ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
13.12.2010
ასტანის სამიტის ტრიუმფი?
დასრულდა თუ არა ეუთოს ასტანის სამიტი ტრიუმფით ისე, როგორც ამას „ადგილი ჰქონდა“ პოლონეთში, ბელგიაში, პორტუგალიაში და საფრანგეთში? ეს კითხვა ფართო საზოგადოებისათვის მომავალშიც კითხვად დარჩება, ვინაიდან ხელისუფლების მითითებით მომუშავე თითქმის ყველა ტელეკომპანია, ნაცვლად სიმართლის თქმისა, ხელისუფალთა მიერ უცხოეთში ჩატარებულ ყველა “თამაშს“ ტრიუმფად აღიქვამს.ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვების ზენიტში აყვანილი ცალმხრივი ინფორმაცია, თავბრუს ახვევს ალტერნატივის გარეშე დარჩენილ მაყურებელს და ტყუილის, სინამდვილედ აღქმის განცდას უქმნის. საინფორმაციო ჭურში მყოფი საქართველო იოლად ყლაპავს სახელისუფლებო საინფორმაციო ბლეფს და გაბრუებული, ისე მიიჩნევს სამყაროს და მასში სააკაშვილის საქართველოს როლს, როგორც უმნიშვნელოვანესს.2004 წლის შემდეგ სააკაშვილმა უდავოდ შეძლო ისეთი სათავისო ინფორმაციული ველის შექმნა, მსოფლიოს გუშინდელი ან დღევანდელი დიქტატორი რომ ინატრებდა. ამ, ერთის შეხედვით, არცთუ იოლად გასაკეთებელი საქმის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ „პატიოსანი და მიუმხრობელი“ ქართველი ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, „ახალი ინტელიგენციის წარმომადგენლები“ – ცნობად სახეებად მოხსენიებულნი. შედეგიც სახეზეა – სახელისუფლებო „წარმატებებით“ გამოთაყვანებული პუბლიკა. ასეთთან ლაპარაკი იოლია, მითუმეტეს „წარმატებებზე“.კარგა ხანია საქართველო განხეთქილების ვაშლია დასავლეთსა და რუსეთს შორის. არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში ნოემბრის ბოლო დეკადას ისე არ ჩაუვლია, საქართველოზე ლაპარაკი რომ არ ყოფილიყო. ტერიტორიული მთლიანობის თემა ყველა შეკრების თემა იყო და, როგორც ჩანს, ასეთად დარჩება კარგა ხნის განმავლობაში. საქართველოსთვის ათდღიანი დიპლომატიური მარათონი ასტანის წარმატებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სამიტის მონაწილე აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავს უფლება მისცა, უკვე მერამდენედ, შეეხსენებინა რუსეთისათვის სარკოზი–მედვედევის ხელშეკრულების ბოლომდე შესრულება. კლინტონის სიტყვა ნიშანი გამოდგა დანარჩენი წევრი ქვეყნებისათვის, რომლებმაც ხათრი არ გაუტეხეს აშშ–ს სახელმწიფო მდივანს და მოსთხოვეს რუსეთს ის, რაც ამერიკამ.ამერიკისა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების მიმართ უნდა ითქვას, რომ მათ შორის დამოკიდებულება წვეთი წყალივით ჰგავს საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ურთიერთობას – „უფროსმა“ თქვა, მოკავშირემ უნდა გაიმეოროს.რუსეთი, რომელიც ყურს არ იბერტყავს საქართველოსთან დაკავშირებულ საყვედურებზე, ასტანაში გადაიღალა იგივეს მოსმენის გამო და სამიტი დატოვა. ხელმოუწერელი დარჩა ასტანის ეუთოს დოკუმენტი ანუ ფაქტიურად ორდღიანი შეკრება უშედეგოდ დასრულდა. თბილისში დაბრუნებული საქართველოს დელეგაციის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე ამბობს, რომ დეკლარაციის მისაღებად საქართველოს დელეგაციამ 8 ვარიანტი შესთავაზა რუსეთის დელეგაციას შუამავლის, შვეიცარიის მეშვეობით, მაგრამ ამაოდ. რუსეთმა ყველაზე უარი თქვა.ეუთოს წარუმატებლობა არა მარტო ასტანის სამიტს უკავშირდება, არამედ წლების განმავლობაში ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებს. მოსკოვის აზრით, თუ ეუთო ძირფესვიანად არ გარდაიქმნა, მისი დაშლა გარდაუვალი იქნება. არადა ამ ორგანიზაციის შექმნის მთავარი ინიციატორი რუსეთის წინამორბედი, საბჭოთა კავშირი იყო.1966 წლის ივლისში ბუქარესტში გაიმართა ვარშავის მოლაპარაკების წევრი სახელმწიფოების თათბირი, რომელმაც მიიღო დეკლარაცია – ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების თაობაზე, გამოითქვა მოსაზრება საერთოევროპული მოლაპარაკების დაწყების შესახებ ყველასთვის მოსახერხებელ დროს. მას