ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
21.01.2011
ენგურის ეთნოკვანძი

Tribuna.ge. არსებობს ასეთი ენერგეტიკული ტერმინი - ჰიდროკვანძი, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული ჰიდროტქნიკური ობიექტების კომპლექსს აღნიშნავს. მისი ანალოგიით, აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში არსებულ ეთნიკურ სიტუაციას ეთნოკვანძი ვუწოდეთ. არადა, საბჭოთა დროს, გალის რაიონი აფხაზეთში ყველაზე ერთგვაროვანი იყო ნაციონალური შემადგენლობით - მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტს ქართველები შეადგენდნენ.

თუმცა მეფის რუსეთში და საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ წლებში ამ რაიონის მცხოვრებლებს პერიოდულად სხვადასხვა ეთნოსის სახელით აღრიცხავდნენ - სამურზაყანოელებად, მეგრელებად, აფხაზებად ან ქართველებად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აფხაზეთის მმართველ წრეებში იყო ტენდენცია, გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილი ქართველებად კი არა, მეგრელებად მოეხსენებინათ. თუმცა, ბოლო დროს, ამ მოსახლეობის მეგრულ ეთნოსად იდენტიფიკაციის კუთხით აქტიურობა ოფიციალური სოხუმის მხრიდან აღარ შეინიშნება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

სწორედ აქ მივადექით იმ რთულ კვანძს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. 90-იან წლებში და შემდგომაც აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში და მის გალელ წარმომადგენლებში პოპულარული იყო ე.წ. მეგრული საკითხის მუსირება. ხორციელდებოდა პროპაგანდისტული კამპანია ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რომ ისინი არა ქართველები, არამედ მეგრელები არიან, რაც ცალკე ეროვნებად ცხადდებოდა. საუბარი მიდიოდა აფხაზური ხელისუფლების დაფინანსებით მეგრულ ენაზე გაზეთების გამოშვებაზე, რადიო და ტელემაუწყებლობის გახსნაზე, მაგრამ თანდათანობით ეს პროექტები „აორთქლდა“.

ამის მიზეზი კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის ცვლილებაშია. სანამ აფხაზეთში სამშვიდობო ძალები იდგნენ, სეპარატისტული ტერიტორია დსთ-ს ქვეყნების გადაწყვეტილებით ერთგვარ ბლოკადაში იყო მოქცეული და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რუსეთთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურული არ ჰქონდა, სოხუმს აწყობდა გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილში ეწ. მეგრული საკითხის შეგდება, რათა ქართველებში ურთიერთდაპირისპირება გამოეწვია. დღეს კი, როცა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა რუსეთის ხელისუფლებამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, აფხაზური მმართველი რეჟიმისთვის გარკვეულწილად სხვა სიტუაცია შეიქმნა.

სოხუმს არ სჭირდება გალის რაიონში „მეგრული“ იდენტობის მქონე მოსახლეობა. რატომ? იმიტომ რომ, განსხვავებით ქართველებისგან, რომლებსაც სეპარატისტული პროპაგანდა „მოსულებად“ და „დამპყრობლებად“ უხატავს რიგით აფხაზებს, გალის რაიონის ადგილობრივი მცხოვრებლების გამოცხადება „ბერიას მიერ ჩამოსახლებულებად“, „სტუმრებად“ და „გადამთიელებად“ ძნელად თუ გამოვა. შუა საუკუნეებშიც კი, გალის რაიონი, ერთ დროს სამურზაყანოდ წოდებული, აფხაზეთსა და სამეგრელოს სამთავროებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა და სტალინ-ბერიამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის და მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის აღწერებით, იქ ძირითადად მეგრულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა ცხოვრობდა, განსაკუთრებით ე.წ. ქვედა ზონაში. მართალია, ზედა ზონის სოფლებში მოსახლეობის უმეტესობა თავს იმ დროს აფხაზებს უწოდებდა, მაგრამ ხშირად მათი მშობლიური ენაც მეგრული იყო. შესაბამისად, თუკი მეგრელები ცალკე ეთნოსია და თანაც აფხაზეთის მკვიდრი, მაშინ მათ შესაბამისი პოლიტიკური უფლებები უნდა ჰქონდეთ აფხაზეთის რესპუბლიკაში, მათ შორის კვოტები სახელისუფლებო სტრუქტურებში. ამასთან, მხოლოდ გალის რაიონში 45-50 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც ბევრად არ ჩამოუვარდება აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები აფხაზების რაოდენობას. შევადაროთ ეს ციფრები აფხაზეთის პარლამენტის ეთნიკურ შემადგენლობას: პარლამენტში 35 დეპუტატია, აქედან აფხაზი 27, ხოლო გალის რაიონიდან მხოლოდ 3 წევრი, მათ შორის 1 აფხაზი. ასევე აფხაზებისგანაა დაკომპლექტებული თითქმის ყველა უმაღლესი აღმასრულებელი თანამდებობა. აშკარაა აფხაზების არაპროპორციულად მაღალი ხვედრითი წილი, რაც ეთნოკრატიაზე მიანიშნებს.

