ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
02.03.2011
რამდენად რეალურია არაბული ამბოხის გამეორება საქართველოში?

GeorgiaTimes.info. ქართული ოპოზიცია ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას არაბული სამყაროს დიქტატორების ბედს უწინასწარმეტყველებს და სააკაშვილის რეჟიმს მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებით ემუქრება. მაგრამ ოფიციალური თბილისი ჯერ ისე იქცევა, რომ მას საერთოდ არაფერი ადარდებს ამასთან დაკავშირებით. იქნებ საქართველოს მცხოვრებნი მართლაც არ იხრებიან „ეგვიპტური სცენარით“ მასობრივი პროტესტისკენ?

შეკითხვით იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია ამჟამინდელ საქართველოში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები და ხომ არ გაიზიარებს ამ ქვეყნის პრეზიდენტი მუბარაკის ბედს, „ჯორჯია ტაიმსის“ კორესპონდენტმა მიმართა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს.

ის, რომ ახლო მომავალში საქართველომ, შესაძლოა, გაიხსენოს თავისი ასევე ახლო რევოლუციური წარსული, პრეს-კონფერენციაზე დაბეჯითებით განაცხადა ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელმა გუბაზ სანიკიძემ. ოპოზიციონერმა განმარტა, რომ სააკაშვილის რეჟიმის საწინააღმდეგო ახალი საპროტესტო გამოსვლების საბაბი, შეიძლება, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული მღელვარებების ტალღა გახდეს. „საქართველოში ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ნებისმიერ მომენტში, თვით უმნიშვნელო შემთხვევის გამოც, შესაძლებელი იქნება რევოლუცია. მიხეილ სააკაშვილს კი მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგენა“ - დარწმუნებულია სანიკიძე.

„ეროვნული ფორუმის“ თავკაცი წინათაც საუბრობდა საქართველოში „ეგვიპტური სცენარის“ გამეორების შესახებ. იგი სავსებით დარწმუნებულია იმაში, რომ დასავლეთის ქვეყნები ამ შემტხვევაში მხარს არ დაუჭერენ თავიანთ პროტეჟე სააკაშვილს. „იგი იმაზე მეტად არ არის დასავლეთისთვის ღირებული, ვიდრე ეგვიპტის მეთაური ხოსნი მუბარაკი, საქართველოც უფრო მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე ეგვიპტე“ - ვარაუდობს გუბაზ სანიკიძე.

მართლაც, საქართველოში ამჟამად არსებული სიტუაცია გარკვეულწილად შეესაბამება „წინასარევოლუციოს“ განსაზღვრებას, მაგრამ ჯერ კიდევ არ ექცევა ლენინის ფორმულირების ჩარჩოებში, როდესაც „ქვევით“ აღარ სურთ, „ზევით“ კი აღარ შეუძლიათ. მაგრამ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და გორის ჰაერში ჭექა-ქუხილის შეგრძნება ტრიალებს. ამ შეგრძნებას კვებავენ სატელევიზიო სიუჟეტები ეგვიპტიდან, ტუნისიდან, იემენიდან, რომლებიც, თავის მხრივ ნაყოფიერ ნიადაგს იძლევა საქართველოს ქალაქების ქუჩებში საუბრებისათვის, რომელთა საერთო თემა არის ის, რომ „ნეტავ ჩვენთანაც დაიქუხოს!“

თუმცა როგორც „ჯორჯია ტაიმსის“ კორესპონდენტი დაარწმუნა ცნობილმა ქართველმა ექსპერტმა, თბილისის ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ, ქვეყნის ხელისუფლება თავს საკმაოდ მშვიდად გრძნობს, მიუხედავად რესპუბლიკაში არსებული დამთრგუნველი ვითარებისა. „დასავლეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია, უგანოს სააკაშვილს, მაგრამ მისთვის ასეთი საფრთხე უშუალოდ ჯერ-ჯერობით არ არსებობს, რადგან იგი ოპოზიციას არ აძლევს რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შანსს. დიახ, საქართველოში არსებული სიტუაცია შეიძლება შევადაროთ იმ ქვეყნების მდგომარეობას, რომლებშიც ახლა მოხდა რევოლუციები. სოციალურ-ეკონომიკური ფონი ძალიან მძიმეა, მუდმივად ძვირდება პროდუქტები, საწვავი. ხალხს ძალიან უჭირს, სახელმწიფო ამ დროს ყველას ახრჩობს - უბრალო მოქალაქეებსაც და ბიზნესმენებსაც, რადგან მას სჭირდება ფული ბიუჯეტის შესავსებად. ეკონომიკური ზრდისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები დაეცა... არსებობს გარკვეული წინაპირობები საიმისოდ, რომ ვთქვათ - საქართველოში რეალურია ბუნტი. მაგრამ არაბული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს ხალხს უფრო ინდივიდუალისტური ხასიათი აქვს. არ არსებობს, რომ ყველა უცბად, სპონტანურად გავიდეს ქუჩებში“ - განმარტა ექსპერტმა.

ქართველებსა და ეგვიპტელებს შორის არსებული პრინციპული განსხვავება, მისი აზრით, მდგომარეობს ასევე პოლიტიკური აქტივობის საერთო დონეში. „საქართველოში ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე დაიხარჯა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია. ხალხი ყველაფრისთვის იყო მზად, რათა შეეცვალა ამჟამინდელი ხელისუფლება. და მაშინ ოპოზიციამ უბრალოდ ვერ ივარგა, რის შედეგადაც იგი დისკრედიტებული აღმოჩნდა და ახლა ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენს“ - განაცხადა გულბაათ რცხილაძემ ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში.

ამჟამინდელი რეჟიმის ერთადერთ რეალურ მოწინააღმდეგეებს, მისი აზრით, წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ უცხოეთში ქართულ დიასპორებს - პირველ ყოვლისა, რუსეთში. მაგრამ ისინი ფაქტობრივად ჩამოშორებულნი არიან საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უშუალო მონაწილეობის საშუალებას, ეს კი ოფიციალური თბილისის ჩარევით ხდება. „საქართველოს ხელისუფლებას ეშინია არა ქვეყნის შიგნით არსებული ოპოზიციის, არამედ ძალების, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ფლობენ ფინანსურ და პოლიტიკურ ბერკეტებს მასთან საბრძოლველად“ - დარწმუნებულია ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, რევოლუციამ, თუკი ის მოხდება საქართველოში, არა უბრალოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ჩამოგდება უნდა იქონიოს შედეგად, არამედ ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის ძირეული ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა „ხელისუფლების უბრალოდ კოსმეტიკური შეცვლა“, რის შემდეგ ერთი დიქტატორის გამოთავისუფლებულ ადგილს სხვა დაიკავებს. „აუცილებელი იქნება იდეოლოგიაში, საგარეო პოლიტიკაში სხვა აქცენტების დასმა, მსოფლიოში საქართველოს ადგილის თავიდან გააზრება. პრობლემა არა სააკაშვილსა და მის ხალხშია - ხაზგასმით აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ - პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აღიქვამს საქართველო თავის თავს საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტის რანგში“.

მაქსიმ სერგეევი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"