ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
21.01.2011
„მიშების“ შიშები - ქართველები მოდიან!

ჩვენს საიტზე უკვე აღვნიშნავდით , რომ ალექსანდრე ებრალიძის პოლიტიკური გააქტიურების შედეგად დაფეთებულმა მ. სააკაშვილმა ერთპიროვნულად გამორიცხა ებრალიძისთვის - საქართველოში დაბადებული და გაზრდილი კაცისთვის - მოქალაქეობის მინიჭება. ამჯერად მისი „მსხვერპლი“ რუსეთშივე წარმატებულ ბიზნესმენად ჩამოყალიბებული, თავისი წესიერებით ცნობილი ლევან ვასაძე გახდა, რომელსაც „გიჟმა მიშამ“ ასევე ერთპიროვნულად უთხრა უარი მოქალაქეობაზე.

რას ვიზამთ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ერთი პირის - სააკაშვილზე გადაკეთებული სააკოვის გვარის მქონე პირის (რომელიც ამ გვარის გადაკეთების ფაქტს უმალავს საზოგადოებას, თორემ თავისთავად ეს გადაკეთება რა საძრახისია) გადასაწყვეტია, ვის მიენიჭოს მისივე სამშობლოს - საქართველოს მოქალაქეობა და ვის არა. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენს ხალხზე ერთის მხრივ ახიც არის, რომ ებრალიძის და ვასაძისთანა პატრიოტ ქართველებს არ ეძლევათ საშუალება, დაეხმარონ ამ ხალხს - არა „ჰუმანიტარული დახმარების“ სახით, არამედ პოლიტიკურად - თევზის ჩუქების ნაცვლად ანკესის ჩუქება შეძლონ - მანქურთი სააკოვი ხომ ხალხმა აირჩია პრეზიდენტად და მას კონსტიტუციის გაუპატიურების საშუალება მისცა. მეორეს მხრივ - არ არის ჩვენი ხალხი მარადიულად სააკოვის ღირსი, რადგან ხალხმა 2007 წლის 7 ნოემბერს მიაღწია სააკოვის დამხობას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, რომელიც ამ უკანასკნელმა პირწმინდად წააგო, მაგრამ „დასავლელი მეგობრების“ და „ფარჩაკი ოპოზიციის“ (ოპოზიციის ასეთ შეფასებაში მართალია ამხანაგი სააკოვი) დახმარებით პრეზიდენტის პოსტის უზურპირება მოახდინა.

ჩვენ გვაინტერესებს, „ნატოში იმიტომ არ გვიღებენ, რომ დემოკრატიის დეფიციტი გვაქვს“ ტიპის ლოზუნგების მსროლელი „ენჯეოები“ რატომ არიან გატრუნულნი არსებულ კონსტიტუციურ დიქტატურაზე, როდესაც მხოლოდ ერთ პირს - პრეზიდენტს - აქვს უფლება, ყოველგვარი დასაბუთების და პასუხის გარეშე, მხოლოდ თავისი პირადი შიშების და კრუნჩხვების საფუძველზე მიიღოს ამა თუ იმ ქართველი პიროვნების მიმართ მოქალაქეობის მინიჭების თუ არ-მინიჭების გადაწყვეტილება?!

ახლო მომავალში ევრაზიის ინსტიტუტი შესთავაზებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადო მოღვაწეებსაც, ერთობლივი ინიციატივით გამოსვლის შესახებ იმის თაობაზე, რომ შეიცვალოს არსებული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა და მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ იყოს, ვის მიენიჭოს მოქალაქეობა და ვის არა. უნდა არსებობდეს სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელშიც შევლენ საზოგადოებაში პატივცემული პიროვნებები, სპეციალისტები, პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ობიექტურად შეაფასებენ სიტუაციას, არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე ამა თუ იმ პიროვნებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. ვნახოთ, იქნებ ჩვენ ვცდებით და ჩვენი ოპოზიცია და „ენჯეოები“ სულაც არ არიან „ფარჩაკები“ და მიშა სააკოვი ამაშიც ტყუის?

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"