ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
30.03.2011
ახლო აღმოსავლეთის მომავალი გადაფორმატება. ნაწილი II

სტატიის პირველ ნაწილში განხილული იყო სიტუაცია არაბული სამყაროს აფრიკულ ნაწილში ე.წ. „რევოლუციური ცვლილებების შემდეგ“. მეორე ნაწილში შევეხებით უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ანუ აზიურ კონტინენტს.

სირია.

როცა არაბულ ქვეყნებში მღელვარებები დაიწყო, სირიის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მათი ქვეყანა „იმუნიტეტს“ ფლობს ამის წინააღმდეგ. ამის დასადასტურებლად მოჰყავდათ ის არგუმენტი, რომ მოსახლეობა ხმას იმაღლებს პროდასავლური რეჟიმების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი ქვეყნების ჭეშმარიტ ინტერესებს არად აგდებენ. სირიის ხელისუფლების წარმომადგენლები დიდწილად მართალი იყვნენ: ბაშარ ასადი, პრეზიდენტი მართლაც პოპულარულია ხალხში, მას არ აქვს „ფარაონის“ და დასავლეთის მარიონეტის იმიჯი. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა სირიაშიც.

საქმე ისაა, რომ სირია, თუ გამოვრიცხავთ საგარეო პოლიტიკას, შიდა სიტუაციით მაინცდამაინც არ გამოირჩევა იმავე რეპრესიული არაბული რეჟიმებისგან (მუბარაქის, სალეჰის იემენში და ა.შ.) პატრიოტული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა აუმჯობესებს ხალხის დამოკიდებულებას მმართველი რეჟიმის მიმართ, მაგრამ ეს პანაცეა არ არის.

სირიაში რთული კონფესიური სიტუაციაა. მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ სუნიტი მუსლიმები. მეორე ადგილზეა ე.წ. ალავიტების თემი, რომელთა წილი 13–15%–ია. შემდეგ მოდიან დრუზები, ქრისტიანი ასირიელები, სომხები და ა.შ. ამავე დროს ალავიტები, დღევანდელი პრეზიდენტის მამის ეპოქიდან დაწყებული, უმრავლესობას წარმოადგენენ ძალოვან სტრუქტურებში და საერთოდ ხელისუფლებაში. არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ სუნიტები დაჩაგრული არიან და „დამონებული უმრავლესობის“ ერთგვარ კასტას შეადგენენ – ისინი მთელ რიგ მაღალ პოლიტიკურ და სამხედრო თანამდებობებს იკავებენ – მაგრამ ალავიტები მაინც არაპროპორციულად ფართოდ იმყოფებიან „ზედა ეშელონებში“.

თავად ალავიტების თვითიდენტიფიკაცია არც ისე მარტივია. დიდი ხნის განმავლობაში ბევრი მუსლიმი, განსალუთრებით სუნიტები, მათ არც თვლიდნენ ისლამის მიმდევრებად, არამედ ერთგვარ სექტად. ასევე ეჭვის თვალით უყურებდნენ ალავიტებს შიიტებიც. მაგრამ მე–20 საუკუნის 70–იანი წლებიდან დაწყებული, შიიტებმა მთლიანობაში აღიარეს ალავიტები თავიანთ ერთმორწმუნეებად, ანუ შიიტებად ფართო გაგებით. ამის შემდეგ სირიას, რომლის სათავეში უკვე იმ დროს იდგა ალავიტების წარმომადგენელი ჰაფიზ ასადი, ტრადიციულად მჭიდრო კავშირები ჰქონდა შიიტურ ირანთან და მხარიც კი დაუჭირა ამ ქვეყანას ირან–ერაყის ომის დროს.

ირანის გავლენა სირიაში ამ დრომდე იგრძნობა. ირანი ერთ–ერთი მთავარი ინვესტორია სირიის ეკონომიკაში, ასევე ბევრ ფულს დებენ იქ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების შიიტური წრეები. ამას არ შეეძლოა სუნიტური ქვეყნების ეჭვიანობა არ გამოეწვია, რომლებიც შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში სირია უპირატესად შიიტურ ქვეყნად იქცევა. „მუსლიმი ძმების“ სირიული ფილიალის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ შიიზმში გადადიან მთელი სოფლები, სადაც უწინ არც ერთი შიიტი არ იყო, ხოლო ტომების შეიხები დიდ ფულს იღებენ ირანიდან და ა.შ.

