ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.12.2010
საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა 2010 წლის მიწურულს: რეალური პერსპექტივები

ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლება გააქტიურდა საერთაშორისო არენაზე: სააკაშვილის გამოსვლები გაეროში და ევროპარლამენტში, ამალასთან ერთად ვიზიტი ნატოს სამიტზე ლისაბონში, გაჟღერებული ინიციატივები კავკასიის ახლებურ პოლიტიკურ მოწყობასთან და რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით, ირანის მიმართულებით ურთიერთობების ინტენსიფიკაცია... ამ ფონზე კი – ოპოზიციის წარუმატებელი ქმედებები ქვეყნის შიგნით და დასავლეთის პოლიტიკით იმედგაცრუება – სააკაშვილი საქართველოს ფაქტობრივ პრეზიდენტად რჩება. რა არის იმის მიზეზი, რომ დასავლეთი სააკაშვილს ვერ ელევა? რა მნიშვნელობა აქვს ფაქტობრივი პრეზიდენტის შეხვედრას ობამასთან ლისაბონში? რას უნდა ველოდოთ სააკაშვილის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული ახალი ინიციატივებისაგან? ამ და სხვა შეკითხვებზე გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" უპასუხა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ.

- ბატონო გულბაათ, ორწლიანი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა. მართალია, ერთმანეთს ლისაბონში, ნატოს სამიტის ფარგლებში სულ 30 წუთით შეხვდნენ და ტელევიზიით მხოლოდ ფოტოკადრები ვიხილეთ, მაგრამ ეს არ აუფერულებს იმ საკითხების მნიშვნელობას, რომლებზეც პრეზიდენტებმა იმსჯელეს. თქვენი აზრით, რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში, რა შეიძლება შეცვალოს ლისაბონის შეხვედრამ?

-  ობამა-სააკაშვილის მოკლეხნიანი შეხვედრა როგორც ფაქტია აღსანიშნავი და მნიშვნელოვანიც, თორემ საკითხების არსებითი განხილვა ასეთ ფორმატში არ ხდება. პირადად ობამა გაცილებით ნაკლებ ინტერესს იჩენს საქართველოსადმი და მისი ფაქტობრივი პრეზიდენტისადმი, ვიდრე ობამას წინამორბედი პრეზიდენტი ბუში. ობამას სხვა აქცენტები აქვს თავის პოლიტიკაში, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც გეოგრაფიული მოცემულობა ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში, უინტერესო გახდა ამერიკული პოლიტიკისათვის. ასეთი მკვეთრი ცვლილებები სტრატეგიაში, მით უმეტეს, ამერიკის შემთხვევაში, არ ხდება. ნება მომეცით, აშშ –საქართველოს ხელისუფალთა ურთიერთობების ზოგ მომენტზე შევჩერდე, რათა თქვენს კითხვას შეძლებისდაგვარად უფრო ამომწურავად ვუპასუხო.