არსებობს კიდევ უფრო სერიოზული მიზეზი. საქმე იმაშია, რომ თავად აფხაზების ეთნიკური წარმომავლობის საკითხი საკმაოდ რთულია. როგორც ცნობილია, აფხაზთა მნიშვნელოვან ნაწილს, თუ უმეტესობას არა, იგივე ან მსგავსი გვარები აქვთ, რაც მეგრელებს. ასევე ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული ის ფაქტი, რომ გვიანდელ შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-17-მე-18 სს., სამეგრელოდან მასიურად ხდებოდა გლეხების გადასახლება აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, რომლებიც მძიმე ფეოდალურ ვალდებულებებს გაურბოდნენ. ამიტომ ცხადია, რომ ქართველებისგან განცალკევებული მეგრული ეროვნების ოფიციალურმა აღიარებამ სოხუმის მხრიდან მომავალში შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს თავად აფხაზურ ეთნოსთან მიმართებაში. მეგრელები ადვილად შეიძლება გახდნენ ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი აფხაზეთში, ქართველი ლტოლვილების დაბრუნების გარეშეც და არა მარტო გალის, არამედ ოჩამჩირის, გულრიფშის და სოხუმის რაიონებშიც. ამასთან, აფხაზეთში გაზრდილია რუსეთის გავლენა, რაც ასევე აფიქრებს აფხაზურ ელიტას, რადგან, მისი აზრით, რუსეთმა შეიძლება ხელიც კი შეუწყოს აფხაზების ნაწილის „მეგრელიზაციას“, თუ აფხაზებში არასაკმარის „მორჩილებას“ დაინახავს.

ამ მიზეზების გამო, მაშინაც, როცა აფხაზურ ხელისუფლება „მეგრულ საკითხს“ ათამაშებდა და მით უმეტეს, დღეს, როცა აფხაზეთი სცნო რუსეთმა, მისი მიზანია გალის რაიონის მოსახლეობის რაც შეიძლება დიდ ნაწილში დანერგოს არა მეგრული, არამედ აფხაზური იდენტობა, ხოლო დანარჩენი, რაც შეიძლება მცირე ნაწილი, დატოვოს ქართველებად. ცხადი ხდება, რომ ახლა სოხუმს აწყობს კიდეც აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში ქართველების გარკვეული რაოდენობის არსებობა. ამ რაიონის ქვედა ზონა ერთგვარ გეტოდაა ქცეული, სადაც ეს მოსახლეობა ლოკალიზებულია. ქართველები კვლავაც ასრულებენ აფხაზებისთვის „ბუას“ როლს, ადვილია მათი დაწიოკება, „თბილისის აგენტებად“ და „ტერორისტებად“ გამოცხადება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება მათი დანიშვნა საჩვენებელ თანამდებობებზე (მაგალითად, სოფლის გამგებლად) და ამით თავის მოწონება დასავლური სტრუქტურების წინაშე, რომ ქართულ უმცირესობას გარკვეული უფლებები აქვს. აფხაზურ მოსახლეობაში იმდენად ძლიერია ათწლეულების მანძილზე გაღვივებული დაპირისპირება თბილისის, როგორც ცენტრის და „დამპყრობლის“ მიმართ, (რასაც 1992-1993 წლების ომიც დაემატა), რომ თბილისთან ასოცირებული ქართველები, მათ შორის მეგრული წარმოშობის ქართველები განწირული არიან, იყვნენ გალის რ. ქვედა ზონის „გეტოს“ ფარგლებში და მეტიც, მუდმივი „ქართული საფრთხე“ შემაკავშირებელ როლს ასრულებს აფხაზების ცნობიერებაში.

განსხვავებული სიტუაციაა მეგრელების შემთხვევაში, თუ ისინი ცალკე ეთნოსად გამოცხადდებიან. შეუძლებელი იქნება მათი პროპაგანდისტული მიბმა თბილისთან და მის „დამპრობლურ პოლიტიკასთან“, რადგან ნათელია, რომ თბილისშიც არავის აწყობს მეგრული ეთნოსის გამოყოფა ქართველებისგან, თუნდაც გალის რაიონის ფარგლებში. ხოლო გალიდან მეგრული იდენტობის გაძლიერების პროცესმა თავისუფლად შეიძლება გადაინაცვლოს აფხაზეთის მოსაზღვრე რაიონებში, რისთვისაც, როგორც აღვნიშნეთ, ისტორიულ-ეთნიკური წინაპირობები არსებობს.

