ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.11.2010
ნაადრევად ხომ არ ვზეიმობთ, პატივცემულო საზოგადოებავ, გამარჯვებას?

ეს კითხვა უპირველესად ხელისუფლებასა და მის ირგვლივ შემოკრებილთ ეხებათ, მათ შორის ე.წ. ოპოზოციურ “დიდ რვიანს”, აშშ-დან დაბრუნებულ თარგამაძე-ალასანიას და ასევე ჯომოლუგმიდან კარგა ხნის წინათ მოვლენილ “პადოშას”, ხანდახან თორთლაძის გვარით, რომ მოიხსენიებენ.

დიდი ზეიმია ხელისუფლებაში. არანაკლები, ხელისუფლებასთან შეზრდილ მას-მედიაში, განსაკუთრებით, ტელევიზიაში. ყველაფერი ისე იყო დაგეგმილი, ვარშავაში, ბრიუსელსა და ლისაბონში საქართველო უკანასკნელი სიტყვებითაც რომ ელანძღათ, ზემოთ ნახსენები ჩვენი დროის გმირები სრულიად საწინააღმდეგო ამბავს მოგვიყვებოდნენ. რაც მართალია, საქართველო არც ერთ ამ ქალაქში არ გაულანძღავთ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ვაშინგტონში. აი ვაშინგტონში რომ გაელანძღათ, დარწმუნებული ვარ, არც ეს დედაქალაქები დაიშურებდნენ აუგ სიტყვას. პირიქით, აქეს და ადიდეს წარმატებული რეფორმებისათვის. არც ხელისუფლების წვლილი დაივიწყეს ამ “დიად” საქმეში და მის ლიდერს სულ მოფერებით უსვეს თავზე ხელი, მადლობაც უთხრეს ავღანეთში ქართველ მეომართა დაღვრილი სისხლის გამო.

არ გამართლდა ზოგიერთი პოლიტოლოგის, მათ შორის ბატონ კლიმიაშვილის წინასწარმეტყველება სააკაშვილის “წაყვანასთან” დაკავშირებით. დღიდან სააკაშვილის მოსვლისა ბატონი რამაზი გვაიმედებს მისი “წაყვანით”, მაგრამ სააკაშვილში შეყვარებული ევროპა-ამერიკა მიიჩნევს, რომ ის სწორედ აქ, ფრონტის წინა ხაზზეა საჭირო და არა იქ, დაწყნარებულ გარემოში.

2010 წლის ნოემბრის “წარმატებას” საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გაგვახსენებს, რაც არ უნდა იყოს გასაკვირი, ვინაიდან თუ ვინმემ მართლაც გაიმარჯვა ნოემბრის დღეებში – სააკაშვილი და მისი ხელისუფლება იყო. ტყუილად არ წერდა რუსული “ნეზავისიმაია გაზეტა” – ნოემბრის წარმატების შემდეგ გაუჭირდება ოპოზიციას სააკაშვილთან შერკინებაო.

როდესაც არსებობს გამარჯვებული, ლოგიკურია დამარცხებულის გახსენებაც. ამ კატეგორიაში არც რუსეთია მოქცეული და არც მისი ხელისუფლება – ქართველი პოლიტიკოს-ექსპერტობა რომ დაბეჯითებით გვიმტკიცებდა ასე იქნებაო. დამარცხებული სხვაა ანუ ...

ქართული ბაქი-ბუქი განსაკუთრებით გაღვივდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტის შემდეგ, სიტყვებით: “აგრესია, ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა”. “ეს დოკუმენტი სერიოზული გზავნილი იქნება ლისაბონის სამიტისათვის”, - ამბობდნენ ქართველი პოლიტიკოსები. გამარჯვებისა და ტრიუმფის ცეცხლს ნავთი დაასხა სააკაშვილის ბრიუსელში გამოჩენამ და მისმა შეხვედრებმა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან. ტელეჟურნალისტები უდიდესი პათოსით, სხაპა-სხუპით, სულმოუთქმელად გვიყვებოდნენ ამ “ისტორიული მნიშვნელობის” შეხვედრებზე. “პირველად საქართველოში”, ლეიტმოტივად გასდევდა აღნიშნული მოვლენის ამსახველ ყველა სატელევიზიო გადაცემას. იმდენად უკიდეგანო იყო ტელეჟურნალისტთა “სიხარული” და პათოსი, რომ საკუთარსავე აზრს სხვას აწერდნენ. მავანი იტყვის – მერე რა მოხდა, პირველად აქვს ამას ადგილი, ღირს ამ “უმნიშვნელო” ამბავზე ყურადღების შეჩერებაო? გეთანხმებით, არ ღირს, მაგრამ მაინც, ცნობისათვის ვიტყვი, იქნებ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მაინც გაიგოს, თუმცა არც ამის იმედი მაქვს, ვინაიდან ამ ორგანიზაციაში მომუშავე უცხოელებმა ქართული არ იციან, ხოლო ქართული ტექნიკური პერსონალი ისეა შეკრული საქართველოს ხელისუფლებასთან და ისე უთარგმნის მათ ხელმძღვანელობას ქართულ ტექსტს, ხელისუფლებას რომ გაუხარდება.

