ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.11.2010
საქართველო - მსოფლიო ბანკის ფავორიტი

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ანგარიშის მიხედვით საქართველო სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისა და ბიზნესის რეგულირების სფეროში ყველაზე აქტიურ რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა, ხოლო ბიზნესის წარმოების რეიტინგის მიხედვით მე-13-დან მე-12 ადგილზე ავინაცვლეთ.

თუ ამ კვლევებში საქართველოს მეზობლებს შევავლებთ თვალს, ამოცანა არც ისე რთულად გამოიყურება, როგორც ეს თავიდან ჩანს. მაგალითად, ბოლო 5 წლის მიხედვით საქართველო მართლაც 1 ადგილზეა. მას მოსდევს რუანდა, ბელარუსი, ბურკინა-ფასო, საუდის არაბეთი, მალი, ყირგიზეთი, ხორვატია, ყაზახეთი, განა, მაკედონია, ეგვიპტე, უკრაინა, მოზამბიკი. აშშ, ავსტრია და ბრაზილია კი მერვე ათეულის ბოლოსკენაა! თუ ზემოთ ანაცვლებაზეა ლაპარაკი, მაგალითად 2010-2011 წ.წ. ტაჯიკეთი 149-დან 139 ადგილზე, ყაზახეთი კი 74-დან 59 ადგილზე ახტა, ხოლო კუვეიტი 69-დან 74-ზე ჩამოვარდა. ამ დინამიკას თუ ვენდობით, ტაჯიკეთი უფრო “მაგარი” რეფორმატორი ყოფილა, ვიდრე ყაზახეთი (არადა, ყაზახეთი წელს ყველაზე სწრაფი რეფორმატორი ქვეყანაა იმავე კვლევით!), ხოლო კუვეიტს ტაჯიკეთსა და ყაზახეთთან შედარებით ძალიან გაუჭირდა.

ჩვენ უკვე ორგზის ჩემპიონები ვართ; პირველად #1 რეფორმატორის წოდება 2009 წელს მოგვენიჭა. ჯილდო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს გადაეცა ვენაში. მაშინაც უკანასკნელი 5 წლის ანგარიშში პირველ ადგილზე გავედით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ იმავე დროს გადასახადების გადახდის სირთულით და ჯარიმების მოცულობით ერთ-ერთ ბოლო, 110-ე ადგილზე ვყოფილიყავით.

თუ 2009 წლის (ანუ პირველგზის ჩემპიონობის მომენტის) ციფრებს გადავავლებთ თვალს, კიდევ უფრო მეტად განვცვიფრდებით: 2008 წელთან შედარებით მცირე საწარმოების რაოდენობა 30%-ით შემცირდა. ბიუჯეტი 2-ჯერ შეიცვალა და გადასახადებიდან შემოსავლების ნაწილში 800 მილიონით შემცირდა. სამი კვარტალის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტი, დაგეგმილი 2,5%-იანი ზრდის ნაცვლად 5,9%-ით შემცირდა.

ახლა ვნახოთ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ყველაზე აქტიურ რეფორმატორებად აღიარებული ქვეყნების ცხელი ათეულები. 2006-7 წლების მიხედვით საქართველო მე-5 ადგილზეა. მას უსწრებენ ეგვიპტე, ხორვატია, განა და მაკედონია, ხოლო ამის შემდეგ საქართველო ათეულიდან ვარდება. 2009-10 წლების ცხელ ათეულს ყაზახეთი ლიდერობს, მას მოსდევენ რუანდა, პერუ, ვიეტნამი, კაპე ვერდე, ტაჯიკეთი, ზამბია, უნგრეთი, გრენადა და ბრუნეი. საქართველო ვერც ამჯერად შევიდა ცხელ ათეულში.

