ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.03.2011
საერთაშორისო ურთიერთობებში „მეგობრების“ და „მტრების“ აღქმის შესახებ

"მეგობრის" და "მტრის" იმიჯის თავს მოხვევის პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებში დღესდღეობით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მამოძრავებელი ძალაა. საერთაშორისო პოლიტიკის ე. წ. კოლექტიურ აქტიორთა - სახელმწიფოების, ხალხების - ქმედებები არსებითად არის მოტივირებული „მეგობრისა“ და „მტრის“ განსხვავებით.

პოლიტიკის, როგორც ასეთის, საფუძველს წარმოადგენს პოლიტიკის ამა თუ იმ სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტების დაყოფა „მეგობრებად“ და „მტრებად“. ბუნებრივია, რომ ეს პირობითი დაყოფაა (ამიტომაც იგი ბრჭყალებშია ჩასმული), მაგრამ ამასთან ეს არ არის შემთხვევითი დაყოფა, არამედ პოლიტიკური პროცესების სიღრმისეულ დაკვირვებებს ეფუძნება. კარლ შმიტი თავის სახელგანთქმულ ნაშრომში „პოლიტიკურის ცნება“ (Carl Schmitt: Der Begriff des Politischen; 1927/1932) დამაჯერებლად ასაბუთებს ამგვარი დაყოფის არსებობას. „სპეციფიურად პოლიტიკური განსხვავება, რომელამდეც შეიძლება პოლიტიკური ქმედებებისა და მოტივების დაყვანა, ესაა მეგობრის და მტრის განსხვავება. აღნიშნული განსხვავება განსაზღვრებას იძლევა კრიტერიუმის, და არა ამომწურავი დეფინიციის ან მისი შინაარსის გადმოცემის საშუალებით“ - წერს შმიტი.

„მეგობრისა“ და „მტრის“ ურთიერთგამიჯვნა პოლიტოლოგიური თვალსაზრისით გამოყენებადია და უაღრესად საჭიროცაა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზში. საერთაშორისო პოლიტიკის ე. წ. კოლექტიურ აქტიორთა - სახელმწიფოების, ხალხების - ქმედებები არსებითად არის მოტივირებული „მეგობრისა“ და „მტრის“ განსხვავებით. ბუნებრივია, მოცემული დუალიზმი „მეგობარი“/“მტერი“ სულაც არ გამორიცხავს მოცემული საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტის პოლიტიკური ქმედებებისა და პოლიტიკური მდგომარეობისა თუ განწყობის მესამე, გარდამავალ მოტივს. შმიტის თანახმად, „მეგობარი“/“მტერი“, როგორც განსხვავების კრიტერიუმი, „სულაც არ ნიშნავს, რომ გარკვეული ხალხი მუდამ უნდა იყოს რომელიმე ცალკე აღებული სხვა ხალხის მეგობარი ან მტერი, ან რომ ნეიტრალურობა შეუძლებელია ან არ შეიძლება, რომ მას ჰქონდეს პოლიტიკური აზრი. მაგრამ ნეიტრალურობის ცნება, ისევე, როგორც ყოველი პოლიტიკური ცნება, საბოლოო ჯამში ასევე განაპირობებს ერთმანეთისგან ორი ჯგუფის გამიჯვნას პრინციპით „მეგობარი - მტერი“...

სავარაუდოდ, უნდა არსებობდეს რაიმე კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ხალხები იცვლიან ორიენტირებს გარესამყაროს აღქმაში, ხოლო ამ აღქმის განმსაზღვრელი მომენტია მსოფლიოს დაყოფა „მეგობრულად“ და „მტრულად“. არსებობს ინგლისის პრემიერ-მინისტრის, ლორდ პალმერსტონის ფართოდ ცნობილი ფორმულა: „ინგლისს არ გააჩნია მუდმივი მეგობრები და მტრები, ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები, რომელთა განხორციელებაზეც იგი უნდა ზრუნავდეს“.

