ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.12.2010
„ვიკილიქსის“ მასალების ახალი განზომილება: თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების პრობლემები

Tribuna.ge. რა არ დაიწერა „ვიკილიქსის“ მასალებთან დაკავშირებით, მსოფლიო პრესა და არა მარტო პრესა - მთელი სახელმწიფოები, მათი ლიდერები და სხვა ოფიციალური პირები ნერვიულობენ, ბრაზობენ, შემდეგ ცდილობენ, „უკანონოდ მოპოვებული მასალების“ იგნორირება მოახდინონ, მაგრამ არ გამოსდით და ისევ ბრაზობენ...

კომენტარების დეფიციტი ნამდვილად არ იგრძნობა, მსოფლიოს ყველაზე უფრო ავტორიტეტული მას-მედია და ჟურნალისტები ბევრ საინტერესო მოსაზრებას გამოთაქვამენ და ძირითადად, პირადად ჩემი წარმოდგენით, ადეკვატურად აღიქვამენ მთელს პროცესს. მაგრამ, რამდენადაც მე დავაკვირდი, ერთი არსებითი ხასიათის მომენტი არ ყოფილა მრავალრიცხოვან კომენტარებში გამოყოფილი: აქამდე გახმაურებული დოკუმენტების აბსოლუტური უმრავლესობა შეეხებოდა ამერიკელი დიპლომატების მიერ თავიანთი ადგილსამყოფელი ქვეყნების, ამ ქვეყნების პოლიტიკოსების, იქ არსებული რეალიების და ა. შ. შეფასებას, ინფორმაციებს მათ შესახებ - ზოგს სწორს და „უბრალოდ“ უხეში ფორმებით გამოხატულს, ზოგს - იმდენად არაადეკვატურს, რომ ადამიანს ეჭვი შეეპარება ამერიკელი დიპლომატების ელემენტარულ დონეში, არათუ სერიოზულ მომზადებასა და გამჭრიახობაში. მაგრამ ყოველივე ეს ვნებდა უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯს, ხშირად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, აშშ-ის ურთიერთობებს ამა თუ იმ სახელმწიფოსთან, სამაგიეროდ არ აზიანებდა მესამე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

მაგალითისათვის: თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანზე გამოქვეყნებული თურქეთის რესპუბლიკაში აშშ-ის აწ უკვე ყოფილი ელჩის ეიდელმანის მოსაზრებები წყალს ამღვრევს თურქეთსა და ამერიკას შორის, მაგრამ არ აზარალებს, მაგალითად, ურთიერთობებს თურქეთსა და ირანს, თურქეთსა და ბრაზილიას, თურქეთსა და ინდოეთს და ა. შ. შორის. ასევე, როდესაც გამოქვეყნდა მასალები რუსეთის პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ პუტინზე, ურთიერთობების გაუარესების საფუძველი შეიქმნა რუსეთსა და ამერიკას შორის, და არა, მაგალითად, რუსეთსა და ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას და ა. შ. შორის. „ვიკილიქსის“ გახმაურებული მასალების აბსოლუტური უმრავლესობა ამგვარი იყო. მართალია, ადგილი ჰქონდა საუდის არაბეთის ბელადთა ანტიირანული გამონათქვამების გაჟონვასაც, მაგრამ რეალურად ურთიერთობები საუდის არაბეთსა და ირანს შორის ტრადიციულად ისედაც არასახარბიელოა, სპარსეთის ყურის პროამერიკული დიქტატურები ეჭის თვალით შეჰყურებენ დამოუკიდებელ და დასავლეთზე არ-გაყიდულ ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ისინი სადამ ჰუსეინსაც აფინანსებდნენ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. რა თქმა უნდა, ირანში ეს ყველაფერი კარგად უწყიან და „ვიკილიქსის“ მასალები არსებითად ვერ გაართულებდა ისედაც მძიმე ურთიერთობებს ამ ქვეყნებს შორის. შეიძლება, მხედველობიდან გამომრჩეს მსგავსი მაგალითები, მაგრამ მათი რაოდენობა და მნიშვნელობა ამაზე ბევრად მეტი ნამდვილად არ არის.

სიტუაცია ერთგვარად იცვლება ბოლო მონაცემებით. სააგენტო „რეგნუმზე“ 11 დეკემბრიდან მოყოლებული, განთავსებულია სტანისლავ ტარასოვის სტატია, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოიცავს თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების შესახებ, რომელიც, ტრადიციულად, განსაკუთრებულად და „ძმურადაც“ კი მიიჩნევა. ირკვევა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი უკმაყოფილოა თურქეთის მიერ ისრაელის საწინააღმდეგოდ პალესტინური მოძრაობა „ხამასის“ მხარდაჭერით, და, „ვიკილიქსის“ თანახმად, ალიევი ამ მოტივით არ აპირებს თურქეთს დაეხმაროს, გადაიქცეს რეგიონში „მნიშვნელოვან სატრანზიტო ენერგეტიკულ ცენტრად“.