საქართველოს ხელისუფლება ორი წლის წინ ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებში თითქმის დაუფარავად გულშემატკივრობდა მაკკეინს, რადგან სწორედ “რესპუბლიკური” ადმინისტრაციის პირობებში განხორციელდა ე. წ. “ვარდების რევოლუცია” ჩვენში და ეს ადმინისტრაცია “ვარდების” ხელისუფლებას დემონსტრაციულად უჭერდა მხარს, გარეგნული ეფექტების ჭარბი გამოყენებით, რაც ასე უყვართ ქართველებს. 2005 წელს ბუშის ვიზიტი თბილისში ამგვარი გარეგნული ეფექტის მქონე ნაბიჯი იყო, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის აშკარა დემონსტრაცია, რაც ხელისუფლებამ, ბუნებრივია, პირველ რიგში საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა (მაშინ ამერიკის რეიტინგი საქართველოში მაღალი იყო და შესაბამისად, ამერიკული მხარდაჭერა ყველაფერთან ერთად ხელისუფლების მორალურ ტრიუმფსაც ნიშნავდა). სააკაშვილს და მის გარემოცვას ამგვარი ურთიერთობის გაგრძელების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მაკკეინის ეიმედებოდა – ღია მხარდაჭერა და “ხუთოსნის” მხარზე გაცილებით ხშირი “მეგობრულად ხელის დატყაპუნება”, ვიდრე ამას დღეს აქვს ადგილი. მაგრამ სააკაშვილი არ ტყუოდა, როდესაც ობამას გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ჩვენ, ანუ “ვარდების” ხელისუფლებას, ამ ახალ ადმინისტრაციაშიც გვყავს მოკავშირეები, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ჩემი მეგობარიაო. მე კიდევ დავძენდი: “ვარდების ხელისუფლების” ჩამოყალიბება შევარდნაძის გარშემო ხდებოდა 1990-იანი წლების მანძილზე, “დემოკრატი” კლინტონის ადმინისტრაციის დროს. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, “დემოკრატებიც” და “რესპუბლიკელებიც” ერთნაირად აღიქვამენ აშშ-ის ინტერესს საქართველოს მიმართ და გამომდინარე აქედან, ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებით სააკაშვილისთვის არსებითად ტრაგიკული არაფერი მომხდარა. კი, ნაკლები მხარდაჭერაა, ობამასთვის პიროვნულად ძალზე უცხოა კავკასიის პრობლემები და პირადად სააკაშვილი, მაგრამ იმისთვის აუცილებელი მხარდაჭერა, რომ სააკაშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამერიკიდან არსებობს ობამას ადმინისტრაციის პირობებში და იარსებებს კიდეც.

გახსოვთ ალბათ, საქართველოში ოპოზიცია საკმაოდ ეიფორიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ობამას გამარჯვების გამო. 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ ამ ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა დამნაშავე რეჟიმის კრიტიკაზე, ნაცვლად იმისა, რომ იგი ემხილებინა ბოლომდე. მათ სააკაშვილის დამხობა შემდეგი წლის გაზაფხულისთვის, 9 აპრილისთვის გადადეს. მაშინ მათ ობამას იმედი ჰქონდათ – აი გაიმარჯვებს ობამა, ინაუგურაციის შემდეგ მას ცოტა დრო დასჭირდება, რომ თავის თანამდებობას “მოერგოს” და შემდეგ ჩვენ აქედან შევუტევთ სააკაშვილს და ობამაც დაგვეხმარება... ასეთი იყო ოპოზიციის და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის წარმოდგენა, მომავლის ხედვა. ვაფრთხილებდი ზოგ ოპოზიციონერს ამ იმედების ტყუილობის შესახებ, მაგრამ ეიფორია გონებაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ყველას უნდა გაეცნობიერებინა, რომ სააკაშვილი უკვე არსებული, 2008 წლის 5 იანვრის უღვთოდ გაყალბებული არჩევნების შემდეგ – არალეგიტიმური, მაგრამ ფაქტობრივი პრეზიდენტია, ამ არალეგიტიმურობასაც მე გავიძახი ჩემს ორიოდ კოლეგასთან ერთად (სააკაშვილს “დე ფაქტო პრეზიდენტს” ვუწოდებთ), თორემ თქვენ, ჟურნალისტები, მას პრეზიდენტად მოიხსენიებთ, ისევე როგორც ყველა სხვა, ვისაც იგი გულზე ეხატება თუ არ ეხატება, ამ ოპოზიციის ჩათვლით, მოიხსენიებს მას პრეზიდენტად. ასეთად აღიარა იგი უცხოეთმაც. ხოლო რადგან სააკაშვილი პრეზიდენტია ისედაც არასტაბილურ საქართველოში, მისი რევოლუციური გზით მოშორება არც ობამას ამერიკას აწყობს, რადგან აშშ-ს ნებისმიერ შემთხვევაში მისი მორჩილი სტაბილური ძალა სჭირდება აქ, ადგილზე.