ტელეკომპანიების “უმნიშვნელო” გადახვევა ევროკავშირის თავმჯდომარე ბაროზუს სიტყვების გადმოქართულებას ეხება. ტელეეკრანზე მყოფი ბაროზუ ლაპარაკობს ერთს, მაგრამ მის ლაპარაკს სინქრონულად ედება მეორე ანუ ქართული ტექსტი, რომლის მიხედვით, პატივცემულმა ბაროზუმ დაგმო რუსული “აგრესია, ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა”. ბნელა ტელეჟურნალისტებო!

ის, რაც ბაროზუმ თქვა, თავის შინაარსით ძალიან შორს არის რუსეთიდან. “მე განვუმარტე სააკაშვილს, რომ ევროკავშირი მთლიანად მხარს უჭერს “security, stability and sovereignty and territorial integrity of Georgia.” სად არის აქ “აგრესია, ოკუპაცია და ტერიტორიული წმენდა”? დიდად სამწუხაროა, რომ ამ “სიმართლით” გვატარებენ. ბაროზუს სიტყვის შემდეგ ტელეჟურნალისტთა მხრიდან იყო დაპირება, რომ მათთვის საყვარელი ტერმინოლოგია აუცილებლად აისახებოდა ნატოს სამიტის დოკუმენტში. მათთდა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა (ტყუილიც ხომ მასზეა გათვლილი და არა ჩემისთანა მოკირკიტეზე) იცის ის, რაც მას ტელეკომპანიებმა უთხრეს. ლისაბონის დოკუმენტშიც იგივე ფორმულირებაა, რაც ბაროზუს ნამდვილ ნათქვამში.

ლისაბონის დოკუმენტი სააკაშვილისა და მისთანების უდიდესი წარმატებაა. მარტო ის რად ღირს, რომ პატარა საქართველო მოხვდა მსოფლიოს წამყვანი 28 სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ცალკე 21-ე პუნქტად, სადაც ისევე, როგორც ბაროზუსა და ობამას სიტყვებში ხაზგასმითაა ნახსენები წარმატებული ქართული რეფორმების თაობაზე. ნეტავი რა წარმატებაზეა ლაპარაკი? საქართველოს მოსახლეობა რომ ვერ გრძნობს და გრძნობს თბილისში ან ბათუმში დღენახევრით ჩამოსული ამერიკელ-ევროპელი მაღალჩინოსანი “შერატონის”, რუსთაველის პროსპექტის, ბათუმის პიაცას, აეროპორტების და ქართული სტუმართმოყვარეობის ფასადური სურათების შემდეგ? ან რომელი დემოკრატიის ჩანასახს წააწყდნენ ისინი, საქართველოში ვიზიტების დროს? ჩემის აზრით, გაცილებით უპრიანი იქნებოდა მათი მხრიდან იმის კითხვა – რას მოახმარა საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკა-ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება – 4,5 მილიარდი დოლარი. როგორც მოარული ხმები გვეუბნება, ამ თანხის მსუყე ნაწილი სწორედ იმას მოხმარდა, მათ რომ ასე ეთქვათ, საქართველო შეეფასებინათ მსოფლიოს პირველ რეფორმატორად და სხვა.

