ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.03.2011
ბიომეტრია და ქართული "რვიანი"

დედამიწის მორჩილი მოსახლეობა უკვე მიეჩვია იმას, რომ მის ბედს "დიდი რვიანი" (G8) წყვეტს. საქართველო, როგორც ყოველთვის, აქაც მსოფლიო ტენდენციების კალაპოტში აღმოჩნდა: მის საარჩევნო ბედს ქართული პოლიტიკური "პატარა რვიანი" გადაწყვეტს. ცხადია, "დიდ ხუთიანთან" ერთად. "დიდი ხუთიანი" ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, - ყველაფერში ხუთოსანი და "დემოკრატიის შუქურა".

დიდი რვიანი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, კანადის, რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთისა და იაპონიის საერთაშორისო კლუბია. "პატარა რვიანი" - ქართული ოპოზიციური კლუბი, რომელიც იმედებს არჩევნების გზით ხუთიანის "სახლში გაშვებაზე" ამყარებს. ძირითადი საშუალება, მათი შეხედულებით, ბიომეტრიული პასპორტების შემოღება უნდა იყოს. დასაწყისისთვის ბიომეტრიის თელავის შუალედურ არჩევნებში გამოყენებას მოითხოვენ. ლოგიკა მარტივია; ერთ ოლქში სისტემის გამოცდაც შეიძლება და თან, ვარაუდობენ, რომ ერთი საპარლამენტო მანდატისთვის ხელისუფლება თავს არ მოიკლავს (ისედაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს!).

მკითხველს შევახსენებ, რომ 1998 წელს, ლაგოდეხის რაიონში, შუალედური არჩევნებისას მაშინდელმა "მოქალაქეთა კავშირმა" (მაშინაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდათ!) არც ძალადობაზე დაიხია უკან, არც გაყალბებაზე და არც იქაური მოლების დახმარებაზე (აზერბაიჯანელი მოქალაქეების მობილიზებისთვის). მხოლოდ ერთი წელი იყო დარჩენილი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ "მოქალაქეებმა" არც ის ერთი მანდატი დაუთმეს ოპოზიციას, თუნდაც ერთი წლით.

ხანი გამოხდა, მაშინდელი "მოქალაქეები" დღეს "ხუთოსნები" გახდნენ და არც თელავის მანდატის დათმობას აპირებენ. მათ უკვე განაცხადეს, რომ "რვიანის" მიერ მოთხოვნილ ბიომეტრიულ პასპორტებს "ერთ, ცალკე აღებულ" თელავის ოლქშიც კი არ დანერგავენ.

ჩვენი "პატარა რვიანი" ამჯერადაც იმით იწყნარებს თავს, რომ ასე ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაადასტურებს: "მას არ სურს სამართლიანი არჩევნების ჩატარება!"

რამდენჯერ უნდა დაადასტუროს ეს "ხუთოსანმა" ხელისუფლებამ?

2003 წელს საკუთარი ეგზიტპოლებითაც კი, "ნაცმოძრაობას" ხმების 30% უნდა მიეღო. ეგზიტპოლში რომ სასურველ მონაცემებს ჩაწერდნენ, ამაში საზოგადოება 2008 წელს ნოდია-იაკობაშვილის მიერ უტიფარი სახეებით გამოქვეყნებული ციფრებითაც დარწმუნდა, თუმცა 2003 წლის არჩევნებს მივუბრუნდეთ. "ნაცმომ" თითქმის 27% მიიღო, მაგრამ ის 3%-იანი ცდომილება რევოლუციის საბაბად მიიჩნია და "უსამართლობას" სახელმწიფო გადატრიალებით უპასუხა.

როცა რევოლუციის შნო არა გაქვს, ტექნოლოგიურ "გარღვევაზე" იწყებ ოცნებას. ამჯერად "გამრღვევად" ბიომეტრიული პასპორტების თემა უნდა იქცეს.

რა არის ბიომეტრიული პასპორტი და რამდენად დაიცავს ის არჩევნებს გაყალბებისგან?

