ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.02.2011
ლიბიის თავისებურება

2011 ისტორიაში ალბათ შევა, როგორც დიდი ახლო აღმოსავლური რევოლუციის წელი. ვფიქრობ, რომ ჯერ-ჯერობით თავი უნდა შევიკავოთ სიტყვისაგან „სოციალისტური“, რადგან ამ მომენტისათვის დანამდვილებით ვერავინ იტყვის, საბოლოოდ რა მიმართულებას მიიღებს ახლო აღმოსავლეთში აზვირთებული საპროტესტო ტალღა.

მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა ძალები მონაწილეობენ მიმდინარე მოვლენებში და აქედან გამომდინარე, პროგრესულად მოაზროვნე ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს თუ არა მათ. არის თუ არა ყველა აჯანყება ერთნაირად პროგრესული და მემარცხენეთა მხრიდან ავტომატური სოლიდარობის და მხარდაჭერის ღირსი?

იმის გათვალისწინებით, რომ ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენებზე უკვე ათასობით სტატია დაიწერა, წინამდებარე მოკლე სტატიაში შევეხები ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ბოლო დღეებში მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების ცენტრად იქცა. ლიბიის ხელმძღვანელთაგან განსხვავებით ვერ ვიტყვი ასპროცენტიანი დარწმუნებით, რომ კადაფის წინააღმდეგ გამოსვლები დასავლეთის და მით უმეტეს, ალ ქაიდას პროვოკაციებია. ისევე, როგორც რეგიონის ყველა სხვა ქვეყანაში, მასობრივი გამოსვლები ლიბიაშიც მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, განაპირობა კადაფის ბოლო ათი წლის პოლიტიკამ, როდესაც მოხდა ლიბიის საწარმოების ნაწილობრივი პრივატიზაცია.

გამოდის, რომ ერთი შეხედვით აჯანყებები ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში ერთი და იმავე მიზეზებით წარმოიშვა და ასე თუ ისე ერთნაირი სცენარით განხორციელდა („ფეისბუკში“, „ტვიტერსა“ და ინტერნეტის სხვა სოციალურ ქსელებში წინასწარი განხილვები). მეორეს მხრივ, ლიბიის ჯამაჰარიის ლიდერის პიროვნების მიმართ ჩემი პირადი უპატივცემულობის მიუხედავად, დავაკვირდი რა პროტესტის მონაწილეთა შემადგენლობას, რაც მთავარია, მათ პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული პროტესტები სულაც არ მომდინარეობს „ქვევიდან“, სახალხო მასებიდან. ყველაზე საინტერესოა, რომ ლიბიის ლიდერის ჩამოგდების მოთხოვნით პროდასავლური ორიენტაციის უფლებადაცვითი ორგანიზაციები გამოდიან. პროტესტის უბრალო მონაწილეთა უმრავლესობა წვრილი ბურჟუაზიის ან ლიბერალური ინტელიგენციის წარმომადგენელია, ანდა მომთაბარე ბედუინები. ანუ, განსხვავებით ტუნისისგან, ეგვიპტისგან და მაგალითად, ალჟირისგან - სადაც პროტესტების დაწყების დღიდან მუშათა კლასის აქტივობა ძალიან მაღალი იყო (განსაკუთრებით ტუნისში, სადაც მუშები ჩაუდგნენ მასობრივ პროტესტს სათავეში), ლიბიაში ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის ლიბიის ნავთობმომპოვებელი და სხვა საწარმოების მუშათა მხრიდან საპროტესტო მოძრაობისადმი შეერთების შესახებ. ეს გვაფიქრებინებს, რომ კადაფით იმის გამო უკმაყოფილო დასავლელი იმპერიალისტები, რომ იგი არ თანხმდება ლიბიის წარმოების სფეროს სრულ პრივატიზაციას, იყენებენ რეგიონში არსებულ საპროტესტო ატმოსფეროს და ცდილობენ, „სახალხო გამოსვლების“ ორგანიზების გზით საკუთარი ინტერესების განხორციელებას. ამ აზრს კიდევ უფრო ამყარებს ფაქტი, რომ ბევრ დემონსტრანტს ხელში უჭირავს ლიბიის მეფის ალ სანუსის პორტრეტი. ალ სანუსი იტალიური ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო, მაგრამ იტალიელების განდევნის შემდეგ მეფე მალე თავად გახდა დასავლური იმპერიალისტური ძალების მოკავშირე ლიბიის სიმდიდრეების ძარცვაში, ვიდრე კადაფის მეთაურობით 1969 წელს არ მოხდა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია.

მაგრამ ამავე დროს, არასგზით არ ვამტკიცებ, რომ ლიბიის ხალხს არ გააჩნია პროტესტის მიზეზები.

1969 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კადაფიმ განახორციელა სასარგებლო წიაღისეულის, ინდუსტრიის, განათლების სისტემისა და სამედიცინო მომსახურების ნაციონალიზაცია. რევოლუციის პირველი ათწლეულების საკმაოდ გონივრული პოლიტიკის წყალობით ჯამაჰარიის ხელმძღვანელობამ არსებითად აამაღლა მოსახლეობის ცხოვრების დონე. უარესობისკენ ვითარება შემობრუნდა 2000 წლის შემდეგ, როდესაც ლიბიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ლიბიის მრეწველობის უმნიშვნელოვანესი დარგების ნაწილობრივი პრივატიზაციის შესახებ. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა დღევანდელი საპროტესტო ტალღა გააძლიერა.

ჩემი აზრით, პროგრესული ადამიანების პოზიცია ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შემდეგი უნდა იყოს: პროტესტებისა და კადაფის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნის პრინციპული მხარდაჭერა. ლიბიის მუშებსა და გლეხებს უნდა მოვუწოდოთ, შეუერთდნენ საპროტესტო მოძრაობას და მას სათავეში ჩაუდგნენ, სოციალისტური საზოგადოების შექმნისა და ხელისუფლებაში პროიმპერიალისტური ძალების მოსვლის არდაშვების მიზნით.

შმუელ იერუშალმი,

პოეტი და პუბლიცისტი,

ისრაელი

ინფორმაცია ტუნისიდან: გუშინ ტუნისის დედაქალაქში ას ათასზე მეტი დემნოსტრანტი გამოვიდა, რომელთა ლოზუნგი იყო "რევოლუცია - გამარჯვებამდე!" ადგილი ჰქონდა მძაფრ შეტაკებებს პოლიციასა და ჯართან. ამის შესახებ სააგენტო ფრანს პრესი იტყობინება.

ტუნისი, რომელშიც შედარებით სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხერხდა სახელმწიფოს მეთაურის ბენ ალის ჩამოგდება, არ მშვიდდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევრაზიის ინსტიტუტის ვარაუდს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მღელვარებების დაწყებისთანავე გამოითქვა, რომ ხალხს სურს კურსის რადიკალური ცვლილება, და არა დასავლეთის მორჩილი ერთი დიქტატორის მეორით ჩანაცვლება.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"