ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.02.2011
ევროკავშირის რეალური სახე ბრიუსელ–სოფიას ურთიერთობების მაგალითზე

სოციალისტური ბანაკის ყოფილი ქვეყანა ბულგარეთი უკვე რამდენიმე წელია ევროკავშირის წევრია. ევროკავშირის წევრობა, ერთი შეხედვით, არ ნიშნავს სუვერენიტეტზე უარის თქმას და საკუთარი ინტერესების უგულვებელყოფას. მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს გვიჩვენებს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც დიდი ხანი არაა, რაც ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ისინი ეკონომიკური განვითარების დონით ჯერჯერობით ჩამორჩებიან დასავლეთ ევროპას, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ 90–იან წლებში, სოციალისტური სისტემის ნგრევის შედეგად, კრიზისში აღმოჩნდნენ. ამით სარგებლობენ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები და თავიანთი დიქტატის ქვეშ ამყოფებენ აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს.

ავიღოთ, მაგალითად, ბულგარეთი. ეს ქვეყანა ოციოდე წლის წინ საბჭოთა კავშირის „მე–16 რესპუბლიკად“ ითვლებოდა. ბულგარეთს და რუსეთს ტრადიციულად ახლო და ძმური ურთიერთობები ჰქონდათ მე–19 საუკუნის 70–იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ეს ქვეყანა ოსმალეთის ბატონობისგან განთავისუფლდა. ბულგარეთის წინა მთავრობაც, რომელშიც წამყვანი ძალა იყო სოციალისტური პარტია, ითვალისწინებდა რა ამ ისტორიულ კავშირებს, და რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, ცდილობდა მსხვილი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები განეხორციელებინა რუსეთთან და ევროკავშირთან ერთად.

ამ პროექტებიდან ძირითადი იყო სამი: გაზსადენი „სამხრეთის ნაკადი“, ნავთობსადენი ბურგასი–ალექსანდრუპოლისი და ატომური ელექტროსადგური „ბელენე“. სამივე ეს პროექტი ბულგარეთს აძლევდა პერსპექტივას, რომ მსხვილ ენერგეტიკულ და სატრანზიტო მოთამაშედ გადაქცეულიყო რეგიონში, რაც დიდ ეკონომიკურ მოგებას და ენერგეტიკულ უსაფრთოებას მოუტანდა მას.

მაგრამ პროექტების განხორციელება, ამავე დროს, ნიშნავდა იმასაც, რომ ბულგარეთის ეკონომიკაში და ენერგეტიკაში გაიზრდებოდა რუსეთის წილი და თავად ბულგარეთი უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდებოდა ბრიუსელიდან მიღებულ დახმარებებზე თუ კრედიტებზე. ეს კი მიუღებელი აღმოჩნდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. მათი ლოგიკა, როგორც ჩანს, ასეთია: ჩვენ „ვაჭმევთ პურს“ ამ ქვეყანას, ვაძლევთ მას კრედიტებს, დახმარებას, ინვესტიციებს ვდებთ. რატომ უნდა მივცეთ საშუალება, რომ „ჩვენი ფულით“ რუსები შემოიყვანონ თავიანთ ეკონომიკაში?

ბულგარეთის პროევროპული პარტიები და მედია–საშუალებები მთელი ამ წლების განმავლობაში გააფთრებით ესხმოდნენ თავს მსხვილი ენერგოპროექტების რეალიზაციის შესაძლებლობას. ყოფილ მმართველ პარტიას და მის ხელმძღვანელებს ადანაშაულებდნენ კორუფციაში თუ სხვა ცოდვებში, იჩხრიკებოდნენ პროექტის შესაძლო უარყოფით მხარეებში, იმ მიზნით, რომ ჩაეძირათ ისინი. და მიაღწიეს კიდეც თავისას. 2010 წლის არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპულმა პარტიამ „გერბ“–მა, რომლის ლიდერმა და ამჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა, ერთ–ერთი პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ გამოაცხადა სამიდან ორი პროექტის უპერსპექტივობის შესახებ. ეს იყო ნავთობსადენის და ატომური სადგურის პროექტები.

ბურგას–ალექსანდრუპოლისის ნავთობსადენის პროექტის გასაუქმებლად გამოიყენეს ეკოლოგიური არგუმენტაცია. თითქოსდა ნავთობსადენი საფრთხეს შეუქმნიდა გარემოს. დიდი ხანია ცნობილია, რომ ეკოლოგიური მოსაზრებები ჩვენს დროში პოლიტიკური მიზნების შესაფუთად გამოიყენება. ამას აკეთებს ყველა დაინტერესებული ქვეყანა, არა მხოლოდ ევროპა და დასავლეთი. ასე რომ, უარის თქმის სარჩული ნათელია. რაც შეეხება „ბელენეს“ აეს–ის საკითხს, მასზე უარის თქმის მიზეზად დასახელდა პროექტის გაძვირება.