გადაჭარბებული ნდობა ბიომეტრიის მიმართ ან გულუბრყვილობაა, ან გამიზნული ქმედება. ისევ 2003 წლის მაგალითს მოვიტან. მაშინაც, ამომრჩეველთა ერთიანი ელექტრონული სია იყო მიჩნეული პანაცეად. ამ სიის მომზადება კი სწორედ იმ ორგანიზაციამ ითავა, რომელიც დღესაც მედიატორობს "პატარა რვიანისა" და ხელისუფლების მოლაპარაკებებს საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. საბოლოოდ, სია 1801 წელს დაბადებული ამომრჩევლებით გაივსო.

ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში მოვახერხეთ სიების დაზუსტება, მაგრამ საოცრება მოხდა: შესწორებული სიის შეტანის შემდეგ სერვერი უკან ისევ იმ აბსურდულ სიას გვიბრუნებდა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს "შეცდომები" სწორედ კომპიუტერულ პროგრამაში იყო ჩადებული! პროგრამაზე კი მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები, ჟვანიას და კიწმარიშვილის ხალხი მუშაობდა და იგი ქართული მხარის საკუთრებას არ წარმოადგენდა. როგორც კი ეს თაღლითობა გამჟღავნდა, მთავარი პროგრამისტი "აორთქლდა", ხოლო ჩვენი "უანგაროდ" დამხმარე ამერიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ისტერიკაში ჩავარდა. იძულებული გავხდით, ამ "საიმედო" ელექტრონულ სიებზე უარი გვეთქვა და ხელნაწერი სიებით გვეხელმძღვანელა.

ასეთივე გადაჭარბებული მოლოდინი იყო 2003 წელს ამომრჩევლის მარკირების მიმართ. სინამდვილეში, პროცედურები იმდენად გართულდა მაშინდელი საარჩევნო კოდექსით, რომ ამომრჩეველს 10-15 წუთი სჭირდებოდა ხმის მიცემისთვის. უბნებში რიგები წარმოიქმნა, ბევრგან ვადის გაგრძელებაც გახდა საჭირო. საარჩევნო კოდექსის ყველა მუხლი რომ დაგეცვა, არჩევნები შეიძლება ჩაშლილიყო კიდეც. იბადება შეკითხვა: ნუთუ ზურაბ ჟვანია, რომელიც ოსტატურად მართავდა ამ პროცესებს, ვერ ხვდებოდა ახალი კოდექსის ამ ხარვეზებს?

რა თქმა უნდა, ხვდებოდა. მეტიც: სწორედ ამ გზით, პროცედურების გართულებითა და ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნებით, ამომრჩეველთა სიების არევ-დარევით, უნდა შექმნილიყო რევოლუციური სიტუაცია. მოქმედებდა ფორმულა: "რაც უარესი, მით უკეთესი!" თუ არჩევნები ჩაიშლებოდა, ეს ხელისუფლების ბრალი იქნებოდა, თუ ჩატარდებოდა, ამომრჩეველთა სიების და შედეგების გაყალბებაზე უნდა ამტყდარიყო ერთი ამბავი! "რევოლუციონერები" ასეც და ისეც მოგებული რჩებოდნენ.

იქნებ ჩვენი "პატარა რვიანიც" ასეთივე შორსმჭვრეტელია? პასუხი აქაც ნათელია: არა!

ყველაზე გავრცელებული შეცდომა დღეს ის არის, რომ პოლიტიკურ ტაქტიკაში ორ გზას უპირისპირებენ ერთმანეთს: არჩევნები ან რევოლუცია! სინამდვილეში აპრობირებული ფორმულა ასე გამოიყურება: არჩევნები (როგორც საბაბი) + რევოლუცია (როგორც საშუალება) = ხელისუფლებაში მოსვლას (ოღონდ გარანტიით, რომ "დასავლეთი" გცნობს და დახმარებას არ შეგიწყვეტს!). ამგვარ გარანტიას რომ ეარსება, 2008 წელს სააკაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ხოლო 2010 წელს უგულავა – თბილისის მერი! ვერც 2009 წელს მიიღებდნენ "ხუთოსნები" საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში!

