ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
30.11.2010
კრება თუ მიტინგი?

25 ნოემბერს სახალხო წარმომადგენლობითი კრების დანიშვნამ საზოგადოების ერთ ნაწილში ახალი მოლოდინი გააჩინა. ისიც, რომ კრება არც ერთ დარბაზში არ შეუშვეს და მისი ჩატარება პარლამენტის წინ გადაწყდა, ერთგვარ კარგად გათვლილ ტაქტიკურ ნაბიჯს წააგავდა.

"სახალხო კრების" პერსპექტივების შესახებ იხ. აგრეთვე სარედაქციო კომენტარი.

"ეროვნულმა ფორუმმა" ასევე კარგად გათვლილი ტაქტიკური სვლა მოიფიქრა: არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება კალათბურთის სასახლეში საბაბად გამოიყენა სახალხო კრებასთან შესაერთებლად. ასეც მოიქცა და კრებას შეუერთდა. თუმცა ერთი თვით ადრე არშეერთებას იმით ხსნიდა, რომ კრების მიზანი და დღის წესრიგი მათთვის გაურკვეველი იყო.

წინა დღეს, 24 ნოემბერს ქართული პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა დავით მაღრაძემ და პარტიის დამფუძნებლებმა განახადეს, რომ მართალია, კრების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ხალხის გვერდით დადგებიან. დარბაზში ამას ტაშით მიესალმნენ. კრების ორგანიზების პროცესის დახურვას პარტიები იმთავითვე ბურჯანაძეს მიაწერდნენ, ხოლო ამბიციური ეჭვიანობა მხოლოდ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის როდია დამახასიათებელი; ყველგან პოლიტიკოსებისთვის (ჩვენთან კი უკვე არასამთავრობო სექტორისთვისაც) უმთავრესია საკითხი, თუ ვინ არის პროცესის ინიციატორი და ვის ერგება `მიერთებულის’’ არცთუ საპატიო სტატუსი.

ასე იყო თუ ისე, კრება ღია ცის ქვეშ შედგა და მთელი წყება დოკუმენტებისა მიიღო. გადაწყდა დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნა. მომიტინგეთა შორის დრტვინვა დაიწყო, რადგან ბევრს მიაჩნდა, რომ კრებას მაინც უნდა მოჰყოლოდა რეალური შედეგი. კრებასთან არმიერთებულმა პარტიებმა თავი ვერ შეიკავეს და იმავე საღამოს მიაყოლეს ტყუპი წიხლი სახალხო კრებას ნაციონალურ არხებზე.

"პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სხვა ალტერნატივა დაანახოს, არაგულწრფელია" – განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, _ “ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ კრება უპერსპექტივო იქნებოდა’’.

საზოგადოებაში ნიჰილიზმს კიდევ ერთი განწყობა დაემატა, რომელიც უკვე ფეთქებად ხასიათს იძენს. აგრესია უკვე ღიად არის მიმართული ოპოზიციური ლიდერებისადმი და თუ რაიმე არ შეიცვალა, შედეგი შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს. ხელისუფლებას ხალხი ვერ მიწვდება, მაგრამ გამწარებულ გულზე რომელიმე ოპოზიციურ ლიდერზე კი შეიძლება ჯავრი იყაროს. ჩვენი ხელისუფლებაც ხელს ნამდვილად არ შეუშლის და მერე საკუთარ ვერდიქტსაც გვამცნობს ნაციონალური ტელეეკრანებიდან. მისი შინაარსი ნოდარ დუმბაძის ცნობილ რომანში მოყვანილი ფელეტონის პათოსით იქნება სავსე: _ აბა, რა ეგონათ?

ეს, პირველწყაროსგან განსხვავებით, სულაც არ იქნება სასაცილო. მერე რამდენჯერაც უნდა ახსენონ პროვოკატორები, უკვე ძალიან გვიანი იქნება. სულაც არ მინდა კასანდრას რეპუტაციის შეძენა, მაგრამ ამ საშიშ ტენდენციაზე ყველას მართებს დაფიქრება, თორემ საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ დასამარდება.

25 ნოემბერს საღამოს ტელეეთერში ქართულმა აკადემიამაც გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომელიც განზოგადებულად ასე შეიძლება აღვწეროთ: "ჩვენ ხომ ვამბობდით..." ხაზი გაესვა იმასაც, რომ ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა დარბაზში, სამუშაო ვითარებაში კრების ჩატარება. 26 ნოემბერს მიტინგზე შაშიაშვილმაც განაცხადა, რომ სააკაშვილს სწორედ მიტინგები უნდა, მაგრამ ამით არ ასიამოვნებენ.

