ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.12.2010
„ლერწმის სტრატეგია“ გლობალიზმის წინააღმდეგ ნანა დევდარიანის წიგნის - „ლერწმის სტრატეგია“ - შესახებ

"ნანა დევდარიანი ფარდას ხდის ქართული პოლიტიკის მანკიერ არსს, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით. იგი გვახსენებს ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ერთ ინტერვიუს, რომელიც მან პრესას საქართველოში ჯერ კიდევ 1995 წელს ჩამოსვლისას მისცა"...

წყარო: Georgiamonitor.org. ნანა დევდარიანი საქართველოში ცნობილი ჟურნალისტია, რომლის დარი პროფესიონალი ძალზე ცოტაა. მაგრამ, ამასთან ერთად ქალბატონმა ნანამ თავისი წიგნით „ლერწმის სტრატეგია“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას თამამად შეუძლია, პრეტენზია ჰქონდეს, სულ ცოტა, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჟურნალისტის გარდა მას შეიძლება პოლიტოლოგიც ვუწოდოთ. ეს ტიტული დღევანდელ საქართველოში, სამწუხაროდ, მთლიანად გაუფასურებელია, „პოლიტოლოგებად“ პრესაში მოიხსენიებენ ყველა არაპროფესიონალს, ვისაც კი ერთ სიტყვა მაინც უთქვამს პოლიტიკის შესახებ - არაფრით გამორჩეულ ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს და სხვ. - ძირითადად ეს ხელისუფლების მიერ ნაკვები ხალხია, რომელთა ფუნქციაა ტელეეკრანისა და პრესის გავსება ყოველგვარი სისულელით ინტერვიუს ფორმატში და ხელისუფლების ნებისმიერი ქმედების გათეთრება (თუმცა „ოპოზიციური“ ფსევდოპოლიტოლოგებიც საკმაო რაოდენობით მოიპოვება). მაგრამ მათ რომ სთხოვო უბრალო სტატიის, თუნდაც არასამეცნიეროს, სულ სამ-ოთხ გვერდზე დაწერა, არაფერი გამოვა, რომ არაფერი ვთქვათ გამოკვლევებზე. საბედნიეროდ, ახლა საუბარი მათზე არ არის, არამედ მეტად საინტერესო წიგნზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით პირველი სერიოზული მცდელობაა, გაანალიზებულ იქნას დასავლური იდეოლოგია დასავლეთის სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, ასევე კრიტიკული შეფასება მიეცეს ამ იდეოლოგიის/პოლიტიკის ზეგავლენას დღევანდელ საქართველოზე, ადგილობრივი „ინტელექტუალური ლიბერალიზმის“ ანუ რადიკალური მედასავლეთუმეობის გამოვლინებასთან პოლემიკის გზით, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ ქვეყანაში ერთადერთ ინტელექტუალურ ძალას წარმოადგენს და რაღა თქმა უნდა, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ფლობს.

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოებრიობა ნაწილობრივ იძლევა იმის ვარაუდის საბაბს, რომ მედასავლეთუმეები სიმართლეს ამბობენ და ქვეყანაში არ არსებობს უფრო ინტელექტუალური ძალა, რომელსაც შეუძლია აკადამიურად, ისტერიის გარეშე და ცოდნის საფუძველზე გაუწიოს მათ წინააღმდეგობა. ანტიდასავლური და ანტიგლობალისტური პროტესტი საქართველოში ხშირად ზედმეტად ვულგარული ხასიათისაა და არ სცდება ზოგიერთი ბულვარული გაზეთის ფარგლებს. რა თქმა უნდა, საქართველოში ინტელექტუალური პოტენციალი არ ამოწურულა ან არ გადაქაჩულა მთლიანად მედასავლეთუმეების მხარეს. სერიოზულ პრობლემად რჩება მატერიალური მხარე: თუკი მაგალითად, მედასავლეთუმეებს ყოველთვის მოეძებნებათ საშუალება, გამოსცენ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე მომზადებული რამდენიმე ჟურნალი სამეცნიეროსთან მიახლოებული ან სულაც ფსევდოსამეცნიერო (მაგრამ მაინც) მსჯელობებით პოლიტიკაზე, ფილოსოფიაზე, კულტურაზე, ეკონომიკაზე და ასე შემდეგ, საზოგადოების დანარჩენ ნაწილს ამგვარი მატერიალური შესაძლებლობა და არც საორგანიზაციო თვისებები არ გააჩნია საპირისპირო ფრონტის შესაქმნელად. ნანა დევდარიანი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისთაგანია. მან არ დაიზარა, იგი არ შეუშინდა და თავისი ხარჯითა და რისკით გამოსცა წიგნი, რომელიც წარმოადგენს აკადემიურ, არგუმენტირებულ, სიღრმისეულ - მოკლედ რომ ვთქვათ, ღირსეულ პასუხს საქართველოში არსებული რადიკალური პროდასავლური ძალების მიმართ „ნორმალური“ ქართველი ადამიანის - მართლმადიდებელი ქრისტიანის პოზიციებიდან, რომელიც პატივს სცემს ოჯახურ ტრადიციებს, ქართველი ხალხის სულისთვის დამახასიათებელ, მისი ისტორიისა და ცხოვრების წესის თანმდევ მარადიულ ქრისტიანულ ფასეულობებს.