რაც შეეხება „მუსლიმ ძმებს“ და საერთოდ, ისლამისტებს, წინა პრეზიდენტის დამოკიდებულება მათ მიმართ, რბილად რომ ვთქვათ. დადებითი არ იყო. ისლამისტებიც იგივეთი პასუხობდნენ. არის მონაცემები, რომ 1982 წელს, ქალაქ ჰამაში, ისლამისტების აჯანყების თუ გამოსვლების ჩახშობის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა. ისლამისტური პარტიები არ არიან დაშვებული სირიაში.

სირია ამჟამად ასევე დგას გზაჯვარედინზე. დასავლეთი ეცდება რეჟიმის დესტაბილიზაციას ახალგაზრდა პროდასავლური ინტერნეტ–აქტივისტების საშუალებით, რომლებიც გამოდიან „თავისუფლების“ ლოზუნგებით. მაგრამ მათ შეიძლება შეუერთდნენ ისლამისტები, ასევე გავლენიანი სუნიტური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც უკმაყოფილო არიან ალავიტების სიჭარბით ხელისუფლებაში და ირანის გავლენით. ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა საკმაოდ არქაულია, ხისტი და ოპოზიციისთვის პროტესტის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. მმართველ, და ფაქტიურად ერთადერთ რეალურ პარტიას წარმოადგენს „ბაასი“, რომელიც ისწრაფის სოციალიზმის აშენებისკენ. მაგრამ ეს დისკურსი უკვე გუშინდელ დღეს მიეკუთვნება, უფრო ზუსტად, მე–20 საუკუნის მე–2 ნახევარს, როცა ბევრი არაბული და სხვა ქვეყანა შეუდგა „სოციალიზმის“ სეკულარული მოდელის შენებას. სხვათა შორის, ერთ დროს საერთო არაბული პარტია „ბაასის“ ფილიალები თითქმის არსად დარჩა, გარდა სირიისა. მმართველ პარტიას გარანტირებული უმრავლესობა გააჩნია პარლამენტში, ანუ არჩევნებს დიდი აზრი არ აქვს.

სირიის პრეზიდენტს მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა და პოლიტიკური სისტემის რეფორმირება, ასევე მას–მედიის გარკვეული თავისუფლების დაშვება. მაგრამ ეს მაინც არ წყვეტს ქვეყნის განვითარების პრინციპულ საკითხებს. სირია, მიუხედავად ირანთან და რუსეთთან ინტენსიური თანამშრომლობისა სამხედრო–ტექნიკურ სფეროში, რჩება ჩამორჩენილ ქვეყნად საკუთარი მეცნიერების, ტექნოლოგიების და ცოდნის გამომუშავების კუთხით. ქვეყანას აქვს უკვე შეუსაბამო თანამედროვე არაბული და ისლამური სამყაროსთვის სეკულარული მოდელი, რომელიც სოციალიზმის აშენებაც აცხადებს მიზნად. ამგვარად, ისლამის ფაქტორი მთლიანად გამორიცხულია ქვეყნის იდეოლოგიიდან, თუმცა ისლამი არ განიცდის დევნას. სხვათა შორის, კადაფის დაცემის ერთ–ერთ მიზეზად იქცა სწორედ ისლამის, როგორც იდეოლოგიის იგნორირება. ალავიტები რომ ყოფილიყვნენ სირიაში უმრავლესობაშ, სირიის დღევანდელი მოდელი საკმაოდ სტაბილურად იმუშავებდა კიდევ დიდხანს. მაგრამ, ჩვენი აზრით, სუნიტური უმრავლესობის ისლამიზაცია თითქმის გარდაუვალია, ადრე თუ გვიან.

ამგვარ პირობებში მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლა და რეჟიმის ერთგვარი ლიბერალიზაცია ვერ წყვეტს ყველა ამოცანას, რომელიც რეჟიმის წინაშე დგას. თუ ქვეყანას სურს არ გახდეს ამერიკული და დასავლური ბომბდამშენების მორიგი სამიზნე, მისი ამჟამინდელი ლიდერები იძულებული იქნებიან მოძებნონ საერთო ენა იმავე „მუსლიმ ძმებთან“, ქვეყნის რეფორმირების საქმეში.

ლიბანი.

