ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
04.12.2010
დიდ ერეკლეს წამით ერთი თვალი რომ გაეხილა, მეორის გახელას ნამდვილად არ ინატრებდა
გახსოვთ, ალბათ, მ. სააკაშვილის ყბადაღებული განცხადებები კავკასიის კონფედერაციისა და ერთიანი კავკასიური სახლის შექმნის შესახებ. ისიც გემახსოვრებათ, თუ რა პათოსით ითქვა აღნიშნულის თაობაზე გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან. სიტყვას რომ საქმე მოაყოლა და ცალმხრივად საქართველოში შემოსასვლელი ვიზები გაუუქმა ჩრდილო კავკასიაში არსებული ზოგიერთი ავტონომიის მცხოვრებლებს. ესეც გემახსოვრებათ. ზოგიერთს იმიტომ ვამბობ, რომ ჩრდილოეთ კავკასია დიდია და რატომღაც მასზე მთლიანად არ გავრცელდა ფაქტობრივი პრეზიდენტის გადაწყვეტილება.

სააკაშვილის “ნოვაციას” გულმშვიდად შესცქერის საქართველოს საზოგადოება, ვგონებ იმის მოლოდინში, რომ სააკაშვილი, ერთხელაც იქნება, დაიღლება და გაჩერდება. მაგრამ არა! არ იღლება. როგორც ჩანს, საქართველოს მამაზეციერმა ისეთი ბედი არგუნა, პირველ პირთა საექსპერიმენტო არენა რომ ჰქვია. და ვართ, 20 წელია, გაუთავებელ ექსპერიმენტებში.

ისტორიისთვის 20 წელი წამიერი გაელვებაა, ნებისმიერი ადამიანისთვის - ცხოვრების მნიშნელოვანი მონაკვეთი, რომელსაც მაგნიტოფონივით “რევერსი” არ აქვს. რაც წავიდა, წავიდა. უკან აღარ დაბრუნდება.

დამოუკიდებლობის 20 წელი იმდენი საარაკო “ნოვაციით” იყო აღსავსე, რომ ავ თვალს არ ენახება. ამ იდეებმა და “ნოვაციებმა” არა მარტო მოსახლეობა გათანგა, არამედ მრავალსაუკუნოვანი ქვეყნის არსებობას საფუძვლიანად შეურყია საძირკველი. ცოტაც და, თუ არ შედგა მამა-მარჩენალი, ქვეყანა თავზე დაგვემხობა.

სახელმწიფო არც ტრამვაის ლიანდაგების მოშლა-აღდგენაა და არც ფალოსის მსგავსი ობელისკების წამოჭიმვა. ის სხვაა, უფრო მარადიული, ზეციური და არა ერთი თაობის საჯიჯგნი. ის არც მეწველი ძროხაა, თივის გარეშე რძეს რომ იძლეოდეს. მას კვება ესაჭიროება, მეტადრე სულიერი.

საქართველოს ტანჯული ისტორიის განმავლობაში ბევრი იყო ისეთი, ვინც საკუთარი სისხლით და ოფლით კვება სამშობლო, დღეს რომ “საშაყირო” თემადაა ქცეული, მაგრამ უმეტესობა ისეთი იყო სამშობლოს საძოვრად რომ იყენებდა, ისე, როგორც დღეს. სამშობლოს გაფრთხილება სჭირდება, მითუმეტეს ისეთს, ჟამთა სვლამ ასერიგად რომ დააძაბუნა. მაგრამ ესმის კი ეს დღევანდელ “იდეებით” აღსავსეთ?

ის, რომ ქვეყანა იყიდება, არ-ახალია, მაგრამ წუხდება ამით ვინმე? გაყიდვას რომ ახალი საფრთხე ემატება კონფედერაციის, კავკასიის საერთო სახლის, ჩრდილოეთ კავკასიასთან ჩახუტების სახით, აწუხებს ეს ვინმეს?

სააკაშვილის წამოჭრილ თემას ბანს აძლევს მისივე გარემოცვა, სწავლულნიც და უსწავლელნიც, მხოლოდ საკუთარ კუჭსა და კეთილდღეობაზე მომართულნი. ეს რა შესანიშნავი რამ ბრძანა ჩვენმა მამა-მარჩენალმა, ჩვენს სისხლთან და ხორცთან, ჩრდილო კავკასიელებთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაო. მე-11 საუკუნის კავკასია ერთიანი ყოფილა, თბილისი კი მისი გულიო, ამბობენ ისინი. და იღვრება პირველი არხის ეთერიდან სანაიასა და “ექსპერტთა” მიერ ნამღერი კავკასიური სახლის მარადისობის ჰანგები, მტარვალმა რუსეთმა რომ დროებით გაწყვიტა წელში, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა არ ჰკარგავს სანთელ-საკმეველს.

