ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
02.02.2011
თინეიჯერული ექსპერიმენტი და მენტალური სიბერე

ქართული გამოთქმა - დაბერდა და გონება გამოეცალა, ზუსტად შეეფერება იმ პირის აზროვნებას, რაც მთავარია, ქვეყნის მართვის სტილს, საქართველოს მოსახლეობა ბოლო 6 წლის განმავლობაში ყოველდღიურად რომ აწყდება. ასაკიდან გამომდინარე ძნელია მას დაბერება დასწამო. ამ ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას პოლიტიკოსი. ასეა ყველგან, მაგრამ არა საქართველოში.

ამას წინათ ამერიკაში მყოფმა სააკაშვილმა თავი შეიქო არა მარტო „წარმატებული“ რეფორმებით, არამედ მმართველი გუნდის ახალგაზრდობით. რა გაეწყობა, შეცდომა დაშვებულია. მისი გამოსწორება უჭირს ხალხს, მითუმეტეს შეცდომებს დაჩვეულს.

დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე არა ერთ ან ორ შეცდომას ჰქონდა ადგილი, ყველა მათგანი საბედისწერო გამოდგა, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს.

სოფლის შენება არცთუ იოლი ყოფილა, რაც თვალნათლად დამტკიცდა სამივე მმართველის და მათი გუნდების სახელისუფლებო „მოღვაწეობით“.

მმართველობის გათინეიჯერების ექსპერიმენტი, რასაც საქართველოში აქვს ადგილი, ოკეანის გადაღმელთა მიერ არის შეთხზული. მისი არსი წარსულთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტაში გამოიხატება, ამასთანავე, დაახლოებაში სრულიად ახალთან, უცხოსთან, მენტალურად ძალიან შორს მყოფთან.

ხალხის აზროვნებაზე თამაში, ძალისმიერი გადაწყვეტილების თავსმოხვევა, არაკეთილშობილური და რაც მთავარია, უპერსპექტივო საქმეა.

შოკური თერაპია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპამ გამოიყენა სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის დროს, არცთუ წარმატებული გამოდგა. მითუმეტეს წარმოუდგენელია მენტალური თერაპიის დამკვრელური წესით განხორციელება.

საზოგადოება ვერ ეგუება ხელისუფლების, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორის ახალგაზრდა, გამოუცდელი, უსწავლელი კადრებით მოზღვავებას. არც ერთ ქვეყანაში თაობებს შორის დაპირისპირების ტემპერატურა ისეთი მაღალი არ არის, როგორც საქართველოში, რაც ამერიკული ექსპერიმენტის უსუსურობის უტყუარი დასტურია. ექსპერიმენტმა გააახალგაზრდავა კორუფცია, გარყვნა ახალი თაობა, თინეიჯერულ ასაკში დააჩვია ყოვლისშემძლეობას, სახელმწიფო ხარჯების უყოყმანო მითვისებას. როდესაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავის თავს თვეში 15 ათას ლარს დაუნიშნავს, გარდა ამისა, ერთი იმდენს ხელფასზე დანამატის სახით, პრემიას 200 ათასი ლარის ოდენობით და არ დაისჯება, ძნელია ილაპარაკო კორუფციის დამარცხებაზე.

საბჭოთა პერიოდში მსგავსი ვოლუნტარიზმი შეუძლებელი იყო საფინანსო სისტემის მკაცრი ჩარჩოების წყალობით და თუ ვინმე მაინც მოახერხებდა დაწესებულების ბიუჯეტის მითვისებას, ხანგრძლივი ციხე გარანტირებული ჰქონდა. დღეს დაწესებულების ხელმძღვანელს დაწესებულებისთვის წლიურად გამოყოფილი ბიუჯეტი თავის საკუთარი ჰგონია და სურვილისამებრ იყენებს.

მაგრამ ახალგაზრდებიც ბერდებიან. ასაკთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნის სიკეთეებს ისე ეჩვევიან, რომ უჭირთ მასთან განშორება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ისინი გაცილებით პრაგმატულები არიან, ვიდრე მათი მამები და პაპები. ამდენად ხელისუფლებაში, თუნდაც მოკლევადიანი ყოფნის პერიოდში, უზრუნველი ცხოვრებისათვის საჭირო კაპიტალის დაგროვებასაც ახერხებენ და ბიზნესის შექმნასაც.

ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ აშკარად სახეზეა დაბერება, ცხადია არა ასაკიდან, არამედ გონებიდან გამომდინარე. მენტალური სიბერე უპირველესად სააკაშვილს ემჩნევა.