მაშასადამე, თუკი საფუძვლად ავიღებთ ამ ფორმულას, „მეგობრებისა“ და „მტრების“ აღქმის კრიტერიუმად გვევლინება სახელმწიფო ინტერესების პრინციპი, რომლებიც იცვლება ცვალებად პოლიტიკურ პირობებთან, პოლიტიკურ კონფიგურაციასთან ერთად, მუდმივად ცვლილებების პროცესში მყოფ მსოფლიოში. მაგრამ ეს თავის მხრივ არ აუქმებს ერთი ხალხის მხრიდან მეორის აღქმის შესაძლებლობას „მეგობრად“ ან „მტრად“ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. საამისოდ მრავალი მაგალითი არსებობს. ასევე მრავლად არსებობს მაგალითები, როდესაც „მეგობრები“ სწრაფად იცვლებიან „მტრებად“ და პირიქით. სხვა სიტყვებით, სახელმწიფო ინტერესების ცნება, რომელიც თავად არის დამოკიდებული ინტერპრეტაციებზე (იმ აზრით, თუ რა წარმოადგენს სახელმწიფოს „ნამდვილ“ ინტერესს მოცემულ კონკრეტულ ისტორიულ ეტაპზე), ვერ იქონიებს პრეტენზიას იმაზე, რომ იგი იძლევა იმის ერთადერთი შესაძლო ახსნის საშუალებას, თუ რატომ შეუძლიათ საერთაშორისო პოლიტიკის კოლექტიურ აქტიორებს, პრაქტიკულად დიამეტრალურად იცვალონ გარესამყაროს აღქმა, მეორეს მხრივ კი ასეთივე წარმატებით შეუძლიათ, ძალზე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შეინარჩუნონ თავიანთი წარმოდგენები „მეგობრებსა“ და „მტრებზე“.

ერთმნიშვნელოვანი ახსნა, ალბათ, არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელთაგანაც შევეცდებით გამოვყოთ და აღვწეროთ მთავარი კრიტერიუმები, რომლებიც გავლენას ახდენენ ხალხებისა და სახელმწიფოების მიერ ერთმანეთის შესახებ ამა თუ იმ წარმოდგენების ფორმირებაზე. ის, რომ „სახელმწიფო ინტერესების“ ცნება სხვადასხვა ინტერპრეტაციებზეა დამოკიდებული და ეს ინტერპრეტაციები თავის მხრივ გავლენას ახდენენ ერთი ხალხის მიერ სხვა ხალხების აღქმაზე „მეგობრებად“ და „მტრებად“, ზემოთ იქნა აღნიშნული. ინტერპრეტაცია საერთოდ ფრიად საინტერესო თემაა პოლიტიკაში და მას ერთ-ერთი გადამწყვეტი ადგილთაგანი უკავია. ბოლო ორი ათწლეულის პოლიტოლოგიაში განსაკუთრებით მოდური გახდა სოციოლოგიის სხვა დისციპლინებში უკვე კარგა ხანს წარმოდგენილი, ეგრეთ წოდებული კონსტრუქტივისტული თეორია, რომელიც მოწოდებულია, ახსნას თითქმის ყველა ქმედება პოლიტიკაში, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ობიექტური რეალობა: „რეალობა... ეს არის სამყარო, რომელსაც ჩვენ შევიგრძნობთ; მაგრამ როდესაც ჩვენ რეალობაზე ვსაუბრობთ, ემპირიულ გამოცდილებას ვავსებთ მრავალრიცხოვანი ინტერპრეტაციებით, რომელთა საშუალებით ჩვენ განმარტებას ვუკეთებთ ჩვენს მიერ აღქმულ მთლიანს, ეს მთლიანი კი უკვე ნახსენები მიზეზით ყოველთვის წარმოადგენს იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენი რეალური დაკვირვებების ჯამია. „რეალობის“ მიღმა საინტერპრეტაციო კონსტრუქცია იმალება“ (Stefan Jensen: Erkenntnis – Konstruktivismus – Systemtheorie. Einfuehrung in die Philosophie der konstruktivistischen Wissenschaft. Opladen/Wiesbaden 1999, S.27). კონსტრუქტივიზმის თეორია, მიუხედავად მისი მოდურობისა, სამართლიანი კრიტიკის ობიექტი გახდა მასში არსებული მრავალი წინააღმდეგობის გამო (მაგალითად იხ.: Christoph Weller: Internationale Politik und Konstruktivismus. Ein Beipackzettel; in: „Welt Trends”, Nr.41, 2003/2004), მაგრამ კონსტრუქტივიზმის საბოლოო მოწოდება, ყურადღება გაამახვილოს საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტების ქმედებათა საფუძველში ჩადებულ რეალობის სხვადასხვა კონსტრუქციებზე, პოლიტოლოგიური ანალიზის კუთხით მთლიანობაში სწორი გზაა, თუმცა მხოლოდ კონსტატაცია ფაქტისა, რომ საერთაშორისო პოლიტიკის აქტიორებს ყოველთვის აქვთ (ამა თუ იმ ძალით / ადრე თუ გვიან) ცვალებადი საინტერპრეტაციო კონსტრუქციები, ვერ ხსნის ამ ცვალებადობის მიზეზებს, მათ შორის „მეგობრისა“ და „მტრის“ აღქმის თვალსაზრისით.