ამ კვლევის  - "ბიზნესის წარმოება – 2011" ერთ-ერთი ავტორი სვეტლანა ბაგაუდინოვა აცხადებს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ფინანსურმა კრიზისმა ყველაზე მეტად დააზარალა, ბოლო წლების განმავლობაში მარეგულირებელი სფეროს რეფორმების გატარებისას ძირითად მიზნად ისახავენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ფეხზე დადგომა და სამუშაო ადგილების შექმნა გაუადვილონ. ჩვენ ამ მხრივაც ვერაფრით დავიკვეხნით.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საპრიზო ადგილის გარდა, საქართველოს სერიოზულ ნაკლოვანებებზე მიუთითა, რაზეც ქართული საინფორმაციო საშუალებები არ წერენ. მაგალითად, ხაზი გაესვა იმას, რომ გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით, საქართველო 104-ე ადგილზეა. კომპანიები წელიწადში საშუალოდ 53 დღეს ხარჯავენ გადასახადების გადახდაში. საწარმოს დახურვის სიმარტივის მიხედვით არაპრესტიჟული 86-ე ადგილი გვერგო. რაც მთავარია, ინვესტორები საქართველოში ბევრად უარესად არიან დაცული, ვიდრე დსთ-ს ქვეყნების უმრავლესობაში. ამ მაჩვენებლით კატასტროფული შედეგი გვაქვს: 135-ე ადგილი.

ზოგადად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შექება-წახალისება არა მარტო საქართველოში, არამედ დანარჩენ განვითარებად სამყაროშიც სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში მოსახლეობას პრობლემები რამდენადმე მაინც შეუმსუბუქდა. ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ იმაზე, რომ გზების და შადრევნების შენებაში დახარჯული ფული ბევრად უფრო ყაირათიანად შეიძლება დახარჯულიყო, მაგრამ როგორც ირკვევა, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური მდგომარეობაა.

მსოფლიო ბანკის თანხების ნახევარი სპეციფიურ პროექტებს ხმარდება, როგორიცაა გზების, კაშხალების მშენებლობა, მომპოვებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ა.შ. არც ერთი ამ პროექტის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი არ ავრცელებს. ინფორმაცია ხელმიუწვდომელია იმ ადამიანებისთვის, ვის ინტერესებსაც ეს პროექტები უშუალოდ ეხება. სამაგიეროდ, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სესხის მიმღები ქვეყნებისგან მოითხოვენ ცვლილებების გატარებას ეკონომიკურ და სოციალურ სექტორში, მაგალითად, საბანკო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო, ჯანდაცვის, განათლების სფეროებში. არცთუ იშვიათად ისინი ეკონომიკის მართვაში ძირეულ ცვლილებებს მოითხოვენ. მაგალითად, სხვადასხვა დარგში შეზღუდვების გაუქმებას, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზებას, სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციას.

მსოფლიო ბანკის მიერ სტრუქტურულ გარდაქმნებზე გამოყოფილი სესხები მკაცრად არის გასაიდულოებული.

მსოფლიო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი წერს:  "ყველაზე კარგი საშუალება, დავრწმუნდეთ იმაში, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტები პასუხისმგებლობით ეკიდებიან სიღატაკის, გარემოს დაცვის, სერიოზულ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს, იქნებოდა მათი ღიაობა და გამჭვირვალობა. საყოველთაოდ აღიარებულია ინფორმირებული თავისუფალი პრესის აუცილებლობა, რომელიც ბოჭავს საკუთარ მთავრობას, მაგრამ ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ისეთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია. მით უფრო, რომ მათ ხელმძღვანელებს არავინ ირჩევს პირდაპირი კენჭისყრის გზით. სინამდვილეში, ისინი დახურული და გაუმჭვირვალი არიან".

1990 წლიდან მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს მსოფლიო ბანკისაგან ინფორმაციის გახსნას. მიუხედავად მრავალი დაპირებისა, ეს პროცესი თითქოს დაიძრა, მაგრამ ინფორმაციის მიღება კონკრეტულ პროექტებსა და სესხის მიღების პირობებზე კვლავაც ვერ ხერხდება. ჩვენი მედია და არასამთავრობო სექტორი ამ პრობლემაზე ხმას არ იღებენ, საზოგადოებას გაუგებარი ცხრილებისა და რეიტინგების ხიბლში ამყოფებენ. თუმცა ეს არ უნდა გაგიკვირდეს, როცა ქართველი პოლიტიკოსებიც კი არ იტკივებენ თავს ამგვარი ინფორმაციის მოპოვებითა და ანალიზით.

ამ "ჩემპიონობას" კი მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც "ხუთიანზე" შეასრულა მსოფლიო ბანკის ყველა მოთხოვნა, ხოლო საკუთარი მოსახლეობა უკიდურესი სიღატაკისათვის გაწირა.

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"