ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
25.12.2010
ოპოზიცია-ხელისუფლების ვაჭრობა
ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის პოლიტიკური დაპირისპირების 2010 წლის სეზონი მშვიდობიანად დასრულდა. „ქუჩის ოპოზიციის“ განცხადებით, რევოლუციური შემართება მომავალი წლის გაზაფხულიდან გაშლის ფრთებს და ისეთ ვირაჟებს გააკეთებს, რომ შეშინებული ხელისუფლება უკანმოუხედავად გაუყვება შინმოუსვლელთა გზას.

საზოგადოება ყოველგვარი ინტერესის გარეშე ისმენს ოპოზიციურ ბაქი-ბუქს და ხელჩაქნეული ძველებურად მიუყვება ყოველდღიურ მდორე დინებას. საზოგადოებას არც გასული შემოდგომის დაპირების სჯეროდა. ის კარგა ხანია ოპოზიციის დაბეჯითებული მოქმედებით ურწმუნო თომად იქცა.

ოპოზიციის მეორე ნაწილი, პარლამენტში მოკალათებულთა სახით, აღარც რევოლუციური დაპირებებით იკლავს თავს და აღარც ხელისუფალთა საწინააღმდეგო მწვავე განცხადებებით. ორივე - შინაური და გარეული, გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ ისინი უკმაყოფილო არ უნდა იყვნენ იმ საამური ცხოვრებით, რომელიც მათ ხალხმა შეუქმნა. გასული წლების მრავალათასიანმა მიტინგებმა გაუჩინა ოპოზიციას ხელისუფლებასთან სარფიანი ვაჭრობის შანსი. ასე რომ კომფორტული ცხოვრება სწორედაც ხალხის ძალისხმევის შედეგია და არა ოპოზიციის შრომის.

2008 წლის ყინულოვან იანვარში მოსახლეობამ თავი არ დაიზოგა სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად. სამწუხარო შედეგიც სახეზეა - გალაღებული ოპოზიციური პარტიების სახით. ქართული გამონათქვამის არსი - „ბევრი ვეცადე შენთვისა, ძლივს გამოვიდა ჩემთვისა“, დედის რძესავით აქვთ შერგებული ე.წ. ოპოზიციონერებს. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები აგრძელებენ იმავე ხალხის, ისედაც გაფხეკილ ჯიბეში ხელის ფათურს. ოპოზიცია თავს არ იტვირთავს ხელისუფალთა წინაშე, ხელისუფალთა მიერ შევიწროებული ხალხის მოთხოვნების დასაყენებლად, ისეთის, როგორებიცაა - კვების პროდუქტებზე კატასტროფულად გაზრდილი ფასები, გადიდებული კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ხარჯების მატება, ხელისუფალთა მიერ სხვა წვრილმან-მსხვილმანი გადასახადების გამოგონება. გაერთიანებულ ოპოზიციას სიტყვაც არ დაცდენია ხელისუფლებისთვის ერთიანი საპროტესტო წერილის წარსადგენად. ამ თემაზე ზოგიერთი პარტიის თითო-ოროლა წარმომადგენლის იშვიათი წამოკნავლება უფრო ვალის მოხდით იყო გამოწვეული და არა საქმის გამოსწორების სურვილით.

სოციალური საკითხები ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციის განსჯის თემაა. ოპოზიცია მცირედ ასეთ საკითხს სერიოზულად იხილავს და შანსს არ უშვებს ხელიდან ხელისუფლებასთან შესაჭიდებლად. ნუთუ აქაური ოპოზიცია ვერ ხდება ამ მარტივ ჭეშმარიტებას? ნაკლებად დასაჯერებელია. სწორედაც რომ ხვდება და ამიტომაც დუმს. აქტიურობის შემთხვევაში ხომ შეიძლება ხელისუფლებამ მიკიბ-მოკიბვის გარეშე საჯაროდ მიახალოს - გადასახადების გაზრდის გარეშე არც ბიუჯეტი შეივსება და აქედან გამომდინარე, არც თქვენი ჯიბეებიო!

ხელისუფლება მართალი იქნება, განსაკუთრებით, ოპოზიციის ჯიბეების შევსებასთან დაკავშირებით. ხუმრობა ხომ არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 17 პარტიას უხადო ფული? თარგამაძის “ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის წლიური დაფინანსება, ცხადია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 573 651 ლარს შეადგენს, ლეიბორისტების - 391 338 ლარს, „მრეწველები გადაარჩენს საქართველოს“ – 256 956 ლარს, ოქრუაშვილის „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ – 79 407 ლარს და 50 თეთრს და ა.შ.

მრეწველების მიერ გადარჩენილი საქართველო არ ჩანს, თავი კი გადაირჩინეს. ან რა ქრისტიანული, თუნდაც დემოკრატიული საქციელია ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ჩაჯიბვა ღარიბ-ღატაკი ამომრჩევლის ხარჯზე! როგორც ჩანს, პარტიას უყვარს კომფორტული ცხოვრება. პარტიის ლიდერთა საზღვარგარეთ ხშირი მგზავრობა ამის მანიშნებელია, მითუმეტეს ბიზნეს კლასით.