ახლა თქვენ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ: მთელი რიგი პარტიებისა ამერიკას თავის თავს სთავაზობს, როგორც სააკაშვილზე არანაკლებ მორჩილ პროდასავლურ ძალას, სამაგიეროდ, სააკაშვილზე უფრო გაწონასწორებულები ვართო – აწონებენ თავს ამერიკელებს; მაშ რატომ არ უნდა ამერიკას არც ეს პარტიები სააკაშვილის ნაცვლად? - არ სჭირდება და იმიტომ. მიუხედავად თავისი მრავალი პიროვნული ნაკლისა, სააკაშვილი ყველაზე ენერგიული პოლიტიკოსია ამ ოპოზიციის ფონზე, რომელიც ამერიკის პრაქტიკულად ნებისმიერ დავალებას შეასრულებს. სააკაშვილს აქვს თავისი ხელქვეითების მობილიზების დიდი უნარი. ისეთი ფლეგმატური, ქარიზმას მოკლებული პოლიტიკოსის დრო, როგორიც ირაკლი ალასანიაა, ჯერ არ დამდგარა. მით უმეტეს, ქვეყნის ლიდერის როლს ვერ იკისრებს (ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით) ისეთი საჩოთირო პიროვნება, როგორიც გიორგი თარგამაძეა (ბადრი პატარკაციშვილის ღალატში და 7 ნოემბრის შემდეგ მერაბიშვილთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ). სააკაშვილი კი ერთპიროვნული, ზომაზე მეტად ავტორიტარული მმართველია და დასავლეთს მიაჩნია, რომ საქართველოს სწორედ ასეთი მმართველი სჭირდება – მმართველი, რომელიც “რკინის ხელით” განახორციელებს დასავლურ პოლიტიკას, უფრო მეტიც – საქართველოს ვესტერნიზაციის ექსპერიმენტს. რაც მთავარია, გავიმეორებ – სააკაშვილი უკვე არის ხელისუფლების სათავეში და ეს მისი მთავარი კოზირია. ვინმე სხვა რომ მოიყვანონ სააკაშვილის ნაცვლად, ამას დიდი, მტკივნეული ცვლილებები უნდა მოჰყვეს სახელისუფლებო ვერტიკალში, ხელისუფლებისგან გამწარებული მრავალი ადამიანი მოითხოვს სამართლის აღდგენას, საზოგადოება თავისუფლების სუნს იგრძნობს და ალასანიას ან თარგამაძის გადიქტატორებას აღარ მოითმენს, საზოგადოება მოითხოვს არსებითი ხასიათის ცვლილებებს და მეტი დემოკრატიის შედეგად თვით ალასანიასნაირი პროამერიკელი მმართველიც კი ვეღარ იქნება საქართველოს ცალსახად პროდასავლური კურსის გარანტი, რადგან საქართველოს ეროვნული ინტერესი ითხოვს რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსებას და ეს საზოგადოების უკვე აშკარა მოთხოვნაა დღეს, რომლის იგნორირება მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილს შეუძლია ამ საზოგადოების მოტყუების და დაშინების გზით! სხვა ამას უკვე ვეღარ შეძლებს და ეს იციან ამერიკელებმა.

მაგრამ დავუბრუნდები თქვენს შეკითხვას, სიტყვა ისედაც გამიგრძელდა. გამომდინარე იქიდან, რაც ზემოთ ვთქვი, ობამა-სააკაშვილის ლისაბონის შეხვედრას საქართველოს საერთაშორისო პოზიციებისთვის ნაკლები შედეგი ექნება, არც შიდა პოლიტიკურ არენაზე შეცვლის რაიმეს არსებითად. ეს შეხვედრა უბრალოდ იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოში ყველაფერი ძველებურად რჩება – სააკაშვილი მართავს ამ ქვეყანას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე, ოპოზიცია კი გაწბილებული რჩება და ჩურჩულით, შიდა სამზარეულოს დონეზე შეუძლიათ, რამდენიც უნდათ, იმდენი აგინონ ობამას და მთლიანად ამერიკას.

