ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.03.2011
ახლო აღმოსავლეთის მომავალი გადაფორმატება

ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ფართო გაგებით მოიცავს ტერიტორიას ჩრდილოეთ აფრიკიდან ირანამდე, კვლავ გრძელდება შეტაკებები, დემონსტრაციები და პოლიტიკური ტემპერატურა ისევ მაღალია. შევეცადოთ გავაკეთოთ მოვლენების ზოგადი ანალიზი, რათა დავინახოთ ტენდენციები და მთლიანი სურათის კონტურები, რომლებიც შეიძლება გამოიკვეთოს მოვლენათა ამა თუ იმ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში.

პირველ რიგში, ჩვენი აზრით, არსებობს ორი ძირითადი ვარიანტი, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ: 1) დასავლეთის ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაცია; და 2) დასავლეთისთვის ნაკლებად ხელსაყრელი და სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეებისთვის უფრო მომგებიანი სიტუაცია.

თავის მხრივ, ეს ვარიანტები იყოფა ქვევარიანტებად. მაგალითად, სიტუაცია შეიძლება იყოს უფრო მომგებიანი აშშ–თვის და შედარებით ნაკლებად – ევროკავშირისთვის, ან უფრო ხელსაყრელი ირანისთვის და ჩინეთისთვის და ნაკლებად – რუსეთისთვის და ა.შ.

მაგრამ ჩვენ განვიხილავთ ორ ძირითად ვარიანტს მთლიანობაში და შემდეგ ცალკეული ქვეყნების შემთხვევებს.

მოკლევადიან პერსპექტივაში სიტუაცია, როგორც ჩანს, დასავლეთისთვის ხელსაყრელად ვითარდება. მათ შეძლეს თავიდან მოეშორებინათ არაპოპულარული რეჟიმები ეგვიპტეში და ტუნისში, ისე რომ „ხალხის მხარეს“ გამოჩენილიყვნენ. დღეს დასავლეთი ცდილობს „აგორებული ტალღა“ მიმართოს ისეთი ქვეყნებისკენ, როგორებიცაა სირია, და შემდგომში ირანი. ფაქტია, რომ ბევრ არაბულ ქვეყანაში სოციალური აქტიურობის წინა პლანზე გამოვიდა ახალგაზრდობა, რომლის ნაწილს გარკვეული ილუზიები აქვს დასავლური ტიპის დემოკრატიის მიმართ (ეს შედეგია წლების განმავლობაში დამყაყებული სიტუაციისა) და ჰგონია, რომ თავისი აქტიურობით არაბულ ქვეყნებში შესაძლებელი იქნება დასავლეთის მაგვარი „დემოკრატიული“ ქვეყნების აშენება.

მაგრამ, ჩვენი აზრით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროცესების მართვა დასავლეთს სულ უფრო გაუჭირდება. გააქტიურებული ხალხი მალე დაინახავს, რომ მიტინგები და „დემოკრატია“ თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას. დასავლური კულტურის და წეს–ჩვეულებების შემოსვლა–გააქტიურება, რაც მოსალოდნელია ახლოვადიან პერსპექტივაში (თუმცა, ეგვიპტეში და ტუნისში ეს პროცესი ისედაც მიდიოდა) საზოგადოებაში საპროტესტო მუხტს წარმოშობს. კონსერვატიული ისლამური საზოგადოება ვერ შეეგუება „თავისუფალ ქცევას“ და დასავლური კულტურის სხვა ატრიბუტებს. დასავლეთს დასჭირდება მასირებული ფინანსური დახმარება და ინვესტიციები არაბულ ქვეყნებში (სადაც ნავთობი არასაკმარისია), რომ ხალხს „რევოლუციების“ იმედი არ გაუცრუვდეს, ამის საშუალება კი დასავლეთს არ აქვს და მომავალში კიდევ უფრო ნაკლებად ექნება.