საკრებულოს წევრი გრიგოლია, რომელიც თბილისის საკრებულოში ნაციონალებისთვის ლამის ცეცხლის წაკიდებას აპირებდა, ცეცხლს გაღატაკებულ მოსახლეობას უკიდებს. მისი სისტემატური მგზავრობა თბილის-ლონდონს შორის, ბიზნეს კლასით, იქ მოსწავლე შვილის სანახავად, 2500 აშშ დოლარი ჯდება, რაც უპოვართა არაერთი წლის შემოსავალს აჭარბებს. ალასანიას უფრო შორი გზა აქვს გასავლელი ამერიკამდე (5000 აშშ დოლარი).

როგორც მოგახსენეთ, 17 პარტიის სახელმწიფო დაფინანსება სწორედ იმ მასობრივ სახალხო გამოსვლებს მოჰყვა, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის უაღრესად ცივ იანვარში. პატივცემული საზოგადოების გასაგონად ვამბობ - 2008 წლის სახალხო გამოსვლებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. მიტინგებმა და დემონსტრაციებმა ხალხს არაფერი მოუტანა, მაგრამ ხელისუფლებასთან მოვაჭრე ოპოზიციას - უდიდესი ფინანსური წარმატება. საერთაშორისო პრაქტიკას თუ შევავლებთ თვალს, ოპოზიციის დაფინანსება უცხო არ არის. ბიუჯეტი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა არა ყველა ქვეყანაში და არა ამ რაოდენობის პარტიას. საქართველო ამ მხრივაც ორიგინალური ქვეყანაა.

როდესაც მსგავს სასწაულთან გვაქვს საქმე ძნელია ოპოზიციის მიერ ხალხის ჭირ-ვარამის გაზიარება. მით უფრო ძნელია ოპოზიციის მიერ ხელისუფლების შეცვლა. სააკაშვილის გადაწყვეტილება, სახელმწიფო ორგანოების და ოპოზიციის დაპურებასთან დაკავშირებით, არის მარტივი და გასაგები. თუ ფული ჯოჯოხეთს ანათებს, გაუჭირდება ოპოზიციონერთა ტვინების განათება?

სააკაშვილმა მოახერხა პოტენციური რევოლუციის კერების ფულით ამოქოლვა. მან სათავისოდ განაწყო ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოები, სახელმწიფო დაწესებულებები და მარეგულირებელი ორგანოები, ტელეკომპანიები და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო - დაუნიშნა რა მათ მაღალი ხელფასები. სააკაშვილმა, საყოველთაო მოქრთამვით, შექმნა სახელმწიფო კორუფციის მანქანა, რომლის მწყობრიდან გამოყვანა რიგით მოქალაქეს, მითუმეტეს მშიერსა და მწყურვალს, არ ძალუძს. სააკაშვილმა მოისყიდა ყველა, ვინც მყარ ფუნდამენტს უქმნის მისი ხელისუფლების სამარადისო არსებობას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უდიდესი ძვრები მოხდა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე დიდი ცვლილება განიცადა ყოფილი საბჭოელების აზროვნებამ. ამ მხრივ განსაკუთრებული გარდაქმნა შეინიშნება საქართველოში. ის, რაც საქართველოში ხდება, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ახალი ქართველისათვის ფული გახდა ყველაფერი - სინდისიც, ნამუსიც, პატიოსნებაც, მეგობრობაც, ძმობაც. ფული, თანაც იოლი გზით ნაშოვნი, გახდა ყველა სოციალური ფენის სანატრელი რამ. ფულის მოსაპოვებლად, ჩვეულებრივად იქცა მოტყუება, მკვლელობა, გადაგდება, ტყუილი დაპირება და სხვა. ხელისუფლება ყველა ჩამოთვლილში მოწინავეობას არავის უთმობს.

სააკაშვილი მილიონებს დაჰპირდა გაჩეჩილაძეს და გადააგდო. ბოლო დროს გადაგდება-არგადაგდების თება ერთობ აქტუალურია გაპარტახებულ საქართველოში. უსაქმოდ დარჩენილი ოპოზიცია ერთმანეთს დაერია - ვინ მეტი აიღო. სენსაციისა და კომედიის მაძიებელი ჟურნალისტიკა, მოჭარბებული სიზუსტით, აღწერს ოპოზიციონერთა ერთმანეთის ჭამის პროცესს. სცხელა ვინმეს ქვეყნისათვის? ძნელი დასაჯერებელია.

არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის დსთ-ში, არ აქვს ადგილი ოპოზიცია-ხელისუფლების ისეთ გახელებულ, უნამუსო ვაჭრობას, როგორც საქართველოში.

არც ერთ ქვეყანაში არ არის დაცლილი ხელისუფლება-ოპოზიცია პასუხისმგებლობისგან, როგორც საქართველოში.

არც ერთ ქვეყანაში, ისე უპერსპექტივოდ არ ჩანს მომავალი, როგორც საქართველოში.

არც ერთ ქვეყანაში, ისე არ არის გალაღებული ხელისუფლება და ოპოზიცია, როგორც საქართველოში.

არც ერთ ქვეყანაში არ არის ხალხი აპოლიტიკური, როგორც საქართველოში.

არც ერთ ქვეყანაში ხალხი არ ცდილობს ხელისუფალთა მაამებლობითა და მლიქვნელობით ფონის გასვლას, როგორც საქართველოში.

მსგავსი „სიკეთეების“ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საქართველომ 1991 წლის დეკემბერში მიიღო დამოუკიდებულება, მაგრამ არა თავისუფლება. იმავდროულად მან მოჭარბებული დოზით შეიძინა მანკიერი თვისებები, რომლებიც მიწისაგან პირისა აღგვით ემუქრება მას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

შენიშვნა: სურათზე - "ვაჭრები".

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"