ჩვენი დროის გმირი მიხეილი კარგად იყოს, და, რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ჩრდილო კავკასიელ მუსლიმან ძმებს, თან ისე, როგორც ნიკალა იტყოდა - დავჯდებით, დავლევთ ჩაის და ვიჭუკჭუკებთ. . . მაგრამ რა ენაზე? იქნებ ინგლისურზე? ხელისუფლებას, რომ მშობლიურად სურს შემოგვტენოს? ან იქნებ თურქულზე?

მომავალ კონფედერაციაში თავის სეფე სიტყვას იტყვის 80-მილიონიანი თურქეთი, 10-მილიონიანი აზერბაიჯანი, მათი მონათესავე ჩრდილო კავკასიელები. ამერიკაში მოღვაწე თურქი ფეთჰულა გიულენი, ადნან ოქტარი და მათი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციები კარგად იყვნენ, მეჩეთები და მედრესები არ მოგვაკლდება. “როდესაც ახალ დაპყრობაზე ვლაპარაკობთ, დასაწყისში საჭიროა ნოხის გაფენა სულის მხსნელი ლოცვისათვის”, - წერს გიულენი. ოქტარი კი ამბობს: “პოლიტიკური ისტორია დაგვემოწმება, რომ ძალა, რომელიც იღვწის მსოფლიო მმართველობისაკენ, უპირველესად რეგიონებს უნდა დაეუფლოს. კავშირი, რომელიც შეიქმნება თურქეთის მეთაურობით, საფუძვლიანად შეარყევს რეგიონში რუსეთის გავლენას და გზას გაუხსნის თურქულ სამყაროს მსოფლიო ლიდერობისაკენ”.

თურქულენოვან ოკეანეში შესაძლებელია სამმილიონიანი საქართველოს ლიდერობა? როგორც ეს ჰგონიათ სანაიას გადაცემის “გმირებს”? მაგრამ, როგორც ჩანს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია “დიდი” მიხეილის გულის მოგება და თუ ამ პროცესში ქვეყანა დაიკარგება – წყალსაც წაუღია.

ამ “ქართველთა” იდეები ზედმიწევნით უახლოვდება ალ-ქაიდას მეორე პირის აიმან აზ ზავაჰერის მოსაზრებას, ასახულს მისსავე წიგნში, “რაინდები წინასწარმეტყველთა დროშის ქვეშ”. ავტორი წერს: “ჩეჩნეთის კონფლიქტი შეიძლება გახდეს მსოფლიო ჯიჰადური მოძრაობის სტრატეგიულ წერტილად. თუ ჩეჩენი მოჯაჰედები და კავკასიის რესპუბლიკების ისლამის მეომრები მიაღწევენ ნავთობით მდიდარ კასპიის ზღვის სანაპიროებს, მხოლოდ ნეიტრალური თურქმენეთი დააშორებს მათ ავღანეთიდან. ეს შექმნის სამხრეთ რუსეთში ისლამის სარტყელს, რომელიც აღმოსავლეთით დაუკავშირდება პაკისტანს, სამხრეთით ირანსა და თურქეთს, რომლებიც სიმპათიით არიან განწყობილნი შუა აზიის მუსლიმანთა მიმართ, ყოველივე კი დაარღვევს ბარიერს, რომელიც ჰყოფს მუსლიმანურ კავკასიას მსოფლიოს მუსლიმანებისაგან. მუსლიმანური კავკასიის გათავისუფლება გამოიწვევს რუსეთის დაშლას, გაააქტიურებს ჯიჰადის მოძრაობას უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, რომელთა მთავრობები რუსეთიდან იღებენ მოჯაჰედთა წინააღმდეგ საბრძოლველ დახმარებას.

ყველაზე პოპულარული ისლამისტური საიტი “მინბარ ალ-ჯიჰად ვატ-თავჰიდი”, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი სალაფიდი იდეოლოგი აბუ მუჰამედ ალ-მაქდისი, ერაყის ალ-ქაიდას ყოფილი ლიდერის აზ-ზარქაუის სულიერი მამა, პასუხობს ყაბარდინო-ბალყარეთის ისლამისტური ორგანიზაციის “ჯამაათ იარმუკის” ყოფილ ლიდერს ანზორ ასტემიროვს (სეიფულა), რომ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მუსლიმანთა მონაწილეობა ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან სოჭის ტერიტორიაზე მუსლიმანი ჩერქეზები ცხოვრობდნენ, რომლებიც 150 წლის წინათ მეფის რუსეთმა გაასახლა იქედან.