იქნებ დღეს შეიცვალა რაიმე?

დავუშვათ, "ხუთოსნები" დათანხმდნენ ბიომეტრიულ პასპორტებზე, ვინმეს ხელისუფლების გარდა, ექნება საშუალება, გააკონტროლოს სერვერი და კომპიუტერული პროგრამა? პასუხი ნათელია: არა!

მათ, ვისაც ელექტრონული სისტემები შეუვალი ჰგონია, გაეროს განვითარების პროგრამისა და IFE (იმავე ორგანიზაციის, რომელმაც 2003 წელს ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენით "ისახელა" თავი!) ექსპერტის, ოლე ჰოლტვედის მოსაზრება უნდა გავაცნოთ.

ბიომეტრიული პასპორტის რამდენიმე საიდენტიფიკაციო ნიშნიდან (თითის ანაბეჭდი, სახის ამოცნობა, თვალის გუგა, ელექტრონული ხელმოწერა) მხოლოდ პირველის პრობლემატურობას ჰოლტვედი ასე აფასებს:

"თაიას" სისტემა (თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირების ავტომატური სისტემა) მოქმედებს ყოველი ანაბეჭდის ყველა სხვა ანაბეჭდთან შედარების პრინციპით. ერთმილიონიანი მონაცემთა ბაზისათვის ეს გულისხმობს თითოეული ანაბეჭდის შედარებას 999.999 დანარჩენთან. სულ დაახლოებით 1 000. 000. 000. 000 შედარების განხორციელება უწევს კომპიუტერს. თუ მონაცემთა ბაზაში ათივე თითია დაფიქსირებული, მაშინ შედარებების რაოდენობა იზრდება 100. 000. 000. 000. 000-მდე. გავრცელებული შეცდომა თავს იჩენს, როდესაც მომსახურების მიმწოდებელი აცხადებს, რომ თაიას სერვერს შეუძლია, მაგალითად, 50.000 მონაცემის შედარება წამში და ამის შედეგად ჩავთვლით, რომ ამ სიჩქარით მილიონის შედარება მოხდება 20 წამში. ზემოთ მოყვანილი რიცხვებიდან გამომდინარე, ეს ასე არ არის. მილიონ შედარებას დასჭირდება 20.000.000 წამი, ე.ი. 231 დღე. ათი ანაბეჭდის შემთხვევაში იმავეს დასჭირდება 63 წელიწადი". (!)

იქვე ექსპერტი იმასაც აანალიზებს, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს შედარებების რაოდენობა ან გეოგრაფიული არეალი, რათა პროცესი უსასრულოდ არ გაიწელოს და დაასკვნის, რომ ეს ყოველივე "დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიძლება საარჩევნო მოხელეთა ნდობა"(!)

ახლა "პატარა რვიანის" მწყობრი რიგებიდან ერთი ნაბიჯი წინ გადადგან იმათ, ვინც საარჩევნო მოხელეებს ენდობიან! რაო, არც ერთი არ გამოვიდა მწყობრიდან?

სამაგიეროდ, მწყობრიდან იოლად გამოდის ტექნიკა და, რაც უფრო რთულია იგი, მით უფრო მაღალია მისი მწყობრიდან გამოსვლის რისკი. ასე რომ, თუ 1998 წელს ლაგოდეხში ხმების დათვლისას უბნებზე ელექტროენერგიას თიშავდნენ, ახლა უკვე უფრო მაღალტექნოლოგიური ჩარევებით ხდება შესაძლებელი შედეგებით მანიპულირება, ან არასასურველი მონაცემების გაბათილება.

სხვათა შორის, 2000 წელს გაცილებით უფრო მარტივმა სისტემამ – ხმის მიცემის ელექტრონულმა ტერმინალებმა ჯორჯ ბუშთან პაექრობისას ელ გორს 16.000 ხმა "დაუკარგა"! შემდგომ, მოგებული არჩევნები მას სასამართლომ წაართვა, როცა ბიულეტენების ხელით გადათვლაზე უთხრა უარი.