თუმცა წიგნის მიზანი არ არის მხოლოდ პოლემიკა და არც უნივერსალიზმზე პრეტენზიის მქონე დასავლური იდეოლოგიის კრიტიკა, რომელიც ამ პრეტენზიით „ანტიგლობალიზმს“ ჰბადებს. წიგნის თემატური დიაპაზონი ძალზე ფართოა. ნანა დევდარიანს საკვლევი თემისადმი სიღრმისეული მიდგომა ახასიათებს, ამიტომ „ლერწმის სტრატეგიაში“ გამოყენებულია ძალზე მდიდარი ლიტერატურა, სრულიად განსხვავებული ავტორები, წყაროები და წიგნები. წიგნში არ აქვს ადგილი განყენებულ, წყალწყალა და ამგვარად დამღლელ მსჯელობებს, მით უმეტეს, ეპატაჟურ გადახვევებს. ავტორის ნებისმიერი პირადი მოსაზრება მის მიერვე სკრუპულოზურად იწონება და ლოგიკური გააზრების საგანი ხდება სწორედ ზემოთ ნახსენები მრავალფეროვანი ლიტერატურის მეშვეობით, საიდანაც ავტორი კონკრეტულ ციტატებს იხმობს საკუთარი აზრის გასამყარებლად. განსაკუთრებულ ყურადღებას ავტორი აგრეთვე უთმობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლექსიკონში ხშირად ხმარებულ ტერმინებს, რომლებიც სწორედ ამ ხშირი და ნებელობითი გამოყენებისაგან ჰკარგავენ აზრს და უაზრობად იქცევიან. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ველოდოთ, რომ ერთი წიგნის ფარგლებში მრავალრიცხოვან ტერმინთა სწორი გამოყენების თვალსაზრისით „წესრიგი დამყარდა“, ჩემი აზრით ადგილი აქვს ზოგ საკამათო მომენტსაც (რაზეც ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ), მაგრამ თავად ფაქტი, რომ წიგნში ტერმინების გამოყენება ხდება წინასწარი განმარტების შედეგად (ანუ ხდება ტერმინთა „ოპერაციონალიზაცია“), ნამუშევარს უფრო ღირებულს ხდის.

ავტორს აწუხებს ის, რომ საქართველო მიეჩვია ილუზიებით ცხოვრებას და გონიერებას მოკლებულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული - თავისსავე საზიანოდ. წიგნი მოუწოდებს „ლერწმის სტრატეგიისკენ“ ანუ გარესამყაროს პრაგმატული აღქმისა და ამგვარად, პრაგმატული პოლიტიკისკენ, რომელიც ისეთი მცირე მოცულობის ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, გულისხმობს გაცილებით მეტი მოქნილობისა და სიფრთხილის აუცილებლობას. ეს აზრი ნანა დევდარიანმა გამოხატა „წმ. აბო ტფილელის წამების“ ერთი ცნობილი მეტაფორის ახლებური, მეტად საინტერესო გააზრებით: „...ქართველებს ხშირად გვემართება, რომ ნაკლად ვითვლით იმას, რაც სულაც არ არის ნაკლი, მით უფრო - დღევანდელ ცინიკურ მსოფლიოში. დიახ, საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე ხშირად „ირხეოდა, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“. როცა ამას სკოლაში გვასწავლიდნენ, იგულისხმებოდა, რომ ეს არ არის საკადრისი საქციელი. მაგრამ ძლიერ ქარს მუხის ფესვიანად მოგლეჯა შეუძლია და მოუგლეჯია კიდეც ჩვენზე დიდი და მრავალრიცხოვანი ერები. ლერწამი კი წვება, ქარიშხალს გადაატარებს და კვლავ ფეხზე დგება“.