ამიტომ, „დემოკრატიული“ რიტორიკა და „თავისუფლების“ ეიფორია ჩაცხრება და წარმოიშვება ყოველდღიური მუშაობის საჭიროება, რომ არაბებმა დაიწყონ ძლიერი და თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, რაც დღეს მათ არ გააჩნიათ. აქ კი დღის წესრიგში დადგება იდეოლოგიური მომენტები: საით წავიდეს ესა თუ ის ქვეყანა – კვლავ დასავლეთის სატელიტობისკენ, რომ მათგან მიიღონ ინვესტიციები, ტექნოლოგიები, ცოდნა და სხვა, თუ რეალური დამოუკიდებლობისკენ, რაც გულისხმობს საკუთარი ტექნოლოგიების შექმნას, შიდა ბაზრის დაცვას, ორიენტაციას არა დასავლეთზე, არამედ საკუთარ ძალებზე, ასევე არადასავლურ ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ა.შ.

ამ თვალსაზრისით განვიხილოთ ცალკეული ქვეყნების პერსპექტივები.

ეგვიპტე.

ამ ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია არაბული სამყაროს ლიდერობაზე. დღეისათვის ეგვიპტეს ყველაზე დიდი არაბული მოსახლეობა ჰყავს, რომლის რაოდენობა 80 მილიონს აღწევს. ქაიროში განლაგებულია სუნიტი მუსლიმების ერთგვარი იდეოლოგიური ცენტრი – სასულიერო უნივერსიტეტი „ალ–აზჰარი“, თავისი მეჩეთით. ამ ცენტრში ხდება სუნიტური ისლამის სამართლის, რელიგიური ნორმების და პოლიტიკურ–სოციალური შეხედულებების ინტერპრეტაცია და გენერირება ისლამის კუთხით. ეგვიპტეში მდებარეობს ასევე სუეცის არხი, რომელიც ხმელთაშუა ზღვას აერთებს სპარსეთის ყურესთან – ნავთობის და გაზის მოპოვების ერთ–ერთ მთავარ რეგიონთან მსოფლიოში. ეგვიპტე ესაზღვრება ღაზას სექტორს, რომელიც პალესტინელთა სრული კონტროლის ქვეშ მყოფ ერთადერთ ტერიტორიას წარმოდგენს ამჟამად.

სურათზე: ალ–აზჰარის უნივერსიტეტი

ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეგვიპტე გზაგასაყარზე აღმოჩნდა. მუბარაქმა დაასრულა სეკულარული, სამხედრო–პოლიციური ყაიდის რეჟიმის შექმნა, რომელიც ათათურქის დროინდელ (ე.წ. ქემალისტურ) რეჟიმს წააგავდა. მართალია, დღეს ძალაუფლება ეგვიპტეში ისევ სამხედროების მიერ შექმნილი დროებითი საბჭოს ხელშია, მაგრამ, როგორც ჩანს, სამხედროებს გაუჭირდებათ მისი შენარჩუნება და ალბათ, არც აპირებენ ამას. ადრე თუ გვიან, ეგვიპტეში ჩატარდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და ჩამოყალიბდება ახალი ხელისუფლება. 19 მარტს ჩატარებულმა საყოველთაო რეფერენდუმმა უკვე შექმნა ამის საფუძველი.

ვინ შეიძლება მოვიდეს ახალი ეგვიპტის სათავეში? ცხადია, ყოფილი რეჟიმის ნაშთებს, რომლებიც გაერთიანებული არიან ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში, გაუჭირდებათ უმრავლესობის მოპოვება, თუ საერთოდ არ აკრძალეს ეს პარტია ან მისი მემკვიდრეები. ოპოზიციურ ძალებს შორის ყველაზე ორგანიზებული და პოპულარული ძალაა ე.წ. „მუსლიმი ძმები“ (ან საძმო). ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ მე–20 საუკუნის 20–იან წლებში დაფუძნდა და ფილიალები აქვს მრავალ არაბულ ქვეყანაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფილიალები დამოუკიდებელი არიან და ხშირად განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებს ამჟღავნებენ.

