ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
30.11.2010
ფსევდოლიბერალური მოდერნიზაციის კრახი საქართველოში

24 ნოემბერს, ქართული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის, უფრო სწორად, მისი სახეების მისამართით უკვე არაერთი კენჭი ისროლეს. ძველი ცოდვები გაუხსენეს უკლებლივ ყველას:

ამ თემასთან დაკავშირებით იხ. აგრეთვე ევრაზიის ინსტიტუტის სარედაქციო კომენტარი Sale ანუ „ოდეს ტურფა გაიაფდეს…“

ოქრუაშვილს - კავალერისტული გამოხდომები და ხმაურიანი სატელევიზიო დაჭერები; კიწმარიშვილს - "რევოლუცია პირდაპირ ეთერში" და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება; ლევან გაჩეჩილაძეს - გადამწყვეტ მომენტში ხალხის დიდი მასის დაშლა და გაუბედაობა; გუნცაძეს - მრავალპარტიულობა ერთ პიროვნებაში; თვით სოზარ სუბარსაც კი უსაყვედურეს "თავისუფლების ინსტიტუტთან" და "კმარასთან" მეგობრობა.

ასე იყო თუ ისე, ქართული პარტია დაფუძნდა და თავმჯომარედ ყველაზე ნაკლებ სასაყვედურო სოზარ სუბარი აირჩია. დანარჩენი პარტიული თანამდებობები ზემოთ ჩამოთვლილ ლიდერებს ხვდათ წილად. ხელმძღვანელობაში არც ერთი ქალი არ აღმოჩნდა, რაზეც ლევან გაჩეჩილაძემ საჯაროდ დადო პირობა, რომ უახლოეს მომავალში გენდერული თანასწორობა აღდგება.

ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაისმა, ქართული მედიისთვის არ აღმოჩნდა მთავარი თემა; გახსნისთანავე, საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა დავით მაღრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში ისტორიის გადაწერის და ახალი ადამიანის გამოყვანის მცდელობას და განაცხადა: "ფსევდო-ლიბერალურმა მოდერნიზაციამ საქართველოში კრახი განიცადა!" ეს უთუოდ უმნიშვნელოვანესი აქცენტი გახლავთ, რომელმაც ასახვა ვერ ჰპოვა ქართულ პრესაში; დღემდე იმ ადამიანების მარგინალიზებას ცდილობდნენ, ვინც დაიწყო ამ თემაზე საუბარი და ქართველი ულტრა-ლიბერალების პირველი დარტყმები მიიღო. ამ სტრიქონების ავტორს არაერთი ბატალია გადახდა სწორედ იმ ვიწრო ჯგუფთან, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში იდეოლოგიის ერთადერთ წყაროდ ცდილობს თავის გასაღებას.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ფსევდო-ლიბერალური ქართული უმცირესობის წინააღმდეგ ამჯერად უკვე ის ჯგუფი გამოდის, რომელიც მანამდე თავს ლიბერალად მიიჩნევდა და შესაძლოა, არც დღეს უთქვამს უარი ზომიერ ლიბერალიზმზე. ზოგადად, ეს დიდი თემაა და მასთან დაკავშირებით ხშირად იმოწმებენ ილიას ლიბერალიზმს. სხვა საქმეა, რომ ლიბერალიზმის "თავისუფლების ინსტიტუტისეულ" გაგებას არაფერი აქვს საერთო ილია ჭავჭავაძესთან. იმით, რომ განათლების რეფორმას ილიას სახელი უწოდეს, ისინი მისხალითაც არ მიახლოვებიან ილიას გზას.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთთან ურთიერთობას ეხებოდა. დავით მაღრაძემ ისაუბრა ასევე ხელოვნურად დანერგილ აზრზე, თითქოს რუსეთმა გადაუკეტა საქართველოს გზა ევროპისაკენ. "ამას უდებენ თავში ჩვენს ბავშვებს. ამათ რომ უსმინო, ბატონიშვილის სასახლე თელავში და კალაუბანი ევროპა ყოფილა, ხოლო პეტერბურგი - აზია". დარბაზი ტაშით შეხვდა ამ სიტყვებს. ეს ტაში გაცილებით მეტის მთქმელია, ვიდრე ოკუპაციის მუზეუმის მთელი ექსპოზიცია, რომლის ძირითადი დანიშნულება გოგი გვახარიას სატელევიზიო გადაცემის "წითელი ზონის" უფასო დეკორაციის ფუნქციის შესრულება გახდა.

პირველი გამომსვლელის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერის მიერ მოსინჯული მტკივნეული თემები შემდგომ პოლიტიკოსებმაც აიტაცეს. წინასწარ მომზადებულ კლიპშიც ხაზგასმული იყო რუსეთთან ურთიერთობაში ხელოვნურად შექმნილი ბარიერების მოხსნის აუცილებლობა. დავით აღმაშენებელთან და თამარ მეფესთან ერთად ერეკლე მეორის ხსენება სწორედ იმ გაბატონებული აზრის წინააღმდეგ იყო მიმართული (სულ რამდენიმე წლის წინ ქართულ ტელევიზიაში ერეკლე მეფეს ასამართლებდნენ!), რომლის უარყოფას ჯერ კიდევ შარშან ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ ბედავდა. დარბაზის განწყობამ ცხადყო, რომ ეს არ ყოფილა პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფის თვითმიზნური ნაბიჯი, არამედ საზოგადოებრივ დაკვეთაზე ადეკვატურ პასუხს წარმოადგენდა.

ნურავის გაუჩნდება ილუზია, რომ საქართველო ნებისმიერი დათმობის ხარჯზე მოინდომებს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას. ნურც იმ ილუზიის ტყვეობას მიეცემა ვინმე, რომ რუსეთი ასე იოლად დაივიწყებს იმ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომელთა ერთ-ერთი ავტორი ქართული პარტიის თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილიც იყო. ეს არ არის ერთი პარტიის ყრილობაზე საპრეზენტაციო სიტყვებით გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ როგორც ვექტორი, როგორც გაბედული განაცხადი სამომავლო სტრატეგიის შესახებ, - მეტად მნიშვნელოვანია.

პოლიტიკა ადამიანის საქმიანობის ყველაზე პარადოქსული სფეროა. დღეს ბევრს ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა ელაპარაკოს რუსეთს, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი. სხვანი არ ენდობიან მას, რადგან "ერთი დღე ვერ გაძლო კამერაში, აღიარებითი ჩვენება მისცა". მაგრამ განა ვინმეს წარმოედგინა, რომ მთავარ საბჭოთა საინფორმაციო პროგრამა "ვრემიაში" გადაცემული აღიარებითი ჩვენების შემდეგ ზვიად გამსახურდია ეროვნული მოძრაობის ლიდერი და შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდებოდა?

ქართული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის მიერ დეკლარირებული მიზნებისა და ამოცანების თვალსაზრისით კიდევ ერთი ფაქტორი იმსახურებს ყურადღებას; მისი სტრატეგია ემყარება სტაბილური და წარმატებული განვითარების სამ პრინციპს:

ეროვნული თვითმყოფადობა;

თითოეული ადამიანის და მთელი ქვეყნის უსაფრთხოება;

საქართველოს განვითარება და პროგრესი.

რამდენად შეძლებს ქართული პარტია, უერთგულოს ამ დეკლარირებულ პრინციპებს, - მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება; დამფუძნებლებმა ადეკვატურად შეაფასეს ის მოთხოვნები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში მომწიფდა.

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"