ამრიგად, სხვა საკითხებთან ერთად, ნანა დევდარიანი ფარდას ხდის ქართული პოლიტიკის მანკიერ არსს, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით. იგი გვახსენებს ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ერთ ინტერვიუს, რომელიც მან პრესას საქართველოში ჯერ კიდევ 1995 წელს ჩამოსვლისას მისცა. ამ ინტერვიუში გენერალი შალიკაშვილი ამბობს: „რუსეთი მეტად ანგარიშგასაწევი ძალაა. მიმაჩნია, რომ მის პირველ პირებთან შეიძლება საერთო ენის გამონახვა. ეჭვგარეშეა, რომ ყოველთვის იგებს ის ქვეყანა, რომელსაც კარგი მეზობლობა შეუძლია. ჩემი რჩევა იქნება, მარტო ცუდს ნუ გაიხსენებთ! გახსოვდეთ, რომ ბევრი კარგიც იყო თქვენს შორის... ვიცი, რომ ხშირად გტკენიათ გული, მაგრამ მოდით, ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. თქვენ აუცილებლად უნდა მონახოთ გასაღები რუსეთთან. დამერწმუნეთ, სხვა ისე ვერავინ დაგეხმარებათ, როგორც ისინი. თქვენ დღეს ძალიან გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად ფეხზე წამოდგომა...“

მე ჩემს მხრივ დარწმუნებული ვარ, აქ მოყვანილი ციტატა მის ავტორზე მითითების გარეშე რომ დავდოთ, საქართველოში ვერავინ მიხვდება, რომ ეს სიტყვები ამერიკელ გენერალს, უწესიერეს ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც თავისი აზრი პატიოსნად გამოთქვა. არადა, ამ ციტატის ფართოდ გავრცელებაა საჭირო.

წიგნის ავტორი დაუნდობლად აკრიტიკებს ქართული პოლიტიკისა და საზოგადოებრიობის ნაწილის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ: „ანტირუსული რიტორიკა (ხშირად შეურაცხმყოფელიც) და რუსეთისგან შეღავათების მოთხოვნა ისე მონაცვლეობს, თითქოს ვინმეს სჯეროდეს, რომ გინების შემდეგ გაზს ნახევარ ფასში მოგაწვდიან!“ მაგრამ დევდარიანი არ შემოიფარგლება პოლიტიკოსებისა და ქართული საზოგადოებრიობის ნაწილის კრიტიკით, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკულად ნებისმიერ ავტორს შეუძლია, თავი იგრძნოს საკმაოდ კომფორტულად. ამგვარი კრიტიკოსებისგან განსხვავებით, ნანა დევდარიანი უფრო შორს მიდის და თამამად მიუთითებს იმაზე, რომ მთელი ხალხი, ინტელიგენციის ჩათვლით, მოცულია შიშით: „...ხალხის უმრავლესობა გრძნობს, რომ /რუსეთთან/ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ვერავინ ბედავს ამის ხმამაღლა თქმას. /.../ საუბედუროდ, ქართული ინტელიგენციაც კი უფრთხის ამ არაპოპულარულ თემას და იმავე შიშების გამო რუსეთთან მხოლოდ კულტურულ კავშირებზე მიმანიშნებელ რბილ განცხადებებს აკეთებს“.