„მუსლიმმა ძმებმა“ ახლახან გამოაცხადეს პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, რომელსაც „თავისუფლება და სამართლიანობა“ ერქმევა. სწორედ ეს პარტია მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ „ძმები“ ყველანაირად ცდილობენ, ხაზი გაუსვან, რომ ისინი არ არიან ისლამისტი ფუნდამენტალისტები და არ აპირებენ თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნას. ამ მიზნით დგამენ დემონსტრაციულ ნაბიჯებს, მაგალითად, უგზავნიან მისალმებებს ქრისტიან კოპტებს და მათ სულიერ ლიდერებს, მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვა პარტიებთან ერთიანი საარჩევნო სიის და საერთო პლატფორმის შესახებ, იკავებენ ზომიერ პოზიციებს თითქმის ყველა საკითხში. მათ მხარი დაუჭირეს რეფერენდუმის ჩატარებას, მაშინ როცა სხვა ოპოზიციურმა ძალებმა და ეგვიპტის რევოლუციის ბევრმა ახალგაზრდა აქტივისტმა შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები არასაკმარისად რადიკალურად მიიჩნია. ის, რომ მოსახლეობის თითქმის 80%–მა რეფერენდუმზე ხმა მისცა კონსტიტუციის ცვლილებებს, აშკარად მიუთითებს „მუსლიმი ძმების“ დიდ პოპულარობაზე საზოგადოებაში.

მაგრამ ეს ორგანიზაცია ჯერჯერობით არ აპირებს თავის თავზე აიღოს სრული პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე. მათ განაცხადეს, რომ არ წარადგენენ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე და უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებშიც კი არ შეეცდებიან ყველა საარჩევნო ოლქის მოგებას. ზოგი ექსპერტის აზრით, „მუსლიმი ძმები“ დაკმაყოფილდებიან მომავალ პარლამენტში ადგილების 35–40 პროცენტით, თუმცა უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვთ.

როგორც ჩანს, ამგვარი სიფრთხილე გამოწვეულია ორი მიზეზით: ა) ეგვიპტის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია რევოლუციის შემდეგ, ამიტომ ახალ მთავრობას არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, და ბ) დასავლეთში „მუსლიმი ძმები“ ჯერ კიდევ აღიქმება, როგორც საფრთხობელა, ფუნდამენტალისტური პარტია და მათმა ერთბაშად მოსვლამ ხელისუფლებაში შესაძლოა იზოლაციაში მოაქციოს ეგვიპტე.

თუმცა, ჩვენი აზრით, ადრე თუ გვიან ისლამისტებს მოუწევთ ხელისუფლების აღება. მაშინ დაიწყება ყველაზე საინტერესო მოვლენები: გაირკვევა, თუ როგორი იქნება „მუსლიმი ძმების“ პოზიცია საერთაშორისო საკითხებზე, აშშ–თან და ირანთან მიმართებაში, ეგვიპტე–ისრაელის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და სხვა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც ის, დაიწყებენ თუ არა ისლამისტები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ირანული მოდელის განხორციელებას რაღაც ფორმით.

აქ არ იგულისხმება თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა, რადგან სუნიტებს არ გააჩნიათ ისეთი სასულიერო ფენა, როგორიცაა აიათოლები შიიზმში. მაგრამ „ირანული მოდელი“ ნიშნავს არა იმდენად „მოლების (აიათოლების) რეჟიმს“ და კლერიკალურ მმართველობას, არამედ იდეოლოგიას: საკუთარ ძალებზე დაყრდნობა ეკონომიკაში; საკუთარი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარება, მათ შორის ატომური ენერგეტიკის და კოსმოსის ათვისების სფეროში; რელიგიური ნორმების მკაცრი იმპლემენტაცია სამართალში და ყოველდღიურ ცხოვრებაში; ანტიდასავლური და ანტიისრაელური პოზიცია საგარეო პოლიტიკაში.