შემდეგ ეს წინადადება ვარშავის პაქტის მიერ მრავალჯერ იქნა განხილული, ხოლო 1969 წელს, პრაღაში შემუშავდა თათბირის დღის წესრიგი, ითქვა მასში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის აშშ–ს და კანადის შესახებაც. დასავლეთი სკეპტიკურად, ნეგატიურად განეწყო აღმოსავლური ინიციატივისადმი, მაგრამ მოსკოვისა და მისი თანამგზავრების თანმიმდევრულმა კურსმა თავისი გაიტანა.1975 წელს ჰელსინკში ხელი მოეწერა დასკვნით აქტს. ევროპის 33 ქვეყანასთან ერთად დოკუმენტს ხელი მოაწერა აშშ–ა და კანადამ. საბჭოთა კავშირის მხრიდან აქტს ხელი სკკპ ცკ გენერალურმა მდივანმა ბრეჟნევმა მოაწერა. მან ამ ღონისძიებაზე სიტყვაც წარმოთქვა, თუმცა, როგორც ამბობენ, აქტის საბოლოო ვარიანტის გასაცნობად თავი არ შეუწუხებია. მალე დოკუმენტი გულდასმით წაიკითხა სკკპ ცკ მდივანმა სუსლოვმა – მთავარმა იდეოლოგმა, რომელმაც დასკვნით აქტში შენიშნა კომუნისტური იდეოლოგიისათვის სახიფათო ჩანაწერი – ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. ამ ჩანაწერისათვის სუსლოვმა შერისხა საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელი ა.კოვალოვი და ამოშალა სკკპ ცკ–ა და უმაღლესი საბჭოს წევრობის სიიდან.საბჭოთა კავშირისათვის ჰელსინკს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი აზრით, მას წერტილი უნდა დაესვა მეორე მსოფლიო ომის შედეგად შექმნილი საზღვრების კრიტიკისათვის, რასაც არცთუ იშვიათად ჰქონდა ადგილი დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან.ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერის შემდეგ საკმაო დრო გავიდა, შეიცვალა ევროპა, გაქრა ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც იყვნენ საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. მათ ნაცვლად საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ახალი ქვეყნები წარმოჩინდნენ. სხვაა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთიც, თუმცა მისდამი დამოკიდებულება დასავლეთის მხრიდან ნაკლებად თუ შეიცვალა, რაც სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს კრემლში. ყბადაღებული ადამიანის უფლებების დაცვის თემას, რასაც დასავლეთი სისტემატურად ახსენებს რუსეთს, სხვაც დაემატა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.დასავლეთი, კერძოდ აშშ–ი მიუხედავად რუსეთთან ე.წ. გადატვირთვის პროცესის დაწყებისა, თავისას არ იშლის და ფარულად აგრძელებს რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებას, რაც დადასტურდა კიდევაც ვიკილიკსის მიერ გამოქვეყნებული ამერიკული საიდუმლო მასალებით. არის თუ არა ეს გასაკვირი? მათთვის, ვინც ღრმად არის ჩახედული ამერიკის პოლიტიკაში, ნამდვილად არა, ვინაიდან ამ ქვეყნის ორმაგი სტანდარტის თაობაზე კარგად არის ცნობილი. ის პირში უცინის ყველას, მაგრამ ზურგს უკან ქოქოლას აყრის და მოკავშირის მიმართაც საიდუმლო გეგმებს ქსოვს. ყოველივე ნათლად ჩანს ვიკილიკსის გამოქვეყნებული მასალებიდან. ჰილარი კლინტონი მოჭარბებული ღიმილით ხვდება ლავროვს, ისე, როგორც სააკაშვილს.აშშ–ს გარკვეული წრეებისათვის სააკაშვილი რუსთა სისხლის გამშრობის როლს ასრულებს და ასეც იქნება მომავალში, ვიდრე ამერიკას ამის სურვილი ექნება. და არის ატეხილი ერთი ამბავი საქართველოში რუსეთის ჯაშუშების დაკავებიდან დაწყებული, რუსი ტერორისტების მიერ განხორციელებული აფეთქებებით დამთავრებული. „რუსეთს მოუწევს ამერიკელებისათვის პასუხის გაცემა“, – ასე განაცხადა ექსპერტმა სესიაშვილმა. საქმე ეხება თბილისში აშშ–ს საელჩოს შენობასთან განხორციელებულ აფეთქებას. სამართალს ჯერ არ გამოუტანია ვერდიქტი, მაგრამ ქართული პოლიტიკა რუსეთისკენ იშვერს ხელს.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა რომ არ ყოფილიყო, ალბათ გამოიგონებდნენ. ვაშინგტონს დიდხანს ექნება კოზირად ეს საკითხი რუსეთთან სავაჭროდ. ვითარების მიხედვით, ხან გაააქტიურებს მას, ხან შეარბილებს, საქართველოს რა? საქართველოს დასამშვიდებელი სიტყვები ეუთოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან, ქართველ ყმაწვილ–პოლიტიკოსთა მხრებზე გამამხნევებელი ამერიკული ხელის თათუნი.