არადა, ამ გაძვირების ძირითადი მიზეზი ისევ ბულგარული მხარე გახდა, რომელმაც რამდენიმე წელი გააჭიანურა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, სანამ მთელ მსოფლიოში არ გაძვირდა საინჟინრო სამუშაოების ღირებულება. გაჭიანურება კი პროექტზე გააფთრებული თავდასხმების გამო მოხდა, რომლებსაც ბულგარეთის მემარჯვენე პოლიტიკოსები და მასმედია ახორციელებდა. თუმცა, სოციალისტების მთავრობამაც ვერ გამოიჩინა სათანადო სიმტკიცე, რადგან ძლიერ ზეწოლას განიცდიდა ბრიუსელიდან – ევროკავშირის სტრუქტურებიდან.

მაგრამ მიუხედავად პროექტის ღირებულების ზრდისა, ის მაინც მომგებიანი რჩება ბულგარეთისთვის, რადგან რუსეთის მხარე სთავაზობს მას შეღავათიანი კრედიტის გამოყოფას თანხის ასანაზღაურებლად. ამავე დროს, დასავლური ატომური კონცერნების პროექტები კიდევ უფრო ძვირია, ვიდრე რუსული. უფრო მეტიც, „როსატომი“ (პროექტის განმახორციელებელი) იმაზეც წავიდა, რომ მასში ჩართო მთელი რიგი ევროპული კომპანიები, მაგალითად, „სიმენსი“ და სხვა. მაგრამ ამანაც ვერ „მოულბო“ გული ევროკავშირის ბიუროკრატიას და მათ ბულგარელ მხარდამჭერებს.

დღეს „როსატომი“ სთხოვს ბულგარულ მხარეს, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. სიტუაციის პოლიტიკურ მხარეს ისიც უსვამს ხაზს, რომ სადგურის მშენებლობაში 90–იან წლებში უკვე ჩადებულია რამდენიმე ასეული მილიონის სამუშაოები და კონტრაქტის საბოლოოდ გაწყვეტის შემთხვევაში, ბულგარეთს მოუწევს გადაიხადოს კიდევ 200 მილიონი ევროს საჯარიმო სანქციები. მაგრამ ამხელა ზარალი და აუშენებელი ატომური სადგურიც არ წარმოადგენს არგუმენტს პროევროპული პარტიებისთვის, რომლებიც თავიანთი „პატრონების“ დირექტივებიდან გადახვევას ვერ ახერხებენ.

ყველა დიდი აჟიოტაჟი კი „სამხრეთის ნაკადის“ ირგვლივაა ატეხილი. განსხვავებით წინა ორი პროექტისა, დასავლეთ ევროპა ამ გაზსადენის წინააღმდეგ პირდაპირ არ გამოდის. უფრო მეტიც, მასში ჩართული არიან მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები, როგორებიცაა იტალიური „ENI” და ფრანგული “EdF”. მაგრამ აქ სხვა პრობლემაა: დასავლეთ ევროპაში უფრთხიან ვითომდა რუსეთის ენერგეტიკულ „ბატონობას“ ევროპაზე. ამის გამო მიიღეს ე.წ. „სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის“ კონცეფცია, რომლის მიხედვით გაზსადენების სისტემა უნდა აშენდეს რუსეთის გვერდის ავლით. ამ სისტემის მთავარი ელემენტია გაზადენის პროექტი „NABUCCO“.

თუმცა, ბრიუსელის საუბედუროდ, „ნაბუკოს“ გაზსადენისთვის გაზი ფიზიკურად არ არსებობს. უფრო სწორად, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წინასწარ თანხმობას იძლევა თავისი ბუნებრივი აირი გაუშვას ამ გაზსადენში, არის აზერბაიჯანი. მაგრამ მისი რესურსები საკმარისი არაა საპროექტო სიმძლავრეების სანახევროდ შესავსებადაც კი. ამიტომ ევროპა იძულებულია, თანხმობა მისცეს ბულგარეთს, რომ მან კონტრაქტი გააფორმოს რუსეთთან „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის დაწყების შესახებ. რომ არა „ნაბუკოს“ ირგვლივ შექმნილი პრობლემები, ბულგარეთი ვერც „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენს ეღირსებოდა, რომლის სიმძლავრეც ორჯერ მეტია „ნაბუკოზე“.

ამგვარად, მოყვანილი მაგალითებიდან საკმაოდ კარგად ჩანს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, კერძოდ, ბულგარეთს, რეალურად აღკვეთილი აქვთ უფლება მათთვის საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ და დაამყარონ თუნდაც ეკონომიკური კავშირები სასურველ ქვეყნებთან. საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე ლამაზი საუბრებით შეფუთულია არანაკლებ, თუ მეტად არა, მკაცრი და სკრუპულოზული დიქტატის სისტემა, ვიდრე სოციალისტური ბანაკის და ე.წ. გეგმიური ეკონომიკის დროს არსებობდა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"