ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.12.2010
რუსეთის სახელმწიფომ თავისი ეფექტურობა აჩვენა

ამა წლის დეკემბერში რუსეთში გახმაურებული მოვლენები მოხდა. ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებთა ჯგუფთან შელაპარაკების და ჩხუბის შედეგად დაიღუპა რუსი ეროვნების ყმაწვილი, რომელიც ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი აღმოჩნდა. ამან სერიოზული ვნებათაღელვა გამოწვია როგორც საფეხბურთო გუნდების გულშემატკივართა, ე.წ. ფანატების რიგებში, ისე მთლიანად ახალგაზრდობაში.

მდგომარეობა გაამწვავა იმანაც, რომ ჩხუბის მონაწილე ოთხი კავკასიელიდან (იგულისხმება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებნი) სამი დაკავებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს. რუსულ ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში ატყდა აჟიოტაჟი, რომ რუსეთის ხელისუფლება უძლურია ე.წ. ეთნოდანაშაულის წინაშე, და რომ ის ხელს აფარებს ჩრდილოკავკასიელთა ბანდებს. იხსენებდნენ ცალკეულ ფაქტებს, როდესაც ე.წ. კავკასიელები ამცირებდნენ, სცემდნენ ან კლავდნენ კიდეც ეთნიკურად რუს ახალგაზრდებს, შეურაცხყოფდნენ ქალიშვილებს და ა.შ.

11 დეკემბერს, მანეჟის მოედანზე, რომელიც მოსკოვის კრემლს ესაზღვრება, დაინიშნა საპროტესტო მიტინგი. მანამდე, საფეხბურთო გულშემატკივრების და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით გაიმართა გარდაცვლილი ყმაწვილის დაკრძალვა. ამან მშვიდად ჩაიარა, ისევე როგორც მიტინგის პირველმა ნაწილმა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია გამწვავდა. მოედანზე შეკრებილმა ცალკეულმა პირებმა დაიწყეს მოფაშისტო ლოზუნგების სკანდირება, ფაშისტური მისალმების სტილში ხელების აღმართვა, შემდეგ კი არეულობების პროვოცირება სცადეს. აგრესიული ჯგუფები მოედვნენ ქუჩებს და მეტროს სადგურებს, სადაც ცდილობდნენ „კავკასიური“ ან სამხრეთული გარეგნობის ახალგაზრდების გამოჭერას და ცემას, ასევე წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს.

მოსკოვის მილიცია და შინაგანი ჯარის თანამშრომლები იძულებული გახდნენ, ასეულობით ადამიანი დაეკავებინათ. გაძლიერებული პატრულები მთელი საღამოს განმავლობაში, გვიან ღამემდე მორიგეობდნენ მეტროს სადგურებში და ქალაქის ქუჩებში. საბოლოოდ, მათ მოახერხეს სერიოზული არეულობის გარეშე სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანა.

მაგრამ ამის შემდეგ ინტერნეტში გამოჩნდა ცნობები, რომ საპასუხოდ „კავკასიელები“ აპირებენ მიტინგის მოწყობას და თითქოს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან მოსკოვის მიმართულებით მოემართებიან შეიარაღებული ადამიანების ჯგუფები და მსუბუქი ავტომობილების კოლონები. გამოცხადდა „კავკასიელთა“ მიტინგის დანიშვნის შესახებ 15 დეკემბერს, ერთ-ერთ მოედანზე. რუსეთში შიშით ელოდნენ ამ თარიღს, მაგრამ დათქმულ დღეს, მოედანზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდა მივიდა, ისევე როგორც რამდენიმე ასეული რუსი, ძირითადად უფროსკლასელები. მილიციამ ადვილად მოახერხა წესრიგის შენარჩუნება, ხოლო მომდევნო დღეებში სიტუაცია განიმუხტა. მკვლელობაში თანამონაწილე პირები ისევ დააკავეს, ხოლო მედვედევმა და პუტინმა მკაცრად დაგმეს არეულობის მოწყობის მცდელობები. ამავე დროს პუტინმა ისაუბრა იმაზეც, რომ სახელმწიფოს თავისი წვლილი მიუძღვის ამ მოვლენებში, რადგან ცალკეული მოხელეების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების კორუმპირებულობის გამო, ახალგაზრდობის ნაწილში გაჩნდა უსამართლობის და დაუცველობის გრძნობა.

როგორ შეიძლება შევაფასოთ დეკემბრის მოვლენები რუსეთში? ქართულმა პროსახელისუფლებო მას-მედიამ და ინტერნეტ-საშუალებებმა ისტერია მოაწყვეს ამის თაობაზე და ნიშნისმოგებით ხითხითებდნენ, რომ მალე რუსეთში არეულობა დაიწყება და იგი დაიშლება (გეგონება, რუსეთში შესაძლო არეულობას ათეულ ათასობით ეთნიკური ქართველის იქიდან გამოძევება ან გამოქცევა არ მოჰყვებოდა, რაც კატასტროფულად აისახებოდა ეკონომიკურ სიტუაციაზე საქართველოში). რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაცადი ხერხია, საკუთარი მოსახლეობა დაარწმუნოს რუსეთის „გარდაუვალ დაშლაში“, რაც ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ხალხს დაავიწყდეს ამ ხელისუფლების დანაშაულებები და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების იმედი გაუჩნდეს. მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და მალე თვით დაბეჩავებული ქართული მოსახლეობაც აღარ დაიჯერებს სახელისუფლებო მას-მედიის მომაბეზრებელ ტყუილებს.

რაც შეეხება თავად სიტუაციას რუსეთში, ცხადად გამოჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო გაცილებით უფრო ქმედითი და ეფექტურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფაქტია - ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში და ა.შ. მსგავსი არეულობები უფრო მძიმე შედეგებით დასრულდა, ვიდრე რუსეთში. აქ კი ძალოვანმა ორგანოებმა და მას-მედიამ თითქმის უმტკივნეულოდ მოახერხეს სიტუაციის დარეგულირება. სხვათა შორის, ამ დღეების განმავლობაში არ ყოფილა არავითარი ინფორმაცია, რომ ქართული წარმოშობის მოქალაქეები ან მცხოვრებნი რუსეთში ვინმეს ეცემოს, ან ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი სხვა დანაშაული ჩაედინოს მათ წინააღმდეგ. რუსეთში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ ჩვეულებრივად განაგრძობენ ცხოვრებას, მუშაობას და არავითარ ზიზღს ან ანტიპათიას არ გრძნობენ რიგითი რუსების მხრიდან. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის და გარკვეული გარე ძალების მცდელობა, შუღლი დაეთესა ქართველ და რუს ხალხებს შორის, კვლავაც წარუმატებლობას განიცდის.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"