ჩერქეზთა განდევნა-გენოციდის ამბავი არც საქართველოს ხელისუფალთათვის არის ახალი. მარტო მიმდინარე წელს ორი საერთაშორისო კონფერენცია მიუძღვნა მან ამ თემას, ცხადია აშშ-ს “ჯეიმსთაუნის” ფონდთან ერთად. სიტყვით რუსეთთან “გადატვირთვის” მომხრე ოფიციალური ამერიკა, საქმით იმას აკეთებს, რასაც ყოველთვის. მისი აზრით, რუსეთს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქვეყნის სამხრეთში პრობლემები, რათა მან სერიოზული საკითხებიდან ყურადღება, სწორედ მათზე გადაიტანოს.

შორს მიმავალ გეგმებში რუსეთის არა მარტო სამხრეთ კავკასიიდან განდევნა იგეგმება, არამედ მისგან ჩრდილო კავკასიის ავტონომიების ჩამოშორებაც, კასპიის ზღვის ენერგორესურსების საფუძლიანი გაკონტროლება, მოუთვინიერებულ ირანზე მონიტორინგის დაწესება, მის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობა და სხვა.

აშშ-ს ზოგიერთი წრის სადღეისო და სამომავლო გეგმები ემთხვევა რადიკალური ისლამის გეგმებს, რაც არ არის გასაკვირი. გავიხსენოთ ოფიციალური ამერიკის ჩახუტება ექსტრემისტულ ისლამთან, როდესაც საბჭოთა კავშირი ავღანეთში იმყოფებოდა. მაშინ აშშ-ა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შექმნა, გაწვრთნა, შეაიარაღა და დააფინანსა ალ-ქაიდა. ბენ ლადენი ვაშინგტონის პირმშოა და ასეთად მოიაზრებოდა კარგა ხნის განმავლობაში, ვიდრე აღმზრდელ-აღზრდილს შორის შავმა კატამ არ გაირბინა.

რა ამოძრავებს საქართველოს ხელისუფლებას? უპირველესად ამერიკისადმი მონური მორჩილება, რაც შორს არის ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობიდან. ანდა რა სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს შეუმდგარ, ტერიტორიებდაკარგულ, მოსახლეობაგაქცეულ, ეკონომიკურად ღატაკ საქართველოსთან? ცხადია არავითარი, გარდა ერთისა – რუსეთის წინააღმდეგ საპლაცდარმო ტერიტორიისა.

და მაინც რას აცხადებს სააკაშვილის ხელისუფლება ჩერქეზებთან დაკავშირებით და რას მოელის აქედან? ჩერქეზთა გენოციდი, რომელიც 150-წლის წინათ მეფის რუსეთმა განახორციელა, არის დანაშაული. რუსეთმა არა მარტო ჩერქეზთა წინააღმდეგ ჩაიდინა ასეთი რამ, არამედ სხვების მიმართაც, მაგალითად საქართველოს. საქართველოს ხელისუფალთა აზრით, იქ, საიდანაც განიდევნენ ჩერქეზები, ანუ ქალაქი სოჭი, ოლიმპიური თამაშები არ უნდა ჩატარდეს. ოლიმპიური თამაშები სხვაგან უნდა გაიმართოს, რამეთუ სოჭი ესაზღვრება აფხაზეთს, რუსეთის მიერ საქართველოსთვის წართმეულს. საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნული მოტივით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც მიმართავს და ჩერქეზთა გენოციდს პარლამენტშიც განიხილავს.

საქართველო-რუსეთის ომი გრძელდება. მაინც რატომ ჰგონიათ სააკაშვილსა და მისთანებს, რომ მართლმადიდებელ რუსეთს ექსტრემისტული ისლამი სჯობს ან, რატომ არის ისლამით გაჯერებული კავკასიური სახლი უფრო მისაღები საქართველოს ხელისუფალთათვის, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობა?

დიდ ერეკლეს წამით, ერთი თვალიც რომ შეევლო “ქართველთა” ქმედებისათვის, მეორის გახელას ნამდვილად არ ინატრებდა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"