თუ ეგვიპტე არ წავიდა ამგვარი გზით, რისი პოტენციალი მას აქვს, გამომდინარე მოსახლეობის რაოდენობიდან და ინტელექტუალური რესურსებიდან, მაშინ „ეგვიპტური დემოკრატია“ დარჩება „ლაყბობად“ და დასავლეთისთვის თავის მოწონების მცდელობად, რომ კვლავ დასავლური დახმარების, მათი ინვესტიციების, ტექნოლოგიების და ტურისტების ხარჯზე იცხოვრონ. ამ შემთხვევაში „დემოკრატია“ ეგვიპტეში უნდა განვიხილოთ, როგორც დივერსია მთლიანად მუსლიმური და არაბული სამყაროს მიმართ, რომ შექმნას ცრუ იდეალები და სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით ირანს, გადაახვევინოს არჩეული გზიდან.

ლიბია.

ლიბიაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მოხდა ძნელად წარმოსადგენი რამ: მუამარ კადაფიმ მოახერხა თითქმის უიმედო სიტუაციის შემოტრიალება – მაშინ, როცა თითქმის ყველა ქალაქში დაწყებული იყო მასობრივი გამოსვლები, ოპოზიციამ დაიკავა ქვეყნის მთელი აღმოსავლეთი, მათ შორის სიდიდით მეორე ქალაქი ბენგაზი და ოფიციალური ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი პანტაპუნტით გადადიოდა ოპოზიციის მხარეს, კადაფის ხელისუფლებამ ოპოზიციის გამოსვლები გადაზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში და ერთგული ჯარის ნაწილებით მის ჩახშობას შეუდგა. აქ კი გამოჩნდა პოლკოვნიკის უპირატესობა, რადგან მან შესძლო ჯარის ნაწილის, ძირითადად ერთგული გვარდიული დანაყოფების შენარჩუნება, ხოლო სამთავრობო ძალების უპირატესობამ სამხედრო ტექნიკაში აჯანყებულებს შანსი არ დაუტოვა.

ამ მომენტში მოხდა დასავლეთის ჩარევა ლიბიის სამოქალაქო ომში, რის შედეგადაც ქვეყანა ორ ნაწილად გაყოფილი აღმოჩნდა: კადაფის ხელისუფლება კონტროლებს ძირითადად ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს და ცენტრს, ხოლო აჯანყებულები ქვეყნის აღმოსავლეთს და დასავლეთის შიდა რაიონებს.

ფაქტია, რომ კადაფის რეჟიმმა დაუშვა უხეში შეცდომები, რამაც საშუალება მისცა დასავლეთს, ჩარეულიყო ქვეყნის შიდა საქმეებში „განმათავისუფლებლის“ და „მშვიდობიანი მოსახლეობის დამცველის“ მანტიით. კადაფიმ ვერ დაამყარა ურთიერთობა ვერც ერთ ისლამურ ქვეყანასთან, მათ შორის ირანთან. მან ვერ შესძლო ვერც რუსეთთან და ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ლიბიას ჩამოაწერა 4 მილიარდი დოლარის ვალი (სსრკ–ს დროინდელი) და დაპირდა იარაღის მიწოდებას. კადაფი ძირითადად კვლავ დასავლეთ ევროპაში ყიდულობდა იარაღს და მხოლოდ დაბომბვის დაწყების შემდეგ ალაპარაკდა, რომ ნავთობის კონცესიებს ჩინეთს, ინდოეთს და რუსეთს გადასცემს. ეტყობა, მას იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი არ დაბომბავდა დასავლური კომპანიების მიერ დამუშავებულ ნავთობსარეწებს, თუმცა ნავთობის საბადოები ლიბიის სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა.

