ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
06.12.2010
მაშ რა გამოუვიდა საქართველოს?

ლამის ერთი თვეა, რაც სხვადასხვა საიტებიდან თვალებში მეჩხირება ანდრეი ილარიონოვის სტატია გაზეთ „კომერსანტში“ – „რატომ არაა რუსეთი საქართველო“, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ:

„...მიუხედავად საგარეო შემოდინებებში საგრანტო ელემენტის სამ-ოთხმაგჯერ მეტობისა მშპ-ის მიმართ, რუსეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი ერთნახევარჯერ ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, დღევანდელ რუსეთში ეკონომიკური რესურსების გამოყენების ეფექტურობა პრაქტიკულად ერთი ხარისხით ჩამორჩება ჩვენი სამხრეთ მეზობლის მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლების რეფორმების შედეგად შექმნილი ლიბერალურ-ეკონომიკური მოდელი ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა საუკეთესო მსოფლიო მაგალითებისგან, იგი დღეს უკვე გაცილებით მეტ ეკონომიკურ ეფეტურობას ავლენს, ვიდრე თანამედროვე რუსეთი“.

ჩემთვის ძნელია შემოსავლის წყაროს შედარების კორექტულობაზე ვიმსჯელო: ბუნებრივი რენტის გამოყენების, პოსტკონფლიქტურ მასობრივ დახმარებასთან, ძირითადად ლტოლვილებისთვის ბანაკის ტიპის დასახლებებზე დახარჯულის. როგორც ჩანს, მალე შესადარებელიც არაფერი იქნება. თუმცა ჩემს აზრს ეკონომიკურ-პოლიტიკურ ლიბერალიზმზე გაგაცნობთ.

თუ რა გამოუვიდა საქართველოს, პრემიერ გილაურის ოფიციალური განცხადებიდან შეგვიძლია გავიგოთ. ამას წინათ აღიარა, რომ დაგეგმილი 2 მილიარდის მაგივრად, წელს ქვეყანაში 700 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, სააკაშვილმა ანაკლიაში გამოსვლისას ძველი მარქსისტული ლოზუნგი გადაასხვაფერა: „ინვესტორებო ყველა ქვეყნისა, ანაკლიაში შეერთდით!“ გადავრეკე, გადავამოწმე – ადგილი აღარ დარჩენილა, მსოფლიო რეცესიით დაშინებული, სხვადასხვა ჯურის ინვესტორი ფეხის დასადგმელს ძლივსღა პოულობს და ჩქარობენ რიგში ჩადგომას სალაროსთან წარწერით: „ინვესტორთა მიღება“. სარკმლიდან კი დატანჯული, ნაღვაწი მზერით, სახელმწიფოს ხერხემალი ვანო, მათ წესრიგისკენ მოუწოდებს. ხმა ჩახლეჩია უკვე და საუბარი კი ისედაც უჭირდა. ჭყლეტაა საშინელი და ამ ქვიშიანი მოსაცდელი დარბაზის ყოველ სანტიმეტრშიც კი უკვე სერიოზულ ფულს იხდიან. ვისაც არ გჯერათ, შეგიძლიათ თუნდაც Google–ს რუკით გადამამოწმოთ.

მიჭირს, გავარკვიო, რუსი მოღვაწეების ერთი ჯგუფი რატომ ცდილობს დღენიადაგ, საქართველოს „მიღწევები“ რუსულს ადაროს და „მიშიზმის“ „პუტინიზმთან“ უპირატესობაზე ისაუბროს. ჩემი აზრით, ძირითადი განსხვავება იმაშია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას ქართულისგან განსხვავებით, ბუნებრივი რენტის ექსპლუატაცია შეუძლია.

დღეს გაზზე სპოტური ფასები გაიზარდა და გრძელვადიან კონტრაქტულს გადაუსწრო. ალბათ უახლოეს თვეებშიც არ შემცირდება. ინვესტიციები თუ პოსტკონფლიქტური დახმარება კი, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან, ამ თვეს პრაქტიკულად მთავრდება. ამიტომაც ა.ილარიონოვის შედარება მატერიალურ საფუძველს კარგავს.

გარდაუვალი გაკოტრებისა და ეკონომიკური კრახის მოლოდინში მერაბიშვილის უწყება ნაცნობ და მრავალნაცად კურსზე გადაერთო. დაიწყო (ისევ) ბითუმად დაპატიმრებები – ბაზრობის მოვაჭრეების, აფთიაქის დირექტორების და ა.შ.; მათ ასეულობით აკავებენ და ციხისგან გამოსყიდვა საპროცესო შეთანხმებების გაფორმებით უწევთ. პირველადი დაგროვების ეს მეთოდი (მარქსს რომ მივუბრუნდეთ) ყველაზე ფართოდ სააკაშვილის მმართველობის დასაწყისში გამოიყენებოდა და როგორც ვიცით, ძირითადად კორპუსების გადაღებვასა და აპარტამენტების შენებას მოხმარდა – ავლაბრის რეზიდენცია ლხინის ძეგლად შემოგვრჩა, საყოველთაო ჭირისას. და კიდევ, თუ ვინმეს არ ახსოვს – საქართველო მსოფლიო ჩემპიონი იყო 2005–7 წლებში, სამხედრო ხარჯების ზრდის ტემპით. რითი დამთავრდა ეს ყველაფერი, ვიცით.

