ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
07.04.2011
ქართველთა ჰააგის „ტრიუმფი“

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - ასე შეიძლება შევაფასოთ საქართველოს ხელისუფალთა მოქმედება ჰააგაში, თუმცა ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობს.

„ტრიუმფად“ მოინათლა საერთაშორისო სამართლის „დიდოსტატის“, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოგონა ბურჯალიანის მიერ ჰააგის ამბავი. საზოგადოებამ ბურჯალიანის ვრცელი და გაუგებარი ტელეინტერვიუთ შეიტყო, ქართველთა რუსეთზე მორიგი გამარჯვება. ცოტამ თუ იცის სინამდვილე, რომელიც ტელეკომპანია „ევრონიუსმა“ გვაუწყა - ჰააგის სასამართლომ საქართველოს სარჩელი არ მიიღო.

ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ სარჩელის შეტანა წარმოუდგენელი სისწრაფით მოხდა - 2008 წლის ომის დამთავრებისთანავე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, სასამართლოში წარსადგენი საქმე ომამდე კარგა ხნით ადრე მომზადდა. მას მხოლოდ ომთან დაკავშირებული მოკლე სიუჟეტი დაემატა და მეტი არაფერი.

ორი წლის განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ ჰააგასთან დაკავშირებული პერიპეტიები - უცილობელი მტკიცებით, რომ გავიმარჯვებდით.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ მინიმუმ ერთი კითხვა მაინც გააჩინა - რა იყო წარუმატებლობის მიზეზი? წარუმატებლობის მიზეზად ბევრი რამ შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ მთავარი უცოდინარობაა, რაც ვერც ხელისუფლებისადმი მოჭარბებულად ლოიალურმა იურისტმა, პროფესორმა ლევან ალექსიძემაც დამალა. „როდესაც ქვეყნის ინტერესები საფრთხის წინაშე დგას, არ შეიძლება გადაწყვეტილებები არაკომპეტენტურმა ჩინოვნიკმა მიიღოს“, - აცხადებდა ის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დაიბეჭდა ა.წ. 4 აპრილს გაზეთ „ახალ თაობაში“. პატივცემულ პროფესორს მხედველობაში (არაკომპეტენტური) ბურჯალიანი ჰყავს, თუმცა ჩემის აზრით, ჯოხის მარტო მასზე გადატეხვა არ იქნება სამართლიანი. პროფესორი, მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე აუგს არ იტყოდა რომელიმე უფრო მაღალჩინოსანი და არა ბურჯალიანი, რომ ყოფილიყო მთავარი ფიგურანტი, მაგალითად ადეიშვილი, ბაქრაძე ან თუნდაც სააკაშვილი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნამდვილად არ არის ის, ვინც ქვეყნისათვის ერთობ მნიშვნელოვან საქმეს წყვეტდეს. ისიც დაუჯერებელია, რომ მან სხვებთან შეთანხმების გარეშე ვოლუნტარისტულად იფიქრა, რქებით მიდგომოდა კარს, რომელსაც გაღება არ ეწერა. პრეზიდენტის გარეშე ჩიტს ვერ გადაუფრენია საქართველოზე და რაღა ჰააგის სასამართლოში წარსადგენი სარჩელი მიანდეს მინისტრის მოადგილეს? ეჭვი არავის შეეპაროს, რომ სარჩელის წარდგენის ადრესატი და მისი შინაარსი პრეზიდენტის კარნახითაა გაკეთებული.

პატივცემული პროფესორი თავის ინტერვიუში სააკაშვილს მოიხსენიებს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტად, რის გათვალისწინებითაც მსგავს უხეშ შეცდომას ადგილი არ უნდა ჰქონოდა. კეთილი, მაგრამ იქნებ პოზიტიური შედეგი, რომელსაც არასდროს ექნებოდა ადგილი სარჩელი განხილვაშიც რომ მიეღოთ, არ იყო მთავარი? ჩემის აზრით, მთავარი იყო საერთაშორისო არენაზე რუსეთის მორიგი „გაშავება“, ყაყანი მის ირგვლივ. მავანი იკითხავს - ამით ხომ ქვეყნის სახე და ავტორიტეტი ილახება? ილახება, მაგრამ, როდესაც ხელისუფალს აკვიატებული იდეა აწუხებს, ქვეყნის იმიჯი რა მოსატანია?

