ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.02.2011
ისლამური დემოკრატია – ახალი მოვლენა მსოფლიო პოლიტიკაში

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებული მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ქვეშ რჩება. უამრავი ვერსია გამოითქმის, თუ რა გახდა იმის მიზეზი, რომ ერთმანეთის მიყოლებით, თითქოს დომინოს ქვებიაო, ემხობიან ავტორიტარული რეჟიმები არაბულ ქვეყნებში, ან ძალზე სერიოზულ შიდა პრობლემებს აწყდებიან.

უმეტესად ამ მოვლენების უკან ამერიკის და საერთოდ, დასავლეთის ხელს ხედავენ. ამაზე მართლაც ბევრი რამ მიუთითებს: სოციალური ქსელების, კერძოდ „ფეისბუკის“ და „ტვიტერის“ გამოყენება ახალგაზრდების ქუჩაში გამოსაყვანად (მაგალითად, ეგვიპტის რევოლუციაში ერთ–ერთ წამყვან როლს მიაწერენ კომპანია „Google”–ს ეგვიპტური განყოფილების ტოპ–მენეჯერს), დასავლეთის ქვეყნების ლიდერების საჯარო გამოსვლები დემონსტრაციების მხარდასაჭერად და სხვა.

მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს მოვლენების მხოლოდ ზედაპირული ფენაა. დასავლეთი თავად გახდა იძულებული, გასაქანი მიეცა რევოლუციური მოძრაობებისთვის არაბულ ქვეყნებში. აშშ და დიდი ბრიტანეთი, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნები, ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ დიქტატორულ რეჟიმებს ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. მაგრამ ამ რეჟიმებმა თავისი თავი ამოწურეს.

ავიღოთ, მაგალითად, ეგვიპტე. ამ ქვეყნის სათავეში თითქმის 30 წელი იდგა ჰოსნი მუბარაქი. თავის მემკვიდრედ ის უმცროს ვაჟს გამალს ამზადებდა. მაგრამ ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა კარგად იცოდნენ, რომ მუბარაქის რეჟიმი, გარეგნული სიმყარის მიუხედავად, არასტაბილური და მყიფე იყო. იმისთვის, რომ მოეგო „არჩევნები“. მმართველი პარტია მას ისე ატარებდა, რომ ეგვიპტის ვერც ერთი დასავლელი მოკავშირე ამგვარ „არჩევნებს“ ვერ ცნობდა სამართლიანად და თავისუფლად. მაშინ როცა ეგვიპტის მოსახლეობა 80 მილიონამდეა, არჩევნებში 10 მილიონზე ნაკლები ამომრჩეველი მონაწილეობდა. ოპოზიციის უმეტეს ნაწილს საერთოდ აკრძალული ჰქონდა მათში მონაწილეობის მიღება, მათ შორის ცნობილ „მუსლიმთა საძმოს“ და ისინი იძულებული იყვნენ, დამოუკიდებელი კანდიდატების საფარქვეშ ეყარათ კენჭი. 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში მუბარაქმა და მისმა პარტიამ იმდენი ქნეს, რომ ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ მოხვდა ადგილობრივ პარლამენტში.

მაგრამ ესეც არაა მთავარი. მუბარაქის რეჟიმს არ გააჩნდა რაიმე საერთო–ეროვნული იდეა, რაც გააერთიანებდა და დამუხტავდა ხალხს. თავის დროზე, ამგვარი იდეა იყო სოციალიზმის აშენება, რასაც იყენებდა პრეზიდენტი ნასერი. შემდეგ სადათი და თავად მუბარაქი იყენებდნენ წარმატებული კაპიტალისტური ქვეყნის აშენების იდეას. გარკვეული პერიოდი ეს ჭრიდა. ეგვიპტეში განვითარდა ტურიზმი, ეკონომიკის გარკვეული სექტორები. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ქვეყნის მიერ საგარეო პოლიტიკაში პრინციპული პოზიციების დათმობის ფასად. ხოლო ქვეყნის შიგნით გაიზარდა უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ეკონომიკური ზრდით ისარგებლა ძირითადად ოლიგარქიამ, მოსახლეობის უმრავლესობა კი კვლავ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა. თანაც, ამ ბოლო თვეებში, სასურსათო საქონელზე ფასების ზრდამ კიდევ უფრო დასწია მასების ცხოვრების დონე. დიდი იყო კორუფცია, ელიტურიც და არაელიტურიც.