მაგალითად, ამერიკული პოლიტიკა ავღანეთში მოძრაობა ტალიბანის მიმართ ჩვენს თვალწინ იცვლება. ცნობები გაჩნდა იმის შესახებაც კი, რომ ტალიბანს ნებას დართავენ, თავისი წარმომადგენლობა გახსნას ნატოს წევრ-სახელმწიფო თურქეთში. ამერიკელები აწარმოებენ დიალოგს ავღანური მოძრაობის „ზომიერ ნაწილთან“, რომელსაც თავის დროზე თავად დაეხმარნენ, ქვეყანაში ფეხი მოეკიდა, მოგვიანებით კი, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ალ ყაიდასთან ერთად ამერიკისა და „მთელი ცივილიზებული სამყაროს“ მტრად გამოაცხადეს. ამ შემთხვევაში მტრის აღქმაში ხშირი ცვლილებები არ მიუთითებს პრობლემის სიღრმისეულ გაცნობიერებას ამერიკელების მხრიდან, არამედ ეს არის ერთდროულად ალ ყაიდასა და ტალიბანის წინააღმდეგ მიმართული გამუდმებული სამხედრო ოპერაციების უპერსპექტივობის შედეგი. როგორც „ტრანსატლანისტი“ ექსპერტები წერენ, ვაშინგტონისათვის „მტერს“ ამერიკული სპეცსამსახურებისვე მეორე პირმშო - ალ ყაიდა წარმოადგენს, ხოლო ტალიბანი, როგორც ამბობენ, ისეთი დემონი სულაც არ ყოფილა, როგორადაც მას ადრე მიიჩნევდნენ (მაგალითისთვის იხ. Alex S. van Linchoten and Felix Kuehn: Separating the Taliban from al-Qaeda: The Core of Success in Afghanistan; in: «Global Post», 9 თებერვალი, 2011წ.). აშკარაა ახალი რეალობის კონსტრუირება, რომელიც პრაქტიკაში ნიშნავს ალ ყაიდასთან ტალიბანის შეჯახების მცდელობას. ერთის მხრივ, ეს მოცემულობა არის ავღანეთში დასავლეთის გაუთავებელი სამხედრო ოპერაციების წარუმატებლობის შედეგი, მეორეს მხრივ კი - მცდელობა დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან, მოერგონ ახალ რეალობას, მოახდინონ სამხედრო წარუმატებლობის კომპენსირება ყოფილი მტრების მეგობრებად გადაქცევის გზით და მათი ენერგია მიმართონ სხვა, ნამდვილი თუ არანამდვილი მტრებისკენ.