_ საკმაოდ გამოუვალი ვითარება ჩანს, თუმცა რუსეთზე ფსონმაც არ გაუმართლა ზოგ პოლიტიკოსს...

-    ამერიკის პოლიტიკაზე დაბოღმილი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მას შემდეგ გაიგეს რუსეთის “ხიბლი”, რაც ამერიკაში აგრძნობინეს, რომ სააკაშვილის ჩანაცვლება განხილვას არ ექვემდებარება, ნაკლებ დამაჯერებლად გამოიყურებიან. რუსეთთან ურთიერთობებზე ადრე უნდა ეფიქრათ და თავიანთი ეს პოზიცია ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ან უშუალოდ ამ ომის შემდეგ ორ-სამ კვირაში უნდა გამოეხატათ. ახლა მხოლოდ იმ ხალხს შეუძლია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე დამაჯერებლად საუბარი, ვინც ამას დიდი ხანია აკეთებს. თუ ჭკუა აქვთ, მოუსმინონ ისეთ პიროვნებებს, როგორიც ალექსანდრე ჭაჭიაა, რომელიც რუსეთში საქართველოს სასიკეთო ბევრ საქმეს აკეთებს. ბატონი ჭაჭია, როგორც მახსოვს, აქტიურად გამოდიოდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის დაბალანსების კონკრეტული წინადადებებით “ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდშიც, მაგრამ ხელისუფლებამ, ისევე როგორც შევარდნაძის დროს, მას ყური არ ათხოვა, ამით კი ქვეყანამ წააგო. ასევე ქართული დიასპორების ზოგი მესვეური, როგორიც ალექსანდრე ებრალიძეა, მეგულება ჩვენს სახელმწიფოებს შორის ხიდად. საერთოდ, ქართველი ხალხი არც ისე ღარიბია ღირსეული წარმომადგენლებით, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, ჩვენი ტელევიზიების გადამკიდე.

_ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ 23 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გაცხადებულ ცალმხრივ ინიციატივას როგორ შეაფასებთ? აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობისა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ქეტრინ ეშტონი ამ სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება. რამდენად შესაძლებელია ევროპის ფართო ჩართულობის შემთხვევაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგას რუსეთმა?

- სანამ რუსეთისგან შემხვედრი ნაბიჯების განხილვას დავიწყებდეთ, ჯერ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ასეთი ნაბიჯი, სააკაშვილის ეს ფსევდოინიციატივა კი აბსოლუტურად უფასურია. რომელ მოლაპარაკებებზე საუბრობს სააკაშვილი, რომელიც ელემენტარულად რუს ექსპერტებს ვიზას არ აძლევს და არ უშვებს საქართველოში არასამთავრობო სექტორთან სასაუბროდ და მათ “აგენტებად” აცხადებს?! ხელისუფლება დაუბრუნდა იმ უმწიფარ რიტორიკას, რომელიც არსებობდა ჩვენში 1989 – 1991 წლებში, როდესაც ფრიად მოდაში იყო რუსეთის გინება და ყველა ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანის “კრემლის და სუკის აგენტად” გამოცხადება. ახლა 2010 წელია და მაშინდელ რიტორიკას რეპრესიული ზომებიც დაემატა, ქვეყანა ჯაშუშომანიამ მოიცვა. ამ ფონზე რთულია, დააჯერო რუსეთი შენს გულწრფელობაში, მით უმეტეს, როდესაც არ ხარ გულწრფელი დიალოგის მოთხოვნისას. სააკაშვილმა რუსეთი ჯერ “ოკუპანტად” გამოაცხადა, შემდეგ ულტიმატუმები წაუყენა და ახლა დიალოგისკენ მოუწოდებს. ეს აბსურდია. ამიტომ რუსეთი ამ ფსევდოინიციატივას ზედმეტ ყურადღებას არ მიაქცევს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე შესაბამისი განცხადებაც გააკეთა და ყველაფერი ამით ამოიწურება. თუმცაღა მე მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო და არის მცდელობები, რუსეთთან ურთიერთობის გარკვეულ მოდელზე შეთანხმებისა, არაფორმალური კონტაქტები უკრაინის მეშვეობით მყარდებოდა თბილისსა და მოსკოვს შორის. როგორც ვიცი, ამ პროცესში ნაწილობრივ ოპოზიციაც იყო ჩართული.

მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის მმართველობის დასასრულამდე რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებითი ხასიათის წინსვლა არ იქნება. სააკაშვილმა თავად დაწვა რუსეთთან მისასვლელი ყველა ხიდი, რუსეთი “მტრად” ჰყავს გამოცხადებული და ამ მტრის ხატზე ახდენს თავისი ბატონობის ლეგიტიმურობის დასაბუთებას – ის რომ არა, საქართველოს “რუსული აგენტურა” დაეპატრონება. ამიტომ მისი ინიციატივა მორიგი საკენკია, რადგან სააკაშვილს წინ უდევს ყველასთვის ცნობილი ციფრები, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მომხრეა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა. ასევე ამერიკა (ევროპა ხომ თავისთავად) აწარმოებს რუსეთთან სერიოზული დაახლოების პროცესს, ამიტომ სააკაშვილს სხვა გზა არ რჩება, გარდა ასეთი ინიციატივების გაჟღერებისა. მაგრამ მან ასევე იცის, რომ რუსეთი მასთან არ წავა დათმობებზე და მას შემდეგ შეუძლია განაცხადოს, რომ რუსეთი არ ღებულობს მისგან “გულახდილად” გაწვდილ ხელს და რუსეთი დაადანაშაულოს კონფრონტაციულობაში... ასეთ ვითარებაში ევროპა აუტკივარ თავს არ აიტკივებს და რაიმე განსაკუთრებულ აქტიურობას არ გამოიჩენს რუსულ-ქართული ურთიერთობების დასარეგულირებლად, ეშტონის სიტყვიერი მხარდაჭერა სააკაშვილის “ინიციატივისადმი” სიტყვებადვე დარჩება.

_ბატონო გულბაათ, უნდა მოველოდეთ თუ არა მოვლენების ფორსირებულ განვითარებას იმ ფონზე, როცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი, შემდეგ კი ევროკავშირმა მიიღო განცხადება, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებადაა მოხსენიებული?

-    მართალი გითრხათ, თქვენს მიერ ნახსენები განცხადებების ორიგინალი ვერ მოვიძიე, ყველა ამ ინფორმაციის პირველწყარო საბოლოო ჯამში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღმოჩნდა. მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა, დავუშვათ და ბუკვალურად მივიღოთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროკავშირის მიერ გაკეთებული და ნ. კალანდაძის მიერ პერეფრაზებული განცხადებები: აქ არის გაკეთებული მოწოდება, რომ “ოკუპირებულ ტერიტორიებზე” უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი, ტერმინი “ოკუპირებული ტერიტორიები” ნახსენებია, მაგრამ გაკვრით, სხვა კონტექსტში. ეს არ არის რუსეთის ქმედებების დაგმობა ან მოწოდება რუსეთის ხელისუფლებისადმი, უკან წაიღოს თავისი აღიარება სოხუმის და ცხინვალის მიმართ, ლიკვიდაცია გაუკეთოს სამხედრო ბაზებს და ასე შემდეგ. ეს არის მორიგი არაფრის მთქმელი განცხადებები, რომლებიც უხვად არსებობს ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული. ახალი არც არაფერი მომხდარა: ისედაც ვიცით, რომ დასავლეთი არ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს.