სარჩელში ქართული მხარე რუსეთს ადანაშაულებს საქართველოს წინააღმდეგ 1990 წლიდან განხორციელებულ რასობრივ დისკრიმინაციაში, რუსეთის ტერიტორიაზე ქართველთა დევნა - შევიწროებაში და სხვა, ყველაფერ ამაში ის ითხოვს კომპენსაციას. საინტერესოა, რას იტყოდნენ ამასთან დაკავშირებით რუსეთში მცხოვრები ქართველები? საერთოდ იციან თუ არა მათ ჰააგაში წარდგენილი სარჩელის შესახებ და თუ იციან , რას მივაწეროთ მათი აკადემიური დუმილი?

მტრადქცეულ რუსეთში რამდენიმე ქართული დიასპორა, უფრო სწორად დიასპორის ხელმძღვანელობა არსებობს. ყველა მათგანი ისე, როგორც გვჩვევია, პირველობას იჩემებს. მათდა სავალალოდ ზოგი აქებს და ადიდებს პრეზიდენტ სააკაშვილს და საქართველოს ხელისუფლებას, აძაგებს მათ რუს კოლეგებს, რითაც უცილობლივ ხაზს უსვამს იმ ქართულ ხასიათს, რამაც კარგა ხანია იჩინა თავი და რასაც დაუნახაობა, უმადურობა ჰქვია. ცხოვრობდე რუსეთში, ყველა სიკეთეს იღებდე მისგან, იქ ნაშოვნი ფულით საქართველოში არჩენდე ნათესავებს და ლანძღავდე რუსეთს, ნორმალური ადამიანისათვის მიუღებელია. ამ კატეგორიის ქართველობას ვურჩევდი - თუ ესოდენ უყვართ სამშობლო, შორით დაგვას და წვას სჯობს სამშობლოში წვა ანუ საქართველოში დაბრუნება და იმათ რიგებს შეერთება, ვინც ასე “მოიქცა“ ნაციონალთა მმართველობის პერიოდში. დარწმუნებული ვარ, თუ ყველა თქვენგანს არა, ზოგიერთს მაინც გექნებათ აშშ-ი სააკაშვილის ამასწინანდელი გამოსვლა ნანახი, სადაც ხაზგასმით იყო ნათქვამი საქართველოს ეკონომიკური ტრიუმფის შესახებ, ისევე, როგორც ქვეყნიდან წასულების უკან დაბრუნების თაობაზე.

„რაც მართალიაო ჩვენი მმართველობის დროსო სამშობლოს უფრო მეტი დაუბრუნდაო, ვიდრე წავიდაო“, - ბრძანა სააკაშვილმა და რახან ბრძანა, თქვენც ნუღარ დააყოვნებთ, ჩამობრძანდით ეკონომიკააღორძინებულ საქართველოში, აქ დასაქმდით, აქ იღვაწეთ თქვენი „საყვარელი“ ქვეყნისათვის, მითუმეტეს, როდესაც სარჩელიდან გამომდინარე, დღენიადაგ განიცდით მტარვალი რუსეთის დევნა-შევიწროებას. მაგრამ არა, როგორც ჩანს სხვა ინფორმაცია გაქვთ, მათ შორის იმათგანაც, ვინც რამდენიმე წლის წინათ დეპორტირებული იქნა რუსეთიდან. ისინიც გულზე მჯიღის ცემით, ხელისუფალთა საამებლად გინებას არ იშურებდნენ რუსეთის მისამართით. „აქ ვიშრომებთ და აქ შევქმნით დოვლათს“, - ჩვეული ფსევდოპატრიოტიზმით ღაღადებდნენ ისინი თბილისის აეროპორტში, თუმცა. . . ჩემი ინფორმაციით, ისევ უკლებლივ გაიკრიფნენ რუსეთში.