რა თქმა უნდა, წიგნის ავტორი, ინარჩუნებს რა ობიექტურობას, არ ეწევა მხოლოდ „თვითგვემას“ და ასევე მიუთითებს საქართველოს მიმართ რუსულ პოლიტიკაში არსებულ არასწორ მომენტებზე. ავტორს მიაჩნია, რომ რუსეთში უფრო სიღრმისეულად უნდა მიუდგნენ ჩვენი ერთობლივი ისტორიის საკითხებს და შეიგნონ, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და ბაგრატიონთა მეფობის გაუქმება არ იყო მხოლოდ უბრალო პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეორგანიზაცია ახლად შემოერთებულ საქართველოში, არამედ ნამდვილი ბოროტება იყო, რადგან ავტოკეფალური ეკლესია და გენეალოგიურად ბიბლიურ მეფე დავითთან დაკავშირებული ბაგრატიონთა სამეფო ტახტი ქართველი ხალხისათვის არა მხოლოდ და არა იმდენად პოლიტიკური, არამედ მეტაფიზიკური, სულიერი დატვირთვის მატარებელია. როგორც ჩანს, ისეთი პოლიტიკოსები რუსეთში, როგორც მაგალითად, კონსტანტინე ზატულინია, წარმოუდგენლად შორს არიან ისტორიის ამგვარი გაგებისაგან, ან უბრალოდ, მათ არ სურთ ნორმალური ურთიერთობები ორ ხალხს შორის: „2005 წლის აპრილში ჩვენთვის კარგად ცნობილი კონსტანტინე ზატულინი ათენში ჩატარებული მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე გამოვიდა - იხსენებს დევდარიანი, - მან მართლმადიდებლური ცივილიზაციის პრობლემებზე ილაპარაკა. /.../ შემდეგ იგი დაასკვნის: ‘ელინიზმი და სლავობა - მართლმადიდებელი ცივილიზაციის ორი საყრდენია’. მას ერთი სიტყვითაც არ უხსენებია საქართველო, თითქოს განაცალკევა იგი მართლმადიდებელი სამყაროსაგან. საქართველო ხომ არც ელინური და არც სლავური ქვეყანა არ არის“.

ახლა მოკლედ მინდა შევეხო იმ მომენტს, რაშიც მე პირადად წიგნის ავტორს არ ვეთანხმები (ამგვარი მომენტები ძალიან ცოტაა). დევდარიანი აკრიტიკებს არქიმანდრიტ ტიხონს, რომელმაც გაზეთ „ზავტრაში“ განაცხადა, რომ რუსეთს არსებობა მხოლოდ როგორც იმპერიას შეუძლია. არქიმანდრიტი მომხრეა იმისა, რომ რუსეთს არ უნდა ეშინოდეს და რცხვენოდეს იმპერიისკენ სწრაფვისა, ამის ხომ არ ერიდებათ ვაშინგტონში, სადაც არქიტექტურის, სიმბოლოების დონეზეც არ მალავენ თავიანთ იმპერიულ არსს. ნანა დევდარიანი კი მიიჩნევს, რომ „ამერიკელი ხალხის საუკეთესო ნაწილს იმპერიაში ცხოვრება არ უნდა“. ჯერ ერთი, ყოველთვის საკამათოა, ვინ არის „საუკეთესო“ (მაგალითად, იგივე დრამატურგი ჰაროლდ პინტერი, რომლის ციტირებასაც ახდენს წიგნის ავტორი?), მეორეც, გააჩნია, როგორ იმპერიაში არის ან არ არის სასურველი ცხოვრება. ნაციონალური სახელმწიფოებიც ხომ ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც იმპერიები. ამ თემაზე მე თავად დავწერე, როდესაც გავაკრიტიკე პროფესორი გ. ანჩაბაძე, რომელმაც „მესამე რომის“ იდეა, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია დღესაც იზიარებს, „ტოტალიტარულად“ მიიჩნია. საპასუხო სტატიაში (ბმული) მე მივუთითე: „ქრისტიანული იმპერიის იდეა და ამ იდეის განხორციელებაც არსებობდა როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთ ევროპაში. იმპერია მოიაზრებოდა არა როგორც რომელიმე ერთ ერზე მეორე ერის ბატონობის და ჩაგვრის მექანიზმი, არამედ ერების საკრალურ ერთიანობად, რომლის მიზანია, დავესესხები კარლ შმიტს – ”შეაჩეროს, თავიდან აიცილოს ანტიქრისტეს მოსვლა”, იმპერია არის ბოროტების შემაკავებელი ძალა, კატეხონი (კარლ შმიტი მიუთითებს შესაბამის ადგილს სახარებაში, რომლის საფუძველზეც ჰპოვა განვითარება კატეხონის იდეამ – პავლე მოციქული, 2-ე თესალონიკელთა მიმართ, 2, 5-7). აი ეს იდეაა ჩადებული იმპერიაში, შეუძლებელია, რუსეთის პატრიარქს სხვანაირად ესმოდეს იმპერიის ცნება და მასში ”საბჭოთა კავშირის აღდგენას” გულისხმობდეს. იმპერია, ”მესამე რომი” მოიაზრება მეტაფიზიკურად, იგი არის ორიენტირი, მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საფუძველი, რომლებიც ერთად არიან შეკრულნი, და ამავე დროს სრულ თავისუფლებას ინარჩუნებენ“.

