ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.11.2010
Sale ანუ „ოდეს ტურფა გაიაფდეს...“

დღეს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში (და არა ე.წ. „ივენთ-ჰოლში“, როგორც მას სააკაშვილმა თუ უგულავამ დაარქვა) ჩატარდა ახლადშექმნილი „ქართული პარტიის“ დამფუძნებელი ყრილობა. მასზე გაჟღერდა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის ისიც, რომ პარტია უერთდება 25 ნოემბერს დანიშნულ სახალხო კრებას და ა.შ.

რა შეიძლება ითქვას ამ მორიგი ქართული პარტიის შესახებ? მართალია, მის ხელმძღვანელობაში არიან ერთდროს საკმაოდ პოპულარული ფიგურები და ცნობადი სახეები, მაგრამ მათი პოპულარობის პიკი უკვე კარგა ხანია წარსულშია. და არა მხოლოდ პოპულარობის. ირაკლი ოქრუაშვილი და ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე წლის წინ შიშის ზარს სცემდნენ ბევრს რესპუბლიკაში. ახლა კი... ირონიის ობიექტები უფრო არიან.

ქართული პოლიტიკა ბოლო წლებში აღებ-მიცემობის ერთ მთლიან ასპარეზად იქცა. ფულის შოვნა თანამდებობის თუ ადამიანებზე გავლენის გამოყენებით დღეს პოლიტიკაში მყოფი სუბიექტების დიდი ნაწილის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მაგრამ ოპოზიციური მდგომარეობიდან ამის კეთება სულ უფრო ძნელი ხდება. საქმე ისაა, რომ 2007-2009 წლებში ოპოზიციას ჰქონდა „გასაყიდი საქონელი“ - ხალხი, რომელიც მიტინგებზე გამოჰყავდა და სააკაშვილს მათი რადიკალიზმით აშინებდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ცალკეულმა მოღვაწეებმა ეს ხალხი რამდენჯერმე ცხვარივით გაჰყიდეს, მიტინგებზე მომსვლელთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო. ამიტომ, ოპოზიციის დიდი ნაწილი იძულებული გახდა ფსევდორადიკალიზმისთვის თავი დაენებებინა და ფულის შოვნა „კონსტრუქციული ოპოზიციის“ როლის თამაშით დაეწყო. მაგრამ ამ სეგმენტშიც მკვეთრად იმატა კონკურენციამ. უკვე იმდენი „კონსტრუქციული“ დაგროვდა, რომ რეჟიმისთვის ზედმეტი გახდა მათთვის რაიმე ხელშესახები დივიდენდების მიცემა და მათი დაპირებაც კი. შესაბამისად, დღეს ოპოზიციის ნაწილი ისევ „რადიკალიზმს“ მიუბრუნდა, თუმცა, რადგან ხალხი მასობრივად ვეღარ გამოჰყავთ ქუჩაში, მატერიალური სარგებლის შოვნა მხოლოდ რადიკალური რიტორიკით, ოპოზიციის საბოლოო დაქსაქსვით და სააკაშვილისთვის სასარგებლო სხვა ქმედებებით შეუძლიათ.

შედეგას მივიღეთ ის, რომ ოპოზიციამ „სეილი“ გამოაცხადა. საკუთარ თავს და ოპოზიციურ ელექტორატს ჰყიდის ფასდაკლებით. აი თუნდაც ეს ახალი ქართული პარტია (უბრჭყალებოდ) ავიღოთ. თუ შევაერთებთ მისი ოთხი ლიდერის სახელების საწყის ასოებს (სოზარი, ეროსი (იგივე ერასტი), ირაკლი და ლევანი) გამოდის... „სეილ“. ერთი ირაკლი ალასანიაც რომ მიემატოს მათ რიგებს, გრამატიკულად გამართულ სიტყვა-ბარბარიზმ „სეილს“ მივიღებთ თავისი სახელობითი ბრუნვის ნიშნით. მაგრამ ის „კონსტრუქციულია“ და არ შეუერთდება ფსევდორადიკალებს. ისე, „სეილთან“ ჟღერადობით ახლოს დგას სპარსული წარმოშობის სიტყვა „სეირი“. საქართველოს მოსახლეობა დღეს სწორედ სეირს უყურებს, ცუდი ისაა, რომ ეს სეირი მის კისერზე გადადის.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"