ლიბანმა მღელვარე და სისხლიანი ათწლეულები გადაიტანა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ ამჟამად იქ გარკვეული სტაბილურობაა – იმ თვალსაზრისით, რომ წარმოიქმნა ორი ბანაკი, დაახლოებით თანაბარი ძალის და გავლენის. არც ერთ მათგანს არ შეუძლია გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს მეორეზე. პირველი ბანაკის სათავეშია შიიტური მოძრაობა „ჰიზბალა“, ხოლო მეორეს სათავეში უდგანან სუნიტური წრეები, მათ უკან კი სპარსეთის ყურის მონარქიებია, განსაკუთრებით საუდის არაბეთი, ასევე დასავლეთი. „ჰიზბალას“, შესაბამისად, კავშირები აქვს ირანთან, ასევე სირიასთან.

ამგვარი მყიფე წინასწორობა, ალბათ, მანამდე გაგრძელდება, სანამ რაიმე კარდინალურად არ შეიცვლება გარე ძალების განლაგებაში ლიბანისთვის, ეს ეხება ირანს ან საუდის არაბეთს, ან მთელს რეგიონს. თუმცა ლიბანის შიიტურ მოსახლეობას, რომელიც ამჟამად დაახლოებით 30%–ს შეადგენს, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს, მაგრამ ეს არასაკმარისია, რომ ახლო მომავალში ამ მაჩვენებელმა 50%–ს გადააჭარბოს. ლიბანში სიტუაციის განვითარება ასევე ძლიერად იქნება დამოკიდებული რეგიონალური ბლოკის ირანი–ერაყი–სირია ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე, რომელსაც შეიძლება თურქეთიც შეუერთდეს.

ერაყი.

2011 წელს ამერიკულმა საჯარისო ნაწილებმა საბოლოოდ უნდა დატოვონს ეს ქვეყანა, თანახმად ერაყსა და აშშ–ს შორის დადებული ხელშეკრულებისა. მაგრამ გამორიცხული არაა, რომ აშშ შეეცდება გაახანგრძლივოს ჯარების ყოფნის ვადა და წარმატებასაც მიაღწიოს ამაში. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამერიკელები მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსებას მიაღწევენ.

იმ შემთხვევაში, თუკი აშშ–ს ჯარები მაინც დატოვებენ ერაყს 2011 წლის ბოლომდე, პოლიტიკური სტაბილურობა შეიძლება დაირღვეს. სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, განსაკუთრებით საუდის არაბეთი, უფრთხიან ირანის გავლენის გაძლიერებას ერაყში. როგორც ცნობილია, ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ არაბი–შიიტები. ამერიკელების ყოფნა ჯერჯერობით აწონასწორებს ირანის გავლენას, მაგრამ მათი გასვლის შემთხვევაში, ირანი მიიღებს მეტ შესაძლებლობებს მეზობელ ქვეყანაში თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერაყში არა უბრალოდ ცხოვრობენ შიიტები, არამედ იქ მდებარეობს შიიტთა მთავარი სიწმინდეები, ქალაქებში ქარბალა და ნაჯაფი. ამ სდგილებში ყოველწლიურად მილიონობით პილიგრიმი იყრის თავს, ძირითადად ირანიდან.

ირანმა უკვე დაიწყო რკინიგზის აღდგენა ერაყის საზღვრამდე. ამის შემდეგ ირანელები ვარაუდობენ სირიის რკინიგზის ქსელზე გასვლას და იქიდან ლიბანში. ამრიგად, იქმნება პირდაპირი სახმელეთო კავშირი ირანსა და სამხრეთ ლიბანს შორის, სადაც ისრაელის საზღვარია. თუ ეს მოხდება, ირანი მიიღებს საშუალებას გადაისროლოს იარაღი და სამხედრო სპეციალისტები ლიბანში, ერაყის და სირიის გავლით.

თავად ერაყი საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს ფლობს. მისი სანავთობო რეზერვები ერთ–ერთი უდიდესია მსოფლიოში, ამასთან, შედარებით ნაკლებად ათვისებული, იმის გამო, რომ 1980 წლის შემდეგ ერაყი თითქმის მუდმივად ან ომობდა, ან ბლოკადაში იყო, ან სამოქალაქო ომის მდგომარეობაში. ერაყში გაზის საბადოებიც არის, ამგვარად, ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გარანტირებულია, თუკი მთავრობა შესძლებს სწორად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები.

