ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.01.2011
საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკურ გზაგასაყარზე

როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვაუწყებენ ხოლმე, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ავტორიტეტი საზოგადოებაში ძალზე მაღალია. ამის დამადასტურებელი სოციოლოგიური მონაცემებიც მოჰყავთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის არც ერთი კვლევა არ იწვევს ნდობას, რადგან ყველა მათგანი პოლიტიზებულია და ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება ხოლმე, როგორც წესი.

მაგრამ კათალიკოს–პატრიარქის და ზოგადად, საქართველოს ეკლესიის მიმართ ნდობას გარკვეული საფუძველი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ილია II–მ ვერ შესძლო ქვეყნისთვის აეცილებინა ვერც ერთი კატაკლიზმი, აგვისტოს ომის ჩათვლით, მის მიმართ მაინც არსებობს საზოგადოების სიმპათია, გარკვეული დამსახურებების გამო. ამ დამსახურებებს შორის ძირითადია ეკლესიების რაოდენობის ზრდა ბოლო ათწლეულებში, ქართული ეკლესიის შედარებით სტაბილური არსებობა და დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტაში შეტანილი წვლილი. როგორც ცნობილია, პატრიარქმა მიიღო თავის დროზე განჩინება, რომლის მიხედვითაც მესამე შვილს ოჯახში ის თავად ნათლავდა. ამან, როგორც ვარაუდობენ, რამდენიმე ათასი ბავშვის გაჩენას შეუწყო ხელი.

ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას და პირადად სააკაშვილს შურს პატრიარქის პოპულარობა, რადგან ეს პოტენციურად საფრთხეს უქმნის ნაციონალების გავლენას და ავტორიტეტს. ამის გამო, პერიოდულად ხელისუფლება მიუქსევს ხოლმე საპატრიარქოს ე.წ. „ლიბერალებს“, რომლებიც გამოდიან ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ბრალდებებით. ეს მიქსევა თითქოს იმისთვის ხორციელდება, რომ ეკლესიამ „თავისი ადგილი იცოდეს“ და ღიად არ წავიდეს ხელისუფლების წინააღმდეგ ამა თუ იმ სიტუაციაში.

რა თქმა უნდა, ამგვარ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს და ალბათ მასში სიმართლის მარცვალიც არის. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს არ უნდა იყოს მთელი სიმართლე.

რეალურად, დღეს საქართველოს საპატრიარქო და პირადად ილია II რჩება საააკაშვილის ხელისუფლების მთავარ დასაყრდენად. შესაბამისად, პატრიარქის რეიტინგის შენარჩუნებაში და გამოყენებაში თუ ვინმე არის დაინტერესებული, ეს მიხეილ სააკაშვილია.

თუ როგორ იყენებებს სააკაშვილი პატრიარქის ავტორიტეტს თავის სასარგებლოდ, ორი მაგალითის მოტანით ავხსნით.

პირველი მაგალითი ეხება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების პერსპექტივებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია ყველა ქართველისთვის. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად დაშორდა საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, და შესაბამისად, რამდენად მიუახლოვდა სრული დაშლის სახიფათო ზღვარს. 2008 წლის შემდეგ მხოლოდ ორი წელი გავიდა და ეს ვადა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობას ბოლომდე გაეცნობიერებინა რეალობა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მომენტი რაც შეიძლება გადაავადოს. მანამდე კი მოსახლეობას ჩაუნერგოს ყალბი ოპტიმიზმი და ათასგვარი ილუზიები. სწორედ ამ ილუზიების მეშვეობით ინარჩუნებს სააკაშვილი თავის თავს ხელისუფლებაში.

