ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
09.01.2011
„განმუხურშჩინა“ - სააკოიდური სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ბოძი

Tribuna.ge. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ე. წ. „პიარი“ ანუ ამერიკული „პაბლიკ რილეიშნ“ (რაც პროპაგანდის ცნებასთან უფრო ახლო დგას, ვიდრე საკუთრივ „საზოგადოებასთან ურთიერთობის“ ცნებასთან) სააკოიდური სისტემის ანუ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი ბოძთაგანია.

საზოგადოებას ახსოვს მრავალ სიყალბეზე დაფუძნებული „პიარ-აქცია“, მაგალითად, სააკაშვილის მიერ „გახსნილი“ საწარმო, სადაც მისი ბრძანებით ავტობუსებით მიიყვანეს უმუშევრები და საწარმოს დირექტორმა ისინი სააკაშვილის თვალწინ „დაასაქმა“, რამდენიმე დღეში კი ეს საწარმო ისე გაჩერდა, რომ არც ამუშავებულა რიგიანად. ამის შესახებ თავის დროზე თავისუფალმა ტელეკომპანია „იმედმა“ გვამცნო, დღეს კი მსგავსი სიყალბეების გამოვლენა მძლავრი თავისუფალი მას-მედიის არარსებობის პირობებში მეტად გართულებულია, შესაბამისად, საზოგადოებას უჭირს სიმართლის გარკვევა და ყოველდღიური მასობრივი სატელევიზიო პროპაგანდის პირობებში იგი ამ პროპაგანდის მსხვერპლი ხდება. ხშირად სახელისუფლებო პროპაგანდა პრიმიტიული, ღიმილის მომგვრელად უნიჭოდ შეთითხნილი და სამარცხვინოა, მაგრამ ყურადღება უკვე აღარ ექცევა ფაქტებს, მხოლოდ ოფიციალური პროპაგანდის ინტენსიურობა და მისი ალტერნატივის არარსებობა თრგუნავს საზოგადოებას და მასაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი ამ სიყალბეების შემქმნელებსაც ხელისუფლების ჩათვლით, „აჯერებს“ შეთითხნილ ისტორიებს.

ამგვარი საცირკო პროპაგანდის კლასიკური ნიმუშია „განმუხურის გმირობა“, ჩვენი ხელისუფლების მთელი „ნაღების“ მონაწილეობით, როდესაც რამდენიმე წლის წინ საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, სოფელ განმუხურში, ინსცენირებულ იქნა რუსული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებთან სააკოიდური ელემენტების ძალისმიერი „გაწევ-გამოწევა“ და არენაზე „ძლევამოსილი“ მიხეილის გამოჩენის შემდეგ „ოკუპანტების“ სამარცხვინო უკან დახევა. როგორც ირკვევა, ეს ეპიზოდი სახელმწიფო პროპაგანდის რანგში აყვანილი საცირკო ტრიუკების ყველაზე უბოროტო დასაწყისი ყოფილა, თუმცა პროცესს სათავე განმუხურში დაედო და მეც ამ პროცესს პირობითად „განმუხურშჩინას“ ვუწოდებ. რუსული დაბოლოება არც თუ ისე შემთხვევითია, ვინაიდან საცირკო პროპაგანდა მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფაქტორთან არის დაკავშირებული. რუსეთი ხომ თავისი არსებობის ფაქტით არის მისწრება სააკოიდური რეჟიმისათვის, რუსეთის მტრის ხატის გარეშე ეს ხელისუფლება უბრალოდ ვერ იარსებებდა.

