ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.12.2010
შეუთანხმებელი სიმღერის ბედი საქართველოში

ეს ორი დღეა საინფორმაციო საშუალებები ერთმანეთს ასწრებენ მოსკოვში ნანი ბრეგვაძის 24 დეკემბერს დაგეგმილი და 13 დეკემბერს გაუქმებული კონცერტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას. მიუხედავად ამ ისტორიის აშკარად პოლიტიკური შეფერილობისა, ეს "ნიუსი" კულტურის რუბრიკით გადის. არადა, თავად მოვლენის შინაარსს კულტურასთან არაფერი აქვს საერთო.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ბილეთების ფასი 30-150 აშშ დოლარის ექვივალენტში მერყეობს. პარტერის ბილეთები კარგა ხანია, სრულად გაიყიდა. ეს არც არის გასაკვირი; ბილეთები 10 ნოემბრიდან იყიდება. არც ერთ ჟურნალისტს არ გაუჩნდა შეკითხვა, ვინ დაფარავს მატერიალურ ზარალს, რომელიც საკონცერტო დარბაზს და ნანი ბრეგვაძეს მიადგა. ზუსტად ვერა (ხელშეკრულების პირობები ჩვენთვის უცნობია), მაგრამ დაახლოებით ამ ზარალის გამოთვლა რთული არ არის; ნ.ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურის სასახლე 2004 წელს აშენდა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი დარბაზები აქვს.

ნანი ბრეგვაძის კონცერტი დიდ დარბაზში უნდა ჩატარებულიყო, რომელშიც 1200 ადგილია. რაკი მხოლოდ პარტერს ვითვლით, ვიგულისხმოთ 1000 გაყიდული ბილეთი. ფასიც საშუალოდ 30-სა და 150 დოლარს შორის 75 დოლარი ვიანგარიშოთ. გამოდის, რომ 75.000 დოლარის ზარალი უკვე შემდგარი ფაქტია! კულტურის სახლი, სავარაუდოა, არენდის თანხას მაინც დაიტოვებს (თუ დამატებითი საპირგამტეხლო არ მოითხოვა), ხოლო ნანი ბრეგვაძისთვის მიუღებელი ჰონორარი სიხარულის მომგვრელი ნამდვილად არ უნდა იყოს.

და მაინც, არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ზარალი, რომელიც ერთდროულად საქართველოს და ყოველ ცალკეულ მოქალაქეს მიადგა; უკანასკნელ ხანს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებული შემრიგებლური განცხადებები რუსეთთან უპირობო დიალოგის შესახებ ამ ერთმა არშემდგარმა კონცერტმა გადაწონა. როგორ შეიძლება რუსეთთან  ურთიერთობის მოწესრიგება, თუკი ჩვენი ხელისუფლება მოსკოვში დაგეგმილ ერთ ცალკეულ კონცერტსაც კი მტრის  იდეოლოგიურ იარაღად მიიჩნევს?

ქვეყანაში, სადაც ერთი, თუნდაც დიდი მომღერლის მიერ რუსულ სცენაზე გასვლა-არგასვლას კულტურის სამინისტროში წყვეტენ, საბჭოთა კავშირის სურნელი ტრიალებს. ეს სურნელი ყველაზე სწრაფად სწორედ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა იგრძნო და ჟურნალისტების წინაშე თავი იმართლა:

"ვიფიქრე, რომ უარი არ უნდა მეთქვა. იქ ხომ სტუდენტები და პროფესორები არიან. მითხრეს, этот концерт никакого политического значения не имеет. თუმცა უნდა ვიკითხო სამინისტროში, მაქვს თუ არა ამის უფლება და ცუდ რამეს ხომ არ ვშვრები ამით. მე დღესვე გავარკვევ სამინისტროში ამ საკითხს".

იმავე საღამოს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი აღარ შედგება.

ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ნანი ბრეგვაძეს აკრიტიკებს ამ გადაწყვეტილების გამო. არადა, მისი განცხადება აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ პრობლემა მასში კი არა, ოფიციალურ სტრუქტურებშია. მან ღიად მიუთითა იმაზეც, თუ ვის უნდა დაეკითხოს საქართელოში მომღერალი (დიდი მომღერალიც), იმღეროს თუ არა!

წლების წინ, როდესაც ანსამბლი "ორერა" მთელს მსოფლიოში დადიოდა გასტროლებზე, თბილისში ერთი ჭორი გავრცელდა; ნანი ბრეგვაძე უშიშროების კომიტეტში დაიბარეს და თანამშრომლობა შესთავაზეს. ნანიმ იქვე მიუგო: “ვის ეუბნებით, ბატონო, ამას, მე? ერთი სული მაქვს, აქედან რომ გავალ, პირველივე შემხვედრს ვუამბო ამის შესახებ!”

საბჭოთა უშიშროებას მეტად ნანი ბრეგვაძე აღარ შეუწუხებია. დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის სამინისტრო კი, როგორც ჩანს, მალე სარეპერტუარო კოლეგიასაც აღადგენს და შეუთანხმებელი სიმღერების შეუთანხმებელ დარბაზებში შესრულებასაც ერთხელ და სამუდამოდ აკრძალავს!

ნანა დევდარიანი

ევრაზიის ინსტიტუტისგან: როგორც კი ჩვენი ჟურნალის რედაქციაში შემოვიდა ნანა დევდარიანის კომენტარი, თითქმის მაშინვე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კონცერტი თითქოს მაინც ჩატარდება (იხ. ბმული). ალბათ ახლა აღარც არის მნიშვნელოვანი, საკუთრივ კონცერტი ჩატარდება თუ არა - საქართველოს ხელისუფლებამ კულტურული ღონისძიება კიდევ ერთხელ გადააქცია სამარცხვინო პროვოკაციად. შეგახსენებთ, რომ ასეთივე ხმაური იქნა ატეხილი გასულ წელს პაატა ბურჭულაძის მოსკოვური კონცერტის გამო. ხელოვნების მოღვაწეებზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება - და ეს იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ სწორედ ისინი დარჩნენ რუს და ქართველ ხალხებს შორის ხიდად. სასიამოვნო გაკვირვებას იწვევს რუსი მსმენელის ერთგულება, რომელიც მზად არის, საკმაოდ დიდი თანხა გაიღოს საყვარელი ქართველი მომღერლის კონცერტზე დასასწრებად. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ხელოვნების მოღვაწეები არ უნდა დაჰყვნენ ზეწოლას, მათ არ უნდა გაუცრუონ იმედი თავიანთ რუს პუბლიკას, რომელსაც ისინი კიდევ უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ქართულს. საქართველოს ბევრი სხვა მოქალაქისგან განსხვავებით, სააკაშვილის რეჟიმს არ შეუძლია ამ მოღვაწეთა ჩასმა ციხეში. მატერიალურად ისინი ასევე არ არიან რეჟიმზე დამოკიდებულნი. მაშ რის უნდა ეშინოდეთ, რატომ მერყეობს ქალბატონი ნანი? კონცერტზე რუსი პოლიტიკოსებიც რომ მივიდნენ, ეს კონცერტზე უარის თქმის საბაბად შეიძლება იქცეს? საჭიროა ღიად, რებუსების გარეშე ლაპარაკი. ზუსტად ისევე, როგორც სიმღერა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"