ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
06.01.2011
განვლილი ათწლეული

პოლიტოლოგი, გადამდგარი დიპლომატი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში, ჰამლეტ ჭიპაშვილი პოლიტიკურად მიმოიხილავს გასულ ათწლეულს მსოფლიოსა და საქართველოში. სტატია შეიცავს რიგ მწვავე, მაგრამ ჩვენი აზრით, სამართლიან შენიშვნებს ხელისუფლების, ოპოზიციის და მთლიანად საზოგადოების მისამართით. განსაკუთრებით გამოსაყოფია საქართველო-თურქეთის გარიგება საქართველოში ოთხი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე, თურქეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთის მიწაზე რამდენიმე ქართული მონასტრის შეკეთების სანაცვლოდ, იმ მონასტრებისა, რომლებიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება, მაგრამ თურქეთი ამას უგულებელყოფს. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია „ვარდების რევოლუციის“ შედეგების მოკლე და ამასთან, ამომწურავი შეფასება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი: დასრულდა 2010 წელი და მასთან ერთად XXI საუკუნის პირველი დეკადა. განვლილი ათწლეული, როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა, რომელმაც უდიდესი ისტორიული როლი შეასრულა კაცობრიობისა და საქართველოს ცხოვრებაში. მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებიდან უპირველესი იყო სავაჭრო ცენტრზე ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც პრინციპულად შეცვალა მანამდე არსებული ვითარება, გზა გაუხსნა ტერორიზმთან ომს, უკიდურესად დაძაბა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის ურთიერთობა.

მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყანა მწვავე გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და მანაც არ დააყოვნა, დაიწყო რა ერთდროულად ორი ომი - ერაყსა და ავღანეთში. ტერორიზმის და მისგან გამომდინარე ორი ომის წამოწყების თემა სერიოზული განსჯის საგნად არის ქცეული და ასეთად დარჩება მრავალი წლის განმავლობაში.

ახალი საუკუნის პირველმა დეკადამ გარკვეული კორექტივები შეიტანა მსოფლიოს პირველი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე, როგორც სხვა სახელმწიფოთა მხრიდან მისდამი დამოკიდებულებაში. ცვლილება უპირველესად გამოწვეული იყო უმცროსი ბუშის ადმინისტრაციის უინტელექტო, ამბიციური მმართველობით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთპოლუსიანი მსოფლიო ლიდერობა მძიმე ტვირთი გამოდგა აშშ-ს. პირველ დეკადაში დაწყებულმა ორმა ომმა, მათში გადაყრილმა მილიარდებმა, მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა არა მარტო აშშ-ს, არამედ მსოფლიო ეკონომიკას, სერიოზული ეჭვი გააჩინა ამ ქვეყნის, როგორც ეკონომიკური გიგანტის უძლეველობაში.

კრიზისმა თვალნათლად გამოკვეთა კომუნისტური ჩინეთის ეკონომიკური პოტენციალი. საერთო ეროვნული პროდუქტის წარმოების თვალსაზრისით, ეკონომიკური ზრდის ტემპით, ჩინეთმა უკან ჩამოტოვა გერმანია-იაპონია და აშშ-ს შემდეგ მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც მსოფლიოს მეორე ეკონომიკამ. ექსპერტთა გათვლით, ჩინეთი, ეკონომიკური ზრდის საშუალო ათპროცენტიანი წლიური მატებით, 15-20 წლის შემდეგ დაეწევა და გაუსწრებს მსოფლიოს პირველი ეკონომიკის ქვეყანას. ჩინეთთან ერთად აღმავლობას განიცდიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ინდოეთი და ბრაზილია. საქართველოს მეზობელმა რუსეთმა, რის ვაი-ვაგლახით შეძლო ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ოდნავი მატებით, უმნიშვნელო იმედი ჩაუსახა საკუთარ მოსახლეობას.

ეკონომიკური კრიზისი მძიმე ტვირთად აწევს გაერთიანებულ ევროპას. ერთი-მეორის მიყოლებით მონეტარულ კრიზისს განიცდიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და რომ არა ეკონომიკური გიგანტი გერმანია, მათი მდგომარეობა სავალაო იქნებოდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჯერაც არ არის დასრულებული. სრული ეკონომიკური გაჯანსაღება 4-5 წლის შემდეგ თუ იქნება შესაძლებელი.