განმუხურის ეპიზოდზე გაცილებით ნაკლებ სასაცილო, მაგრამ ბევრად უფრო მავნებლური აღმოჩნდა აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ დადგმული სცენები. დავიწყებ შეუვალი ფაქტით, რომელიც დადასტურებულია პრაქტიკულად ასი პროცენტით და ამ ფაქტის ნამდვილობაზე უკვე ყველაზე თავგადაკლული კერპთაყვანისმცემელი მიშისტიც კი ვერ შემეკამათება. ვგულისხმობ 2008 წლის 23 ნოემბერს ახალგორის მისადგომებთან მომხდარ ინცინდენტს, როდესაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მასპინძლის, მიხეილ სააკაშვილის კორტეჟის თბილისისკენ გამობრუნებისას გაისმა ავტომატიდან სროლების ხმა - სააკოიდურმა პროპაგანდამ ეს ფაქტი გაავრცელა, როგორც რუსების მხრიდან მცდელობა, გაენადგურებინათ კაჩინსკი და სააკაშვილი. ის, რომ ახალგორთან მომხდარი ინციდენტი სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო, ეჭვს არც ერთ ჭკუათმყოფელ დამკვირვებელში არ იწვევდა იმთავითვე, მაგრამ სიმართლე უტყუარად თავად პოლონელებმა დაადგინეს - ინციდენტიდან ერთი წლის თავზე პოლონურმა გაზეთმა „Dziennik“-მა გამოაქვეყნა კონფიდენციალური ინფორმაცია, პოლონეთის სპეცსამსახურების მოხსენებაზე დაყრდნობით, რომ სროლები ახალგორის მისადგომებთან საქართველოში გაბატონებული რეჟიმის პროვოკაცია იყო და სხვა არაფერი. პოლონური სპეცსამსახურების ინფორმაციით, სროლების დროს სააკაშვილის დაცვას არანაირი ზომები არ მიუღია და რეაქციაც არ ჰქონია, ხოლო საკუთრივ სააკაშვილი მშვიდად იჯდა და იღიმებოდა. უშუალოდ ინციდენტის წინ კი მასპინძელმა მხარემ წინ გაატარა ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი, რათა მათ შეძლებოდათ „თავდასხმის“ გადაღება... აი ამგვარი უნიჭო ინსცენირება - განმუხურშჩინა, იოლად გაშიფრული პოლონური მხარის მიერ. თავის დროზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა პაშკოვსკიმაც აღნიშნა, რომ მის უწყებას არ გააჩნია მონაცემები, რომლებიც რუსი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას დაადასტურებდნენ.

ზემოთ მოყვანილი ინფორმაციების გაზეთ „Dziennik“-ისთვის გადაცემის გამო პოლონეთის ხელისუფლებამ საქმე აღძრა პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელის, პიოტრ კოვნაცკის წინააღმდეგ, თუმცა კოვნაცკი თავს დამნაშავედ არ სცნობს. ის, თუ რამდენად კანონიერია და პოლიტიკურად მისაღები კოვნაცკის სამართლებრივი დევნა სიმართლის გაჟღერების გამო, თავად პოლონელებმა არკვიონ, მაგრამ კოვნაცკი რომ სიმართლის გახმოვანებისთვის იდევნება, ეს ფაქტია. შესაბამისად, დადასტურდა განმუხურშჩინა, როგორც მოვლენა და სააკოიდური სისტემის არსებობის შენარჩუნების ერთ-ერთი ქმედითი იარაღი.

