ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
02.03.2011
რეკლამის დიდოსტატი საქართველო

საქართველოს მოსახლეობას ბედმა გაუღიმა და მ.სააკაშვილის ხალხთან „პირდაპირი კითხვა-პასუხის“ შემდეგ მეორედ მიეცა „ბრძნული“ აზრების მოსმენის შანსი. ამჯერად პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშის დროს.

ექვსი წელია საქართველო ელის სიახლეს პრეზიდენტისა და მისი გუნდისგან, თუმცა ამაოდ. წლევანდელი გამოსვლა ისე, როგორც წინა გამოსვლები, არაფრით იყო განსხვავებული, მითუმეტეს იმედის მომცემი. მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარება, რასაც საქართველოში აქვს ადგილი, კარდინალურ ძვრებს მოითხოვს, გარდაქმნას ყველა დარგში, განსაკუთრებით სახელისუფლებო აზროვნებაში.

მ.სააკაშილის გამოსვლამ დაგვარწმუნა, რომ არავითარ გარდაქმნას ადგილი არ ექნება და თუ რატომ - იოლი ასახსნელია - მ.სააკაშვილს მოსწონს ყოველივე, რაც ხდება საქართველოში ანუ ის მოხიბლულია რეფორმებით ერთი მარტივი მიზეზის გამო - თვით ის არის ყველა წამოწყების, პროექტის თუ რეფორმის ავტორი. ის აწვდის ცხელ-ცხელ იდეებს ტელეკომპანიებს ახალი ტოკ-შოუების ფორმატისა და შინაარსის თაობაზე, ცხადია მასში მონაწილე წამყვანების გათვალისწინებით. მიზანი ერთია - დამშეული საქართველოს, მაძღრად წარმოჩენა, ყოველდღიური პრობლემების ქარაფშუტული დიალოგებით ჩანაცვლება - უმთავრესად ცისფერებით, მსუბუქი ყოფაქცევის დედაკაც-მამაკაცებით და გაჩნდა თითქმის ყველა არხზე „კდემამოსილ“ ქალთა „ტროიკები“, სიცილ-კისკისით, შაყირით, ჭორიკანობით. გაჩდნენ იიკოები, ნანიკოები, დოდოშკები და მათთან ერთად „უდარდელი“, ფუქსავატი საქართველო, რომლის უმთავრესი საფიქრალი მხოლოდ ერთია - როგორ გავერთოთ.

საქართველო არა მარტო შიდა რეკლამის დიდოსტატია, არამედ გარესაც. თუ ხელში ჩაგივარდათ უცხოური ჟურნალ-გაზეთები თვალნათლივ დარწმუნდებით ამაში. ინგლისური „ეკონომისტი“ რა ხანია აქვეყნებს ყბადაღებულ ქართულ რეკლამას კორუფციის დამარცხების და ბედნიერი საქართველოს შესახებ. რეკლამაში ხაზგასმით არის მითითებული, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველო კორუფციის დამმარცხებლია ანუ ტექსტის მიხედვით, ქართველთა 78% თვლის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფციამ უკან დაიხია, რაშიც დიდი წვლილი ხელისუფლებაზე მოდის. რეკლამა თავდება მოწოდებით - ეწვიეთ კორუფციის დამმარცხებელ ქვეყანას, რათა საკუთარი თვალით იხილოთ ქართული საოცრება.

რეკლამა ჟურნალის ყდის მეორე გვერდზეა დაბეჭდილი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია არა მარტო თვალსაჩინოების თვალსაზრისით, არამედ რეკლამაში გადახდილი ფულის თვალსაზრისითაც. ჟურნალი „ეკონომისტის“ რეკლამა, ისევე, როგორც „ტაიმის“, „შპიგელის“, სხვა ჟურნალებისა და გაზეთების ათეულ-ათასობით დოლარი ღირს.

დავუშვათ, გაბრიყვდა რეკლამის მკითხველი უცხოელი და ჩამოვიდა საქართველოში, დარწმუნებული ვარ, პირს აღარასოდეს აღარ იზამს აქეთკენ, ვინაიდან რეკლამა და რეალური ცხოვრება ისეა დაშორებული ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა.