გასული დეკადა იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ აშშ-ს სათავეში აღმოჩნდა ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი. ბარაკ ობამამ არა მარტო საკუთარი კანის ფერით, არამედ განსხვავებული აზროვნებით მიიპყრო მსოფლიო საზოგადოების ყურადღება. ათწლედის დასასრულს ობამას გამოჩენამ, მისმა ახლებურმა აზროვნებამ, განსაკუთრებით მოკავშირე სახელმწიფოებთან და სხვასთან კოლეგიალური ურთიერთობის სურვილის გამოვლინებამ, ოდნავ გააუმჯობესა ამ ქვეყნის შებღალული იმიჯი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ობამას ინიციატივა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაში. ვაშინგტონ-მოსკოვის დამოკიდებულება მრავალი წლის განმავლობაში უფრო ნეგატიური იყო, ვიდრე პოზიტიური, მიუხედავად ამისა ორივე მხარე ახერხებდა მშვიდობის შენარჩუნებას. ვაშინგტონი ყოველთვის მიიჩნევდა და მიიჩნევს მოსკოვს უპირველეს მოწინააღმდეგედ, თუმცა გასულ დეკადაში მას ჩინეთიც დაემატა, მაგრამ ობამას ადმინისტრაციის პირობებში საფუძველი ჩაეყარა პრაგმატულ ურთიერთობას - ე.წ. გადატვირთვას. ორთა ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების დადება, რაც მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების საქმეში უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

დღეს ძნელი სათქმელია, რამდენად განხორციელდება პრეზიდენტ ობამას ოცნება უბირთვო მსოფლიოს შესახებ, მაგრამ ოცი წლის განმავლობაში ბირთვული იარაღის 24 ათასი ქობინიდან 1500-მდე დაყვანა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ვაშინგტონ-მოსკოვს შორის დაწყებული დათბობა სულაც არ გამორიცხავს მთელ რიგ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობას ან დაპირისპირებას, რასაც არცთუ იშვიათად აქვს ადგილი და რაოდენ სამწუხაროა, რომ დაპირისპირების ერთ-ერთი საგანი საქართველოა.

საქართველოს ცხოვრებაში განვლილმა ათწლეულმა ისეთი კვალი დატოვა, რომელიც არაერთხელ გაახსენდება ქვეყანას და ხალხს. გასულ დეკადაში წერტილი დაესვა შევარდნაძის ოცდაათწლიან მმართველობას და მასთან ერთად დამოუკიდებლობის პერიოდში საბჭოური ცხოვრებიდან გადმოყოლილ აზროვნებას.

2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციამ მომაკვდინებლად იმოქმედა საუკუნეობით ჩამოყალიბებულ ქართულ აზროვნებაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, უმცროსთა და უფროსთა დამოკიდებულებაზე. 2003 წლის რევოლუციას ბევრი, ძველ და ახალ მმართველებს შორის გარიგებულ, წინასწარ დაგეგმილ თამაშს უწოდებს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რასაც რევოლუციის შემდეგ ჰქონდა და აქვს ადგილი. რევოლუციამ საზოგადოებაში გააჩინა ნიჰილიზმი, შიში, ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, ზენიტში აიყვანა ტყუილი, ბაქი-ბუქი, „გადაგდება“, „ჩაშვება“... ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრა.

მსოფლიო ისტორიაში მომხდარ რევოლუციებს ზოგი პოზიტიურად აღიქვამს, ზოგი - ნეგატიურად. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შეფასება ისტორიკოსთა მიუკერძოებელი განსჯის საგანი უნდა იყოს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მსგავს არასახალხო და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

გასული დეკადის შეფასება შორს წაგვიყვანს. უმჯობესი იქნებოდა თვალი გადაგვევლო 2010 წლისათვის, კიდევ ერთხელ შეგვეფასებინა, რით იყო ის ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ისე, როგორც წინა წლებს, არც 2010 წელს მოუტანია რაიმე სანუგეშო ქვეყნისა და მისი მოსახლეობისათვის. მიმდინარე წელს საბოლოოდ შეძლო ხელისუფლებამ ხალხის დამორჩილება - ზოგის დაშინებით, ზოგის მოქრთამვით, ზოგის გადაბირებით. ამ უკანასკნელში ოპოზიციაც იგულისხმება.