არც დასავლეთში და, მით უმეტეს, არც საქართველოში არ მოიძებნა პოლიტიკოსი, ვინც სიმართლეს იტყვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ერთადერთი, საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი იყო, რომელმაც ქართველთა ლისაბონის „ტრიუმფი“ ნაადრევად მიიჩნია და თქვა, რომ ის ვერ გახდება ნატოს წევრი ტერიტორიული საკითხის მოუგვარებლად. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ ურთულესი საკითხია, მტკიცება არ სჭირდება.ქართულ პოლიტიკას ჰგონია, რომ წასულთა შემობრუნება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთი უშლის ხელს ამ პროცესს. არავინ სვამს კითხვას, რატომ უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა იარაღი მათ დასამონებლად. არც რუსს, მითუმეტეს არც ამერიკელს არ აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების წამალი. ის თბილისშია, მაგრამ არა ამ თბილისში, რომელმაც არც ლაპარაკი იცის და არც სიტყვის ან დაპირების ფასი. დღევანდელი თბილისი ვერასდროს მოილაპარაკებს ვერც სოხუმთან და ვერც ცხინვალთან, რომელთაც ის სეპარატისტთა ბუდეებად აღიქვამს.2008 წლამდე, განსაკუთრებით შევარდნაძის დროს, არაერთხელ ითქვა სოხუმ–ცხინვალის მხრიდან კონფედერაციული სისტემის შექმნის თაობაზე. სამწუხაროდ თბილისმა ყარა ტლინკები დიდყურა ცხოველივით. ამის შემდეგ ვინ შეიძლება ჩაითვალოს სეპარატისტად – სოხუმი, ცხინვალი თუ თბილისი? ბევრი ქართველი მაშინაც და დღესაც „სამართლიანობის აღდგენას“ ძალაზე და არა მოლაპარაკებაზე ამყარებს, აგრეთვე აშშ–ზე, რომელიც „დაგვიბრუნებს“ წასულ ავტონომიებს. „დაგვიბრუნებს“ ღრმად ჩაჯდა ჩვენს აზროვნებაში, ისე, როგორც „წაიყვანეს“ – სააკაშვილთან მიმართებაში. წამიერადაც ვერ ვფიქრობთ, რომ დამშვიდებული, სახეგადატკეცილი ევროპელ–ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის საქართველოს პრობლემები მხოლოდ სიტყვის მასალაა რუსეთთან სავაჭროდ, რასაც ადგილი ჰქონდა ასტანაში. სხვას დასავლეთი ვერაფერს იღონებს, ვერც ძალას და ვერც ეკონომიკურ სანქციებს. რუსეთ–ევროკავშირის ტვირთბრუნვა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, დამადასტურებელია იმისა, რომ სანქციების შემოღება უპირველესად თვით ევროკავშირს დააზიანებს.რუსეთი ირანი არ არის, რომ ეკონომიკური სანქციებით „დასაჯო“, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემოღებული სანქციების შემდეგ ირან–გერმანიის და ირან–საფრანგეთის ეკონომიკური ურთიერთობები მილიარდობით დოლარით აღინიშნა.დასავლეთმა, რომელმაც ვერაფერი მოუხერხა ირანს, ნაცად ხერხს მიმართა – ტერორს. აღნიშნულის შესახებ პირდაპირ განაცხადა ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე მყოფმა საიდ ჯალილიმ – ირანის დელეგაციის ხელმძღვანლმა. მან დაადანაშაულა გაეროს უშიშროების საბჭო საიდუმლო სიის გამომჟღავნებაში. ეს სია ირანმა გადასცა საბჭოს. სია შეიცავს ბირთვულ პროგრამაში მომუშავე ირანელ მეცნიერთა გვარებს, რომლიდანაც ორი მოკლულ იქნა.სჯერა ვინმეს იმისა, რომ დასავლეთის მოწოდებით გაბეზრებულ რუსეთი შეასრულებს სარკოზი–მედვედევის ხელშეკრულებას და ჯარს გაიყვანს ოკუპირებული ტერიტორიებიდან? რასაც რუსეთი ამბობს, არის შემდეგი – 2008 წლის ცხინვალის ომმა ახალი რეალობა შექმნა, გაჩნდა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას ანგარიში უნდა გაუწიოს დასავლეთმაც.როგორც დასავლეთს, ისე რუსეთს საკუთარი სიმართლე აქვს, მათი თანაარსებობა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია ჩვენი საკითხისადმი გვერდის ავლა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების მოსაწესრიგებლად. სწორედ ამის მოწმენი ვართ და ვიქნებით უახლოეს მომავალში.ჰამლეტ ჭიპაშვილი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"