ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
21.03.2011
სცენარი კადაფის გარეშე

ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა დასავლეთი, რომელმაც თავისი მიდგომა ახლო აღმოსავლეთისადმი შეცვალა და „ხალხის მხარე“ დაიკავა (თუნდაც იძულებით და შერჩევით), მოახდინოს კადაფის ნეიტრალიზაცია - მისი დაკავება, მოკვლა ან გაძევება; მაგრამ  წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ეს ასე მოხდა, მით უმეტეს, ამგვარი ალბათობა საკმაოდ მაღალია.

მომავალი სცენარის განვითარებისათვის ყოველ დეტალს ექნება მნიშვნელობა, იმის ჩათვლით, თუ როგორ მოხდება კადაფის ნეიტრალიზება - დავუშვათ, დასავლეთის მიერ შეიარაღებული აჯანყებულების მეშვეობით თუ ნატოს ძალების სახმელეთო სპეცოპერაციის შედეგად. რა თქმა უნდა, დასავლეთს ამ ორიდან პირველი ვარიანტი ბევრად უფრო აძლევს ხელს, ამ გზით დასავლეთი ასე თუ ისე თავს იცავს „ჯვაროსნული ლაშქრობის“ იარლიყისაგან და იმ რისკებისაგან, რომლებიც ამ ოპერაციასთან იქნება დაკავშირებული; მეორე შემთხვევაში ასეთი რისკები, დაკავშირებული დასავლეთის იმიჯთან მუსულმანურ სამყაროში, მნიშვნელოვნად იზრდება. მაგრამ პირველი სცენარის განვითარებაც, სავარაუდოდ, შედეგად იქონიებს ძალაუფლების ვაკუუმის წარმოშობასა და ტომობრივ შეჯახებებს ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, რაც სულაც არ აიოლებს დასავლეთის სტრატეგიულ მიზნებს ნავთობით მდიდარ ლიბიაში. ლიბიის არასტაბილობა ასევე სახიფათოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი შეიძლება გადაედოს მეზობელ არაბულ სახელმწიფოებს - ალჟირსა და ეგვიპტეს, რაც კიდევ უფრო საშიშია დასავლეთის სტრატეგიული მიზნებისათვის. ამიტომ დასავლეთის მთავრობებს სცენარის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში შეიძლება მოუწიოთ ჯარების „შეზღუდული“ კონტინგენტის შეყვანა ავღანეთის მაგალითის მიხედვით, სადაც „ტალიბანი“ ჩრდილო პროვინციების მოჯაჰედების ხელით იქნა განდევნილი, მაგრამ ამასთან ნატოს ჯარების უშუალო მონაწილეობა  მოვლენებში მაინც აუცილებელი იყო, რაც, როგორც ცნობილია, დღემდე გრძელდება და დასავლეთს უდიდესი სირთულეების წინაშე აყენებს.

ყოველივე ამის გამეორებას ლიბიაში, იქ საკუთარი ჯარების განლაგებას ახალი პროდასავლური რეჟიმის მხარდასაჭერად, შესაძლოა, დიდი გართულებები მოჰყვეს არა მხოლოდ იმიჯის დაკარგვის სახით, არამედ უშუალოდ სამხედრო თვალსაზრისითაც - თუნდაც ლიბიის მოსახლეობა მხოლოდ ექვსნახევარ მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო ქვეყნის რელიეფი ძირითადად უდაბური დაბლობია და ამიტომ შედარებით იოლად ექვემდებარება სამხედრო თვალთვალსა და კონტროლს.

დასავლეთის სახელმწიფოებმა რომც მოახერხონ რეჟიმის შედარებით უმტკივნეულო შეცვლა და ხელისუფლებაში თავიანთი პროტეჟეები მოიყვანონ, სიტუაციის განვითარება შემდეგნაირად არის მოსალოდნელი (ეს მნიშვნელოვანწილად ეხებათ აგრეთვე ტუნისსა და ეგვიპტეს):

ჯერ იქნება გარდამავალი პერიოდი და ძალაუფლების გადანაწილება; შემდეგ პრაქტიკულად შეუქცევადად მოხდება მოსახლეობის ფართო ფენების მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, რადგან ახალი ხელისუფლება ვერ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ წინა რეჟიმზე უკეთესი პირობები შესთავაზოს ხალხს, შიდა დაპირისპირების გამო. ეს კი გააძლიერებს ანტიდასავლურ განწყობებს, რომლებიც ისედაც ძლიერია არაბულ სამყაროში. ადრე თუ გვიან საზოგადოების ისლამიზაცია გაღრმავებას დაიწყებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"