ამგვარად, მუბარაქის რეჟიმი იდეური კრიზისის და ხრწნის დამამთავრებელ ფაზაში შევიდა. ამ დროს კი სხვა მუსლიმური ქვეყნები, მაგალითად, ირანი, ეგვიპტის მოსახლეობისთვის სულ უფრო სამაგალითო ხდებოდა. ირანში ვითარდება მრეწველობა, მეცნიერება, ბირთვული ენერგეტიკა, კოსმოსური სფერო და სხვა. ირანელ ხალხს აქვს მიზანი – სამართლიანი, ისლამზე დაფუძნებული სახელმწიფოს განმტკიცება, ხოლო შემდეგ ეტაპზე – უფრო დიდი ისლამური თანამეგობრობის შექმნა და მსოფლიო პოლიტიკის შეცვლა. არაფერი მსგავსის შეთავაზება მუბარაქს და მის პარტიას მოსახლეობისთვის არ შეეძლო. უფრო მეტიც, 1979 წლის კემპ–დევიდის საზავო შეთანხმებას ისრაელთან, არაბების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ეგვიპტეშიც, დამამცირებლად და შეურაცხმყოფელად აღიქვამდა. მუბარაქის ლამის ერთადერთი მიღწევით – 10 მილიონი ტურისტის ჩამოყვანით ეგვიპტის მოსახლეობა დიდი ხანია აღარ „ბოლდება“, საქართველოსგან განსხვავებით.

ამიტომ, ამერიკისთვის და მისი სპეციალური თუ ანალიტიკური სამსახურებისთვის დიდი ხანია ნათელი იყო, რომ არაბულ ქვეყნებში იდეური კრიზისი მწიფდებოდა. ეს კარგად გამოჩნდა არაბული სამყაროს ყველაზე დინამიურ და „ცხელ“ ნაწილში – პალესტინაში და ლიბანში. 2000–იანი წლების მეორე ნახევარში ამ ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა რადიკალური მუსლიმური დაჯგუფებების – „ჰესბოლას“ და „ჰამასის“ გავლენა მოსახლეობაზე. არჩევნები პალესტინაში 2007 წელს პირწმინდად მოიგო „ჰამასმა“, რომელმაც ერთ დროს პოპულარული და მთავარი პალესტინური პარტია – ფათჰი დაამარცხა. ანალოგიურად, ლიბანში სულ უფრო გავლენიანი ხდება „ჰესბოლა“. მათი პოპულარობის ზრდა ისრაელის მიმართ დაკავებული უკომპრომისო პოზიციითაც არის განპირობებული.

ასეთ სიტუაციაში მუბარაქი, მისი შვილი და „მუბარაქისტები“, რომლებიც აქცენტს ისრაელთან თანამშრომლობაზე და პროდასავლურ პოლიტიკაზე აკეთებდნენ, განწირული იყვნენ, ადრე თუ გვიან, სრული პოლიტიკური გაკოტრებისთვის. ამის მერე კი დაიწყებოდა უკონტროლო პროცესები – სახალხო აჯანყება, ან გადატრიალების მცდელობები ცალკეული სამხედროების მხრიდან და ა.შ. აშშ–ს სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი, რომ თავად „ჩასდგომოდა“ სათავეში ამ გარდაუვალ პროცესებს და მუბარაქის შეცვლისთვის შედარებით კონტროლირებადი და მისთვის სასურველი კალაპოტი მიეცა.

თანაც, ამით ორ კურდღელს იჭერდა აშშ – არაბულ სამყაროში დაცემულ რეიტინგს აიმაღლებდა და შეეცდებოდა ანალოგიური სცენარი მისთვის არასასურველი რეჟიმების – კერძოდ, ირანის და სირიის წინააღმდეგაც გამოეყენებინა. უკვე ვნახეთ კიდეც, როგორ შეეცადა ირანში ოპოზიციის ნაწილი დემონსტრაციის მოწყობას, ჯერ ვითომდა ეგვიპტის მოსახლეობის მხარდასაჭერად, შემდეგ კი „რელიგიური დიქტატურის“ წინააღმდეგ. მაგრამ ხალხის დიდმა ნაწილმა მას მხარი არ დაუჭირა.

ირანი და სირია როცა ვახსენეთ, იქ შეიძლებოდა ლიბიაც დაგვემატებინა. მართლაც, ამ დღეებში ლიბიაში ნამდვილი სამოქალაქო ომი გაჩაღდა, რომელიც ასევე „მშვიდობიანი დემონსტრაციებით“ დაიწყო. მაგრამ ლიბიის საკითხი ცოტა უფრო რთულია.

