპირისპირება, რუსეთის ხელისუფლებას - ?

ჰამლეტ ჭიპაშვილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"