ბევრი საუბარია ერაყის მომავალ დაშლაზე, ეთნოკონფესიურ ჯგუფებს შორის ტერიტორიის დანაწილებაზე. მაგრამ ამ თვალსაზრისს არ გააჩნია მყარი საფუძველი, რადგან ერაყის მეზობელ ქვეყანათა უმეტესობას – თურქეთს, ირანს და სირიას – კატეგორიულად არ აძლევთ ხელს მოვლენათა ამგვარი განვითარება, რადგან დამოუკიდებელი ქურთისტანის არსებობა მათთვის დიდი საფრთხის შემცველია. დღეისათვის არ არსებობს ქურთისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების არავითარი საფუძველი. ამერიკელთა წასვლის შემდეგ ქურთ პოლიტიკოსთა ნაწილი შეეცდება მდგომარეობის დესტაბილიზაციას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მეზობელ ქვეყნებს და თავად ერაყს ძალუძთ სერიოზული შედეგების თავიდან აცილება.

ერთი სიტყვით, თუკი ერაყი მოახერხებს სტაბილურობის შენარჩუნებას, ის შეიძლება გახდეს შემაკავშირებელი რგოლი ირანსა და სირიას შორის.

იორდანია.

„ჰაშიმიტების სამეფო“ ალბათ ახლო აღმოსავლეთის ყველაზე უსახური და მეორეხარისხოვანი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე უძველესი ეპოქების რამდენიმე შთამბეჭდავი ძეგლი მდებარეობს. მას არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები, ტექნოლოგიები, რაიმე იდეოლოგია, ქვეყანა არსებობს ტურისტულ შემოსავლებზე და დასავლეთის დახმარებაზე. ამჟამინდელი მეფე, რომლის დედა ინგლისელია, უკვე კარგა ხანია ჩაეწერა ყველა დასავლურ ღია თუ დახურულ კლუბში და მისთვის „ისტორიის დასასრული“ უკვე დადგა.

იორდანიის დემოგრაფიული სტრუქტურა იმით არის საინტერესო, რომ მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ პალესტინელი ლტოლვილები, რომლებმაც იორდანიის მოქალაქეობა მიიღეს. ასევე ბევრია ჩრდილო კავკასიიდან გადმოსახლებულთა შთამომავალი, რომლებიც მე–19 საუკუნეში გამოიქცნენ რუსეთის იმპერიიდან. მათ ტრადიციულად საკვანძო თანამდებობები უკავიათ ძალოვან სტრუქტურებში. ამჟამად და ახლო პერსპექტივაში ძირითად ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს ისლამური ფრონტი, რომლის საფუძველია ისევ და ისევ „მუსლიმი ძმების“ ადგილობრივი ფილიალი. პალესტინელთა უმრავლესობის სიმპათიები სწორედ ამ ორგანიზაციის მხარეს არის. ამავე დროს, იორდანიაში არავინ არ მოითხოვს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მონარქიის დამხობას. ჰაშიმიტების დინასტია მუჰამედის პირდაპირ შთამომავლებად ითვლება, ამიტომ ისლამისტები არ გამოდიან მის წინააღმდეგ, რაც უნდა პროდასავლური იყოს ის. ისინი მოითხოვენ, რომ მონარქის უფლებამოსილებანი შეიკვეცოს და პარლამენტს მიეცეს პრემიერ–მინისტრის დანიშვნის უფლება.

იორდანიაში ასევე ადგილი აქვს საპროტესტო გამოსვლებს, მაგრამ ისინი ჯერჯერობით ისე მასობრივი არ არიან, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. თუმცა ნებისმიერ მომენტში სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს. მაშინ, სავარუდოდ, მეფე აბდულა II-ს მოუწევს არაპოპულარული პრემიერის ფიგურის გაწირვა და ზოგიერთ სხვა დათმობაზე წასვლა. თუმცა, უახლოეს წლებში ქვეყნის საგარეო კურსის მკვეთრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ მთელს არაბულ სამყაროში არ მოხდა ტექტონიკური ცვლილებები.

სპარსეთის ყურის ქვეყნები.