ჩვენ კი რა დასკვნები უნდა გავაკეთოთ? პირადად მე აგვისტოს ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვწერდი, რომ ომის დროს ქსნის სარკინიგზო ხიდის აფეთქება ჩვენივე ხელისუფლების მოწყობილია. ასევე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ხანძარიც რუსების მიერ არ არის გაჩენილი, ყოველ შემთხვევაში განზრახ, საქართველოს ეკოლოგიისათვის ზიანის მისაყენებლად, სავსებით შესაძლებელია, რომ ხანძარი ასევე სააკოიდებმა გააჩინეს. ახლავე ავხსნი საქმის არსს: სააკოიდურმა უნიჭო პროპაგანდამ ქსნის ხიდის აფეთქების მეორე დღეს აჩვენა ადგილობრივი მცხოვრებნი - თვითმხილველები, რომლებმაც გულწრფელად განაცხადეს, რომ მათ რუსები არ დაუნახავთ, არამედ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი უცნობი პიროვნება ნახეს, რომელთაც წინა დღით სარკინიზო ხიდის ქვეშ რაღაც გაურკვეველი ნივთები დაალაგეს და წავიდნენ. ყველაფერი ჯდება სააკოიდური ლოგიკის ფარგლებში: ხიდის აფეთქებას ხელისუფლებამ დიდი ყაყანი მოაყოლა, მსოფლიოს ემცნო, რომ რუსები ცდილობენ საქართველოში დასავლეთისთვის აუცილებელი კომუნიკაციების დანგრევას, „დიდი აბრეშუმის გზის“ ხელში ჩაგდებას, რასაც თურმე ემსახურებოდა სარკინიგზო ხიდის აფეთქება (შემდეგ, 2009 წელს მატარებლით მიმავალმა, ამ ხიდთან მატარებლის მგზავრების დასანახად გამოჯგიმული ავტომატიანი და „კამუფლაჟიანი“ კაცი შევნიშნე, უკანა პლანზე პოლიციის ავტომანქანით - ხელისუფლების დემონსტრაციული პიარი, თუ როგორ „იცავენ“ კომუნიკაციებს). ასევე დასავლეთისადმი იყო მიმართული სააკოიდების ხმაური, რომ რუსეთი გონზე მოეყვანათ „ეკოლოგიური კატასტროფის“ გაჩაღებისათვის - დასავლური გრანტებით დაფინანსებულ ტყე-პარკში... ამას დავუმატოთ ვანო მერაბიშვილის მიერ მოთხრობილი საინტერესო ისტორია, რომ გორში გივი თარგამაძე რუს სამხედროებს სთავაზობდა 50 ათას დოლარს სტალინის ძეგლის აფეთქების სანაცვლოდ და კიდევ ერთხელ გახდება ცხადი ჩვენი ხელისუფლების შემზარავი უპასუხისმგებლობა, ავანტიურიზმი და დანაშაულებრივი მიდრეკილებები. საქმე გვაქვს მეტად საშიშ ხალხთან, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელნი და უკან არ დაიხევენ. ამიტომ ისიც ვივარაუდე, რომ 2009 წლის დასაწყისში სომხეთისკენ მიმავალ გაზსადენზე მომხდარი შეფერხებაც ამ ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია უნდა ყოფილიყო.

ასეთი „მწვალებლური“ აზრების გამო ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ ერთ კანტორაში, რომელსაც ახლად გარდაცვლილი ამერიკელი კომიკოსი მსახიობის ლესლი ნილსენის მიერ განსახიერებული კომისარი დრებინის ორეული-ხელმძღვანელი ჰყავს და რომელიც „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი გახლდათ, სადაც იგი სახელგანთქმული საბჭოთა პროკურორის ვიშინსკის სტილში ითხოვდა ჩემნაირ მავნებელთა განადგურებას, „მოღალატედ“ გამომაცხადეს. მე კი ქვეყნის ღალატი უფრო „განმუხურშჩინა“ მგონია... მაგრამ რა ჰგონია ჩვენს საზოგადოებას? მე ეს უფრო მაფიქრებს. როდესაც ერთი სავსებით ნორმალური, თითქმის 40 წელს მიღწეული ქართლელი კაცი სრული სერიოზულობით მიყვება, რომ ცხინვალში ღამ-ღამობით თურმე თეთრი ლანდი დაძრწის, რომელიც იძახის „მიშველეთ!“ და მისი შიშით რუსი სამხედროები ღამის პერიოდში გარეთ ვერ გამოდიანო, როგორ ხასიათზე უნდა დავდგე? ეს ხომ არ არის ამ ერთი გულწრფელი და ზოგადად ფრიად დადებითი კაცის პრობლემა, ასე ხომ, როგორც ჩანს, ბევრს სჯერა ქართლელი ლტოლვილების წრეებში, „თეთრი ლანდის“ ეს ისტორია ხომ ჭეშმარიტად ხალხურია და სააკაშვილის მიერ არ დაიდგა ტელევიზიის საშუალებით? ასეთი ხალხი ხომ ისედაც ძალიან ადვილად სამართავია, მით უმეტეს კი, როდესაც მათ სატელევიზიო-პროპაგანდისტური ტერორის ქვეშ მოაქცევენ? ალბათ სიმბოლურია, რომ სწორედ ლტოლვილების წრეებიდან შექმნილი „ზონდერ-ჯგუფი“ ვინმე ბასიშვილის მეთაურობით, სცემდა საპროტესტო მიტინგებზე გამოსული ხალხის მეორე ნაწილს, რომელიც სწორედ ამ ლტოლვილების სავალალო მდგომარეობას და მათი ძირძველი მიწა-წყლის დაკარგვასაც აპროტესტებდა.

„განმუხურშჩინა“ წარმატებით გრძელდება - ჩვენი ხალხის თავებში.

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"