ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
15.03.2011
ქარიშხალი ჭიქაში თუ აშშ შეელევა სააკაშვილს?

2011 წლის 15 მარტს ე.წ. "სახალხო კრებამ" თბილისში, კალათბურთის სასახლეში გამართა შეკრება, სადაც მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

„2010 წლის 25 ნოემბერს, „სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე“ ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება და მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომელთა აღსასრულებლად კრების მიერ გაწეულ იქნა უდიდესი სამუშაო.

საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში დაფუძნდა სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონული და დევნილთა კომიტეტები, შეიქმნა ახალგაზრდული მოძრაობა, დაფუძნდა მოძრაობა „სამართალი მოდის“, ხელისუფლების უკანონობისა და ძალადობისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით დაარსდა „შეფიცულების“ ინსტიტუტი. გაიმართა რამდენიმე მასშტაბური შეკრება.

ჩვენ ხალხის ნებას ბოლომდე აღვასრულებთ!

ახლა კი გეუბნებით, რომ ეს არის ამ ტიპის ბოლო შეკრება!

დღეს კარგად გამოჩნდა თბილისის კომიტეტების მზადყოფნა, ასევე სრულად მობილიზებულია და მზად არის საქართველოს მთელი მასშტაბით შექმნილი სამოქალაქო წინააღმდეგობის 52 (70%) კომიტეტი, 22 კომიტეტი მუშაობის პროცესშია და მათი მზადყოფნის შესახებ განაცხადს უმოკლეს ვადაში ველით.

დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც რეალურად უნდა ამ რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება და ვინც არ გაურიგდება ხელისუფლებას.

აღმასრულებელი საბჭო დღეს ყველა კომიტეტს, შეფიცულებს, ახალგაზრდულ მოძრაობას აძლევს დავალებას - ჩვენ ყველანი გადავდივართ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე, ცხადდება სრული მობილიზაცია, ჩვენმა ხმამ უნდა შეაღწიოს ყველა ოჯახში.

ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებისთანავე სახალხო კრება იწყებს ბრძოლის გადამწყვეტ, საბოლოო ეტაპს, გამოვაცხადებთ მოქმედების კონკრეტულ გეგმას. ამ დღისთვის მთელი საქართველო მზად უნდა იყოს!

ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ საქართველოს ამ დანაშაულებრივი რეჟიმისგან არ გავათავისუფლებთ!

ამ ბრძოლაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“

* * *

მიუხედავად ამ სიტყვებისა, მაინც ეჭვს იწვევს ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის მზაობა რეალურ და არა მოჩვენებით კონფრონტაციაში შევიდეს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, რომლის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. უფრო სწორად, ვისი მარიონეტიც არის საქართველო და მისი ხელისუფლება. დღეს თითქმის ყველამ იცის, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა აშშ–ს პოლიტიკის ზუსტად ისეთივე მარიონეტია, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლება. ამის დასტური იყო წინა წლების მოვლენები, როცა ოპოზიციამ ამერიკის ზეწოლის და ბრძანებების შედეგად უარი თქვა რადიკალურ ქმედებებზე.

ასე რომ, საქმე თავად აშშ–ს ადმინისტრაციაშია. როგორც ცნობილია, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ტრადიციულად ამერიკელ რესპუბლიკელებთან იყო ასოცირებული და მჭიდრო კავშირები ჰქონდა რესპუბლიკურ წრეებთან. ამის მაგალითია არა მხოლოდ პრეზიდენტ ბუშთან ურთიერთობები, არამედ სენატორ ჯონ მაკკეინის უპრეცედენტო მხარდაჭერა მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს და თუნდაც დონალდ ტრამპთან ახლანდელი „ფლირტი“, რომელიც რესპუბლიკურ ბანაკშია. ამავე დროს, სააკაშვილი ყოველთვის ცდილობდა კონტაქტები ჰქონოდა დემოკრატებთანაც. ეს მოდის ჯერ კიდევ 90–იანი წლებიდან. დემოკრატთა წრეებში მისი მთავარი ლობისტი და მფარველი ბოლო ხანებში იყო აწ გარდაცვლილი რიჩარდ ჰოლბრუკი. მაგრამ ფაქტია, რომ აშშ–ს რესპუბლიკელები სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური ამფსონებისთვის უფრო ახლობელი არიან.

შესაბამისად, ეს პარტია (რომელიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ პარტია არ არის, არამედ ამერიკის ისტებლიშმენტის ნაწილი. ისინი ამჟამად აკონტროლებენ კონგრესის ქვედა პალატას) არ უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოში არსებული სიტუაციის შეცვლით. მაშინ გამოდის, რომ თუ რაიმე სერიოზულ მოძრაობასთან გვაქვს საქმე, მის უკან ამერიკელი დემოკრატები უნდა იდგნენ, ანუ ამჟამინდელი ადმინისტრაცია.

თეორიულად ამის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა მაინც საეჭვოა, რომ ობამას ადმინისტრაცია ამ ეტაპზე წავიდეს სააკაშვილის რეჟიმის შესუსტებაზე და მით უმეტეს, შეცვლაზე. თუკი ეს მაინც მოხდა, ანუ ოპოზიციურმა გამოსვლებმა სერიოზულად დაასუსტა არსებული რეჟიმი და მის არსებობას საფრთხე შეუქმნა, ეს იქნება მხოლოდ ამერიკიდან სანქციის პირობებში და არავითარ შემთხვევაში, მოსკოვის, პეკინის ან კუალა–ლუმპურის „ხელის“ გამოისობით.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"