როგორც ვხედავთ, იმპერია არ წარმოადგენს ცალსახად ნეგატიურ მოვლენას, ყოველ შემთხვევაში, მართლმადიდებელი ადამიანის პოზიციით თუ შევხედავთ. „მესამე რომი“ კარდინალურად განსხვავდება ანგლო-საქსური და სხვა დასავლური საზღვაო - კოლონიალური იმპერიებისაგან, ისევე როგორც დღევანდელი ამერიკული სუპერ-იმპერიისაგან, რომელის დასასრულიც, როგორც ჩანს, ახლოვდება. ამიტომ ალბათ მაინც არ ღირს იმპერიის იდეის მხარდამჭერი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა კრიტიკა. უფრო პირიქით, ქართველებმა პირველებმა უნდა დავუჭიროთ მხარი ამ იდეას, ვინაიდან რუსეთი, მისი მოცულობიდან, მატერიალური და ინტელექტუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მართლმადიდებელი სამყაროს ბუნებრივ ლიდერად გვევლინება, ხოლო საქართველოს, როგორც ყველაზე მცირე და სუსტ ქვეყანას, სჭირდება სულისკვეთებით ახლო მოკავშირე, რათა არ აითქვიფოს „გლობალიზებულ“ მსოფლიოში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის შვილიშვილს ნანა დევდარიანს ალბათ ჩემზე უკეთ მოეხსენება ის, რაზეც მე ზემოთ დავწერე, მაგრამ იგი, როგორც მე მეჩვენება, უბრალოდ აჩქარდა და არ მიმართა თავისსავე პრინციპს, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში იყენებს წიგნში - წინასწარ არ ახსნა ტერმინი „იმპერია“ და დაეყრდნო მხოლოდ მის ნეგატიურ, „სახაროვისეულ“ მნიშვნელობას.

ის, რომ ქართველები მტაცებელი დასავლური საზღვაო იმპერიების შემადგენლობაში მცხოვრებ ხალხებთან შედარებით არც თუ ისე ცუდად ცხოვრობდნენ კონტინენტალურ მართლმადიდებელ იმპერიაში, ჩანს ქართველთა უპირობო ავტორიტეტის - ილია ჭავჭავაძის მონაცემებითაც, რომლის ციტირებასაც ახდენს წიგნის ავტორი: „მხოლოდ ქუთაისის გუბერნიაში, საცა გლეხობა ყველას უფრო ღარიბად მიგვაჩნია, 8.075 ნაყმევმა კომლმა შეისყიდა თვისი ნაჭერი ადგილ-მამულები ნაბატონართაგან და 1.104.870 მანეთი თავისი საკუთარი ჯიბიდამ მისცა. ასე რომ მთავრობის შემწეობაც არ ითხოვა. გერმანიაში 27 წელიწადში ნაყმევთაგან მარტო მეოთხედმა ნაწილმა ძლივს დაიხსნა თავისი ადგილ-მამულები, ისიც მთავრობის შეწევნითა, და იმერეთში კი (გარდა სამეგრელოსი) ერთმა მესამედმა 10 წელიწადში გამოიხსნა თავისი მამულები“. ეს ისევე იშვიათად ციტირებული ტექსტია ილიას წერილებიდან დღევანდელ საქართველოში, როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატი გენერალ შალიკაშვილის ინტერვიუდან... ეს გასაკვირი არც არის, რადგან, როგორც ნ. დევდარიანი შენიშნავს სამართლიანად: „სამწუხაროდ, საქართველოში კატასტროფული ნაკლებობაა იმგვარი პოლიტიკოსებისა, რომელთაც შეუძლიათ, საკუთარ ხალხს არაპოპულარული სიმართლე უთხრან“.