ეს შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ კომენტარი გაგვეკეთებინა „რადიო თავისუფლების“ ეგიდით გამომავალი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემის, „Эхо Кавказа»-ში გამოქვეყნებული სტატიისთვის (ბმული რუსულ ენაზე). სტატიის ავტორია აფხაზი ჟურნალისტი ვიტალი შარია, რომელიც აღწერს მისი გვარის წარმოშობის ისტორიის ერთ-ერთ ვერსიას. მისი თქმით, ბავშვობაში მამისგან მოისმინა საოჯახო გადმოცემა, რომლის მიხედვით, შარიების წინაპრები იყვნენ გუდაუთის რაიონში მცხოვრები ძმები, გვარად შაკრილი. ისინი თითქოს იძულებული გამხდარან გადმოსახლებულიყვნენ თანამედროვე გალის რაიონში, რადგან აღარ დაედგომებოდათ მშობლიურ სოფელში თანასოფლელის მკვლელობის გამო. გადმოცემის თანახმად, მათ დაუარსებიათ სოფელი თაგილონი (რომელსაც ვიტალი შარია თაგლანად მოიხსენიებს). ბ-ნი ვიტალი თავის თავს შარიების მცირერიცხოვანი აფხაზური შტოს წარმომადგენელს უწოდებს. შემდეგ ავტორი აღწერს თაგილონში მოგზაურობას, სადაც დღესაც ცხოვრობენ შარიები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია გალის რაიონში. იქვე გაკვრით ნათქვამია, რომ მსგავსი მიგრაციები ხშირად ხდებოდა აფხაზეთის ტერიტორიის ფარგლებში, თუმცა დაზუსტებული არაა, რა მიმართულებებით. ამგვარად, სტატიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქართველი (მეგრელი) შარიები წარმოშობით გუდაუთელი აფხაზები არიან და რომ ეს ფაქტი სულაც არ არის გამონაკლისი. ცხადი ხდება სტატიის დაფარული მიზანი - გალის რაიონის მოსახლეობაში აფხაზური იდენტობის გაღვივება. სხვათა შორის, იგივე მიზანს ემსახურება სტატიაში ნახსენები წიგნი - თეიმურაზ აჩუგბას „სამხრეთ-აღმოსავლეთ აფხაზეთში ეროვნული ცნობიერების პრობლემების შესახებ“, რომლის პრეზენტაცია გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის შენობაში 2006 წელს გამართულა.

ასევე საინტერესო იქნება მკითხველისთვის კომენტარი, რომელიც ვიტალი შარიას სტატიას გაუკეთა ცნობილმა ქართველმა ბლოგერმა, გელა ვასაძემ (ბმული). მან ჯერ ტრადიციულად დაგმო რუსეთის „იმპერია“, რომელმაც ეთნონაციონალისტური რეჟიმი დაამყარა აფხაზეთში, აფხაზების ხელით, შემდეგ კი გაკვირვება გამოთქვა, თუ რატომ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც შეფარულად ამართლებს ეთნიკურ წმენდას, აშშ-ს კონგრესის მიერ დაფინანსებულმა რესურსმა (იგულისხმება „რადიო თავისუფლება“). გელა ვასაძისთვის ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მისი გაკვირვებაც, მოდური გამოთქმის არ იყოს, ლეგიტიმურია. ნუთუ ვერ გაერკვნენ? - კითხულობს ბ-ნი გელა.

უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ „რადიო თავისუფლების“ რესურსზე მიმდინარეობს სეპარატიზმის ფარული პროპაგანდა. მიუხედავად სიტყვიერი დეკლარაციებისა, აშშ არასოდეს ყოფილა დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიის რეალური მთლიანობით და ეს მშვენივრად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში, როცა ამერიკის ადმინისტრაციამ, როგორც მინიმუმ, არაფერი გააკეთა სააკაშვილის შესაჩერებლად, ხოლო სავარაუდოდ კი, აქეზებდა კიდეც მას. ახლახანს, საიტ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული მასალებიც, რომლებიც აგვისტოს ომის დაწყებას ეხება, აშკარად მეტყველებენ იმაზე, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილმა, ხოლო ბუშის ადმინისტრაციას არანაირი გადამწყვეტი ზომა არ მიუღია ამ ტრაგიკული ნაბიჯის აღსაკვეთად (რისი გაკეთებაც მას შეეძლო). აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ აღიარების მაპროვოცირებელი გახდა აშშ-ს მიერ კოსოვოს სერბეთისგან დამოუკიდებლობის აღიარება.

სამწუხაროდ, პროამერიკულად განწყობილ ქართველებს არ სურთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ და აღიარონ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ შედის აშშ-ს გრძელვადიან ინტესერებში და მეტიც, რუსეთთან კონფრონტაციის პირობებში, რაც პროამერიკული პოლიტიკის შედეგია, არათუ მთლიანობის აღდგენის, არამედ ამ მიმართულებით ოდნავი წინ წაწევის შანსები პრაქტიკულად არ არსებობს.

გიორგი ვეკუა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"