სულ მალე 10 მილიონი ტურისტი ეწვევა საქართველოს - ბრძანა პრეზიდენტმა თავის საპარლამენტო გამოსვლაში. ეყოფა განახევრებული, არაკვალიფიციური საქართველო 10 მილიონ ტურისტს? ფლობს თუ არა ქვეყანა 10 მილიონი ტურისტისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას? ჰყავს საქართველოს საკმაო რაოდენობის კვალიფიციური მიმტანები, მზარეულები, დამლაგებლები, მეტრ-დოტელები, ხელოსნები, ადმინისტრატორები, მენეჯერები, მინისტრები, პარლამენტარები? მათ გარეშე 10 მილიონი ტურისტის მომსახურება შეუძლებელი იქნება. პრეზიდენტი არ ღალატობს ქართულად საქმის კეთების არსს - ჯერ გააკეთე, შემდეგ იფიქრე.

ტურიზმის ყბადაღებული თემის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო წლების გამოცოცხლება ანუ ტურისტული ბუმი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თვეა და ისიც მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეთა ხარჯზე. სხვა ქვეყნის ტურისტთა რაოდენობა, ირანის გამოკლებით (გასულ წელს საქართველოს 32 ათასი ირანელი ტურისტი ეწვია), თითზე ჩამოსათვლელია. სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესების შემთხვევაში, რაც არ არის გამორიცხული, აჭარაში დამსვენებელ სომეხთა რაოდენობა მიმართულებას შეიცვლის, ცხადია კომფორტის და უკეთესი კლიმატური პირობების მქონე თურქეთისკენ.

დასავლელი ტურისტებისთვის საქართველო არცთუ მიმზიდველი ქვეყანაა, რაც განპირობებულია დაბალი დონის მომსახურებით, ეკოლოგიურად დაბალი ხარისხის კვების პროდუქტებით, ცუდი ინფრასტრუქტურით, გაუმართავი ტრანსპორტით, ოღრო-ჩოღრო საქალაქო გზებით, წვიმის დროს ტალახით, მშრალი ამინდებისას მტვერით და სხვა. დასავლელები, ტურისტული თვალსაზრისით დაბალი დონის საქართველოს გამო, უარს არ იტყვიან საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთის, ავსტრიის, შვეიცარიის, არაბული ქვეყნების, თურქეთის, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, აპრობირებული კურორტებისგან. ერთადერთი რაც შვებას მოუტანს ქართულ ტყრიზმს - რუსი ტურისტებია და ისიც ნოსტალგიიდან გამომდინარე. სხვა მხრივ რუსმა ტურისტებმა კარგა ხანია აითვისეს თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, სხვა ქვეყნების ტურისტული ზონები და მათი საქართველოში შემოტყუება არცთუ იოლი იქნება, მითუმეტეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, პირადად პრეზიდენტი წუთს არ ჰკარგავს რუსეთთან ისედაც გაფუჭებული ურთიერთობის კიდევ უფრო გასაფუჭებლად.

რომელ ტურიზმზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც საქართველოში აკრძალულია თუნდაც მეზობელი ქვეყნის, რუსეთის მუსიკა. იდეა სააკაშვილისაა - ატაცებული ქართული მედიის, კონტროლირებული ტელეკომპანიების, სააკაშვილის გარემოცვის მიერ. როდესაც სამხატვრო აკადემიის რექტორი გ.ბუღაძე ტელეეთერში ურცხვად განაცხადებს, ტაქსის მძღოლს რუსულ სიმღერებს ვართვევინებო, ვინაიდან მძულს ოკუპანტის მუსიკაო, უკვე ნათელი ხდება საით მივექანებით, და ამას ამბობს ახალგაზრდა თაობის აღმზრდელი. რუსული მუსიკის ყოფნა-არყოფნის თემას სპეციალური გადაცემა მიუძღვნა პირველმა არხმა და ჟურნალისტმა ხოფერიამ. ცხადია, სააკაშვილის დაკვეთით.

საქართველოს სახელმწიფოებრივი „აზროვნება“ აშკარად არ იძლევა ქვეყნის ტურიზმის მექად გადაქცევის შესაძლებლობას, ამდენად წყალს მიაქვს უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული რეკლამების ფული.

“ამგვარი უარყოფითი სალდო აფრიკის სუსტად განვითარებული სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც გარედან დახმარების წყალობით ახერხებენ არსებობას. ქვეყანა შესანიშნავი რეიტინგების გარდა, არაფერს აწარმოებს“, - ეს სიტყვები რუს პოლიტოლოგს ანდრეი ეპიფანცევს ეკუთვნის და სრულად, რაც მთავარია ობიექტურად ასახავს იმ ვითარებას, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. მაინც რა სალდოზე მიუთითებს ეპიფანცევი? იმპორტისა და ექსპორტის თანაფარდობის სალდოზე. საქართველოს გააქვს ჯართი, უცხოეთიდან შემოყვანილი ავტომანქანები, თითო-ოროლა ბოთლი ღვინო, ხოლო შემოაქვს ყველაფერი - ბოსტნეული, ხილი, კვების პროდუქტები, სხვადასხვა სახის საქონელი და სხვა.

