ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
22.04.2011
ბირთვული ენერგეტიკა და ბუშერის ელექტროსადგური

იაპონიის მიწისძვრამ და ცუნამიმ, რომელმაც არა მარტო ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, არამედ მიწასთან გაასწორა ქალაქები და მათ ნაცვლად გროვა ნაგავი დატოვა, უსერიოზულესი ზარალი მიაყენა ფუკუსიმას ბირთვულ ელექტროსადგურს და აქედან გამომდინარე, ბირთვულ ენერგეტიკას.

მიწისქვეშა ბიძგები, თანაც 7 ბალის ფარგლებში დღესაც გრძელდება, თუმცა პერმანენტულ მიწისძვრას დაჩვეული იაპონიისათვის ბუნების მსგავსი ხუშტური ჩვეულებრი რამ არის. იაპონელები ბუნების კაპრიზებს თავიანთ ცხოვრებას უსადაგებენ. არც ერთ ქვეყანაში არ შენდება, სეისმომედეგობის თავალსაზრისით ისეთი გამძლე სახლები, როგორც იაპონიაში. არსად ისე თავდაჯერებლად, ყოველგვარი პანიკის გარეშე, არ ხვდებიან ბუნების მწარე ნობათს, როგორც იაპონიაში.

ფუკუსიმას ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც 40 წლის წინათ აშენდა, ბირთვული ენერგეტიკის სფეროში ვეტერანად ითვლება. მისი მშენებლობის დროს გათვალისწინებული არ ყოფილა თუნდაც ჩერნობილის კატასტროფის შედეგები, ვინაიდან ფუკუსიმას ბირთვული ელექტროსადგური გაცილებით ადრე შევიდა ექსპლუატაციაში. ფუკუსიმას ელექტროსადგურმა გაუძლო მიწისძვრას, მაგრამ ვერაფერს გახდა ცუნამის შემოტევასთან. დღეს ბევრი ლაპარაკობს, რამდენად გამართლებული იყო ელექტროსადგურის ზღვის სანაპიროსთან აშენება, თუმცა მომხდარს აღარაფერი ეშველება, უწინდელ მდგომარეობას ვერავინ დააბრუნებს, ისე, როგორც კატასტროფამდე არსებულ ცხოვრებას.

ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ საკმაოდ ბევრი დრო გავიდა იმისათვის, რომ კაცობრიობას დაევიწყებინა მომხდარი. მან ახალი ძალით, შემართებით და რაც მთავარია, კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით გააგრძელა ბირთვული ენერგიის სამშვიდობო საქმეში გამოყენება.

ფუკუსიმამ კაცობრიობას შეახსენა, რომ ბირთვული ენერგეტიკა მომგებიანი, თუმცა სახიფათო საქმეა. მსოფლიოში გაჩნდა კითხვა - რამდენად საჭიროა ბირთვული ენერგეტიკა. ფუკუსიმას ელექტროსადგურის კატასტროფამ ხელი შეუწყო ბირთვული ენერგეტიკის მოწინააღმდეგეთა აქტივიზაციას, განსაკუთრებით მწვანეთა მოძრაობას. ყველაზე მასშტაბიანი ანტიბირთვული მოძრაობა გერმანიაში იგრძნობა, სადაც ბადენ-ვიურტემბერგის არჩევნებში მწვანეთა პარტიამ გაიმარჯვა. ცნობისათვის, გერმანიის ეს მიწა ცნობილია სწორედ ბირთვული ელექტროსადგურებით. ახალი მთავრობა გაამკაცრებს ბირთვული ელექტროსადგურებისადმი დამოკიდებულებას, თუნდაც გაუქმების დონემდე. გერმანელი სპეციალისტების აზრით, ფუკუსიმას კატასტროფა გადააჭარბებს ჩერნობილისას. მათი დასკვნებით, ფუკუსიმა-1-დან გარე სამყაროში უკვე უფრო მეტმა რადიაციამ გაჟონა, ვიდრე ამას ჰქონდა ადგილი ჩერნობილში, თანაც ფუკუსიმას პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა.

ერთი სიტყვით, კაცობრიობა განგაშით შეხვდა ფუკუსიმას კატასტროფას - ბევრმა სახელმწიფომ გაყინა ბირთვული ენერგეტიკის პროექტები. ბევრმა, დღის წესრიგში დააყენა უკვე არსებულის შეჩერება და მოითხოვა მასი დახურვა. ამ უკანასკნელთა რიგებშია გფრ-ა, სადაც უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან გაისმის მწვანეთა ომახიანი ხმა. მაგრამ მსოფლიოში არიან ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ ბირთვულ ენერგიას ალტერნატივა არ გააჩნია, ვინაიდან გაცილებით იაფია, ვიდრე ქარის, მზის ან სხვა სახის ენერგეტიკა. მათ რიცხვშია ჩვენი მეზობელი რუსეთი, რომელსაც, მიუხედავად ჰიდროენერგეტიკის სიჭარბისა და გაზის დიდი მარაგებისა, მიაჩნია, რომ ბირთვული ენერგეტიკა საშური საქმეა და ის უნდა განვითარდეს. დღეს რუსეთის ენერგეტიკაში ბირთვულს მოკრძალებული 6 პროცენტი აქვს, მაგრამ სახელმწიფო გეგმის მიხედვით მან უახლოეს წლებში 30 პროცენტს უნდა მიაღწიოს. დაახლოებით ისეთს, რასაც ადგილი აქვს გერმანია-საფრანგეთში.