ამ ქვეყნებიდან გამოვყოფთ სამს – საუდის არაბეთს, იემენს და ბაჰრეინს, რადგან სწორედ ისინი არიან საკვანძო რეგიონისთვის და სწორედ იქ ხდება მღელვარე მოვლენები. სიმარტივისთვის სამივე მათგანის სიტუაციას ერთად განვიხილავთ, რადგან ეს სიტუაცია ძლიერ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა, საუდის არაბეთის და ყატარის ნაპირებთან, მას საკვანძო მნიშვნელობა აქვს მთელი სპარსეთის ყურისთვის. საქმე მარტო ის არაა, რომ ბაჰრეინში მდებარეობს ამერიკული საზღვაო ძალების სამეთაურო პუნქტი ამ რეგიონში. ბოლოს და ბოლოს, პუნქტის გადატანა სხვაგანაც შეიძლება, სადმე მახლობლად. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ბაჰრეინი მხოლოდ მცირე ნაწილია ისტორიული რეგიონისა, სახელწოდებით ბაჰრეინი (არ–ბაჰრეინი).

ეს სახელმწიფო (ისტორიული ბაჰრეინი) მოიცავდა არა მხოლოდ კუნძულებს (ანუ დღევანდელ ბაჰრეინს), არამედ თანამედროვე საუდის არაბეთის თითქმის მთელ აღმოსავლეთ სანაპირო ზოლს. აქ მდენარეობდა მსხვილი ოაზისები – კატიფი და ალ–ჰასა. ეს არის საუდის არაბეთის სამეფოს ამჟამინდელი აღმოსავლეთის პროვინცია.

უკვე მე–8–9 საუკუნეში ისტორიულ ბაჰრეინში გაიმარჯვა რელიგიურ–პოლიტიკურმა მიმდინარეობამ სახელწოდებით კარმატები. ისინი წარმოადგენდნენ შიიზმის უკიდურესი ფორმის – ისმაილიტების განშტოებას. კარმატებმა მძლავრი სახელმწიფო შექმნეს, რომელიც ბატონობდა სავაჭრო გზებზე არაბეთის ნახევარკუნძულზე. ისინი თავდასხმებს აწყობდნენ თვით მექაზე და მედინაზე და იტაცებდნენ ისლამის საკრალურ ატრიბუტებს (მაგალითად, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გატაცებული ჰქონდათ ე.წ. შავი ქვა). კარმატების სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიაზე არ მომხდარა სუნიტური მიმდინარეობის გაბატონება, არამედ მოსახლეობა ძირითადად შიიტური დარჩა. ეს განმტკიცდა სპარსეთის მიერ ბაჰრეინის დაპყრობით მე–17 საუკუნის დასაწყისში. მაგრამ მე–18 საუკუნის ბოლოს სპარსელები კუნძულებიდან და სანაპირო ზოლიდან განდევნა სუნიტურმა დინასტიამ ალ–ხალიფა, რომელიც დღემდე სათავეში უდგას ბაჰრეინს.

თუმცა სუნიტური დინასტია მმართველია, მოსახლეობის უმეტესობას კვლავაც შიიტები შეადგენენ. მაგრამ მათ არა აქვთ თითქმის არავითარი შანსი გავლენა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკაზე, რადგან პარლამენტის ზედა პალატა და მთავრობა უშუალოდ მონარქის მიერ ინიშნება.

არაბული რევოლუციების დაწყების შემდეგ ბაჰრეინის შიიტები მკვეთრად გააქტიურდნენ. ისინი მართავენ მრავალათასინ მშვიდობიან დემონსტრაციებს და მჯდომარე აქციებს. შიიტმა დეპუტატებმა შეაჩერეს პარლამენტის ქვედა პალატაში წევრობა. დემონსტრანტებსა და სამეფოს საპოლიციო–სამხედრო ძალებს შორის დაიწყო შეტაკებები, როცა მთავრობა შეეცადა დემონსტრანტების ძალით დაშლას და მათი კარვების აღებას. დაიღვარა სისხლი, მრავალი ადამიანი დაშავდა. ნათელი გახდა, რომ სუნიტური დინასტია ვერ ართმევს თავს სიტუაციის კონტროლს.

მაშინ მან მიმართა თხოვნით საუდის არაბეთს და არაბეთის ნახევრაკუნძულის სხვა ქვეყნებს (იემენის გარდა), რათა გამოეგზავნათ „დამხმარე ძალა“ პოლიციის რაზმების და სამხედროების სახით. ეს გაკეთდა კიდეც – რამდენიმე ათასი სამხედრო, ძირითადად საუდის არაბეთიდან, ბაჰრეინში შევიდა და განლაგდა. ახლა ისინი მონაწილეობენ სტრატეგიული ობიექტების დაცვაში და როგორც შიიტი აქტივისტები ამტკიცებენ, თავადაც არბევენ მომიტინგეებს.