ტელეეკრანებს მიჩერებული დამშეული ერი სხვას რას უნდა მოელოდეს მსოფლიო ბანკისგან, როდესაც ამ ბანკის თანამშრომლები, ყვარლის ტბასთან სააკაშვილის ხანგრძლივ მონოლოგს აღტაცებული უსმენდნენ. შეკითხვებიც ხომ აღტაცებული იყო – თქვენ როგორ მოახერხეთ ასეთი წინსვლა, უკრაინამ კი ვერაო?

ეკონომიკურ წარმატებასა და წარმატებულ რეფორმებს ქართული საზოგადოება დღენიადაგ გრძნობს კატასტროფულად გაზრდილი ფასებით არა მარტო კვების პროდუქტებზე, არამედ პირველადი აუცილებლობის საგნებზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტით მომსახურებაზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ვინ იცავს მომხმარებლის ინტერესებს? არავინ. ბიზნესიც და ხელისუფლებაც უმოწყალოდ ყვლეფს ხალხს. გაყვლეფა ჰქვია, როდესაც თბილისში მომრავლებულ სუპერმარკეტ “პოპულში” კერძი “ოჯახური”, სამი კატლეტითა და სოუსით 12 ლარი ღირს. ნეტავ რამდენი გრამი ხორცია სამ პატარა კატლეტში? ეს ერთი კერძი ვახსენე, სხვა ნახეთ. ამ სუპერმარკეტით მოსარგებლე თბილისში მცხოვრები უცხოელი, თავისთვის იქმნის აზრს წარმატებულ საქართველოზე. და არა მილიონამდე პენსიონერის მიზერული პენსიით, მსგავსს, რომ დსთ-ს სივრცეში არ აქვს ადგილი, უამრავი უმუშევრით, რომელიც ასაკიდან გამომდინარე “საამური ცხოვრების” გამო ამ მიზერული პენსიის ასაკსაც ვერ მიაღწევს, თბილისში გაჩენილი მათხოვრების არმიით, პატივცემულმა მიხეილმა ბოშებად რომ მონათლა.

საქმეში ჩახედულებმა კარგად იციან, რა ემართებათ მართლაც რეფორმატორ და ეკონომიკური ბუმით ცნობილ ქვეყნებს. სხვას რომ თავი დავანებოთ, ცინცხალი მაგალითიც კმარა – ირლანდიის სახით. სამი წლის წინათ ეკონომიკურ “ვეფხვად” წოდებული ირლანდია ისეთივე კრიზისში აღმოჩნდა, როგორც საბერძნეთი. შეძლებს ევროკავშირი მის გადარჩენას? ძნელი გამოსაცნობია. თუმცა ეს სხვა თემაა, საქართველოში ისედაც ეკონომიკური კრიზისია და თან მენტალურიც. სხვას ვერაფერს იტყვი აჭარაში გახსნილი თითო-ოროლა თურქული საწარმოს შემხედვარე, სადაც მუშა-მოსამსახურეთა 70%-ი თურქია, დანარჩენი ადგილობრივი შესაბამისი ხელფასით – თურქისათვის ადგილობრივზე სამჯერ მეტით. ანალოგიური თანაფარდობაა ან უარესი თურქთა მიერ აშენებულ და ექსპლუატირებულ სასტუმროებში. და როდესაც დღისით, მზისით ამერიკელები და ევროპელები საქართველოს მოსახლეობას უმტკიცებენ, რომ ის კარგად ცხოვრობს, თან რეფორმატორი, დემოკრატი ხელისუფლება ჰყავს, მოსახლეობას აქვს უფლება არ სჯეროდეს მათი ნათქვამის.

საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მოლაქლაქე დასავლეთს კარგა ხანია ეჭვის თვალით უყურებს, სრული საფუძველი აქვს მსგავსი განწყობა ჰქონდეს მისდამი. ამდენად მას არც ყბადაღებული “ტერიტორიული მთლიანობის” სჯერა და არც ნატოში გაწევრიანების – გულდაგულ, რომ გაიმეორეს ლისაბონში ბუქარესტის სიტყვები.

საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ საზღვრებპრობლემებიან საქართველოს ნატოში არავინ შეუშვებს.

საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების გარეშე ნატოს ვერ ეღირსება ან რა თავში იხლის ამ “ნატოს”? მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რეფერენდუმიდან განსხვავებით, სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ნატოზე.

საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ნამდვილი დემოკრატიის, გამჭვირვალე არჩევნების, გარდაქმნილი სასამართლო სისტემის და მრავალი სხვის გარეშე ნატოში არ მიიღებენ.