საქართველოში რომ არ მუშაობს ფაბრიკა-ქარხნები, არახალია. არც ის არის ახალი, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაუსაქმებელია. ვინც დასაქმებულია დაუსაქმებლებს აკონტროლებს საქალაქო ტრანსპორტში - ტრანსპორტზე მონიტორინგის სახით, ქალაქის ქუჩებში ავტომანქანის გაჩერებისას - სიტი პარკის, უამრავი სხვა მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოების სახით.

ქვეყანაში შეიქმნა მჭამელთა კლასი. მწარმოებლები არსად ჩანან. ასეთია სააკაშვილის ნაქებარი ქვეყანა, ეკონომიკურად წარმატებული, კორუფციადამარცხებული.

პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების განხილვაში მონაწილე ოპოზიციამ ხაზგასმით აღნიშნა ელიტარული კორუფციის თაობაზე, რაზეც სააკაშვილმა მოითხოვა კორუმპირებულთა დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის ასეთი განცხადება მიუღებელი იქნებოდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტს დაავიწყდა ოქრუაშვილის განცხადება პრეზიდენტის ბიძის დაკავებასთან დაკავშირებით - ქრთამად 200 ათასი დოლარის აღების გამო. ისიც დაავიწყდა, როგორ უბრძანა ოქრუაშვილს ბიძის უმალ განთავისუფლება. პრეზიდენტისთვის „უცნობია“ საკუთარი ძმების ბენზინური მიდრეკილება, ოჯახის აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ ჩახუტება, სახელმწიფო ბიუჯეტში ხელის ფათური, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და სხვა.

როგორც აღვნიშნე, ის, რაც ჩვენს თავს ტრიალებს, ობიექტურად ასახა ეპიფანცევმა თავის სტატიაში. იცის თუ არა ამის შესახებ დასავლეთმა? ცხადია იცის. იცის, მაგრამ თავს იტყუებს და გვატყუებს ისე, როგორც ტუნისის, ეგვიპტის შემთხვევაში. მიზანი? ქვეყნის საბოლოო განადგურება. დაცემულის, სხვისი ხელის შემყურეს მართვა და საბოლოოდ დამორჩილება გაცილებით იოლია.

„რეფორმატორი“, „დემოკრატი“ საქართველო, აშშ-ს წინა, რესპუბლიკური ადმინისტრაციის პროექტი ანუ „დემოკრატიის ოაზისი“, რომ ისეთი არ არის, როგორც ჩაფიქრებული იყო, ეჭვს არც მასში იწვევს, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს. იხტიბარს არ იტეხს სხვა მიზეზთა გამო - მედიის რეკლამა თუ ფული ღირს, თანაც დიდძალი, რით არის ნაკლები ორალური რეკლამა? როდესაც აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი მაკკეინი იტყვის, რომ ქვეყნის გარდაქმნა რუსეთმა სააკაშვილისგან უნდა ისწავლოს ან ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი მადლობას გადაუხდის სააკაშვილის მშობლებს ასეთის გაჩენა-აღზრდისათვის, ანგარებითი რეკლამაა და სხვა არაფერი.

საჯარო ქება, მით უმეტეს ცნობილი სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან გაწონასწორებულ ადამიანშიც იწვევს თვითდარწმუნებას, არათუ გაუწონასწორებელში, ამბიციურში. ასეთი თავს უფლებას აძლევს არა მარტო საკუთარ გარემოცვას ასწავლოს, არამედ ხალხს, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს. თავდაჯერებულმა სააკაშვილმა აუგად მოიხსენია ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ნეგატიური დასკვნა საქართველოს შესახებ. სადღაც ვიღაც ჩხაპნის, - ასეთი იყო მისი შეფასება. მას არ მოსწონს ობიექტური შეფასება, მაგრამ აღფრთოვანებულია იმ ჟურნალ-გაზეთებით, სადაც საკუთარი სარეკლამო მასალა არის გამოქვეყნებული.

პარლამენტში გამოსვლის დროს, ისე, როგორც ყოველთვის სააკაშვილმა „გადაუარა“ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას, ყველაფერს ჩემგან სწავლობენო, თუმცა უმალ დაუმატა: კურილის კუნძულებზე სამხედრო ტექნიკის განლაგება მე არ მისწავლებიაო.