რეალობის ასეთივე იძულებით კონსტრუქციად შეიძლება იქნას მიჩნეული დასავლეთის ახალი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში. დასავლეთმა, გააცნობიერა რა, რომ არაბულ ქვეყნებში თავისი ზოგი მოკავშირის შენარჩუნება შეუძლებელია, გამოაცხადა, რომ „ხალხის მხარეს“ იჭერს.

განსხვავებით მუბარაქისაგან ეგვიპტეში, ყადაფი (რომელიც ჯერ კიდევ არ ნებდება) ლიბიაში იოლად გასწირეს იმიტომ, რომ ყადაფი არ იყო დასავლეთის მიერ დასმული, იგი დასავლეთის „მეგობარი“ გარემოებათა გამო გახდა. ამიტომ იგი იოლად იქცა ისევ „მტრად“ და მას არ უშველა მრავალრიცხოვანმა განცხადებებმა იმის შესახებ, რომ იგი ებრძვის სწორედ ამ დასავლეთის მტერს - ალ ყაიდას. სამაგიეროდ, ბაჰრეინის ტირანიას შეუძლია დაუსჯელად გადაუაროს ტანკებით უიარაღო დემონსტრანტებს (განსხვავებით ბაჰრეინისგან, ლიბიაში ყადაფი შეიარაღებულ აჯანყებას ებრძვის), ბაჰრეინის ტირანია ხომ დასავლეთის „მეგობარია“ (ეს ბრჭყალების გარეშეც შეიძლება ითქვას). მხოლოდ თუკი ბაჰრეინელი ხალხი სიტუაციას კიდევ უფრო ფეთქებადსაშიშს გახდის, როგორც ეს ეგვიპტეში იყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება, რომ დასავლეთმა უგანოს მმართველ რეჟიმს და „ხალხის მხარე“ დაიკავოს (კიდევ გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ბაჰრეინში დასავლეთი ვერ ხედავს მმართველი სამეფო სახლის ალტერნატივას, ეგვიპტეში ასეთი გარდამავალი ალტერნატივა სამხედროებია).

მაგრამ რეალობის ინტერპრეტირება (კონსტრუქცია) აქტუალური არა მხოლოდ კონკრეტული ემპირიული სიტუაციებისთვისაა, არამედ, როგორც ზემოთ ნაწილობრივ უკვე აღინიშნა, სახელმწიფოებისა და ხალხების მიერ თავიანთი ინტერესების დეფინიციისთვის. ერთი მხრივ, „სახელმწიფო ინტერესები“ თავისთავადი ფასეულობაა, პოლიტიკის საბოლოო დანიშნულება, რომელიც თავის თავში მოიცავს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და ხალხის იდენტურობის კონსტანტას. მაგრამ ასეთი, ერთი შეხედვით, მუდმივი ფასეულობები ეჭვს ქვეშ დგება სხვა, მატერიალური (მაგალითად, კეთილდღეობა) და არამეტერიალური ანუ სულიერი ფასეულობების (მაგალითად, რწმენის შესაბამისად, რელიგიის მიხედვით ცხოვრება) ფონზე. სხვა სიტყვებით: ამა თუ იმ სახელმწიფოს ან ხალხის შენარჩუნება ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად არ ემთხვევა მოცემულ სახელმწიფოში მცხოვრები ამ ხალხის კეთილდღეობას, ისევე როგორც რელიგიის ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა სახელმწიფო ორგანიზმის ამწუთიერ მატერიალურ ინტერესებს.