თუ ასეა, ერთხელ უკვე რატომ ასიამოვნეს სააკაშვილს კრების ღია ცის ქვეშ ჩატარებით, ეს არავის აუხსნია. თუ ამას მხოლოდ შემდეგ მიხვდნენ, არც ეს არის კარგი ნიშანი. მაგრამ მივუბრუნდეთ შეკრების ფორმატს. ერთი შეხედვით, გაუგებარია, რატომ უნდა აძლევდეს ხელს სააკაშვილს მიტინგი და არა დარბაზში ჩატარებული კრება?

აქ ერთ ძველ ისტორიას გავიხსენებ; 1978 წლის აპრილში, როდესაც ბრეჟნევისეული კონსტიტუციის განხილვა მიმდინარეობდა (წლევანდელი ზაფხულისგან განსახვავებით ის მართლაც საერთო-სახალხო განხილვა იყო), თეატრალური ინსტიტუტის დარბაზში მთელმა ინსტიტუტმა მოიყარა თავი სტუდენტებიან-პედაგოგებიანად. ტევა არ იყო, ხალხი სცენაზეც იდგა. ახლაც მახსოვს ატირებული ლელა წიფურია. `ენას გვართმევენ!’’ _ ისმოდა აქა-იქ. თეატრალები ემოციური ხალხია, მაგრამ მათთვისაც კი ეს იმდენად მოჭარბებული ემოციების გამომწვევი შეკრება იყო, რომ გავიფიქრე: `ახლა ვიტირებთ (მეც არ მაკლდა ბევრი ატირებამდე), ვიტირებთ და დავიშლებით. არადა, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ?’’

ჩამოვჯექი და რვეულის ფურცელზე კრების რეზოლუციის პროექტი ჩამოვაყალიბე, რომელშიც ჯერ კონსტიტუციაში შეტანილ სასიკეთო ცვლილებებზე იყო საუბარი (ასეთები კი ნამდვილად იყო: ეკოლოგიური საკითხები, ისტორიისა და კულტური ძეგლთა დაცვა და ა.შ.), ხოლო უკანასკნელი პუნქტი ასახავდა ინსტიტუტის საერთო კრების კატეგორიულ მოთხოვნას ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნების შესახებ. ამ ამბავს თავის საქებრად როდი ვიგონებ. მეორე დღეს ერთადერთი სტუდენტი, რომელსაც უშიშროებამ მოაკითხა, მე აღმოვჩნდი. სტუდენტებზე გადაფარებულმა რექტორმა ეთერ გუგუშვილმა საკუთარ კაბინეტში შეიყვანა უშიშროების ორი თანამშრომელი და, მამაჩემიც დაიბარა. მე რომ დამიძახეს, უკვე ყველანი იყვნენ შეკრებილი. ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. მე უკვე თვითონ ვიყავი გათხოვილი და ექვსი თვის შვილიც მყავდა. და ამ დროს მამას იბარებენ! გამოვედი სიტყვით, რომ მამები შვილებზე პასუხს არ აგებენ (ამისაც შემეშინდა, ცხადია), რომ ჩვენ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია და რაკი კონსტიტუცია საერთო-სახალხო განხილვაზე გამოიტანეს, ე.ი. ჩვენი აზრი ვიღაცისთვის საინტერესო იყო. ამ ემოციებში, რა თქმა უნდა, ისიც ვუთხარი, რომ ამ ყველაფერს ჩემი პატარა შვილისთვის ვაკეთებ და რომ მათაც უნდა იფიქრონ საკუთარი შვილების მომავალზე. ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ იგი მკაფიოდ ასახავს იმ მიზეზს, თუ რატომ აქვს ხანდახან ფარატინა ქაღალდს მეტი ძალა, ვიდრე ყველაზე გულწრფელ ცრემლებს.

კრების მიერ მიღებულ დოკუმენტებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ უნდობლობის, კონსტიტუციის მიმართ შეურიგებლობის და სახალხო სასამართლოს ვერდიქტის მასალებს ეყრდნობა, შეუძლია უფრო ხელშესახები შედეგების მოტანა, ვიდრე მორიგი მიტინგი სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. შეუძლია, მაგრამ მოიტანს თუ არა, ეს მხოლოდ კრების საინიციატივო ჯგუფზე და პოლიტიკურ ლიდერებზე როდია დამოკიდებული. ამას საზოგადოების მზადყოფნა ჭირდება, ოღონდ არა სპრინტისთვის, არამედ მარათონისთვის.

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"