ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
11.02.2011
საქართველოს ადგილი ახალ მსოფლიო სისტემაში

დღეს, როდესაც ხელისუფლება ადგილობრივ პოლიტიკოსებს უკრძალავს რუს პოლიტიკოსებთან კონტაქტს, აბრკოლებს ქართველი და რუსი მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა შეხვედრებს, დაბოლოს, უკვე რესტორნებში რუსული სიმღერების შესრულების აკრძალვაზე გადავიდა, კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ ქართველ ხალხში სწრაფვა რუსული კულტურისადმი და რუს ხალხთან სულიერი ერთობისადმი ღრმად არის გამჯდარი, რის ამოძირკვას ცდილობს ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით.

ჩვენმა ხელისუფლებამ ანტირუსული პარადიგმა დანერგა პოლიტიკურ (ამ სიტყვას ხაზს ვუსვამ) აზროვნებაში და იგი ფაქტობრივად ოფიციალურ, დოქტრინალურ რანგში აიყვანა („რაც უფრო დისტანცირებულნი ვართ რუსეთის მიმართ, მით უფრო მაღალია ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი“ - შედარებისთვის იხ. Суверенитет). შესაბამისად, ჩვენ, ვინც ამგვარ მიდგომას არ ვიზიარებთ, თუნდაც რაოდენობრივად საზოგადოების დიდ უმრავლესობას შევადგენდეთ, იძულებულნი ვართ, თავდაცვითი პოზიცია დავიკავოთ და ვამტკიცოთ, რომ „მოღალატეები“ და „აგენტები“ არ ვართ. ამიტომაც უმეტესობა დუმილს ამჯობინებს, ვერ ბედავს აზრის ღიად გამოთქმას. რომც გამოთქვას აზრი, სად გააჟღერებს? ელექტრონული მას-მედია მთლიანად ოფიციოზის ხელშია და ოფიციალური პროპაგანდა თრგუნავს თვით ოპოზიციურად განწყობილ მედიასაც კი, ხშირ შემთხვევაში მოწმენი ვართ, როგორ იმართლებენ თავს ესა თუ ის ოპოზიციონრები და ამტკიცებენ, რომ არ არიან „აგენტები“.

საქმის ამგვარი ვითარება საქართველოსთვის მეტად სავალალოა, რადგან ქვეყნის ინტერესების პრაგმატული განსაზღვრის საშუალებას არ იძლევა და ხელს აძლევს მხოლოდ იმ გარე ძალებს, რომლებიც სარგებლობენ რუსეთთან საქართველოს ირაციონალური კონფრონტაციით (რა თქმა უნდა, ამით რუსეთის მიერ დაშვებული შეცდომები არ მავიწყდება, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა). ეს ძალები კი დასავლეთს, პირველ რიგში, აშშ-ს წარმოადგენენ.

რთულია, ცალსახად ვამტკიცო, რით არის განპირობებული საქართველოს ეს ფრიად სავალალო უნიკალურობა, მაგრამ ფაქტი აშკარაა. საქართველო გამოდგა განსაკუთრებულად ნოყიერი ნიადაგი ყველა სახის ექსპერიმენტებისათვის. მხოლოდ აქ შეიძლება ნახოთ 27 წლის მინისტრები, 36 წლის პრეზიდენტი და მსგავსი კურიოზები. ასევე მხოლოდ საქართველოში შეიძლება დაიბრალოს პატრიოტიზმი ხელისუფლებამ, რომელიც სასწავლო პროგრამებიდან ქართული აგიოგრაფიის შედევრებს ამოიღებს, საქართველოს ისტორიის სწავლების საათებს შეამცირებს, წიგნებს იაფფასიანი არაფრის მაქნისი „ნოუტბუკებით“ ჩაანაცვლებს... სამაგიეროდ, ისევ ანტირუსული პარადიგმით ცდილობს პატრიოტიზმის დამტკიცებას - სპეციალურ სახელმძღვანელოს ამუშავებენ, სადაც სულ რუსულ ოკუპაციაზე იქნება საუბარი...

შესაბამისად, ვიტყვი, რომ საქართველო, თავისი ფსევდოდამოუკიდებლობის გარიჟრაჟიდან მოყოლებული, სულ გაბითურებულ მდგომარეობაშია. საქართველოს იყენებენ პროვოკაციულ ინსტრუმენტად (პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ). მას მისცეს ფორმალური დამოუკიდებლობა, რომელიც შინაარსით, განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისგან, ოდნავადაც ვერ შეავსო. საქართველოს ჩამოუყალიბეს მათხოვრის იმიჯი, იგი მუდმივად ვიღაცის ხელის შემყურე უნდა იყოს. შეხედეთ, პარლამენტის ვებ-გვერდს, დიდი სიამაყით აწერია, რომ ევროკავშირის მიერ არის ამ საიტის (!) შექმნა დაფინანსებული! თუმცა ეს იქით იყოს, დეტალია. საქართველოს მოუსპეს წარმოება, განსაკუთრებით მისი გული - სოფლის მეურნეობა ჩაკლეს. ჰკითხეთ სპეციალისტებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი სამჯერ მეტია საქართველოში, ვიდრე წარმოება. ხალხს უნერგავენ, რომ „მეგობარი სახელმწიფოები“ გვყავს და ისინი „გვეხმარებიან“, ჩვენ უნდა „ვისწავლოთ“ მათგან და ვართ კიდეც ამ მუდმივი „სწავლის“ პროცესში, თან მათ პროდუქციას ვყიდულობთ და მოვიხმართ. ხელისუფლებას ისინი მართლაც ეხმარებიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ანგარებით. საერთაშორისო პოლიტიკაში არ არსებობს უანგარო დახმარება, გარდა ჰუმანიტარული ტვირთებით მომარაგებისა.