რატომ წავიდა საუდის არაბეთი ამგვარ სარისკო და არაპოპულარულ ნაბიჯზე, მხოლოდ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს დინასტიის გადასარჩენად? საუდის არაბეთში იციან, რომ ბაჰრეინი შეიძლება გახდეს საკვანძო წერტილი და პლაცდარმი ქვეყნის სიღრმეში შიიტური შეღწევისთვის. აღმოსავლეთ პროვინციის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შიიტები შეადგენენ, განსაკუთრებით ბევრია ისინი ისტორიულ ოაზისებში – კატიფში და სხვა.

ამასთან, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ პროვინციის თავისებურება ისაა, რომ მის ტერიტორიაზე მდებარეობენ ქვეყნის უდიდესი ნავთობის და გაზის საბადოები, მათ შორის გიგანტური საბადო Ghawar – ნავთობმოპოვების საფუძველი. აქვეა მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და პორტები. საუდელი მეფეებისთვის და პრონცებისთვის სიკვდილის ტოლფასია, თუკი შიიტები, რომელთა უკანაც ისინი თავიანთ მთავარ მტერს – ირანს ხედავენ, გააძიერებს გავლენას ბაჰრეინში და შემდეგ „საცეცებს გააბამს“ ნახევრად შიიტურ აღმოსავლეთ პროვინციაში, რომელიც ერთ დროს ბაჰრეინთან ერთად ისტორიულ რეგიონს წარმოადგენდა. ამიტომ საუდელი ჯარისკაცები ებრძვიან მთელი სისასტიკით ებრძვიან შიიტ დემონსტრანტებს. საქმე ეხება უცნაური სახელმწიფოს – „ვაჰაბიტური“ საუდის არაბეთის გადარჩენას, რომელიც ძალიან დიდი დოზით ხელოვნური წარმონაქმნია, რომლის ფორმირება მე–20 საუკუნის 20–იან წლებში დასრულდა.

ცნობილია, რომ ამ სახელმწიფოს შექმნის სათავეებთან ინგლისელები იდგნენ, ხოლო მე–20 საუკუნეში აქტიურად ჩაერთნენ მის საქმეებში ამერიკელები. საუდის არაბეთი დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ–ს მთავარი ფორპოსტია რეგიონში, არა მხოლოდ თავისი უზარმაზარი საბადოებით, არამედ სახელმწიფო აპარატითაც. ამიტომაც ამერიკელები და მათი მოკავშირეები თვალს დახუჭავენ ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე ბაჰრეინში და თავად საუდის არაბეთში, ოღონდ არ დაჰკარგონ ამგვარი მოკავშირე. ისინი თვალს დახუჭავენ საუდის არაბეთის ხელისუფალთა იმგვარ რეპრესიებზე, რომლებზეც, სხვა შემთხვევაში, ისტერიკას ატეხავდნენ და უკვე ცნობილი „ჰუმანიტარული დაბომბვებისკენ“ გაიშვერდნენ ხელს.

საინტერესოა, რომ თითქმის ამგვარი სიტუაცია იქმნება საუდის არაბეთისთვის მათი სახელმწიფოს მეორე ბოლოში – სამხრეთ–დასავლეთში. აქ მდებარეობს იემენი, სადაც ასევე დიდი არეულობაა.

ბაჰრეინისგან განსხვავებით, იემენში გაცილებით რთული ტომობრივი სიტუაციაა. არსებობს რამდენიმე მსხვილი ტომი, რომლებიც აქტიურ პოლიტიკურ მოთამაშეებს წარმოადგენენ. ამასთან, იემენის მთელი მამაკაცური მოსახლეობა ტრადიციულად შეიარაღებულია, ხოლო ზოგიერთ ტომს მძიმე შეიარაღებაც გააჩნია. იმენეში ძლიერია პოლიტიკურ–გეოგრაფიული დაყოფა: ქვეყნის ჩრდილოეთში მომქედებენ შიიტი აჯანყებულები, ე.წ. ჰუთჰი, ხოლო ადენში და სამხრეთ რაიონებში – სამხრეთელი სეპარატისტები.

