ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
08.02.2011
რატომ ელოლიავებიან ყოფილი საბჭოთა დისიდენტები დესპოტ სააკაშვილს - ინტერვიუ რომან ფინთან

"ჩემთვის მოულოდნელი იყო იმის აღმოჩენა, თუ რა ცოტა იციან ჩემმა მოსკოველმა მეგობრებმა – უფლებადამცველებმა, რა ხდება საქართველოში. არადა, ისინი საკმაოდ აქტიურად არიან დაკავებული ჩვენი ქვეყნით, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ"...

Tribuna.ge. /შენიშვნა: ინტერვიუ სრულ ფორმატში იხ. ჩვენი საიტის რუსულენოვან განყოფილებაში/. რომან ფინი (რუვიმ ტეველის ძე ფინი), წარსულში საბჭოთა დისიდენტი, მეცნიერი, ამჟამად მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის და სხვა საერთაშორისო სამწერლობო ორგანიზაციების წევრი. დაიბადა რუსეთში, 1941 წელს. მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ბიოფიზიკის ინსტიტუტში. 1971 წლის თებერვალში დააპატიმრეს დისიდენტური მოღვაწეობისთვის, შეურაცხადად ცნეს და სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩასვეს. განთავისუფლების შემდეგ, 1973 წელს, განაგრძო ისტორიულ–ლიტერატურული კრიტიკოსის საქმიანობა. 1980 წელს გაემგზავრა კანადაში. 1999 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობს საქართველოში, 2009 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. გამოაქვეყნა 4 წიგნი. ჰყავს ქართველი მეუღლე – მარინე მაჭავარიანი.

“Почему я полюбил Грузию – не знаю. За что, тоже не скажу. Так вышло. Что-то вело и привело, что-то должен был здесь сделать. Ну, например, все мои книги написаны здесь. Что не исключает возможности их написания в любом другом месте. Но так случилось”.

– ბატონო რომან, განსხვავებით სხვა საბჭოთა დისიდენტებისგან (მაგალითად, ვ. ბუკოვსკისგან), თქვენ მკაცრად აკრიტიკებთ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას და მის პოლიტიკას დამღუპველად მიიჩნევთ. გვითხარით ძირითადი მოსაზრებები, რატომ არის თქვენთვის სააკაშვილის რეჟიმი მიუღებელი.

– არ იყო საჭირო წინასწარმეტყველური ნიჭი, რომ 2003 წლის ბოლოს ცხელ დღეებში მიმხვდარიყავით, რა მოელოდა საქართველოს შემდგომში. უბრალოდ, რეალობისთვის თვალი უნდა გაგვესწორებინა. სამწუხაროდ, ცოტა ვინმე თუ მიხვდა, რომ ეს იყო არა უბრალო მიტინგები, არამედ უკვე გადატრიალება და ხელისუფლების მიტაცება ხდებოდა. მე ვხედავდი, რომ ეს ადამიანები ხელში იგდებენ ძალაულებას, როგორც ხორცის მსუყე ნაჭერს. მოვლენების ამ კუთხით დანახვამ განაპირობა მომხდარის გააზრებაც. ყველაფერში, რასაც ისინი აკეთებდნენ და აკეთებენ, ჩადებულია დანაშაული. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ სხვაზე ჭკვიანი ვარ, უბრალოდ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით მე შემეძლო სხვანაირად დამენახა და გამეგო ბევრი რამ.

რითია ჩემთვის მიუღებელი სააკაშვილის რეჟიმი?

1. როგორ აიღეს მათ ძალაუფლება. პირველი, რაც სააკაშვილმა გააკეთა, იყო ის, რომ სხვისი ჩაის ჭიქა მოიყუდა და დალია. ეს იყო მისი პირველი სახელმწიფოებრივი აქტი, პირველი დეკრეტი. მიიტაცე, გაძარცვე, ჭამე, სვი, იცხოვრე შენს გემოზე. ხელისუფლებაში ყოფნა პირადი გამდიდრების არნახულ საშუალებებს იძლევა. ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს კლეპტოკრატებმა. მათ ის სჭირდებოდათ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ცხოველური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. ამ ყაჩაღებს არაფერი გააჩნიათ, გარდა მდაბიო, არაადამიანური ვნებებისა, ისინი უზნეონი არიან თავისი არსით. შეხედეთ მათ გარყვნილ სახეებს, სხეულის მოძრაობას, თავის დაჭერას – ყველაფერი ააშკარავებს მდაბიურ წარმოშობას, სულიერი კეთილშობილების და კულტურის უქონლობას. ისინი ფუნდამენტურად გაუნათლებელი არიან, განსაკუთრებით ქვეყნის მართვის საკითხებში, ეკონომიკური და სოციალური განვითარების, განათლების უზრუნველყოფაში.