ხელისუფლება აპელირებს ნაციონალისტურ გრძნობებზე. ამ გრძნობების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ანტირუსული უაზრო რიტორიკით ფონს გასვლა. ნაციონალიზმი დასავლეთში შექმნილი „პროდუქტია“, იგი ე. წ. „განმანათლებლობამ“ და სეკულარიზაციამ მოიტანა, როდესაც ევროპაში დაიმსხვრა სახელმწიფოს საკრალური გაგება და იგი ნაციონალურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. მე-20 საუკუნეში ყოველივე ეს ორი მსოფლიო ომით, ნაციზმითა და სხვა განსაკუთრებული მასშტაბის კატასტროფებით „დაგვირგვინდა“. მე მომხრე ვარ, რაც შეიძლება მალე მოისპოს ჩვენში ნაციონალიზმი როგორც ეთნიკურ, ისე სახელმწიფო დონეზე. ამის გაკეთება რელიგიას შეუძლია. არა რიტუალურად გაგებულ მართლმადიდებლობას, რომელსაც ნერგავენ „ზემოდან“, არამედ გრიგოლ ხანძთელის საქართველოს აღორძინებას...

21-ე საუკუნე ცივილიზაციების დაპირისპირების ხანაა და არა ეროვნებების. ქართული ცნობიერების და იდენტობის გადარჩენა შეუძლებელია ნაციონალისტურ ჩარჩოებში, საქართველო შეიძლება მხოლოდ დიდი მართლმადიდებელი ცივილიზაციის ფარგლებში, როგორც ამ ცივილიზაციის შემადგენელი ნაწილი, გადარჩეს. დაღუპვისთვის არიან განწირულნი აფხაზებიც და ოსებიც, თუკი ისინი ამას ვერ შეიგნებენ. მეტიც, დიდი რუსეთიც არის დაღუპვისთვის განწირული, თუკი იგი საკრალური იმპერიის იდეიდან საბოლოოდ გადაუხვევს და თავს მოიაზრებს, როგორც ნაციონალური სახელმწიფო, „ცივილიზებული მსოფლიოს“ ნაწილი. დასავლეთი არის ერთი დიდი ნეოწარმართული ცივილიზაცია, აღმოსავლეთით გვესაზღვრება მზარდი ისლამური ცივილიზაცია, შორეულ აღმოსავლეთში არის აყვავების გზაზე მდგარი კონფუციანური ჩინური ცივილიზაცია... აი ამ დიდ ცივილიზაციებს შორის გაიჭყლიტება მართლმადიდებელი სამყარო, თუ იგი, ასე ვთქვათ, გონს არ მოვა და ნაციონალური სახელმწიფოების ფარგლებში ერთმანეთის „ჭამას“ არ შევეშვებით და თავად არ ჩამოვყალიბდებით დიდ ცივილიზაციურ, თვითკმარ ცენტრად. აი ეს იქნება ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის საუკეთესო გარანტი - რეალურის და არა დეკლარატიულის, ზიზილ-პიპილო დროშებით მოფენილის... ჩვენთვის სუვერენიტეტი არა თვითმიზანი, არამედ ჩვენი იდენტობის, რწმენის, შინაგანი თავისუფლების რეალიზების საშუალება უნდა იყოს. ჩვენ ეს ჯერ-ჯერობით ვერ გაგვიგია და ვართ სრულიად დეზორიენტირებულნი, რის შედეგებსაც ვიმკით.

ეკლესია წარმოადგენს ერთადერთ ინსტიტუციას ქვეყანაში, რომელსაც ამ ქვეყნის გადარჩენა შეეძლო და ჯერ კიდევ შეუძლია. თუმცა სურათი სავალალოა, როდესაც ქვეყანაში ფსევდომორწმუნეობა ჭარბობს, ხოლო სასულიერო პირები თრთიან „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ წინაშე.

უნდა ვისწავლოთ ფართო მასშტაბით აზროვნება, გამოვიდეთ ვიწრო-ნაციონალისტური ნაჭუჭიდან, ამერიკის და ევროპის ორბიტაში ყოფნით ჩვენი დამოუკიდებლობა პირობითია, ამას ამტკიცებს განვლილი ოცი წლის გამოცდილება. საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა არა „ფერად რევოლუციებში“ პროვოკაციული მონაწილეობით, არამედ თავისი ტრადიციული ფასეულობებისადმი ერთგულებით უნდა განისაზღვრებოდეს, ეს ფასეულობები კი მართლმადიდებელი ქრისტიანობიდან გამომდინარეობს. მე სულაც არ ვქადაგებ იმას, რომ პოლიტიკის და რელიგიის აღრევა მოხდეს ერთმანეთში, მე უბრალოდ ყურადღებას ვაქცევ ფაქტს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რელიგიით განსაზღვრული ცივილიზაციების შეჯახებათა ეპოქაში (ეს თეორია კი, როგორც ცნობილია, ჩემი შეთხზული არ არის). ამ ეპოქაში ტრადიციული წარმოდგენები სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ მოძველებულია, უნდა ვიაზროვნოთ კონტინენტების მასშტაბებით, როგორც ამას გენერალი იორდის ფონ ლოჰაუზენი წერდა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გლობალურ პროცესებში ლიდერები და „ყველაზე მაგრები“, ჩვენ ჩვენი მასშტაბები და ადგილი არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ საქართველოს შეუძლია, თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ახალ მსოფლიო სისტემაში.

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"