რუსეთი არა მარტო საკუთარ ქვეყანაში აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს, არამედ უცხოეთშიც. სულ ახლახანს მან ხელშეკრულებები გააფორმა თურქეთთან და ბანგლადეშთან. თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე ადგილი ჰქონდა ფუკუსიმა-1-ის კატასტროფას, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსკოვში ხელშეკრულების ხელმოწერის დროს გაკეთებულ განცხადებებში რუსეთის პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნეს, რომ იაპონიის კატასტროფა ხელს არ შეუშლის პროექტის განხორციელებას, პირიქით ფუკუსიმას გაკვეთილები სამაგალითო იქნება თურქეთში მშენებარე ატომური ელექტროსადგურისათვის.

ენერგეტიკა და ეკონომიკური განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ეკონომიკის წინსვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ენერგეტიკის მოხმარება ფართოდ მიმდინარეობს. გაზსა და ნავთობზე მაღალი ფასები ნაკლებად იძლევა იმ სასურველი შედეგის მიღებას ეკონომიკაში, რაც ესოდენ საწადელია ნებისმიერი ქვეყნის, მითუმეტეს განვითარებადისათვის.

ბირთვული ენერგეტიკა განვითარებადი ქვეყნებისათვის სწორედ ის წყაროა, რომელზეც დიდი იმედები მყარდება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რამდენად არის მზად განვითარებადი სამყარო ექსპლუატაცია გაუწიოს ბირთვულ ელექტროსადგურებს. ბირთვულ ელექტროსადგურებს მაღალკვალიფიციური და რაც მთავარია, დისციპლინირებული სპეციალისტები ესაჭიროება. ყურადღების ოდნავი მოდუნებაც კი საკმარისი იქნება კატასტროფისათვის. ჩერნობილის ავარიას სპეციალისტები არა ტექნიკის გაუმართაობით ხსნიან, არამედ ადამიანის ფაქტორით ანუ სადგურში მომუშავე სპეციალისტების ზერელეობით.

ბირთვული ელექტროსადგური ვერ იტანს უყურადღებობას, “პახმელიას”, სამსახურში დაგვიანებას. აქედან გამომდინარე, ფიქრის დონეზეც კი დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. შრომისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულება, შრომის ორგანიზაცია და რაც მთავარია, შრომითი დისციპლინა თანამედროვე საქართველოში ერთობ დაბალ დონეზეა, რაც არ იძლევა ბირთვული სადგურის აშენების საშუალებას. საქართველოს ელექტროენერგიის მიღებისათვის სხვა საშუალებებიც გააჩნია, მათ შორის ჰიდრო ენერგეტიკა. მისი ეფექტიანი გამოყენება დააკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნებს.

ბირთვული ელექტროსადგური არის ჩვენს მეორე მეზობელ სომხეთში და მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, ის ჯერაც წარმატებით ართმევს თავს მასზე დაკისრებულ გეგმებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთი ააშენებს ბირთვულ ელექტროსადგურს თურქეთში, ხოლო რაც შეეხება ჩვენი მეზობლის მეზობელ ირანს, იქ თითზე ჩამოსათვლელ დღეებში, მსოფლიოში ესოდენ გახმაურებული ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური ამუშავდება. ენერგეტიკაში ჩახედული ადამიანები თვლიან, რომ ირანისთვის ბირთვული ელექტროსადგური უფრო ფუფუნებაა, ვიდრე აუცილებლობა, ვინაიდან ირანს უხვად აქვს როგორც გაზი, ისე ნავთობი. ამ მოსაზრებას თავისებურ საბურველში ახვევენ ამერიკელები. მათ სრულიად უსაფუძვლო შიში იპყრობთ - ურანის გამდიდრების და აქედან გამომდინარე ბირთვული იარაღის დამზადების სახით.

ბირთვული ენერგეტიკის განვითარება არა მარტო ელექტროენერგიაა, არამედ ბირთვული ტექნოლოგიის დაუფლება, მეცნიერების განვითარება, სამეცნიერო-ტექნიკური კადრების დახვეწა-ჩამოყალიბება, მეცნიერების წინსვლა, რაც ესოდენ საჭიროა ისეთი დიდი მასშტაბების მქონე რეგიონული სახელმწიფოსთვის, როგორიც ირანია. ბირთვული ენერგეტიკა, საერთოდ ენერგეტიკა, მითუმეტეს სხვაზე დამოუკიდებელი, სხვისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობაა. სწორედ ამგვარი დამოუკიდებლობა აფიქრებს ვაშინგტონს. მას ურჩევნია დამოკიდებული ირანი, მართული, დამჯერი და არა დამოუკიდებელი, ჯიუტი, საკუთარი პოლიტიკური კურსის მიმდევარი.