აღნიშნული განცხადებები, რომლებიც, თავისი უმნიშვნელობის გამო დასავლურ პრესაში საერთოდ არ გაშუქებულა (ხოლო ბაროზოს სიტყვები აშკარად დაამახინჯეს ხელისუფლების ტელეარხებმა), ვერ გამოიწვევს რაიმე ცვლილებას დასავლეთის პოლიტიკაში რუსეთის მიმართ ან საკუთრივ რუსეთის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდებოდა ლისაბონში სახელმწიფო მეთაურთა დონეზე, სააკაშვილისგან განსხვავებით ობამას მედვედევთან ბევრად უფრო ინტენსიური და შინაარსიანი ურთიერთობა აქვს. გამორიცხულია, რომ რუსეთზე დასავლეთმა ზეწოლა დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების გამო. Kდიახ, რუსეთს მაშინ შეახსენებენ ამ პრობლემას, როცა მათ ეს დასჭირდებათ: საქართველო, როგორც ყოველთვის, დასავლეთის ხელში ინსტრუმენტი იქნება რუსეთთან მიმართ პოლიტიკაში, რომელსაც თავისთავადი ღირებულება არ გააჩნია, იგი შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ამოიღო, ხოლო როცა აღარ გჭირდება, ისევ გადამალო. მაგრამ ამ “ინსტრუმენტის” ინტერესები არავის აინტერესებს.

_ ვიდრე ჩვენი საუბრის სხვა თემებზე გადავალთ, ბარემ აქვე გკითხავთ საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივებზე კავკასიის მიმართ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული ალიანსის – მშვიდობიანი და ერთიანი კავკასიის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების საკუთარი ხედვა წარმოადგინა. ამას მოჰყვა უვიზო რეჟიმის შემოღება ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის. როგორ შეაფასებთ ამ მიმართებით საქართველოს ბოლოდროინდელ პოლიტიკას?

-    ეს ისეთივე პროვოკაციაა, როგორც “ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაციის” იდეა, რომელსაც თურქეთიც უნდა შეუერთდეს, თუკი ხელისუფლების ზოგიერთ დეპუტატს დავუჯერებთ. გლობალისტური ძალები, რომლებიც რუსეთისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მომავალშიც შეეცდებიან, სიტუაცია რუსეთისთვის არახელსაყრელი იყოს კავკასიის რეგიონში. სააკაშვილი ამ ძალების თამაშს თამაშობს, თუმცა პერსპექტივა არანაირი არ გააჩნია მის მოსაგებად. რუსეთი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ინარჩუნებს კონტროლს ჩრდილოეთ კავკასიაზე, ისევ და ისევ ჩრდილო კავკასიელებზე დაყრდნობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა. რუსეთს გაწონასწორებული, პარტნიორული ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და სამოკავშირეო ურთიერთობები – სომხეთთან. სააკაშვილის ოცნებებს საფუძველი არ გააჩნია, რუსეთის გარეშე კავკასიის რეგიონი არ არსებობს. ხოლო თუ ნამეტანს მოინდომებს და სიფრთხილეს დაკარგავს, 2008 წლის აგვისტოსგან განსხვავებით რუსებს უკვე ნამდვილად ვეღარ გადაურჩება. მე არა მგონია, რომ სააკაშვილმა მეორეჯერ ჩაიდინოს სისულელე და რუსეთი ომში გამოიწვიოს. შემთხვევით არ გააჟღერა მან ევროპარლამენტის ტრიბუნაზე “მოთმინების სტრატეგია”, რომელიც რუსეთის მიმართ ფიზიკურ დაპირისპირებას გამორიცხავს. სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთისადმი ირიბი პროვოკაციებით გაგრძელდება, ძირითადად ვერბალური ხასიათის იქნება. ვიზების გაუქმება ჩრდილო კავკასიის მკვიდრთათვის უფრო სიმბოლური ჟესტია, რადგან თავად რიგით ჩრდილოკავკასიელებს არაფერში სჭირდებათ ქართული ვიზები. თუკი აქ ბურებთან და ბუშმენებთან ერთად დავასახლებთ მათ, სხვა საქმეა, მაგრამ არც ამისთვის არიან ისინი მზად, როგორც ვფიქრობ. სამუშაო, ფული რუსეთში იშოვება და არა სააკაშვილის საქართველოში, სადაც ხელისუფლება, ნებისმიერ მეწარმეს – მილიონერსა თუ უბრალო “მესემიჩკეს”, მართლაც სულს ხდის.

თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველო სააკაშვილის ხელში მეტ-ნაკლებად ქმედითი იარაღია რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოში მეგობრული ხელისუფლების არარსებობა რუსეთს სტრატეგიულ პრობლემებს უქმნის სამხრეთის მიმართულებით. მაგრამ ამით საქართველო არაფერს იგებს, მხოლოდ აგებს. კიდევ ვიმეორებ: ჩვენი სამწუხარო რეალობა ისაა, რომ საქართველო ინსტრუმენტია, იარაღი, რომელსაც თავისთავადი ფასეულობა და დანიშნულება არ გააჩნია არსებული პოლიტიკური კურსის გამო.

_ ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურდა საქართველო-ირანის ურთიერთობები. სავიზო რეჟიმიც კი გაუქმდა. ბევრმა თბილისისა და თეირანის დაახლოებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ აშშ-ის შანტაჟის ელემენტები დაინახა, სხვებმა მეზობელთან კარგი ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მოსკოვი ამ ფაქტს სრულიად მშვიდად შეხვდა. თუმცა, ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მას კი ირანთან, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს... თქვენი აზრით, რა თამაშს თამაშობს საქართველოს ხელისუფლება? შეგახსენებთ ირანის თავდაცვის მინისტრის ბაქოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას, რომ თეირანი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში სტაბილურობისა და მშვიდობის აღსადგენად ყველანაირი დახმარებისთვის მზადაა.