არის თუ არა „ვიკილიქსის“ ეს ინფორმაცია გამიზნული დეზინფორმაცია და პროვოკაცია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ასამღვრევად? მით უმეტეს, რომ სკანდალური საიტის მიერ გამომზეურებული მასალების ძალიან დიდი წილი სწორედ თურქეთზე მოდის და მისი შედარებით ანტიამერიკელი პრემიერ-მინისტრი ერდოღანია ამ მასალების მთავარი სამიზნე. ეს შეიძლება ასეც იყოს, თუმცა ჯერ ამის მტკიცება არ შეიძლება. ასევე არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ „ვიკილიქსი“ თავად აშშ-ის ხელისუფლებამ მოამარაგა მასალებით, რათა შეექმნა საინფორმაციო პლაცდარმი, ყურადღება მოეზიდა „ვიკილიქსისათვის“ და შემდეგ ეტაპზე ისეთი მასალები გამოეყარა საიტზე, რომლებიც თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალებს გააფერმკრთალებს. ეს თუ ასეა, გამოჩნდება სხვა მასალების მაგალითზე: რამდენად პროვოკაციული იქნება ეს მასალები მესამე ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებისათვის - მაშინ გამოდის, რომ „ვიკილიქსი“ თვისობრივად ახალ სახეს იძენს ან სულაც თავიდანვე ყოფილა ასეთად ჩაფიქრებული.

„რეგნუმზე“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ტარასოვი კი სამართლიანად შენიშნავს (თუნდაც ვებ-გვერდის baku.rosvesty.ru-ს რედაქტორის ტარასოვის უკან სომხური ლობი საქმიანობდეს - ასეთი ვერსიაც გავითვალისწინოთ), რომ „ვიკილიქსის“ ეს მონაცემები, დავუშვათ და, პროვოკაციაა, მიმართული თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გასაფუჭებლად, მაგრამ რეალურად გარკვეული უნდობლობა ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებობს და მათი ურთიერთობა ნამდვილად არ არის უპრობლემო. ამის დასადასტურებლად ტარასოვს თურქი დიპლომატების და პოლიტოლოგების შესაბამისი ციტატები მოჰყავს, რომლებიც არა „ვიკილიქსში“, არამედ თურქულ პრესაში გამოქვეყნდა ღიად და დაუფარავად.

არ მინდა, არასწორად ვიქნა გაგებული, მაგრამ სააკაშვილის გადამკიდე, რომელმაც ერთი პერიოდი აზერბაიჯანთან „კონფედერაცია“ აიკვიატა, შემდეგ მისმა მომხრე პარლამენტარებმა თურქეთიც მოიაზრეს ამ კონფედერაციაში, და ეს იდეა მთლად მარტო მათ თავებში გაჩენილი არ ჩანს, კმაყოფილები უნდა ვიყოთ, თუ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ერთგვარი დისტანცია იქნება და მათი დაახლოება ზედმეტად მჭიდრო ხასიათს არ მიიღებს. ეს საქართველოს გადასარჩენი წინაპირობაა მაშინ, როდესაც საკუთარი ხელისუფლება არად დაგვიდევს ქვეყნის თვითმყოფადობასა და რეალურ სუვერენიტეტს.

გულბაათ რცხილაძე

შენიშვნა: ევრაზიის ინსტიტუტმა გადაწყვიტა, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მხარი დაუჭიროს ახალ ქართულ გაზეთს "ტრიბუნა.გე", რომელიც ინტერნეტშიც გამოვა (http://tribuna.ge/) და ბეჭდვითი სახითაც გავრცელდება. ეს მხარდაჭერა გამოიხატება იმით, რომ ინსტიტუტის მასალები გამოქვეყნდება გაზეთში "ტრიბუნა.გე", ხოლო ჩვენს საიტზე ამ მასალებს გადმოვბეჭდავთ გაზეთზე მითითებით, შეძლებისდაგვარად, რუსული თარგმანითურთ. "ტრიბუნა.გე" შეეცდება, იყოს ქართულ პრესაში გამორჩეული, არც ერთი სხვა გაზეთის მსგავსი, მეტად ინტელექტუალური და ინფორმატიული, ჩვენი მხარდაჭერაც ამით არის განპირობებული. "ტრიბუნა.გე"-ს ვუსურვებთ წარმატებებს.

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"