ირანის ბირთვული პროგრამა არა მარტო ირანის ხელისუფალთა მიერაა მხარდაჭერილი, არამედ სრულიად ირანის მიერ. ნებისმიერი ირანელი ბირთვული ენერგეტიკის განვითარებას საკუთარ, პირად პრესტიჟად აღიქვამს. მისი აზრით, ბირთვული ენერგეტიკის განვითარება ქვეყნის წინსვლის საწინდარია. ხელისუფლებიდან დაწყებული, რიგითი ირანელით დამთავრებული თვლის, რომ ბუნებრივ სიმდიდრეებს, ისეთებს, როგორებიცაა ნავთობი და გაზი, გაფრთხილება ესაჭიროება, რამეთუ ბუნებაში ულევი არაფერია. გაზისა და ნავთობის მომჭირნეობით გამოყენება და მათი ბირთვული ენერგიით ჩანაცვლება ის სტრატეგიული გეგმაა, რომელსაც ირანის ხელისუფლება დაბეჯითებით მიჰყვება. და ვერც აშშ-ს, ვერც მისი თანამგზავრი ქვეყნების ნეგატიური განწყობა ვერ შეანელებს ამ პროცესს.

ირანის ბირთვული ელექტროსადგური, რომლის მშენებლობა 30 წლის წინათ დაიწყო, როგორც იქნა დასასრულს უახლოვდება. მშენებლობა გერმანელებმა დაიწყეს, მაგრამ ირანში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, მის წინააღმდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა შეაფერხა ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა. გერმანიამ უარი განაცხადა მშენებლობის გაგრძელებაზე. მის ნაცვლად ირანმა დახმარება საბჭოთა კავშირს სთხოვა. გაფორმდა ირან-საბჭოთა კავშირის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მომჭირნეობიდან გამომდინარე, შემსრულებელს ანუ სსრკ-ს უნდა გამოეყენებინა გერმანული „სიმენსის“ მიერ დამონტაჟებული სატუმბავი აგრეგატები. გარდა ამისა, შემსრულებელს უნდა მოეხდინა გერმანული აპარატურის რუსულთან შერწყმა, რაც არცთუ ოილად განხორციელდა.

ბირთვული ელექტროსადგურის ამოქმედებას არაერთი ტექნიკური პრობლემა აფერხებდა, რომელსაც ზოგი ექსპერტი პოლიტიკას უკავშირებს, რაც თავისთავად არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც რუსეთ-ამერიკას შორის დაიწყო პოლიტიკური „დაძმობილების“ პროცესი. ამერიკელები დაბეჯითებით მოითხოვდნენ რუსეთისგან შეეწყვიტა ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა. რას არ იგონებდნენ ისინი, რომ ბუშერს მოქმედება არ დაეწყო. საბედნიეროდ, მოსკოვმა გაუძლო ამერიკულ შეტევას, თუმცა მშენებლობის შეფერხების ხარჯზე. ბოლო შეფერხებას რამდენიმე თვის წინათ ჰქონდა ადგილი, როდესაც მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო ჩატვირთული ურანის გადმოტვირთვა, ვინაიდან ერთ-ერთ სატუმბავ აგრეგატში მეტალის ბურბუშელის პატარა ნაწილაკები აღმოჩნდა. მის გაწმენდას დრო დასჭირდა. აგრეგატი გასუფთავდა და კვლავ დაიწყო ურანის ჩატვირთვა. საცდელი სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება. ირანის მეჯლისის ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის წევრის კაზემ ჯალილის განცხადებით, „ბუშერის ელექტროსადგურის ეროვნულ ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვის პირველი სტადია აპრილის ბოლოს დაიწყება, ხოლო მთლიანი ჩართვა ზაფხულში განხორციელდება“.

კასპიის ზღვის საზღვაო პორტ რეშტიდან თეირანამდე არაერთსაათიანი ჰაივეია, რომელიც დასახლებულ პუნქტებზე, ტრიალ მინდვრებსა და მდინარის თვალწარმტაც ხეობაზე გადის. გზის ორივე მხარეს ლარივით აშოლტილი ლამპიონები გასდევს. შებინდებისთანავე ლამპიონები კაშკაშა შუქს ჰფენს სამანქანო გზას, რაც უდიდეს კომფორტს უქმნის ავტომანქანების მძღოლებს. განათებული გზა ნაკლები ავტოავარიის გარანტია და სიცოცხლის შენარჩუნებააო, - ბრძანა ჩემმა მასპინძელმა, თუნდაც ძვირი ჯდებოდესო. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, ამდენად მისი გადარჩენისათვის შუქით გაჩახჩახებული გზები სულაც არ არის გასაკვირი. ასეთია ირანის ხელისუფალთა პოლიტიკა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"