სურათზე: მუამარ კადაფი

პრესაში და ინტერნეტში გავრცელდა ცნობები ლიბიაში „ზღაპრული ცხოვრების“ შესახებ: რომ კადაფი მოსახლეობას ურიგებდა ფულს, მაღალი იყო ხელფასები, ფასები კი დაბალი და ა.შ. ეს სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ამავე დროს უმუშევრობა 30 პროცენტს აღწევდა. კადაფის კულტმა თავი მოაბეზრა მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა ცხოვრებაში, გარდა პასიური არსებობის და მის მიერ მოცემული დახმარებით ცხოვრებისა. როგორც ჩანს, დარღვეული აღმოჩნდა ტომობრივი და კლანური ბალანსი ქვეყნის ხელისუფლებაში, რაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლიბიის საზოგადოება დიდწილად კვლავ ამ პრინციპებით ცხოვრობს. მოსახლეობას აღიზიანებდა კადაფის კლანის სიმდიდრე, თუმცა თავად რევოლუციის ბელადი ხანდახან ბედუინის კარავში ცხოვრობდა. ისლამისტები კადაფის თვლიდნენ ერეტიკოსად, რომელიც ისლამის ნორმების დამკვიდრების მაგივრად, საკუთარ კულტს ამკვიდრებდა და წმინდა ყურანი მის მიერ შედგენილი „მწვანე წიგნით“ (ერთგვარი კონსტიტუცია) ჩაანაცვლა. ამ სისუსტეებით ისარგებლეს გარე ძალებმაც და ლიბია სამოქალაქო ომის კერად აქციეს.

დღეისათვის სიტუაცია ჩიხშია შესული და აშკარა გამოსავალი არ ჩანს. ძნელი წარმოადგენია, რომ კადაფიმ მოახერხოს სიტუაციის მთლიანად შემობრუნება თავის სასარგებლოდ. ფაქტია, რომ ევროპა და აშშ მასთან ურთიერთობებს არ აღადგენს – დასავლეთს უკან დასახევი გზა პოლკოვნიკთან მიმართებაში აღარ აქვს. ამ პირობებში, გაურკვეველია, როგორ მოახერხებს კადაფი სანავთობო სექტორის ამუშავებას, მით უმეტეს, თუ დასავლეთმა ემბარგო დააწესა ლიბიურ ნავთობზე.

ამ შემთხვევაში ერთადერთი ვარიანტია, რომ ლიბიაში შევიდნენ ჩინური ნავთობკომპანიები, რომლებიც დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, აღადგენენ ნავთობის მოპოვებას და გადამუშავებას, და გადატვირთავენ მას ჩინეთში და აზიის სხვა ბაზრებზე. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. მით უმეტეს, არ გააკეთებენ ამას რუსული ნავთობკომპანიები. ნავთობის მოპოვების და გაყიდვის გარეშე კი კადაფის სულ უფრო გაუჭირდება ფულის შოვნა, რათა როგორც მოსახლეობას, ისე შეიარაღებულ ძალებს უხადოს ხელფასები და ა.შ. მას მოუწევს კონტრაბანდულად ნავთობის გაყიდვა და არაოფიციალური არხებით ნაღდი ფულის შემოტანა ქვეყანაში, რაც საკმაო სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ეს საშუალებას მისცემს რეჟიმს, რამდენიმე თვე და შესაძლოა, წელიც, გასძლოს (სადამ ჰუსეინის მაგალითზე).

თეორიულად შესაძლებელია იმის წარმოდგენა, რომ კადაფის რეჟიმი და აჯანყებულები დაიწყებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ დარეგულირებას საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით, მაგრამ იმდენად ბევრი სისხლი დაიღვარა ერთი თვის განმავლობაში და იმდენად დიდია მხარეებს შორის სიძულვილი, რომ ეს ვარიანტიც თითქმის არარეალურია. თანაც, გაურკვეველია, არის თუ არა დასავლეთი დაინტერესებული ამაში. როგორც ჩანს, დასავლეთს აწყობს ლიბიაში შექმნილი სიტუაცია, რაც მას ჩარევის და ე.წ. მართვადი ქაოსის პროვოცირების საშუალებას აძლევს მოკლევადიან პერსპექტივაში.

ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები – ალჟირი, მაროკო, ტუნისი.