საქართველოში შექმნილმა უამრავმა სამუშაო ადგილმა, მაღალმა ხელფასებმა, გამორჩეულმა და რაც მთავარია ხელისუფალთა დანაპირებმა სოციალურმა პირობებმა განაპირობა მათი კვლავ რუსეთში გადახვეწა?

დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაადგა შინმოუსვლელთა გზას. სად არ არიან ისინი - აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში, მეზობელ თურქეთსა თუ სად, მაგრამ ყველაზე კარგად და რაც მთავარია დაფასებულად ავადსახსენებელ რუსეთში არიან. ეს კარგად იცის ქართული დიასპორის შეგნებულმა ნაწილმა და აფასებს კიდევაც ამას.

ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორია მრავალ საუკუნეს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში მრავლად იყო საერთო ჭირიც და ლხინიც, მაგრამ პოლიტიკოსთა დაბეჯითებული მეცადინეობა, რომ ლხინი ჭირად წარმოჩინდეს ზენიტშია აყვანილი. პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, ისტორია კი რჩება, მას გაფრთხილება ესაჭიროება, სადაც საჭიროა ხმის ამოღებაც, თუნდაც იმის თქმა - რამდენად შეესაბამება რუსეთში ქართველთა დევნა-შევიწროება სინამდვილეს. მარტო ქართველ მეომართა პატივსაცემად აღმართული მემორიალის გახსნის ცერემონიალზე რუსეთის პრემიერის გვერდით ყელის მოღერება საკმარისი არ არის.

და კიდევ ერთი რამ, ორი წლის წინათ მოსკოვთან ერთ-ერთი სატელევიზიო ხიდის დროს რუსეთში მცხოვრები ქართველი შემეკამათა - მაგას მტკიცება რად უნდა, ომი, რომ საქართველომ დაიწყოო. ცხადია, მართლაც რად უნდა ამას მტკიცება, როდესაც ფაქტი სახეზეა, მაგრამ არც ასეა საქმე. ზემოთნახსენებ ინტერვიუში პროფესორი ხაზგასმით აღნიშნავს: „მე ამის შესახებ მაშინაც ვამბობდი, როცა ჩვენი ოპოზიცია ყიჟინებდა, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო და ყველაფერი ჩვენი ბრალია. დღეს არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესია, ოკუპაცია და ინტერვენცია განხორციელდა, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ამაზე ტალიავინის მოხსენებაც ძალიან კარგად მეტყველებს“. რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

პატივცემული პროფესორი ცდილობს ქოთანს ისე მოაბას ყური (ხელი), საქართველოს ხელისუფალთა მხარეზე რომ იყოს. ჩემი ვიწრო გაგებით, ტალიავინის კომისიის მიერ ითქვა ის მთავარი, რამაც დასავლეთს კარდინალურად შეაცვლევინა აზრი რუსეთის მიმართ - ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. საინტერესოა, რას იტყოდა ამის თაობაზე ჩემი მაშინდელი ტელემოპაექრე რუსეთში მცხოვრები ქართველი?

საქართველოს მოსახლეობას დაბეჯითებით და მეთოდურად ჩასძახიან ამ „ჭეშმარიტებას“. განსხვავებული მოსაზრების უქონლობა კი მას (მოსახლეობას) ხელისუფალთა სასარგებლოდ აფიქრებინებს. საქართველოსთვის ჰააგის სასამართლოს ერთობ ნეგატიური გადაწყვეტილება როგორი ტრიუმფით იქნა მიწოდებული საზოგადოებისათვის? ალბათ ქვეყნის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას არ მოჰყვებოდა ისეთი აღმაფრენა, რასაც ადგილი შეიძლება ჰქონოდა ჰააგას, რომ სარჩელი განხილვაში მიეღო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"