საქართველოს ნატოში არ მიიღებენ 2008 წლის ცხინვალის აგრესიის შემდეგ. და თუ საქართველო, რაღაც სასწაულად მაინც მიიღეს ნატოში, ეს მხოლოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით იქნება.

საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ კონფლიქტებიანი ქვეყანა, ისეთი, როგორიც საქართველოა, ნატოში ვერ შევა და ამ კონფლიქტებს უახლოეს მომავალში საქართველო ვერ მოაგვარებს.

საქართველოს მოსახლეობამ კი იცის ყოველივე აღნიშნული, მაგრამ არ იცის ხელისუფლებამ. იქნებ იცის, მაგრამ თავს სხვაგვარად გვაჩვენებს?

ამასობაში გადის დრო. საქართველოდან გამოყოფილებში მტკიცედ ჯდება საქართველოს გარეშე ცხოვრება. ოცი წელია ასეა. საქართველოს გამთლიანების “მოჭირნახულე” ხელისუფლება შესანიშნავად ცხოვრობს – არც უცხოეთს იკლებს და არც “გრიალს” – საქართველოს გამთლიანების საბაბით. მაინც რა კარგი საბაბია. ასეთი რომ არ ყოფილიყო ღირდა გამოგონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რით მიიპყრობდნენ ყურადღებას? რა საბაბით იმოგზაურებდნენ უცხოეთში? რა გზით მიიღებდნენ დახმარების მსუყე თანხებს?, როგორ აღმოჩნდებოდნენ ლისაბონის დოკუმენტში?

ლისაბონის დოკუმენტი უდიდესი პირადი წარმატებაა სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების. წარმატება, რომელიც ქვეყანაზე არ ვრცელდება. ლისაბონის დოკუმენტით საქართველო გადადის ტრაფარეტულ განზომილებაში – უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი.

საქართველოს ხელისუფლება ეიფორიაშია, რაც არ არის გასაკვირი, რამეთუ 2008 წლის ცხინვალის ომის შემსწავლელი კომისიის დასკვნით, ის აგრესორია, - ასე აცხადებს ევროკავშირის კომისია. იგივე ევროკავშირი ფინანსურად ეხმარება ასეთს, უფრო მეტიც, ნაცვლად შერისხვისა, თავზე ხელს უსვამს და აიმედებს ნატოში მიგიღებთო, პერსპექტივაშიო, თქვენ, რომ ყველა დავალებას შეასრულებთო და ა.შ., მაგრამ, მიგიღებთო. აი, სწორედ ამას არ ელოდა საქართველოს ხელისუფლება. ამის შემდეგ წერონ და იკითხონ ნათელაშვილებმა, ხაჭაპურიძეებმა, სხვებმა და სხვებმა ჰააგაში გაგზავნილ-გასაგზავნი საჩივრები.

ლისაბონში ერთ მნიშვნელოვან მოვლენასაც ჰქონდა ადგილი – საქართველოს ხელისუფალთა და ტელეჟურნალისტთა დაპირების შეუსრულებლობას. გახსოვთ ალბათ – როგორი რიხით აცხადებდნენ, საქართველოდან გამომდინარე რუსეთს მოუწევს მრავალ არასასიამოვნო კითხვაზე პასუხის გაცემაო. გალახული მედვედევის ნაცვლად ხელში შეგვრჩა თავდაჯერებული, კატეგორიული პრეზიდენტი, რომელმაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე განუცხადა ნატოს – გინდათ ჩვენი ჩართვა ანტისარაკეტო სისტემაში? კეთილი, მაგრამ თუ თქვენ ბოლომდე არ გაარკვევთ, რა გინდათ, ჩვენი ფეხი იქ არ იქნებაო. დაახლოებით ასეთი იყო მისი გამოსვლის არსი.

ბოლო წლების განმავლობაში არასდროს ყოფილა რუსეთი ისეთი წელგამართული, როგორიც ლისაბონში.

არასდროს ყოფილა სააკაშვილი ისე წელგამართული, როგორც ლისაბონში.

არასდროს ყოფილა საქართველო ისე წელმოხრილი, როგორც ლისაბონში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

P. S. რედაქციისგან: ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ ასევე გია ფაცურიას კომენტარი.
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"