მაგალითად: ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი ხალხის კეთილდღეობა ამ ხალხების საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნით იყო უზრუნველყოფილი, რომლის დანგრევის შემდეგ იგი არსებითად დაქვეითდა. გამოდის, რომ სახელმწიფოებრიობის არქონის პირობებში გარკვეული ხალხები მატერიალური მოსაზრებით უკეთესად ცხოვრობდნენ. რაც შეეხება არამატერიალურ ფასეულობებს, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა შეიძლება იდგნენ, მაგალითისთვის ავიღოთ ისლამისტი ფუნდამენტალისტები, რომელთათვის არც ისე მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივ-ეთნიკური სხვაობები, მათთვის უმნიშვნელოა და ზიზღის გამომწვევიც კი, ეროვნული სახელმწიფოს იდეა, მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ზეეროვნული ერთიანი ისლამური სივრცე, რაც სხვა ინტერპრეტაციებით, ეწინააღმდეგება ცალკე აღებული სახელმწიფოების, დავუშვათ, სირიისა ან მაროკოს, ინტერესებს. გამოდის, რომ ცნება - „სახელმწიფო ინტერესები“ ვარიაბელურია და შეიძლება, მას გაუკეთდეს ინტერპრეტირება, გამომდინარე გარკვეული საბაზისო პოლიტიკური ფილოსოფიიდან. ჩვენს მიერ საკვლევი ობიექტის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ თუკი, დავუშვათ, ქართველი ნაციონალისტისათვის რუსეთი ცალსახად „მტერია“, რომელიც არღვევს ქვეყნის ტერიტორიულ ერთიანობას, ასევე ქართველი მართლმადიდებელი ფუნდამენტალისტისათვის ყველაფერი ასე ცალსახა არ არის, რუსეთში იგი ხედავს „მეგობარსაც“ იმდენად, რამდენადაც რუსეთი ავლენს მართლმადიდებლობისადმი ერთგულებას. ნაციონალისტს თავისი რეალობა აქვს, რელიგიურ ფუნდამენტალისტს - თავისი, მარქსისტს - კიდევ თავისი და ასე შემდეგ, ხოლო „უბრალო მოქალაქე“, ხალხი, ყოველთვის მათ შორის არის და იგი განიცდის ამა თუ იმ ეპოქაში დომინირებული მიმართულების გავლენას.

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ბუნებრივად მოიაზრება თურქეთისა და აზერბაიჯანის ახლო ურთიერთობები, როგორც ორი მეტად ახლო ნათესავი ერისა. ეთნიკური ნათესაობის პრინციპმა მოახდინა თურქეთის სახით „მეგობრის“ კონსტრუირება აზერბაიჯანისთვის და პირიქით. მაგრამ ისტორიულად იდგა მომენტები, როდესაც თურქები აზერბაიჯანლების ყველაზე უფრო სასტიკი მტრების როლში მოქმედებდნენ. ამასთან დაკავშირებით წინა პლანზე გამოდიოდა კონფესიური განსხვავება სუნიტ თურქებსა და შიიტ აზერბაიჯანლებს შორის. აი რა ხდებოდა სამხრეთ კავკასიაში თურქული შემოსევის დროს, მე-18 საუკუნის პირველ მეოთხედში:

„თბილისის დაკავებისთანავე თურქებმა ტაძრებიდან ჩამოგლიჯეს ჯვრები. 1723 წლის სექტემბერში /მეფე/ ვახტანგი წერდა ბაადურ თურქესტანიშვილს, რომ თუკი ამ წელიწადში საიდანმე დახმარება არ გამოჩნდება „ყველას გაათათრებენ“. კიდევ უფრო დიდი არატოლერანტულობა, რომელიც კაცთმოძულეობამდეც კი მიდიოდა, თურქებმა გამოავლინეს აზერბაიჯანლების - შიიტური მიმდინარეობის მუსლიმების მიმართ. თურქეთის მთავრობის საგანგებო საბჭოს დადგენილებით (1722 წლის 6 აგვისტო) მათ გამოეცხადათ წმინდა ომი. ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მუფტის სამი ფეტვა შეიცავდა მოწოდებას, მომხდარიყო მამაკაცების განადგურება და ქალებისა და ბავშვების მონებად აყვანა. შიიტების ქონება თურქი ჯარისკაცების კანონიერ ნადავლად ცხადდებოდა. 1725 წლის შუა პერიოდში შექმნილი ქვედა კორპუსის მეთაური, თავადი ვ.ვ.დოლგორუკოვი შემდეგ წელს ასტრახანიდან უმაღლეს საიდუმლო საბჭოს აცნობებდა, რომ თურქული შემოსევის შემდეგ დაფანტული „ბასურმანი ხალხები“ (ანუ შიიტი აზერბაიჯანლები) თავიანთ შვილებს ჰყიდიან რუსებსა და სომხებზე (!!) „მუდმივ და დროებით მსახურებაში“, იგი ღებულობს მათ და სანაცვლოდ გასცემს ხელწერილებს“ (О. П. Маркова: Россия, Закавказье и международные отношения в ХVIII.веке; Москва 1966, стр.115).