შეგვიძლია მთელი ტომები ჩამოვწეროთ, რომელთა ფურცლები სავსე იქნება არა მარტო მათი უთავბოლობის აღწერით, არამედ დანაშაულებებით. ამის მწვერვალია ომი, რომელიც მათ დაიწყეს, საზარელი შედეგებით – ტერიტორიის 20%–ის დაკარგვით, 150 ათასი ადამიანის დევნილად ქცევით საკუთარ ქვეყანაში! ამ ადამიანების ტანჯვა უსაზღვროა. ახლა, შუა ზამთარში მათ ასახლებენ, ქუჩაში ყრიან.

2. მათი სიძულვილი საქართველოს მიმართ, მათი აქტიურობა, რომელიც მიმართულია საქართველოს განადგურების და სულიერი არსის მოსპობისკენ. აქ არის ბრძოლა ეკლესიასთან და პირადად პატრიარქთან, განათლების სისტემის მიზანმიმართული დანგრევა. აქვე შეიძლება აღინიშნოს აღმაშფოთებელი უპატივცემულობა ვეტერანების მიმართ, რომლებსაც შიმშილობის გამოცხადება დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად. მოშიმშილეები სცემეს, დააპატიმრეს – ამით ქართველი ხალხის პატრიოტული სულიერი არსი შეურაცხყვეს.

3. მათ საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთს გადასცეს. ე.წ. რევოლუციონერებმა ძალაუფლება მარტო თავისთვის როდი მიიტაცეს. მათ ჰყავთ პატრონები, რომლებმაც დასვეს კიდეც ესენი თბილ, შემოსავლიან ადგილებზე. ეს არის ევრო–ამერიკული დასავლური ბნელი ძალა, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ მიისწრაფვის. საქართველოს ეს ძალა იყენებს, როგორც ფორპოსტს რუსეთის, ირანის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ჩინეთისკენ მისასვლელი გზების გაკონტროლებისთვის. ქართველი ჯარისკაცები იბრძვიან და იღუპებიან ავღანეთში, მანამდე ერაყში. მაგრამ არა მხოლოდ აქ, არამედ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. ამ ყველაფერში ვაშინგტონის ხელია. ამის შესახებ მე დავწერე წიგნი: „ტანჯული საქართველო. ფიქრები“, რომელიც შარშან გამოვიდა.

– გაქვთ თუ არა კონტაქტები თქვენს კოლეგებთან – დისიდენტებთან რუსეთში და სხვა ქვეყნებში? აინტერესებთ მათ სავალალო სიტუაცია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ, თუ მათი იდეა–ფიქსი მხოლოდ პუტინის კრიტიკაა?

– ჩემთვის მოულოდნელი იყო იმის აღმოჩენა, თუ რა ცოტა იციან ჩემმა მოსკოველმა მეგობრებმა – უფლებადამცველებმა, რა ხდება საქართველოში. არადა, ისინი საკმაოდ აქტიურად არიან დაკავებული ჩვენი ქვეყნით, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ. ყველაფერს წინასწარ აკვიატებული პოზიცია განსაზღვრავს: „თუ პუტინი ცუდია, მაშინ სააკაშვილი კარგი უნდა იყოს. ჩემი მტრის მტერი – ჩემი მეგობარია“. ეს ადამიანები რუსეთში ღირსეულად იბრძვიან, მაგრამ როგორც კი საქართველოს შეეხება საქმე, თითქოს ერთგვარ კომაში ვარდებიან, ან ჰიპნოზში. სააკაშვილის ქება იგივეა, ჰიტლერს უძღვნა ხოტბა–დიდება. ამბობენ, თითქოს სააკაშვილი დემოკრატია, რეფორმატორი და რუსეთის აგრესიის მსხვერპლი.

ზოგიერთი რუსი დისიდენტი საქართველოშიც კი ჩამოდის და პირადად ხვდება სააკაშვილს, შემდეგ უკან ბრუნდება ფასიანი საჩუქრებით, ორდენებით და მთელ მსოფლიოში ავრცელებს ტყუილებს „შესანიშნავ ადამიანზე“ და მის „განსაცვიფრებელ წარმატებებზე“. გამოდიან „Эхо Москвы“–ს ეთერში და მიედმოედებიან, რომ თურმე „საზოგადოების რეფორმირების ქართული გამოცდილება რუსეთისთვის მიუღწეველი რჩება... სააკაშვილი ნაციონალური ლიდერია, რომელიც ქვეყანას ევროპული გზით მიუძღვება...“ და ა.შ. ძალიან სამწუხაროა ამგვარი ტირადების მოსმენა. ეს შეიძლება მხოლოდ ფულის გამო კეთდებოდეს, როგორც ამას სჩადიან ლატინინა, ილარიონოვი, ბოროვოი და სხვა რუსი „მედასავლეთეები“.