მენტალური სიბერე განსაკუთრებით თვალშისაცემია საჯარო გამოსვლის დროს, მითუმეტეს თუ ასეთი საათობით გრძელდება. საქართველოს მოსახლეობას სულ ახლახან ჰქონდა შანსი დარწმუნებულიყო ამაში. პრეზიდენტის ტელეშოუ, როგორც ფორმით, ისე შინაარსით ერთობ დაბერებულად გამოჩნდა. რა არ ითქვა ამ გადაცემის შესახებ - ცუდად დადგმული სპექტაკლი, უკბილო შოუ, პრეზიდენტის ფარსი და სხვა. არის კრიტიკაც, თანაც საკმაოდ მძაფრიც, გაცილებით მეტი, ვიდრე წინა შოუების დროს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. კრიტიკის ობიექტი გაჯიქებულია, მას იოტისოდენადაც არ სურს საკუთარი პოლიტიკის შეცვლა. მას არ ანაღვლებს მოსახლეობის მზარდი გულისწყრომა, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ სიბრაზე ქუჩაში არ გამოვა. საკუთარ თავში ნარცისივით შეყვარებული სააკაშვილი წარმოუდგენლად მიიჩნევს საკუთარი სამწყემსოს ისე აზვირთებას, რასაც ადგილი აქვს ტუნისში, ალჟირში, იემენში, ეგვიპტეში, . . . არცთუ ისე შორს საქართველოდან, არადა საღ გონებაზე მყოფი მმართველი მხედველობაში მიიღებდა იმ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, სათანადო დასკვნებს გააკეთებდა და ისე გამომწვევად, უკმეხად, უბრალოდ უზრდელურად არ დაელაპარაკებოდა ხალხს, რასაც ადგილი ჰქონდა სატელევიზიო შოუს დროს.

პატივცემული მიხეილი ისეთივეა, როგორიც 6 წლის წინ იყო - ზედაპირული, ყოყოჩა, ტყუილებით აღსავსე. ასეთი პრეზიდენტი ძვირად უჯდება ხალხს, როგორც ეკონომიკური, სოციალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ქვეყანამ იცის ეს, მაგრამ მორჩილად უგდებს ყურს. მას არ აქვს ისეთი შემართება, როგორც ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს. და რახან არ აქვს, თავი უნდა დაანებოს სამზარეულოში ბუზღუნს და დატკბეს იმ „ნოვაციებით“, რომლებსაც უხვად თავაზობს ხელისუფლება - თბილისის ქუჩებზე გადებული უფუნქციო რკინის ხიდებით, გმირთა მოედნის ესტაკადით, სამომავლო მეჩეთებით, დუბაისა და სინგაპურის მსგავსი ბათუმით, ახალი მესტიით; დატკბეს „ნიუ-იორკ ტაიმსში“, „ვაშინგტონ პოსტში“, სხვა გაზეთებსა და ტელეკომპანიებში დაბეჭდილ-გაშუქებული შეკვეთილი მასალით; დატკბეს ტრამვაის დაბრუნებით, თბილისის რკინიგზის გადატანით, ქ. ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობით, სააკაშვილის მიხედვით, წარმატებული ეკონომიკური „ზრდით“, . . . რომელი ერთი ჩამოვთვალო, საკუთარი ჯიბისათვის ფულის შოვნის პროექტებს ხომ ბოლო არ უჩანს.

სულ ახლახანს ქალაქის მერმა თბილისელებს ახარა დიღმის გზაზე, აღმაშენებლის ძეგლთან, სატრანსპორტო გვირაბის მშენებლობა. არავის დაუსვამს კითხვა - რა საჭიროა ასეთი? და რომც დაესვა უმალ მიახლიდა მერი - თქვენი კეთილდღეობისათვისო. საქართველოს მოსახლეობის „კეთილდღეობისათვის“ კეთდება ყოველივე, ოღონდ ვალით, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას.

საქართველოს ვალმა 9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, პატარა ქვეყნისათვის, თანაც ეკონომიკური თვალსაზრისით, განუვითარებელისთვის გამაჟრჟოლებელი თანხაა.

საქართველოს მოსახლეობა რა ხანია „ტკბება“ კვების პროდუქტებზე, ფართო მოხმარების საქონელზე, მომსახურებაზე ფასების კატასტროფული მატებით, გაქანებული ინფლაციით (და არა ინფლიაციით, როგორც სააკაშვილი გამოთქვამს) და თუ ზემოთჩამოთვლილი „სიკეთეები“ არ ატკბობს, ისე უნდა მოიქცეს, როგორც შეეფერება საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მატარებელ პირს, სამშობლოზე შეყვარებულს და არა შეურაცხყოფის პერმანენტულ ამტანს, საკუთარ კუჭზე ორიენტირებულს.

მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ძალა აქვს პრეზიდენტის ნაჩუქარ ინდაურს, ორდენებსა და მედლებს, მხარზე ხელის მოთათუნებას. საპასუხოდ რამდენ „ბრძნულ“ და საკუთარი სამომავლო ბედნიერებისათვის გათვლილ სიტყვას ათქმევინებს მავანს „უფალი“ მიხეილი, ისეთს, როგორიც სააკაშვილის შოუს სტუმარს კაჭარავას ათქმევინა.

სააკაშვილის ქებაში, განსაკუთრებით, მისი დემოკრატიულობის შეფასებაში ტოლი არავის დაუდო საქართველოში ლიტვის ელჩმა - პრეზიდენტისა და ხალხის მსგავსი დემოკრატიული დიალოგი არასდროს მინახავსო, ბრძანა მისმა აღმატებულებამ, პირწმინდად დაივიწყა რა ბალტიისპირელთა „დაუძინებელი“ მტრის პუტინის სატელევიზიო გამოცდილება.

პრეზიდენტის შოუს ვირტუალურ „სტუმრებში“ პუტინს პირველობას ვერავინ შეეცილება. 6 წლის განმავლობაში სააკაშვილი პუტინით იღვიძებს და იძინებს. პუტინი სააკაშვილის განუყოფელი თანამგზავრია. რამდენი „საქებარი“ სიტყვა მიუძღვნა სააკაშვილმა თავის „სათაყვანებელ“ რუს პოლიტიკოსს ბოლო 6 წლის განმავლობაში, ვის და რას არ შეადარა ის, მაგრამ ბოლო შედარება ისეთი განსაკუთრებული იყო, რომ სტუდიაში გვერდით მჯდომი გოგონა-ჟურნალისტი აღტაცებით, ლამის ყურებამდე გაიხა.

„რეპტილის დონის პოლიტიკოსთან მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია“, - ბრძანა მიხეილმა და დაგვარიგა, თუ როგორ უნდა ავუაროთ გვერდი ჭაობში მყოფ, ხახადაღებულ „კრაკადილ“ - პუტინს.

პრეზიდენტმა ძალა არ დაიშურა იმის ახსნისათვის, ღირს თუ არა რუსეთის კულტურის მოღვაწეებთან ჩახუტება, ცხადია დასკვნა იყო უარყოფითი. რაოდენ ბედნიერი უნდა იყოს ერი, რომელსაც პრეზიტენტისგან უანგაროდ შეუძლია მიიღოს რჩევა (იქნებ ბრძანება!) ვისთან უნდა იმეგობროს მან. თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად მზამზარეულ ინსტრუქციას ირგუნებს ისეთ ფუძემდებლურ საკითხშიც კი, როგორიცაა ტუალეტში წასვლა.

სააკაშვილის შოუ, შემეცნებითი თვალსაზრისითაც იყო აღსანიშნავი. მარტო მარცვლეულზე ფასების ზრდის მისეული განმარტება რად ღირს - ის, რომ მშიერმა ჩინეთმა ჭამა დაიწყო და არა მარტო ჭამს ეს შეჩვენებული, მანქანებსაც ყიდულობს. რა გამოდის? გამოდის ის, რომ ჩვენს შესაჭმელს მილიარდნახევარი ჩინეთი ჭამს და გაიზრდებოდა ფასები პროდუქტებზე, აპა არა?

სააკაშვილის ამერიკელ ძმებს ხშირად უყვართ საერთაშორისო პოლიტიკაში სიტყვა - „სოფტ პაუერის“ გამოყენება, რაც უხეშად ნიშნავს იმას, რომ ნაცვლად იარაღისა რბილი ანუ ჩვენებურად „ლაითი“ სიტყვით მიაღწიო წარმატებას. აქედან გამომდინარე, ახალი კავკასიური ტელეარხის დანიშნულება ის კი არ არის, რომ რუსეთს აუბუნტოს ჩრდილო კავკასია, არამედ გაზარდოს ჩრდილო კავკასიელები ისე, რომ იარაღით საქართველოს არ შემოესიონ. „პაციფისტი“ და შორსმხედველი პრეზიდენტი მილიონობით დოლარს ხარჯავს ამ „კეთილშობილური“ საქმისათვის, მაშინ, როდესაც საკუთარ მოსახლეობას შიმშილით კუჭი უხმება.

კავკასიური ტელევიზია, ისევე, როგორც ზემოთჩამოთვლილი პროექტები, სულ მალე ძმრად ამოედინება საქართველოს მოსახლეობას. ვალს დაფარვა უნდა ან ნაცვლად, ქვეყნის გასხვისება, ცხადია მოსახლეობიანად. პერსპექტივა ერთობ მძიმე და დასაფიქრებელია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"