2010 წელს ხელისუფლება-ოპოზიციას შორის შედგა ფართომასშტაბიანი გარიგება, რომლის შედეგად ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. ყველა ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები, ადგილობრივი მოხმარებისაა, მას ნაკლებად აქვს ისეთი პოლიტიკური დატვირთვა, როგორც საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა საქართველოს ადგილობრივმა არჩევნებმა პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. მთავარი ინტრიგა იყო ის, რომ 2008 წლის ავანტიურისტული ომის წამომწყები ნაციონალური ხელისუფლება შეძლებდა თუ არა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას. ხელისუფალთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო ამ პრობლემის დაძლევა. ხელისუფალთა წარმატებას უდავოდ შეუწყო ხელი ე.წ. ოპოზიციის გამყიდველურმა ქცევამ. ხელისუფლებამ მოახერხა არა მარტო ოპოზიციის ფინანსური დაინტერესება, არამედ საზოგადოების იმ ნაწილის ფინანსური გადაბირება, რომელიც ყველა საზოგადოებაში პოტენციური რევოლუციის ქვაკუთხედად მოიაზრება. სახელმწიფო აპარატების, არმიის, პოლიციის, სამართალდამცავი ორგანოების, ტელეკომპანიების, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფა, აგრეთვე 16 ოპოზიციური პარტიისათვის საბიუჯეტო დაფინანსების დაწესება, საკმარისი გამოდგა რევოლუციური განწყობის ჩასაქრობად. ამ საქმეში დაბანდებულმა ფულმა უდარდელი ცხოვრების და თავისუფალი მოქმედების შანსი გაუჩინა სააკაშვილსა და მის გუნდს.

2010 წლის არჩევნებმა სერიოზულად განუმტკიცა საფუძველი სააკაშვილის მმართველობას და თუ ამას ახალი კონსტიტუციის მიღებასაც დავუმატებთ, შედეგად მივიღებთ ნაციონალთა სამომავლო მრავალწლიან ბატონობას.

ხელგახსნილმა ხელისუფლებამ, საკუთარ თავსა და ქმედებაში თავდაჯერებულმა, ახალი შეტევა მიიტანა ხალხზე, ახალი გადასახადების შემოღების სახით. 2010 წელი აღინიშნა ფასების მატებით კომუნალურ მომსახურებაზე, ტრანსპორტზე, კვების პროდუქტებზე და სხვა. სოციალური პირობების ოდნავი გაუარესება ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციის მკაცრ ანტისახელისუფლებო რეაქციას იწვევს, მაგრამ ეს იქ, ჩვენი ბედოვლათი ოპოზიციის წყალობით მსგავსს აქ არ აქვს ადგილი. ოპოზიციას ერთხელაც არ მიუმართავს ხელისუფლებისათვის კოლექტიური პროტესტით გაზრდილი ფასების შესამცირებლად.

2010 წელი ოპოზიციის სრული დისკრედიტაციის წლად შეიძლება ჩაითვალოს. შეძლებს ოპოზიცია შებღალული სახელის გამოსწორებას, ძნელი სათქმელია. ისედაც დაქსაქსული ოპოზიცია ერთმანეთის ლანძღვით არის დაკავებული და თავს არ ზოგავს ამ „კეთილშობილური“ საქმისათვის.

2010 წელს, ისე, როგორც წინა წლებში ადგილი ჰქონდა მეზობელი რუსეთის ლანძღვას, მის წინააღმდეგ შავი PR-ს აგორებას. ამ საქმეში ხელისუფლებამ ასეულ-ათასობით დოლარი გადაყარა - ზოგს წიგნი გამოუცა, ასმუსისა და ილარიონოვის სახით, ზოგს ანტირუსული სტატია გამოაქვეყნებინა და ა.შ. მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა და დაიხარჯება ანტირუსული რადიო-ტელევიზიის შექმნაში, რომლის მიზანია ჩრდილო კავკასიის „გამოღვიძება“.