მიუხედავად ასეთი მძიმე ისტორიული წარსულისა, აზერბაიჯანში თურქების მტრის ხატი დიდი ხანია, დავიწყებულია. შესაბამისად, გამოდის, რომ რთული ისტორიული ურთიერთობები და სისხლისღვრა ყოველთვის არ ახდენს ძალზე ხანგრძლივი „მტრის“ ხატის ფორმირებას (შესაბამისად, „მეგობრისას“, როდესაც მოკავშირეობაზეა ლაპარაკი). გასული საუკუნის მსოფლიო ისტორია ასეთ მაგალითებს უხვად გვაძლევს. იაპონია არ ივიწყებს ჰიროსიმასა და ნაგასაკის, ყოველ წელს აწყობს ხსოვნის ცერემონიას, მაგრამ ამ ბოროტებას არ აკავშირებს შეერთებულ შტატებთან, როგორც ასეთთან. სამაგიეროდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებად იქცნენ აშშ და სსრკ (რუსეთი), რომლებსაც არასოდეს დაუღვრიათ ერთმანეთის სისხლი. აშშ-ს „მტრის“ ხატი რუსეთში დღესაც აგრძელებს არსებობას სხვადასხვა ფორმით, რაც სულაც არაა პარადოქსი, რადგან ამგვარი აღქმა ემყარება გეოპოლიტიკურ რეალიებს, ხოლო გეოპოლიტიკას თავისი კანონები აქვს, რომლებიც რუსეთს კარნახობენ, ფხიზლად მოეკიდოს აშშ-ს, კომუნისტირი იდეოლოგიისა და საბჭოთა სახელმწიფოს კრახის შედეგად მასთან კონფრონტაციის (მოჩვენებითი) დასრულების შემდეგაც (ამის შესახებ წინამდებარე სტატიის ავტორი უკვე წერდა, იხ.: Г. Рцхиладзе: «Законов геополитики в рамках "перезагрузки" не отменить»; 11 დეკემბერი, 2010წ.). აშშ-ს მმართველ წრეებშიც არ არსებობს ილუზიები რუსეთის მიმართ.

როგორც ჩანს, ეს სიტუაცია დიდ ხანს შენარჩუნდება. დღევანდელ პირობებში დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ვერ მოხდება მე-18 - მე-19 საუკუნეების ევროპული ძალთა თანაფარდობისა და კოლონიალიზმის ეპოქისთვის დამახასიათებელი მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების სწრაფი ცვლილება, როდესაც შესაძლებელი იყო ალიანსების თითქმის ნებისმიერი კონფიგურაცია - ინგლისი ავსტრიასა და პრუსიასთან ერთად საფრანგეთის წინააღმდეგ, ინგლისი, საფრანგეთი და თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ, ავსტრია და საფრანგეთი ერთად ინგლისისა და პრუსიის წინააღმდეგ, რუსეთი ავსტრიასთან ერთად პრუსიის წინააღმდეგ, საფრანგეთი, ავსტრია, ინგლისი და თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ამ ჩახლართულ სისტემაში იხატება გარკვეული გეოპოლიტიკური მუდმივობა - მიუხედავად პერიოდული ტაქტიკური ხასიათის დაახლოებისა ინგლისსა და საფრანგეთს შორის, გეოპოლიტიკის ღერძი მოძრაობდა ამ ორი ძალის დაპირისპირების ნიშნის ქვეშ; ანალოგიური სურათი იკვეთება რუსულ-თურქულ ურთიერთობებთან მიმართებით: რუსეთის სტრატეგიული სვლა სამხრეთისაკენ გამორიცხავდა ოსმალურ თურქეთთან ხანგრძლივ „მეგობრობას“, რომელიც სტრატეგიული „მტერი“ იყო. სტრატეგია კი, როგორც ასეთი, გულისხმობს ხანგრძლივობას, დროში გაწელილობას. სწორედ ამიტომ მე ვამტკიცებ, რომ რუსულ-ამერიკული დაახლოება ვერ იქნება მყარ საფუძველზე დამყარებული, თუკი, რა თქმა უნდა, რუსეთი ან ამერიკა არ იტყვის უარს თავის სტრატეგიულ მიზნებზე და არ მოახდენს გარკვეული „რეალობის“ კონსტრუირებას, რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება მისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს (ვისთვის კი, დავუშვათ, რუსი „ლიბერალებისთვის“ - პანაცეა გახდეს).