– თქვენი აზრით, რატომ დაუჭირა მხარი ე.წ. დემოკრატიულმა დასავლეთმა გაუწონასწორებელ სააკაშვილს, რომელმაც კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინა და დაარღვია ადამიანის ძირითადი უფლებები? ხომ არ გვაქვს საქმე ორმაგ სტანდარტთან?

– ეს არა ორმაგი, არამედ ერთიანი სტანდარტია. დასავლეთს საქმე არა აქვს იმასთან, გაწონასწორებულია თუ არა მისი ფავორიტი, მთავარია დავალებები შეასრულოს. რომ არ იყოს სააკაშვილი, დასვამდნენ ალასანიას ან ბურჯანაძეს. მაგრამ სააკაშვილი მშვენივრად მოერგო თავის როლს. ის ენერგიულია, შადრევანივით ისვრის სიტყვებს, „იდეებს“, ერთობ ნიჭიერია ყოველგვარი სისაძაგლის განხორციელებაში, აბსოლუტურად უზნეოა. მშობელ დედას გაყიდის, რაც გააკეთა კიდეც ქვეყანასთან მიმართებაში. კი, მშიშარაა, გარყვნილი, უკულტურო, გაუნათლებელი და სხვა „მშვენებებით“ შემკული, მაგრამ ჩვენს დროში ეს წვრილმანებია. თუ საჭიროა, შეცვლიან. შეხედეთ, როგორ იმპოზანტურად გამოიყურება გაეროს ტრიბუნაზე, ყველა იმ ტრიბუნაზე, რომელსაც თან დაათრევს ქუჩაში თუ მინდორში. ის, რომ სააკაშვილი ადამიანის უფლებებს არღვევს, დასავლეთს სულ არ ანაღვლებს. ეს არის მათი რეალური სტანდარტი. მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება დასაშვებია. მიზანი კი რუსეთის ჩრდილო კავკასიაში სიტუაციის მუდმივი დესტაბილიზაციაა.

– როგორ აფასებთ საქართველოს ამჟამინდელ ოპოზიციას? რა შეცდომები დაუშვა მან?

– ოპოზიცია საქართველოში აღარ არსებობს. ის მკვდარია. ოპოზიციამ არა შეცდომები დაუშვა, არამედ დანაშაულები ჩაიდინა. კაცმა რომ თქვას, ის ისევე უნდა გასამართლდეს სამშობლოს ღალატისთვის, როგორც ხელისუფლება, რადგან მუდმივად ბინძურ გარიგებებზე მიდიოდა სააკაშვილთან. მე რომ მკითხონ, ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დაიშალოს და მათ ლიდერებს აეკრძალოთ მოღვაწეობა. საქართველოში მხოლოდ ერთი ბელადია და ეს არის სააკაშვილი. ხელისუფლება კატა–თაგვობანას ეთამაშება ე.წ. ოპოზიციას, ის არასოდეს დათმობს თავის ნაძარცვ ქონებას და ძალაუფლებას.

– აქვს თუ არა, თქვენი აზრით, საქართველოს შანსი, რომ გამოვიდეს ამ უმძიმესი სიტუაციიდან?

– კითხვა შეიძლება ასე დაისვას: საერთოდ შესძლებს თუ არა საქართველო ამ ვითარებიდან გამოსვლას? ჩემს წიგნში არის ასეთი თავი: „გაძლებს საქართველო 2018 წლამდე?“ იქ პასუხი არაა, – მხოლოდ განსჯა. იყო საკმაოდ ღირსეული ინიციატივა სახალხო კრების მოწვევისა, მეც ვარ მისი დელეგატი. მაგრამ ეს წამოწყება თავიდანვე ზნეობრივი მარცხისთვის აღმოჩნდა განწირული, რადგან იქ ბურჯანაძეა. ამ ადამიანმა გადაწყვიტა სახალხო კრების გამოყენება. თითქმის ყველა პარტიამ უარი თქვა კრებაში მონაწილეობაზე, იმიტომ რომ იქ ბურჯანაძე მივიდა. ახლა მხოლოდ ერთი რამის იმედი რჩება: ესაა ხალხის სულიერი არსის შენარჩუნება და შენახვა. სამშობლო ჩვენშია, ჩვენ ვიცავთ მას. სხვანაირად მოღალატეები გამოვდივართ, ქვეყნის და საკუთარი თავისაც. თუ სამშობლო შენარჩუნდება – თითოეულ პატარა ნაწილაკში – ჩვენს გულებში, მაშინ ჩვენ გადავრჩებით. ჩვენ გავიმარჯვებთ.

ესაუბრა გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"