ბოლო დროს კურილის კუნძულების თემა აქტუალურია. იაპონიის დღევანდელი ხელისუფლება ახალი ძალებით ცდილობს აიძულოს რუსეთის ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე და დათანხმდეს იაპონიისათვის კუნძულების დაბრუნებაზე.

როგორც სააკაშვილი, ისე მისი ტელეკომპანიები სისტემატურად აცხადებენ, რომ საბჭოთა კავშირმა ეს კუნძულები წაგლიჯა იაპონიას. ცხადია ამის განცხადებისას პარალელი ევლება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მათდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მათ შორის განსხვავება დიდია.

იალტისა და პოტსდამის კონფერენციების შემდეგ დამტკიცდა ომისშემდგომი საზღვრები, უფრო მეტიც, მოგვიანებით ამას წერტილი დაუსვა ჰელსინკის კონფერენციამ. კურილის კუნძულების იაპონიისთვის დაბრუნების საკითხში დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ს პოზიცია მკვეთრად განსხვავდება 1945 წლის პოზიციისგან. მაშინ აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი და მისი ადმინისტრაცია სახალინის და კურილის კუნძულების საბჭოთა კავშირისათვის დაბრუნების საკითხში მოსკოვის პოზიციაზე იდგნენ.

ისტორიამ შემოგვინახა ცნობილი საბჭოთა დიპლომატის ანდრია გრომიკოს მემუარები, სადაც ის ეხება ამ თემას.

1945 წლის თებერვალში ყირიმში გაიმართა სტალინის, რუზველტის და ჩერჩილის მოლაპარაკებები. დელეგაციები იალტის სხვადასხვა სასახლეებში ცხოვრობდნენ. სხდომები იმართებოდა ლივადიის სასახლეში, სადაც განთავსებული იყო აშშ-ს დელეგაცია. შეხვედრაზე გამგზავრების წინ სტალინმა იხმო გრომიკო და წასაკითხად მისცა რუზველტის მიერ გამოგზავნილი წერილი. „ზეპირად მითხარით, რა წერია წერილში. მინდა სხდომის დაწყებამდე ვიყო საქმის კურსში“, - თქვა სტალინმა. წერილი ეხებოდა კურილის კუნძულებს და სახალინს. რუზველტი აღიარებდა საბჭოთა კავშირის უფლებას იაპონიის მიერ ოკუპირებულ კურილის კუნძულებსა და სახალინზე. სტალინი მეტად გაახარა რუზველტის წერილმა. „ამ პოზიციით აშშ-ს სურს ჩვენს თვალში რეაბილიტაცია მოახდინოს იმ გადაწყვეტილების გამო, რაც მათ გააკეთეს 1905 წელს პორტსმუტში, როდესაც მხარი დაუჭირეს იაპონიას რუსეთის ტერიტორიების მიტაცებაში“.

ცნობისათვის მოგახსენებ - 1905 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ პორტსმუტში გაიმართა სამშვიდობო კონფერენცია.

„წერილი მნიშვნელოვანია. აშშ-ა აღიარეს ჩვენი პოზიციების ჭეშმარიტება კურილისა და სახალინის მიმართ. ამერიკელები ჩვენგან ალბათ მოითხოვენ იაპონიის წინააღმდეგ ომის დაწყებას“, - თქვა სტალინმა.

სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ მეორე ფრონტის გახსნის პირობებსა და ვადებზე. საბჭოთა კავშირმა განაცხადა, რომ ევროპაში ომის დამთავრების შემდეგ, ორ თვეში საბჭოთა კავშირი დაიწყებდა საბრძოლო მოქმედებას შორეულ აღმოსავლეთში. სხდომაზე მიცემული სიტყვა სტალინმა შეასრულა.

უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებები დღესაც ძალაშია და მომავალშიც ასეც იქნება, მოსწონთ თუ არა ისინი დღევანდელ პოლიტიკოსებს. ისტორიის უკან დაბრუნება, მით უმეტეს დაწესებული ომისშემდგომი საზღვრების, შეუძლებელია.

ზემოთ თქმული - უბრალოდ ცნობისათვის.და ბოლოს, ქვეყნის ფაქტობრივი პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში ისეთივე დამთრგუნველი იყო, როგორც მოსახლეობასთან სატელევიზიო დიალოგი. სადამდის?!ჰამლეტ ჭიპაშვილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"