2003 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაში 328 შეცდომა აღმოაჩინეს, რომელთაგან 26 კრიტიკული იყო, თავად სისტემა კი, შეღწევისთვის დაუცველი!

2002 წელს პრეზიდენტმა ბუშმა 3,9 მილიარდი დოლარი გამოყო ამ სისტემის განახლებისთვის. იმ ოლქებში, სადაც სისტემა "განახლდა", არჩევნები სწორედ რესპუბლიკელებმა მოიგეს!

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ამერიკაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ელექტრონული სისტემები ჩინებულად გამოიყენება არჩევნების გაყალბებისთვის; ოჰაიოში სისტემამ 4000 ხმა დაუმატა პრეზიდენტ ბუშს, ჩრდილოეთ კაროლინაში 4500 ხმა "დაიკარგა" (რა თქმა უნდა, ეს ბუშის ხმები არ იყო), ახალ ორლეანში კი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

რაც შეეხება ბიომეტრიული პასპორტის უსაფრთხოებას, ორმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ექსპერიმენტი ჩაატარა: რაკი პასპორტში ჩამონტაჟებული ჩიპი ჩვეულებრივი შტრიხკოდის მსგავსად იკითხება, მათ 200 ევროდ შეიძინეს სუპერმარკეტის შტრიხკოდების წამკითხველი ხელსაწყო და უპრობლემოდ "გადმოქაჩეს" პასპორტებიდან სრული ინფორმაცია. მიუხედავად ჩვენი ოპოზიციის უსაფუძვლო რწმენისა, ბიომეტრიული პასპორტიც ისეთივე დაუცველია, როგორც ნებისმიერი სხვა დოკუმენტი. რასაც ერთი ადამიანი ქმნის, მეორე ადამიანს ყოველთვის შეუძლია გააფუჭოს.

საარჩევნო საკითხების კიდევ ერთი აღიარებული ექსპერტი, ჯერალდ მიტჩელი ხაზგასმით მიუთითებს:

"ბიომეტრიული ტექნოლოგიების ინტეგრირება ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიცირების პროცესში მოითხოვს ბიომეტრიული ეტალონების ცენტრალიზებულად შენახვას, სავარაუდოდ მთავრობის კონტროლქვეშ არსებული ამომრჩეველთა ფიზიკური მახასიათებლების მონაცემთა ბაზის შექმნის გზით. მონაცემთა დაცვა მოითხოვს უსაფრთხოების მაღალ დონეს. შეუძლებელი უნდა იყოს ბიომეტრიული ეტალონების შეცვლა, რადგან ამან შეიძლება გაყალბების შესაძლებლობა შექმნას. მაგალითად: რომელიმე პიროვნების მონაცემები შეიძლება დააზიანონ ან შეცვალონ სხვისი მონაცემებით, შესაბამისად ამ ამომრჩეველს გამიზნულად შეექმნება პირადობის დადგენის პრობლემა. შედეგების სიზუსტეზე შეიძლება ასევე უარყოფითად იმოქმედოს კიბერ-შეტევებმა ბიომეტრიული მონაცემების სერვერებზე".

ვისაც არ სჯერა, რომ გაყალბებისთვის ზუსტად ეს მეთოდოლოგია იქნება გამოყენებული, ხელი აწიოს! რაო, არავის აუწევია ხელი "პატარა რვიანიდან"?

ერთი სიყვით, ბიომეტრიული პასპორტი არამცთუ არ არის გაყალბების წამალი, არამედ ამ პროცესს ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო უმტკივნეულოს ხდის. სამაგიეროდ, მთელი ეს ბიომეტრიული გაწამაწია მომგებიანი ბიზნესის საშუალებაა. მარტო ამერიკაში მისგან მიღებული შემოსავლების პროგნოზი 6 მილიარდ დოლარზე მეტი იყო! არც ის უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, თუ ვინ დაეპატრონება ამ მომგებიან ბიზნესს! 2003 წელივით ეროსი კიწმარიშვილს რომ არავინ მიუშვებს ბიომეტრიულ ბიზნესთან, ეს ცხადი უნდა იყოს, თუმცა. . . ვინ იცის?!