ერთი შეხედვით, მუამარ კადაფი, რომელიც უკვე 42 წელია უცვლელად მეთაურობს ამ აფრიკულ ქვეყანას, საკმაოდ ანტიდასავლურად იყო განწყობილი. თავის დროზე, მას აბრალებდნენ (და ალბათ არცთუ უსაფუძვლოდ), რომ ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების ბრძანება გასცა. 1986 წელს ამერიკის ავიაციამ დაბომბა ქალაქები ტრიპოლი და ბენღაზი. კადაფი პერიოდულად აკეთებდა ხმაურიან განცხადებებს მსოფლიო მოვლენებზე, მეგობრობდა ფიდელ კასტროსთან, უგო ჩავესთან და სხვა ანტიამერიკულად განწყობილ ლიდერებთან.

მაგრამ ბოლო წლებში დაიწყო კადაფის ფლირტი დასავლეთთან. ის ფაქტიურად შეურიგდა დიდ ბრიტანეთს (3 მილიარდ დოლარამდე გადაუხადა აფეთქებული თვითმფრინავის მგზავრების ნათესავებს), აშშ–ს, შესანიშნავი ურთიერთობა დაამყარა იტალიის პრემიერ–მინისტრ ბერლუსკონისთან. ასეთი კურიოზული ფაქტიც კი მოხდა ერთ–ერთ სამიტზე, რომ ბერლუსკონიმ ხელზე აკოცა ლიბიის „ბელადს“. თუმცა, ახლა დასავლეთმა აშკარად გაწირა კადაფი. ამავე დროს, მის წინააღმდეგ მკვეთრი პოზიცია დაიკავა ირანმაც. საინტერესო ფაქტია, რომ ლიბიის ციხეში, სავარაუდოდ, იმყოფება ცნობილი ლიბანელი შიიტი მოღვაწე მუსა ალ–სადრი, რომელიც იქ 1978 წელს ჩავიდა, გზად ევროპისკენ, მაგრამ უკვალოდ გაუჩინარდა.

კადაფი მხარს უჭერდა ე.წ. აფრიკის შეერთებული შტატების შექმნის იდეას. ცხადია, ეს იდეა მიუღებელი იყო არაბთა დიდი ნაწილისთვის, რადგან ისინი უმცირესობაში აღმოჩნდებოდენ ამ სახელმწიფოში. თავად კადაფი მის წინააღმდეგ აჯანყებაში „ისლამისტებს“ ადანაშაულებს. ასეულობით სხვადასხვა მიმართულების ისლამისტი ლიბიის ციხეებში იმყოფება, თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ მათმა ნაწილმა მოახერხა გაქცევა, ან სპეციალურად გამოუშვეს ციხიდან, რომ ქაოსი შეიტანონ ქვეყანაში, ეს კი თითქოს კადაფის სჭირდება, რომ დააშინოს დასავლეთი (ლიბია ნავთობის მსხვილი მიმწოდებელია ევროპისთვის).

დღეისათვის (23 თებერვლისთვის) ლიბია ფაქტიურად ორ ნაწილად არის გაყოფილი. აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს აჯანყებული ხალხი, ხოლო ტრიპოლის და დასავლეთ ლიბიის დიდ ნაწილს – ჯერ კიდევ კადაფის რეჟიმი. საერთოდ, ლიბია სამი ისტორიული ნაწილისგან შედგება: ჩრდილო–დასავლეთი – ტრიპოლიტანია (სადაც მდებარეობს დედაქალაქი ტრიპოლი), აღმოსავლეთი – კირენაიკა (რომლის მთავარი ქალაქია აჯანყებული ბენღაზი) და სამხრეთ–დასავლეთი – ფეცანი.

ძნელი სავარაუდოა, რომ კადაფიმ შესძლოს შერყეული ძალაუფლების აღდგენა და აღმოსავლეთ ლიბიის კვლავ თავის კონტროლქვეშ მოქცევა. უფრო მოსალოდნელია მისი რეჟიმის საბოლოო კრახი უახლოეს დღეებში, ან კვირეებში. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კადაფიმ მოახერხოს დედაქალაქ ტრიპოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე თვით შენარჩუნებაც.

თუმცა, ამას უკვე აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. კადაფის, ისევე როგორც მუბარაქის და სხვა ავტორიტარული, გაურკვეველი იდეოლოგიის მქონე მმართველების ხანა წარსულს ბარდება.

მაგრამ რა მოდის მის სანაცვლოდ? ახალ პოლიტიკურ პარადიგმას არაბული სამყაროსთვის შეიძლება ეწოდოს „ისლამური დემოკრატია“. ეს ყველაზე უკეთ ჩანს ეგვიპტური მოძრაობის, „მუსლიმთა საძმოს“ (მს) მაგალითზე. ეს არის სუნიტური მოძრაობა, რომელიც დაარსდა ჯერ კიდევ 1928 წელს და ფილიალები აქვს სხვადასხვა არაბულ ქვეყანაში. პალესტინურ „ჰამასს“ მჭიდრო კავშირები ჰქონდა, და სავარაუდოდ, ისევ აქვს ამ ორგანიზაციასთან.