-    რუსეთის მიერ ირანის ინტერესების ცოტა უხეში ფორმით იგნორირებამ და დასავლეთთან ჩემი აზრით, ზედმეტად სწრაფი დაახლოების მცდელობამ მნიშვნელოვნად გააფუჭა რუსულ-ირანული ურთიერთობები. მაგრამ ირანის მხრიდან რუსეთის შანტაჟის მცდელობას საქართველოს საშუალებით მაინცდამაინც ვერ ვხედავ, ვინაიდან ირანი ბოლო პერიოდში მთლიანად სამხრეთ კავკასიაში გააქტიურდა, დაიწყო ურთიერთობების დარეგულირება აზერბაიჯანთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აჰმადინეჟადის ვიზიტი ბაქოში და იქ გაკეთებული განცხადებები. სომხეთთან ირანს ხომ ისედაც ტრადიციულად კარგი ურთიერთობები აქვს. გასაკვირი და მოულოდნელი არ არის, რომ თეირანი საქართველოსთანაც აღრმავებს ურთიერთობას, რომელიც პოლიტიკურთან ერთად სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ხასიათისაა. ამ პროცესს უნდა მივესალმოთ და ჩვენმა ინსტიტუტმა მხარდაჭერა ქართულ-ირანული ურთიერთობების გაღრმავების მიმართ უკვე გამოხატა. თუმცა საქართველოს ხელისუფლება აქაც არ არის თანმიმდევრული და დამოუკიდებელი: საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დ. დარჩიაშვილმა ამას წინათ ჟურნალ “ლიბერალში” თავი იმართლა ხელისუფლების სახელით, ირანთან ურთიერთობებს იმიტომ ვაღრმავებთ, რომ ჩვენი რეგიონული მეზობელია, დასავლეთი ბოლომდე ვერ გვიცავს, ირანს კი პერსპექტივაში შეუძლია რუსეთთან გვიშუამდგომლოს, მაგრამ ირანის ატომური პროგრამის საკითხში ჩვენ “საერთაშორისო თანამეგობრობის” პოზიციაზე ვართო. მაგრამ არც დარჩიაშვილს, არც საქართველოს ხელისუფლებას ირანი არ სთხოვს განმარტებას, უჭერენ ისინი მხარს ირანის ატომურ პროგრამას თუ არა. Gგამოდის, რომ დარჩიაშვილი ირანთან “არასანქცირებული” ურთიერთობის გამო დასავლეთისგან ყურის აწევის მოლოდინში აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეორეს მხრივ კი აღიარებს, რომ დასავლეთის დახმარება საკმარისი არ არის და ირანთან ურთიერთობა აუცილებელია. ასეა თუ ისე, მიზეზებისგან დამოუკიდებლად, ირანთან დაახლოება საბოლოო ჯამში წინ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას. შიიტური ირანი თავად ებრძვის ალ-კაიდას ტერორიზმს, რომელიც სუნიტურ სამყაროში შეიქმნა ისევ და ისევ ამერიკის პატრონაჟით. ამიტომ ირანი მხარს არ დაუჭერს ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმს.  თუმცა ირანს პროცესებზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, მისი ავტორიტეტი რუსეთის მუსლიმებს შორის ბოლო ხანს უფრო გაიზარდა. მაგრამ ისევ და ისევ, ირანი კავკასიის რეგიონში მართლაც მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და იგი საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირ ავანტიურაზე არ წავა რუსეთის წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს, ირანელებს კარგად ესმით, რომ რუსეთთან მათი ურთიერთობების გაფუჭება დროებითი ხასიათისაა და რუსულ-ირანული ღერძი მომავალში მაინც ჩამოყალიბდება, ევრაზიული სივრცის დასავლური ექსპანსიისაგან დასაცავად. მით უმეტეს, რომ ამ კუთხით ბოლო დროს თურქეთიც აქტიურობს, თურქეთი ირანთანაც და რუსეთთანაც აღრმავებს კონტაქტებს და თანამშრომლობას. ირანი და რუსეთი დაძლევენ ურთიერთობების კრიზისს, ადრე თუ გვიან, მათ ამისკენ გეოპოლიტიკური ინტერესები უბიძგებს.

_ ბატონო გულბაათ, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან შეუთანხმებლად ეწარმოებინა საერთაშორისო პოლიტიკა. მით უფრო, ისეთ ქვეყანასთან, რომელსაც აშშ "ბოროტების ღერძის" ერთ-ერთ შემადგენლად განიხილავს. აშშ-ში საქართველოს ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თემურ იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ "თუ საქართველო ირანის საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების საქმეში საკუთარ წვლილს შეიტანს, ამით საერთაშორისო არენაზე ქვეყნის როლი და ღირსება კიდევ უფრო გაიზრდება". იქნებ ჩვენს ქვეყანას, მისი მდებარეობის გათვალისწინებით, ახალი ფუნქცია დაეკისრა?

- საქმე ისაა, რომ ის ფორმატი, რა ფორმატითაც საქართველო ურთიერთობს ირანთან, საფრთხეს არ უქმნის ამერიკის ინტერესებს რეგიონში. საქართველოს არ შეუძლია ამერიკის წინააღმდეგ ირანის კარტის გათამაშება, ძალიანაც რომ მოინდომოს. ასევე რუსეთის წინააღმდეგ. Aამიტომ ამერიკაც და რუსეთიც საკმაოდ მშვიდად შეხვდნენ ქართულ-ირანული ურთიერთობების გაღრმავებას. იაკობაშვილის განცხადება ამ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეგალომანიის კიდევ ერთი გამოხატულებაა და სერიოზული კომენტარის ღირსად არ მიმაჩნია.

ესაუბრაბონდო მძინარაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"