ამ დროს კი, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ლამის ყოველ კვირა აკეთებს განცხადებებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო მალე გამთლიანდება, აფხაზები და ოსები ქართველებს შეურიგდებიან და ა.შ. ან ამის იმედი მაინც არის გამოთქმული. მკითხველმა შეიძლება თქვას: ვინ დაუშლის პატრიარქს ამგვარი იმედის გამოთქმასო. მაგრამ იმედი რაიმე რეალურ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს და არა მხოლოდ ღვთის სასწაულს. პატრიარქსაც არ აქვს სასწაულებზე მუდმივად საუბრის უფლება. რეალურად კი, სასწაულებს რომ თავი დავანებოთ, ხალხის ამგვარი დაიმედება სწორედ სააკაშვილის და ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამაზე დიდ მხარდაჭერას სააკაშვილს ვერავინ აღმოუჩენდა. ფაქტიურად, კათალიკოს–პატრიარქი თავისი განცხადებებით ყველაზე დიდ პრობლემას აცილებს ხელისუფლებას: მის მიერ განხორციელებული კურსის დამანგრევლობის გაცნობიერებას საქართველოს მოსახლეობის მიერ. თუკი პატრიარქი იმედს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ, მან აქვე მკაფიოდ უნდა მიანიშნოს, როგორ წარმოუდგენია ეს არსებული ხელისუფლების და მისი საგარეო კურსის პირობებში. როცა ეს მინიშნება არ კეთდება, მაშინ ამგვარი განცხადებები, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ხელისუფლების გაძლიერებას ემსახურება.

მეორე მაგალითიც განვიხილოთ. ცნობილია, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, ბაქი–ბუქის მიუხედავად, უფრთხის საქართველოს შემდგომ დეზინტეგრაციას. ერთ–ერთი მოსალოდნელი მიმართულება არის დასავლეთ საქართველო, კერძოდ, სამეგრელო. ამ რეგიონის მოსახლეობა ყველაზე მძიმე დღეში აღმოჩნდა, სააკაშვილის და მისი წინამორბედების, გამსახურდიას და შევარდნაძის პოლიტიკის გამო. მან დაკარგა გასვლა რუსულ ბაზარზე, რაც შემოსავლის მთავარი წყარო იყო. სამეგრელოშია განთავსებული აფხაზეთიდან დევნილების უმეტესობაც. თავის დროზე, სააკაშვილმა შესძლო მოეპოვებინა რეგიონის მოსახლეობის უმეტესობის სიმპათია, შევარდნაძის ლანძღვა–გინების და აფხაზეთის დაბრუნების ფონზე. ახლა კი, როცა აფხაზეთის დაბრუნება კიდევ უფრო უტოპიური გახდა და სააკაშვილიც სულ უფრო ემსაგვსება შევარდნაძეს, არსებობს საფრთხე, რომ მეგრელები გულს აიცრუებენ სააკაშვილზე. ეს რომ არ მოხდეს, სააკაშვილი ყველა ღონეს მიმართავს. ერთ–ერთი ამგვარი საშუალებაა, მეგრული წარმოშობის ჩინოვნიკების დაწინაურება „სამეფო კარზე“. სააკაშვილის უახლოესი და ერთგული თანამებრძოლების როლს ასრულებენ ძმები ახალაიები. მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. საჭიროა მეგრულ ფაქტორზე აქცენტირება და ამ მიზნით ახალაიების მამას ფაქტიურად ჩააბარეს მთელი სამეგრელო, რაც ხაზს უსვამს სააკაშვილის ნდობას მათ მიმართ და მეგრულ ამბიციებს მალამოდ ედება.

სამწუხაროდ, თავად ძმები ახალაიები საკმაოდ ოდიოზური რეპუტაციით სარგებლობენ, თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. რას აკეთებს ამ დროს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი? ის აჯილდოებს მაღალი საეკლესიო ჯილდოთი... როლანდ ახალაიას, მაღალჩინოსანი ძმების მამას, რომელიც სააკაშვილის ერთ–ერთი მთავარი დასაყრდენია პოტენციურად ყველაზე პრობლემურ რეგიონში. ძალზე სწორი და შორსგათვლილი სვლაა, სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე...

ეს მხოლოდ ორი მაგალითია, თუმცა მსგავსი მაგალითების მოტანა ათეულობით შეიძლება. ფაქტია, რომ დღეს სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს საპატრიარქო წარმატებით თანაარსებობენ და აძლიერებენ ერთმანეთს. ოღონდ სანამდე გაგრძელდება ეს ვითარება და როგორ შეიცვლება იგი, ძნელი სათქმელია. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ამ „იდილიას“ საფრთხე დაემუქრება, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან.

ამ თემასთან დაკავშირებით იხ. აგრეთვე კომენტარი: "ოქრო ოქროს წილ".
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"