დღეს ‘საძმოს“ (ჩვენს ყურს ცუდად ხვდება ეს სიტყვა, 90–იანი წლებიდან გამომდინარე, მაგრამ რას ვიზამთ) ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არ მიეწრაფიან ეგვიპტეში თეოკრატიული, ირანული ყაიდის სახელმწიფოს შექმნას. მაგრამ ასეა თუ ისე, თავად ამ მოძრაობის სახელწოდებიდან აშკარაა, რომ ისლამს გადამწყვეტი როლი უჭირავს მათ იდეოლოგიაში. და ამავე დროს, „მუსლიმთა საძმო“ მხარს უჭერს ეგვიპტეში დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას და ამოქმედებას. სწორედ ეს იგულისხმება „ისლამურ დემოკრატიაში“ – მდგომარეობა, როცა ისლამის კანონები, კერძოდ, შარიათის სამართალი, შეხამებულია ხალხის მიერ ხელისუფლების არჩევითობის და კონტროლის პრინციპთან. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დასავლურ ინტერპრეტაციას, ეს მიუღებელია ისლამური სამყაროსთვის. მაგალითად, მს–ს მიერ მომზადებულ ერთ–ერთ დოკუმენტში ჩაწერილია, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი უნდა იყოს მუსლიმი (ანუ გამოირიცხება კოპტი – ქრისტიანი – ამ თანამდებობაზე) და არ შეიძლება იყოს ქალი.

თუკი ეგვიპტეში, შემდგომ კი ლიბიაში, ალჟირში და შესაძლოა, ტუნისშიც, წარმატებით გამოცადა ისლამური დემოკრატიის მოდელი, რომელიც დღეს მუშაობს სამხრეთ ლიბანში (ჰესბოლას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე), მაშინ დიდი შანსია, რომ ეს მოდელი გავრცელდეს არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებზეც. აქაც უკვე დაწყებულია მღელვარებები, განსაკუთრებით, პატარა ქვეყანა ბაჰრეინში. თუმცა, ბაჰრეინში მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები შეადგენენ, მათ კი უკვე აქვთ ირანის და ჰესბოლას მაგალითი (ჰესბოლა ასევე ძირითადად შიიტური ორგანიზაციაა). არაბული სამყაროს სუნიტურ ნაწილში ჯერ არ არსებობს ისლამური დემოკრატიის პრეცედენტი, გარდა ღაზას სექტორისა, სადაც მმართველი ძალაა ჰამასი. მაგრამ ეს ტერიტორია ფაქტიურად ბლოკადაში და საომარ ვითარებაში იმყოფება, ამიტომ დემოკრატიის ელემენტები იქ საკმაოდ შეზღუდულია. რაც შეეხება თურქეთს, იქ სეკულარული ანუ საერო სახელმწიფო და დემოკრატია იყო და მხოლოდ ახლა იდგმება პირველი ფრთხილი ნაბიჯები ისლამური დემოკრატიისკენ. "ისლამური დემოკრატიის" მსხვილ ქვეყნებად, სადაც სუნიტები ცხოვრობენ, რაღაც დოზით, შეიძლება ჩაითვალონ მხოლოდ პაკისტანი და მალაიზია.

„ისლამური დემოკრატია“ კი, ჩვენი აზრით, იძლევა თითქმის იგივე შედეგების მიღწევის საშუალებას, რასაც მიაღწია ირანმა, ე.წ. „თეოკრატიის“ პირობებში, როცა ქვეყანას ხელმძღვანელობს სულიერი ლიდერი. ფაქტიურად, მიუხედავად „მუსლიმთა საძმოს“ განცხადებებისა, რომ სუნიტებს მხოლოდ საერო სახელმწიფოს შექმნა სურთ, რომელშიც შარიათის კანონები და ისლამი ცენტრალურ ადგილს დაიჭერს, ცხადია, რომ დროთა განმავლობაში ეს სისტემაც საეროდან უფრო სასულიეროსკენ გადაიხრება. ეს მხოლოდ დროის საკითხია. სწორედ ეს არის „არაბული რევოლუციების“ ერთადერთი ლოგიკური და შესაძლო შედეგი, რადგან დასავლური ყაიდის საერო „დემოკრატიის“ და ლიბერალიზმის შეტანა ამ ქვეყნებში ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს, არამედ ქაოსს და ქვეყნების ნაწილებად დაშლას გამოიწვევს.

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"