ტუნისი, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ქვეყანაში დაიწყო „რევოლუციების“ სერია, ისევე როგორც მაროკო, სტრატეგიულად ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყნებია. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო არის ტურიზმი და მათ არ გააჩნიათ ბუნებრივი რესურსების დიდი რაოდენობა. ამასთან, ეს ქვეყნები ისტორიულად ყველაზე მეტად „ევროპეიზებული“ არიან. თუმცა ტუნისში შეიმჩნევა ისლამისტების გააქტიურება, კერძოდ, ისლამისტური პარტია ოფიციალურად დაუშვეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი ლიდერი დაბრუნდა ქვეყანაში ხანგრძლივი ემოგრაციის შემდეგ, მაგრამ იმის გამო, რომ ტუნისის ეკონომიკის ძირითადი სექტორი არის ტურიზმი და მომსახურების სფერო, ისლამისტების ხელისუფლებაში მოსვლის შანსები მცირეა. ანალოგიური მდგომარეობაა მაროკოშიც. ამ ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით საინტერესოა სიტუაციის განვითარების პროგნოზირება ალჟირში.

ალჟირი ჩრდილოეთ აფრიკის უდიდესი ქვეყანაა ტერიტორიის მიხედვით და მოსახლეობაც საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ალჟირი ბოლო ათწლეულებში ბობოქარი ცხოვრებით ცხოვრობდა. საფრანგეთის ომი ალჟირის შესანარჩუნებლად ყველაზე სისხლიანი იყო კოლონიური იმპერიების დაშლის პროცესში. მაგრამ მე–20 საუკუნის 90–იან წლებში ქვეყანამ კიდევ ერთი ომი გადაიტანა – სამოქალაქო ომი.

მისი მიზეზი გახდა 1991 წელს საპარლამენტი არჩევნებში ისლამისტური პარტიის – ისლამური განთავისუფლების ფრონტის (იგფ) გამარჯვება. ეს იყო პირველი შემთხვევა არაბულ და სუნიტურ სამყაროში, როცა ხელისუფლების სათავეში მოდიოდნენ გამოკვეთილი ისლამისტები თავიანთი იდეოლოგიით. მაგრამ შეიარაღებულმა ძალებმა არ დაუშვეს ამგვარი შესაძლებლობა და არჩევნების შედეგები გააუქმეს. დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც თითქმის 10 წელს გაგრძელდა. საბოლოოდ, 1999 წელს, სამხედროების მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი ბუტეფლიკა, რომელიც ამჟამად 74 წლისაა.

ამა წლის იანვარში ალჟირშიც დაიწყო მღელვარებები სოციალურ ნიადაგზე, ისევე როგორც ტუნისში. მაგრამ განსხვავებით ტუნისისგან, ეს გამოსვლები ჯერჯერობით რევოლუციაში არ გადაზრდილა. დღეისათვის ალჟირში შექმნილია ერთგვარი მოლოდინის სიტუაცია, მაგრამ ის ალბათ დიდხანს არ გაგრძელდება. ბუტეფლიკას რეჟიმი, რომელიც ძირითადად სამხედროებს ეყრდნობა, 1–2 წლის განმავლობაში იძულებული გახდება დათმობებზე წავიდეს და შეასუსტოს პოლიტიკური შეზღუდვები. მაშინ ასპარეზზე ღიად გამოვა რამდენიმე ძალა.

ესენია: პროდასავლური, ძირითადად პროევროპული ელემენტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისლამიზაციას და აქცენტს ე.წ. დემოკრატიზაციაზე აკეთებენ; სამხედროები, რომლებიც ამჟამად ფაქტიურად ხელისუფლებაში არიან; ზომიერი ისლამისტები; რადიკალ–ისლამისტები. ზომიერ ისლამისტებს წარმოდგენს „მუსლიმთა საძმოს“ ალჟირული ფილიალი, რომელიც პარტიის სახით 90–იან წლებში და ბუტეფლიკას მმართველობის პირობებშიც მონაწილეობდა არჩევნებში. ამის გამო მათ რადიკალი ისლამისტებისგან „მოღალატეების“ იარლიყიც დაიმსახურეს. ფუნდამენტალისტების ზოგი ლიდერი სამოქალაქო ომის დროს დაიღუპა, თუმცა დარჩა ორი მათგანი: აბასი მადანი და ალი ბელჰაჯი. მადანი, რომელიც 80 წლისაა, ყატარში იმყოფება დევნილობაში, ხოლო ბელჰაჯი 2003 წელს გამოვიდა ციხიდან, სადაც 12 წელი გაატარა. იგი შეეცადა აქტიურად ჩართულიყო იანვრის დასაწყისში აგორებულ მღელვარებებში, მაგრამ კვლავ დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში დროებით გაანთავისუფლეს, სანამ სასამართლო შედგება.