ყველაზე საინტერესო მაინც ის გახლავთ, რომ ბიომეტრიას არჩევნების დღეს არ იყენებს მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა და მაინც, "პატარა რვიანი" დაჟინებით ითხოვს ამ `რევოლუციური, ჯერ არნახული~ ტექნოლოგიის საქართველოში დანერგვას. რატომ? დავუშვათ, ახვეწნინა ცოტა ხანს ხელისუფლებამ და ბოლოს დაყაბულდა. მერე რა უნდა მოუხერხონ ბიომეტრიულად წაგებულ არჩევნებს? სად უნდა გააპროტესტონ? ან რატომ არიან ასე დარწმუნებული, რომ ბიომეტრია მოაგებინებს არჩევნებს?

ყოველ შემთხვევაში, "ბიომეტრიულად" წაგებული არჩევნების შემდეგ, საპროტესტოდ გამოსული ხალხის (თუ კიდევ გამოვიდა ვინმე) შინ გაშვება ნამდვილად არ გაჭირდება!P.S. მაშ, რა გვეშველებაო? – იკითხავს ნირწამხდარი მკითხველი.ეს წერილი კინოფილმ "ლონდრეს" იმ სცენას წააგავს, რომელშიც "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" საბრალო გაბრიელს აბრიყვებენ:– კაცი თუ მოგიკლავს, შვილო ჩემო?– თუ გიცრუვნია?– გიმრუშია?– რას ამბობთ, მამაო!– ჰოდა, ანგელოზი ყოფილხარ და შენი ადგილი ზეცაშია!– არ დაუჯერო, გაბრიელ! გატყუებენ, გაბრიელ! - ქვითინებს საპატარძლო.გვეშველება, რადგან ყველა გაბრიელზე საქართველოში ერთი ლონდრე მაინც მოიძებნება, ოღონდ ვიდრე ჩვენს "პატარა რვიანს" სიტყვა "ლონდრე" პირდაპირი მნიშვნელობით ესმის, - საშველი არ იქნება.P.P.S. აკაკი ბაქრაძე ასე აღწერდა ნაცარქექიას ფენომენს: “სიზარმაცე და ბაქიობა მისტიფიკაციაა, მომარჯვებული იმისათვის, რომ მტერმა ნაცარქექიას ნამდვილი თვისება ვერ ამოიცნოს. ახლა უფრო შორს წავიდეთ: განა ნაცარქექიასა და დევის ურთიერთობაში საქართველოს ისტორიული ცხოვრების მოდელი არა ჩანს? საქართველოს მთელი მისი გრძელი ისტორიის მანძილზე არასოდეს ჰქონია ურთიერთობა მის ტოლ სახელმწიფოსთან. იგი ყოველთვის მსოფლიო გოლიათებს ედგა პირისპირ:საქართველო და რომის იმპერია,საქართველო და ბიზანტიის საკეისრო,საქართველო და არაბთა ხალიფატი,საქართველო და სპარსეთის შაჰინშატი,საქართველო და მონღოლთა ულუსი,საქართველო და ოსმალთა სულთანატი,საქართველო და რუსეთის ცარიზმი.ამ უთანასწორო ბრძოლაში რა უშველიდა საქართველოს თუ არა ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა და ეშმაკობა. ქართველმა ხალხმაც ნაცარქექიას სახით ამგვარი იდეალი შექმნა. მტრის მოსატყუებლად ზარმაცისა და ბაქიას ნიღაბი აიფარა. თუ ეს არ დავინახეთ ნაცარქექიაში, მაშინ მას ცალმხრივად წარმოვიდგენთ და ნიღაბს არსად მივიჩნევთ”.ოთარ ჭილაძის გენიალური პერსონაჟი -  ლონდრე თანამედროვე ნაცარქექიაა, რომელიც სწორედ ჭკუის, გამჭრიახობის, მოქნილობისა და ეშმაკობის წყალობით ამარცხებს ბოროტებას. ვისაც ლონდრე დოყლაპია ჰგონია, ნუ გამომეხმაურებით! ნანა დევდარიანი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"