ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
30.12.2010
ოქრო ოქროს წილ

საქართველოს ფაქტობრივმა პრეზიდენტმა მ.სააკაშვილმა გუშინ საღამოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური პატრიარქი ილია მეორე რუსთაველის პრემიითა და „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა. ეს მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც თავად პატრიარქმა დააჯილდოვა ფაქტობრივი პრეზიდენტი ოქროს ჯვრით.

პატრიარქის „საპასუხო“ დაჯილდოვება ფაქტობრივი პრეზიდენტის მიერ მოხდა ქუთაისში „მიუზიკ-ჰოლის“ პომპეზურ გახსნაზე, სადაც მისი უწმინდესობის სამუსიკო ნაწარმოებები შესრულდა. თავის „ბრწყინვალე“ გამოსვლაში სააკაშვილმა ტალახი გადაასხა მე-19 საუკუნის ქართულ ელიტას, რომელსაც ბრალი დასდო გამყიდველობაში რუსული ჩინ-მედლების სანაცვლოდ. ეს კიდევ ერთი ანტირუსული და იმავდროულად ანტიქართული გამოხდომა იყო. პატრიარქი სდუმდა. ოქრო ოქროს წილ. ლოგიკურია. მ.სააკაშვილი და ილია მეორე კარგად ეწყობიან ერთმანეთს. როგორც ყაზბეგის რაიონის (ამჟამად სტეფანწმინდის რაიონის) სოფელ სნოში მდებარე პატრიარქის მშობლიური სახლის, რომელიც ილია მეორის სახლ-მუზეუმადაა ქცეული, დამთვალიერებლები ყვებიან, პატრიარქის კუთვნილ ხატებს შორის შეიძლება მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილის პორტრეტის დანახვაც. პატრიარქი პრინციპში არც არასოდეს დაშორებია სააკაშვილს, მაგრამ ისმის კითხვა: როგორ მოახერხა ფაქტობრივმა პრეზიდენტმა პატრიარქის „მოჯადოება“, პატრიარქისა, რომელსაც მთლიანობაში ჯანსაღი პოზიცია უკავია და ყოველთვის გამოდიოდა რუსეთთან თანამშრომლობის და ქართველთა და რუსთა სულიერი ერთობის სასარგებლოდ?

პასუხი: სააკაშვილმა ძალზე მოქნილად გამოიყენა ულტრა-ლიბერალები, რომელთაც ის პატრიარქს უსევდა (თუ არ უსევდა, ყოველ შემთხვევაში, პრესაში პატრიარქის დევნა მისი მდუმარე თანხმობის ფონზე მიმდინარეობდა). როგორც ცნობილია, ილია მეორე არაერთხელ ჰყავთ გალანძღული ქართველ ულტრა-ლიბერალებს, მას ქვეყანაზე თავს დამტყდარ ლამის ყველა უბედურებაში სდებდნენ ბრალს. გარკვეულწილად ეს თავდასხმები პატრიარქის გარშემო მორწმუნეთა შემომტკიცებას უწყობდა ხელს, საქართველოს მართლმორწმუნე ხალხი მის დასაცავად დადგა, ამ დაცვას სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, მაგრამ ახლა ამაზე არაა საუბარი. მთავარია, რომ მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, პატრიარქი, როგორც ჩანს, მაინც წამოეგო ხელისუფლების მიერ წაქეზებული ელემენტების შანტაჟს და მიემხრო პირადად სააკაშვილს (როგორც ქვეყნის ლიდერს - ამ შემთხვევაში უარყოფითი როლი შეასრულა პიროვნებაზე, ლიდერზე, „მონარქზე“ ორიენტირებულმა ქართველების ტრადიციულმა კონსერვატიზმმა), რომელმაც იგი სიამოვნებით მიიღო. სააკაშვილი არ პასუხობს ილია მეორის მოძულე ულტრა-ლიბერალებს (ისევე როგორც „ზვიადისტების“ იმ ფანატიკურ ნაწილს, რომლებიც ვერ იტანენ პატრიარქს იმის გამო, რომ მან თავისი ავტორიტეტით არ იხსნა მათი კერპი და თანამშრომლობდა შევარდნაძის ხელისუფლებასთან), იგი უბრალოდ მეგობრობს პატრიარქთან და ამით მას სახელმწიფო მხარდაჭერის გარანტიას აძლევს.

პატრიარქის ავტორიტეტი მოსახლეობის შორის იმხელაა, რომ საზოგადოებრიოის დიდი ნაწილი არა თუ თვალებს ხუჭავს მის მეგობრობაზე ფაქტობრივ პრეზიდენტთან (რომელსაც ძალიან ბევრი უბრალოდ ვერ იტანს), არამედ ამ სიტუაციას აღიქვამენ, როგორც აუცილებლობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პატრიარქი ამ სიტუაციიდან გამომდინარე, თითქმის არაფერს კარგავს (პოლიტიკური აზრით), ხოლო ფაქტობრივი პრეზიდენტი - იგებს. უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ის საზოგადო მოღვაწეები და ოპოზიციონერები, რომლებიც გამალებით იცავენ პატრიარქს ულტრა-ლიბერალთა თავდასხმებისაგან. პატრიარქი ყურადღებას არ აქცევს თავის დამცველებს, მისთვის უფრო ძვირფასია სააკაშვილი.

შენიშვნა: სურათზე ასახულია „მთავარანგელოზ მიქაელის მედალი“, მასონური სიმბოლიკიდან (მე-18 საუკუნის ბოლო).
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"