ალჟირის უახლეს ისტორიაში არის ერთი საზარელი ფურცელი, რომელიც ალბათ გარკვეულ გავლენას იქონიებს მოვლენათა შემდგომა განვითარებაზე. 1990–იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს, შეიქმნა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამის შეიარაღებული ჯგუფი“ (GIA), რომელიც დაუპირისპირდა როგორც სამხედროების მთავრობას, ასევე იგფ–ს. ეს დაჯგუფება გამოირჩეოდა მხეცური სისასტიკით და პერიოდულად ახორციელებდა მთელი სოფლების მცხოვრებლების ამოხოცვას „ისლამური წინააღმდეგობის“ სახელით. ბევრი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ GIA–ს ხელმძვანელობაში მრავლად იყვნენ სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ან შეგზავნილი პირები, რომლებმაც მოახერხეს რადიკალი ისლამისტებისთვის სერიოზულად გაეტეხათ სახელი მოსახლეობის ფართო ფენებში.

სურათზე: კადრი ალჟირის სამოქალაქო ომიდან, 1990–იანი წლები.

არსებობს იმის შანსი, რომ ალჟირის ხელისუფლებაში, ამჯერად უკვე სამხედროების წინააღმდეგობის გარეშე, მოვიდნენ ზომიერი ისლამისტები ან, შესაძლოა, რადიკალებიც, თუმცა ზემოთთქმულის გამო, ამის ალბათობა ჯერჯერობით მცირეა. ამ შემთხვევაში არის შანსი ალჟირი გადაიქცეს ირანის და სირიის მოკავშირე ქვეყნად და აირჩიოს ანტიამერიკული საგარეო პოლიტიკა. იმის გამო, რომ ალჟირი ფლობს ნავთობის და განსაკუთრებით, გაზის საკმაოდ დიდ მარაგებს, მისი პოზიცია არცთუ უმნიშვნელო იქნება ახლო აღმოსავლეთის მომავალ პოლიტიკურ განლაგებებში.

ამავე დროს, ალჟირს ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საბჭოთა კავშირთან. იარაღის ძირითადი მიმწოდებელი ალჟირის არმიისთვის სწორედ სსრკ იყო. 2000–იან წლებში რუსეთმა განაახლა აქტიური სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობა ალჟირთან, რომლის დროსაც გაფორმდა რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი. თუმცა პრობლემები იყო ამ სფეროშიც: მაგალითად, ალჟირმა უკან დაუბრუნა რუსეთს რამდენიმე ათეული მიწოდებული თვითმფრინავი მიგ–29 СМТ, იმ მიზეზით, რომ მათში მოძველებული ნაწილები იყო გამოყენებული.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ბრძოლა ალჟირისთვის“ ცხელ ფაზაში შევა უახლოეს წლებში გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, რომელთა სიაში არიან აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი და ისლამისტების მიმდინარეობები, რომელთა უკან შეიძლება იდგეს ირანი ან სპარსეთის ყურის ქვეყნები. იგივე ითქმის ჩრდილოეთ აფრიკის ძირითად ქვეყანაზე – ეგვიპტეზე.

არაბული სამყაროს დიდი ნაწილის – უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას სტატიის მეორე ნაწილში განვიხილავთ.

გიორგი ვეკუა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"