ამჟამინდელი პრეზიდენტი სალეჰი წარმოადგენს პროამერიკულ და პროსაუდურ ფიგურას, თუმცა თავად წარმოშობით შიიტი–ზაიდიტებიდანაა (ზაიდიტები ერთ–ერთი შიიტური მიმდინარეობაა). ეს შიიტები მტრულად არიან საუდის არაბეთის მიმართ განწყობილი, რომელსაც პასუხისმგებლად თვლიან იემენის პროვინციების – ასირის, ჯიზანის და ნაჯრანის მისაკუთრებაში. ამ ოლქებში ასევე ბევრი შიიტი–ზაიდიტი ცხოვრობს. პროვინცია ნაჯრანი სამხრეთით ესაზღვრება აღმოსავლეთ პროვინციას, ამგვარად „შიიტური რგოლი“ შემორტყმულია არაბეთს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან და მექას პროვინციაზე გადის.

მექა არა მხოლოდ ისლამური სამყაროს ცენტრია, არამედ ისტორიული ოლქის, რომლის სახელია ჰიჯაზი. ეს ოლქი ასევე შედარებით გვაინდელ ეპოქაში იქნა საუდის არაბეთთან მიერთებული. როგორც ცნობილია, სამეფოს გულს შეადგენდა ისტორიული რეგიონი ნეჯდი, რომლის გარშემოც ხდებოდა სხვა ოლქების შემოერთება. შეიძლება ითქვას, რომ სამ რეგიონში – ისტორიულ ბაჰრეინში, იემენში და ჰიჯაზში არსებობს ფარული ან ღია უკმაყოფილება საუდის სამეფო დინასტიის ბატონობის გამო. განსაკუთრებით მწვავედ ეს იგრძნობა შიიტურ რეგიონებში, სადაც გაღიზიანებას იწვევს „ვაჰაბიტების“ მიმდინარეობა. ამგვარად, საუბარია ბრძოლაზე, რომელშიც ძნელი წარმოსაგენია შერიგება გრძელვადიან პერსპექტივაში – შიიტები და ვაჰაბიტების სხვა მოწინააღმდეგეები მათ თვლიან ეშმაკის მომხრეებად და არც უკვირთ მათი პროდასავლური პოზიცია. თავის მხრივ, ვაჰაბიტებს არანაკლებად სძულთ შიიტები. თუმცა ეს სიძულვილი ღიად იშვიათად გამოიხატება, რათა ისლამურ სამყაროში გახლეჩვა არ გამოიწვიოს, მაგრამ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ მხარეები ერთმანეთის ტოტალურ განადგურებაზე წავიდოდნენ, ასეთი შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ. ვაჰაბიტებსა და შიიტებს შორის შერიგება, ჩვენი აზრით, თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მოცემულ ისტორიულ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა.

ამიტომ ბრძოლა, როგორც ჩანს, ხანგრძლივი იქნება და წლობით, თუ არა ათწლეულობით გაგრძელდება, რადგან საუდის არაბეთს ყოველნაირად მხარს უჭერს აშშ, დიდი ბრიტანეთი და მათი მოკავშირეები. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი მსოფლიო სისტემის კრახი არ დააჩქარებს მოვლენათა განვითარებას.

ბაჰრეინისგან განსხვავებით, საუდელები ამჟამად არ ერევიან ღიად იემენის საქმეებში, თუმცა შარშან მათი არმია აქტიურ სამხედრო მოქმედებებს აწარმოებდა ჰუთჰის მებრძოლების წინააღმდეგ იემენის ჩრდილოეთში. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ღია ჩარევის მაგივრად, ამერიკელები და საუდელები აამოქმედებენ ე.წ. ალ–კაიდას საფრთხობელას, და გამოიყენებენ მას მშვიდობიანი გამოსვლების ჩასახშობად და მართვადი ქაოსის შესაქმნელად. თუმცა თუ პრეზიდენტ სალეჰის რეჟიმი დაეცა, შიიტურ ძალებს ჩრდილოეთში მიეცემათ საშუალება უფრო გააქტიურდნენ, რაც საუდის არაბეთს აიძულებს ძალები გადაისროლოს იემენის საზღვრისკენ. ამგვარად, დაძაბულობა არაბეთის ნახევარკუნძულზე ძნელად თუ ჩაცხრება უახლოეს წლებში.

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"