შედეგი? ლისაბონში ობამასთან პირველივე შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ყველა შესაძლო ტრიბუნიდან შეხვედრას ევედრება რუსეთის ხელმძღვანელობას, ძალის გამოუყენებლობის პირობას დებს და გამოსწორებას იფიცება, მეზობლის კატის წვალებაზე დაჭერილი ბიჭბუჭასავით.

კონტროლირებადი ტელეჟურნალისტები მინისტრ ლავროვს დასდევენ ასტანაში ორიოდ სიტყვის გამორჩენის იმედით, რასაც მერე შიდაქართულ პოლიტპროპაგანდაში ფართოდ მოიხმარენ. პასუხად კი ოფიციალურ განცხადებას იღებენ, რომ: „ძველ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი შეუძლებელია.“ ამავე დროს გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ეუთოს ასტანის სამიტზე რუსეთს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე რეზოლუციის 8 პროექტი გაუგზავნეს .

ამ დღეებში სააკაშვილი ერიდება აშკარა ანტირუსულ განცხადებებს. მაგრამ ძალიან არ გამიკვირდება, თუ ამ დღეებში გავიგებთ, რომ ცნობილი მოღვაწე სრულიად საქართველოსი, წიკლაური, ღონისძიებების გეგმას ამზადებს, ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშაშლელად.

ასტანიდან დაბრუნებული პრეზიდენტი გარდაიქმნა და „საკუთარ ძალებზე დაყრდნობის“ ახალი გეგმა გაგვაცნო. მიხვდა ეტყობა, რომ გარედან დახმარების მოლოდინი აღარ უნდა ჰქონდეს.

"დღეს ჩვენ ვაცხადებთ ეკონომიკის ახალ კურსს, რომლის მიზანია, არსებული ხარვეზების სრულად დაძლევა და გაცილებით უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნა საქართველოში. კერძოდ, ახალი კურსი ითვალისწინებს ახალი საგადასახადო კოდექსის ამუშავებას, რომელიც შეამცირებს საგადასახადო ადმინისტრირების წნეხს მეწარმეებზე; დარღვევის პატიებისა და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღებას; ასევე, საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას, რათა მეწარმე თავს უფრო დაცულად გრძნობდეს", -განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, ახალი კურსი გულისხმობს ჯარიმის დარიცხვის ისეთი მექანიზმების შემოღებას, რომ ბიზნესის შეცდომის გამო დარიცხულმა თანხამ საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს, მაშინაც კი, როდესაც საწარმოს მფლობელი შეგნებულად არღვევს კონკრეტულ ნორმას.

„ასევე ახალი კურსი ითვალისწინებს ახალი კვალიფიციური კადრების მომზადებას და ძველების გადამზადებას, ისე, რომ თითოეული მათგანი პირველ რიგში ორიენტირებული იყოს ბიზნესის წარმატებაზე, რათა მათთან მუშაობა მეწარმისთვის იყოს კომფორტული და გასაგები, რომ მათგან მოდიოდეს სამართლიანობის განცდა. ახალი კურსი მოიცავს აგრეთვე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც მკვეთრად გაამარტივებს პროცედურებს, ბიუროკრატიას და მომსახურების ვადებს მინიმუმამდე დაიყვანს",–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იმავე სიტყვებს, როგორც მახსოვს, მეწარმეებთან პრეზიდენტის რანგში პირველ შეხვედრაზე ამბობდა, 2004 წელს ფილარმონიის მცირე დარბაზში. რამდენიმე დღეში ბიზნესმენების წინააღმდეგ „ვარდისფერი ტერორის“ პირველი ტალღა დაიწყო. მაშინ ეს იდეოლოგიურად შევარდნაძის „ჯიბის ბიზნესმენების“ ექსპროპრიაციად გააფორმეს.

ასე რომ, არა მგონია, მას ვინმემ დაუჯეროს დღევანდელ საქართველოში. ეკონომიკურ–პოლიტიკური ლიბერალიზმის მორიგი არია, სააკაშვილის შესრულებით ა.ილარიონოვს კი მოეწონება. ეს ნაღდია.

გია ფაცურია

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"