* * *

ჩვენ შევჩერდით ავტორისეულ შეფასებებზე რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, წიგნში მოცემულია დასავლური იდეოლოგიისა და პოლიტიკის დახასიათება. შევეცდები, მოკლედ გამოვყო მთავარი მომენტები:

- დასავლური ფუნდამენტალიზმი (პროტესტანტული ფუნდამენტალიზმი) და მისი მტრულად განწყობა გარესამყაროსა და სხვა ცივილიზაციების მიმართ (დაწვრილებით განიხილება ფ. ფუკუიამას სტატია „ფუნდამენტალიზმის მომავალი“);

- დასავლეთის მიერ მსოფლიოსათვის ყალბი ფასეულობების თავსმოხვევა (ავტორი ეტრდნობა ჟან ბოდრიიარს: „არსებითად, ჩვენ გამოვდევნეთ ფასეულობათა ყველა სხვა სისტემა. მაგრამ ყველაზე სასაცილო აქ ის არის, რომ თავად დასავლური ღირებულებები აღარ წარმოადგენს ფასეულობებს - ჩვენ თვითონ გავანადგურეთ ისინი“. ეს კი, დევდარიანის აზრით, იწვევს იმას, რომ „ცოდვაში ყოფნა სულ უფრო ‘კომფორტული’ ხდება“);

- „სიტყვის თავისუფლების“ მოჩვენებითობა: ცენზურა, როგორც „ნებაყოფლობითი თვითშეზღუდვა“ სრული საინფორმაციო სურათისა და სხვადასხვა მოსაზრებების გავრცელებაზე. ავტორი „დემოკრატიულ საზოგადოებაში“ შექმნილ თანამედროვე სიტუაციას ადარებს დროს, როდესაც ჯორჯ ორუელი წერდა „ცხოველების ფერმას“ და შესანიშნავად აღწერდა დასავლური დემოკრატიის პირობებში პრესაში ისეთი აზრების გამოთქმის შეუძლებლობას, რომლებიც არ არის „მიღებული“. „...ახლა კიდევ გავრცელდა რწმენა, რომ დემოკრატიის დაცვა მხოლოდ ტოტალიტარული მეთოდებით არის შესაძლებელი. ეს რწმენა გვამცნობს, რომ თუ დემოკრატია გიყვარს, იგი ნებისმიერი ხერხით უნდა დაიცვა და მისი მტრები გაანადგურო. ვინ არიან მისი მტრები? აქ ყოველთვის ირკვევა, რომ მტრები მხოლოდ ისინი კი არ არიან, ვინც მას ღიად ესხმის თავს, არამედ ისინიც, ვინც ‘ობიექტურად’ წარმოადგენს მისთვის საფრთხეს, ანუ ისინი, ვინც ‘არასწორ’ თეორიებს ავრცელებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დემოკრატიის დაცვა ყოველი დამოუკიდებელი აზრის განადგურებას გულისხმობს“ - წერს ორუელი 1940-იანი წლების დასაწყისში. 21-ე საუკუნის დასაწყისში კი, ნ. დევდარიანი, აკვირდება რა საქართველოში დასავლური დემოკრატიის გაგრძელებას გაცილებით უფრო ცუდი ფორმებით, სვამს კითხვას: „განა იგივე ვითარება არ არის შექმნილი საქართველოში დღეს, როცა ერთმა დეპუტატმა ითხოვა, აეხსნათ ნატოში შესვლის აუცილებლობა, და ეს მთელი პარლამენტის აღშფოთების მიზეზი გახდა?“ შემდეგ: „ტაბუ /საქართველოს/ საგარეო პოლიტიკას ადევს მთლიანად. რატომღაც მიჩნეულია, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე საერთო კონსენსუსი უნდა იყოს და ამ საკითხებზე კამათი, ორუელისა არ იყოს, ‘მართებული’ არ არის“.