ჩრდილო კავკასია სააკაშვილის პოლიტიკის ახალი ავანტიურისტული თემაა. მან ეს თემა შორს, საერთაშორისო სარბიელზე გაიტანა, დაიწყო რა ფართო პროპაგანდა კავკასიის ფედერაციისა და კავკასიური სახლის პროვოკაციული იდეის ირგვლივ. თუ ამას დავუმატებთ ჩერქეზთა გენოციდისადმი მიძღვნილ ორ კონფერენციას, რომელსაც თბილისში ჰქონდა ადგილი და დიდოელთა საკითხის ფართო რეკლამირებას შეუიარაღებელი თვალითაც დავინახავთ, რომ სააკაშვილის პოლიტიკა არა მარტო რუსეთის მიმართ არის ავანტიურისტულ-პროვოკაციული, არამედ უპირველეს ყოვლისა საქართველოს მიმართ. ამ საკითხების გააქტიურებაში სააკაშვილი მარტო არ არის, მას ზურგს უმაგრებს აშშ-ს გარკვეული წრეები. მიზანი ერთია - კავკასიაში ხანძრის აგიზგიზება, ისეთის, რასაც 2008 წლის ცხინვალის ომის შედეგად უნდა ჰქონოდა ადგილი და რასაც რუსეთის მყარმა გადაწყვეტილებამ დაუსვა წერტილი.

2010 წელს ოქრუაშვილმა გამოამზეურა ჩეჩენ ბოევიკებთან საქართველოს ხელისუფალთა მჭიდრო თანამშრომლობის არაერთი მაგალითი, სწორედ ის, რაშიც რუსეთი გვდებდა და გვდებს ბრალს. ამ ფონზე სააკაშვილის საჯარო განცხადება რუსეთთან მოლაპარაკების თაობაზე ან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე თავდაუსხმელობის შესახებ, ლიტონ სიტყვებად ჟღერს.

2010 წელს ზოგიერთი ექსპერტი ქართული დიპლომატიის ტრიუმფად მიიჩნევს. ისინი რიხით ახსენებენ ბრიუსელს, ლისაბონს და სტრასბურგს. ცხადია ამ ქალაქებში საქართველოს თემა ჟღერდა, სადღაც, რაღაც მეორეხარისხოვან და არასავალდებულო დოკუმენტში გაჩნდა კიდევაც სიტყვა „ოკუპაცია“, მაგრამ იყო ასტანაც, სადაც ქართულმა დიპლომატიამ სრული ფიასკო განიცადა. ასტანის სამიტზე რუსეთმა მსოფლიოს გასაგონად და დასანახად გადადგა ნაბიჯი, რომლითაც ყველას აგრძნობინა, განსაკუთრებით საქართველოს დასავლელ გულშემატკივრებს, რომ მისი სიტყვა, ბოლო არ არის პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეზობელთან დადიოდეს საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად, ცხრა მთას იქით დახეტიალობს. ისე, როგორც წინა წლბში, 2010 წელს ადგილი ჰქონდა საქართველოს პირველი პირისა და მისი გუნდის გაუთავებელ მოგზაურობას უცხოეთში, მათ შორის ეკზოტიკურ ქვეყნებში, რაშიც ასეულ-ათასობით დოლარი დაიხარჯა. უამრავი ფული გადაიყარა გაუგებარ პროექტებში, ობელისკებში, კონცერტებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.

არც ერთ ზემოთმოყვანილ მაგალითზე ოპოზიციას ენაც არ დაუსველებია, არ უთქვამს, რომ ასეთი პოლიტიკა დამღუპველია ქვეყნისათვის. ოპოზიციური სიჩუმე თანხმობის ნიშანია, რაც საზოგადოებას განაწყობს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია დუმილით შეხვდება საქართველო-თურქეთის გარიგებას თურქეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოში 4 მეჩეთის მშენებლობას. ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ამით ცუდი არაფერი მოხდება, მით უმეტეს, როდესაც აჭარაში ისედაც გამალებული ტემპით მიმდინარეობს მეჩეთ-მედრესების აგება. ჩემის აზრით, ერთია გაუხმაურებელი აჭარული მშენებლობა და სხვაა სახელმწიფოს მიერ ნებადართული. დარწმუნებული ვარ, მეჩეთთა მასშტაბებიც შთამბეჭდავი იქნება, ისე, როგორც სამომავლო შედეგი. უნებლიედ იბადება კითხვა - საით მიჰყავს ხელისუფლებას ქვეყანა, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველო ჰქვია?

განვლილი დეკადა, განსაკუთრებით 2010 წელი, სერიოზული განსჯის საგნად უნდა იყოს ქცეული საზოგადოებისათვის, მაგრამ, როგორც ჩანს ყოველდღიურმა გაუსაძლისმა ყოფითმა პირობებმა შთანთქა მისი ყურადღება. საგანგაშო საკითხებს საზოგადოება რეაგირების გარეშე ტოვებს და თუ ასე გაგრძელდა, XXI საუკუნის მეორე დეკადის ბოლომდე ვერ მიაღწევს ქვეყანა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"