გეოპოლიტიკა, თავის მხრივ, როგორც ცნობილია, არ შედგება მხოლოდ გეოგრაფიული მონაცემებისგან და მხოლოდ გეოგრაფია არ განაპირობებს საერთაშორისო პოლიტიკის აქტიორთა ქმედებებს. რომ არა „ზემოდან“ განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებები იდეოლოგიურ მიდგომაში, რაც დასავლური სამყაროს ფარგლებში ნაციონალიზმის „გაუქმებით“ გამოიხატა, საფრანგეთი და გერმანია, ალბათ დღესაც სტრატეგიული მოწინააღმდეგეები იქნებოდნენ და ელზას-ლოტარინგიის პროვინციების გარშემო გაარკვევდნენ ურთიერთობებს. დასავლეთი საერთაშორისო არენაზე გამოდის სწორედ როგორც დასავლეთი ანუ როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური ორგანიზმი, და თავის პოლიტიკურ ერთიანობას ფასეულობათა ერთიანობაზე ამყარებს. „მეგობრის/მტრის“ ხატის ფორმირებაზე გავლენის მომხდენი წმინდა გეოგრაფიული მომენტები უკანა პლანზე გადადის. იგივე იდეოლოგიური მომენტი აშშ-ს შეურიგებელს ხდის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, რომლის ხელმძღვანელობა არ იყიდება და არ იდრიკება, ეს კი ირანს აქცევს იმ ძალთა ბუნებრივ მოკავშირედ, რომლებიც დიდი ევრაზიული სივრცის ფარგლებში მართლმადიდებელი ქრისტიანობისა და ისლამის (პირველ ყოვლისა, შიიტური ისლამის) ალიანსის მომხრეებად გამოდიან. თავად დდიდი ცივილიზაციური სივრცის ამპლუაში მოქმედმა და თავის შიგნით ნაციონალიზმზე უარის მთქმელმა დასავლეთმა ნაციონალისტური „ანკესი“ პოსტსაბჭოთა ხალხებს გადმოუგდო გაყოფისა და ბატონობის მიზნით, ამასთან იგი ცდილობს, ყველას თავს მოახვიოს „მეგობრის“ იმიჯი.

სწორედ ასეთ მცდელობებს უნდა აღუდგეს წინ მეორე „პოლუსი“ - ევრაზიის დიდი ცივილიზაციური სივრცე, არა იმ მიზნით, რომ მოახდინოს ცალკეული ნაციონალური სახელმწიფოების ეფემერული სუვერენიტეტის დაცვა, რომელიც ეროვნული დროშების ქნევითა და ეროვნული ჰიმნების დამღერებით - სეკულარიზაციისა და სახელმწიფოს დესაკრალიზაციის ეპოქის ამ პროდუქტებით გამოიხატება; მისი მიზანი უნდა იყოს არსობრივი თავისუფლების ანუ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ევრაზიის ყველა ხალხის იდენტობის გადარჩენა.

გულბაათ რცხილაძე

სტატიის რუსულენოვანი ორიგინალი: http://evrazia.org/article/1608

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"