ჩემი აზრით, და ამის შესახებ მე არართხელ დამიწერია, საქმის ამგვარი ვითარება არ არის შემთხვევითი: დასავლეთი დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპაში მორჩილი „პარტნიორების“ ყოლით. აქედან მომდინარეობს პროდასავლურისგან განსხვავებული აზრის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება. ამიტომ დასავლეთი არასოდეს აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას ალტერნატიული აზრის ტოტალიტარული მეთოდებით ჩახშობის გამო: „უკანასკნელ თვეებამდე ნატოზე, ევროკავშირზე ან ამერიკაზე აუგის თქმა ისეთივე მიუღებელი იყო, როგორც მარქსიზმ-ლენინიზმის გმობა საბჭოთა კავშირში, ხოლო რუსეთზე ერთ კეთილ სიტყვასაც კი შეიძლება აგენტის ‘ბილეთის’ გამოწერა ან ‘სამშობლოს ღალატში’ ბრალის დადება მოჰყოლოდა“ - აღნიშნავს დევდარიანი;

- ორმაგი სტანდარტები დასავლურ პოლიტიკაში („ნაციონალიზმი /დასავლეთისთვის/ კარგი იყო, როცა ის საბჭოთა კავშირს ანგრევდა, მაგრამ ნაციონალიზმი ცუდი აღმოჩნდა, როცა მასზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დაშენება დაიწყო“. რაც შეეხება დასავლეთის ჩარევას საქართველოსა და სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში, ავტორს თავისი სიტყვების დასადასტურებლად, რომ დასავლეთი იგნორირებას უკეთებს პროდასავლური რეჟიმების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, მრავალი ფაქტი, ასევე ბრიტანელი პოლიტოლოგის, მრავალ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი ჯ. ლაფლენდის მოსაზრება მოჰყავს: დსთ-ს პროდასავლურ რესპუბლიკებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია არჩევნების შედეგებს აღიარებს, ხოლო არა-პროდასავლურში - არ აღიარებს. მისი აზრით, ეს ერთგვარი სასჯელია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისათვის).

ყოველივე ეს ნანა დევდარიანის წიგნში ასახული თემების მხოლოდ ნაწილია. მისი ნაშრომი შეიცავს ბევრ საინტერესო მოგონებას საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან - ავტორი ხომ ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, თბილისის საკრებულოს წევრი (მდივანი) იყო, მუშაობდა სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) თანამდებობაზე, შემდეგ კი, უშუალოდ „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების წინ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ. მიუხედავად დამთრგუნველი რეალობისა, ავტორი ინარჩუნებს ჯანსაღ ოპტიმიზმს, ზედმეტი თვითშთაგნების გარეშე, ფაქტების საფუძველზე. წიგნში მოცემულია, ჩემი აზრით, ასეთი მნიშვნელოვანი დაკვირვება: „/ჩემი/ ოპტიმიზმი რომ საფუძვლიანია, იქიდანაც ჩანს, რომ 2008 წლის არჩევნებზე დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლების სანაცვლოდ სტუდენტები მასობრივად აგროვებდნენ მხარდამჭერებს სახელისუფლებო პარტიისთვის. ჩვენი საზოგადოება სამართლიანად აღშფოთდა ამგვარი საარჩევნო ‘ტაქტიკით’, მაგრამ საკმარისია, ოდნავ შეცვალო ხედვის კუთხე, რომ მიხვდები: არც ერთი ‘ლიბერალი ინდივიდუალისტი’ მეგობრის ციხიდან დასახსნელოად არ ირბენდა ამდენს, რომ მმართველი პარტიისთვის ხმები მოეგროვებინა. გამოდის, რომ გლობალიზატორები, რომლებიც ახალი ‘ფასეულობების’ დანერგვას ცდილობენ, თავად ხდებიან იძულებულნი, იმ ტრადიციულ ფასეულობებს დაეყრდნონ, რომელიც ახალგაზრდებისთვის ორგანულია“.

ნანა დევდარიანის წიგნის წაკითხვა, რომელზეც მუშაობა ავტორმა 2008 წლის აგვისტოს ომამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე დაასრულა, სასარგებლო იქნებოდა არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის. ამიტომ კარგი იქნება, თუ მოხერხდება წიგნის თარგმნა რუსულად მაინც. ის, რომ წიგნი დაწერილია ჯერ კიდევ 8/8/2008 -მდე, არ აკლებს მას აქტუალობას - ომის შემდგომ, წიგნის გამოცემამდე, ავტორმა ყურადღებით გადაიკითხა თავისი ნაშრომი და არ ჩათვალა საჭიროდ შესწორებების შეტანა, რამდენიმე მცირე მოცულობის წინადადების გარდა.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"