ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
22.11.2010
„რატომ ირანი?“

ამ სათაურით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა, ჟურნალში „ლიბერალი“ გამოთქვა თავისი, და როგორც ჩანს, მთლიანად ხელისუფლების მოსაზრება ირანულ-ქართული ურთიერთობების შესახებ. გთავაზობთ დარჩიაშვილისეულ ანალიზს მთლიანად და შემდეგ ჩვენი ინსტიტუტის შეფასებას, აგრეთვე რამდენიმე ქართველი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპერტის მოსაზრებას.

დავით დარჩიაშვილი: ირანი და მთელი შუა აღმოსავლეთი ჩვენი ახლო სამეზობლოა, ჩვენს რეგიონს (კავკასიასა და შავიზღვისპირეთს) უშუალოდ ეკვრის და დიდი პოტენციალის მქონეა ბევრი მიმართულებით. ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და ეკონომიკური პერსპექტივები – ეს ის გარემოებებია, რის გამოც ირანი საქართველოსთვის საინტერესო ქვეყანაა.

საქართველომ უნდა ეძებოს და გაააქტიუროს ახლო/შუა აღმოსავლეთთან არსებულ ისტორიულ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ კავშირებში ის ელემენტები, რაც წაადგება მის სუვერენიტეტს, ადგილს საერთაშორისო სისტემაში და ეკონომიკას. გარწმუნებთ, ამის რესურსი ნამდვილად არის. განსხვავებით რუსეთისგან, ირანი და მთელი ახლო (იგივე შუა) აღმოსავლეთი არაა დაინტერესებული საქართველოს დასუსტება-დანაწევრებით.

ისმის კითხვა, ხომ არ ახლავს ამგვარ ნაბიჯებს რაიმე რისკი?

მე პირადად, სერიოზულად უარყოფით მხარეს ვერ ვხედავ, თუ არ ჩავთვლით რიგ სპეკულაციებს იმის თაობაზე – ხომ არ იქნება საქართველოს ნაბიჯები გაეროს მიერ ირანზე დაწესებული სანქციების ხელის შემშლელი ფაქტორი.

ეს რომ ასე არაა, ამაზე ოფიციალური პირებისგან არაერთი კომენტარი გაკეთდა. საქართველო დარჩება მსოფლიო თანამეგობრობის პოზიციაზე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მაგრამ საქართველოსთვის არაფრის მომტანია, უფრო სწორად, საზიანოა, იყოს ირანთან უფრო დისტანცირებული, ვიდრე მისი ყველა მეზობელი (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი – რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ). ქართულ ირანული ურთიერთობების აღდგენის და გააქტიურების სარგებელი ნათელია და ჰიპოთეტურ რისკებზე უფრო წონადი:

1) რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობებში მყოფი ირანი ხდება უფრო დაინტერესებული, რომ ამ ურთიერთობებში საქართველოს ინტერესებიც არ იქნას დავიწყებული;

2) ირანული ტურიზმი და სხვა ტიპის (გაეროს სანქციების გათვალისწინებით) კულტურულ-ეკონომიკური კავშირები წაადგება საქართველოს შემდგომ განვითარებას – საქართველოს ბიუჯეტს;

3) და საერთოდ, ჩვენ არც თანამედროვეობის და არც მომავალი თაობის წინაშე არ გვაქვს უფლება, ვიქცეოდეთ ირანთან ისე, თითქოს ძალზე შორს ვიყოთ ამ ქვეყნისგან და/ან თითქოს მთავარი ჩვენი პრობლემა და საფრთხე ჩრდილოეთიდან არ მოდიოდეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩრდილოური „სიცივის“ ფონზე, სამხრეთიდან „აუტანელი სიცხის“ გარდა არაფერს ველოდოთ.

ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორი თუ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაცია გაგებით შეხვდება საქართველო–ირანის ურთიერთობებში ქართულ პოზიციასა და ინტერესს. თუ დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს გაუჩნდებათ კითხვები, ამ კითხვებზე პასუხები მომზადდება და დაიხვეწება ჩვენი სუვერენიტეტის, ინტერესების, მეზობლებთან ურთიერთობების და დასავლეთთან ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესების გათვალისწინებით. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა. საგარეო პოლიტიკა დამატებით, მრავალეტაპიან და დონიან გათვლებს გულისხმობს – განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ერთი დიდი მეზობელი ემუქრება, პარტნირები და მოკავშირეები, კი, ჯერჯერობით ვერ სთავაზობენ ამ მუქარისგან დაცვის 100%-იან გარანტიებსა და მექანიზმებს.

აი ასეთი პოზიცია, დავით დარჩიაშვილის მიერ გახმოვანებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომელმაც მკვეთრად შეცვალა აქცენტები ირანთან ურთიერთობებში. ბოლო დრომდე ირანი საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიანაც „დაშორებული“ სახელმწიფო იყო, მისი მოქალაქეების დაპატიმრება და შეერთებული შტატებისთვის გადაცემაც შეიძლებოდა, როგორც „ტერორიზმში“ ეჭვმიტანილებისა. თავად ირანული სახელმწიფო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა აზროვნებასა და ლექსიკაში უგულებელყოფისა და ერთგვარი ჩამორჩენილობის სიმბოლო იყო (ამ თვალსაზრისით მათ აზროვნებაში არც არაფერი შეცვლილა, მხოლოდ რიტორიკა შეიცვალა). „საბედნიეროდ, ირანში არ ვცხოვრობთ“ – ამ ფრაზას ისინი ხშირად წარმოსთქვამდნენ და ამასვე იმეორებდნენ მათი მორჩილი ჟურნალისტებიც, როდესაც მიზანს საქართველოს მართლმადიდებლების დისკრედიტაცია წარმოადგენდა, მათ მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიის როლის გაძლიერების მოთხოვნის გამო.

ახლა კი, როგორც უკვე არ მალავს დარჩიაშვილი, ირანთან დაახლოების საფუძველს წარმოადგენს „ჩრდილოური სიცივის“ – რუსეთის წინაშე პათოლოგიური შიში, და არა ისლამურ რესპუბლიკასთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარების სურვილი. მეტიც, როგორც დარჩიაშვილმა აღიარა, „დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები“ არ არიან მზად, უზრუნველყონ საქართველოს უსაფრთხოება. გამოდის, რომ ოფიციალურ თბილისს ირანი სჭირდება როგორც თავდაცვის, პერსპექტივაში კი – შანტაჟის ინსტრუმენტი. საქართველო ჯერ-ჯერობით ხომ რჩება „მსოფლიო თანამეგობრობის“ პოზიციებზე ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში – ანუ ისეთსავე პოზიციას იკავებს, როგორიც სხვათა შორის უკავია „ცივ ჩრდილოეთს“.

როგორ უნდა მოიქცეს ირანი? იქნებ მანაც დაიკავოს მოსკოვის პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში (როგორც საქართველოსთვისაა აშშ „საერთაშორისო თანამეგობრობა“, და არა, დავუშვათ, ბრაზილია და თურქეთი, ისე ირანისთვის ასეთ „საერთაშორისო თანამეგობრობად“ შეიძლება, უცბად აღმოჩნდეს რუსეთი, შესაძლოა კიდევ ვენესუელა ნიკარაგუასა და ნაურუსთან ერთად), ხოლო სხვა საკითხებში საქართველოს დარწმუნება დაიწყოს მისდამი მეგობრულ განწყობაში? ბატონ დარჩიაშვილს საერთოდ არ უნდა წამოეწია ირანის ატომური პროგრამის საკითხი. თუკი თავად თეირანი არ ითხოვს ქართული მხარისაგან ამასთან დაკავშირებულ ახსნა-განმარტებას, რა საჭიროა აუტკივარი თავის ატკივება კიდევ ერთი სერიოზული პრობლემით? თუ იქნებ „სტრატეგიულმა პარტნიორებმა“ მოახდინეს ზეწოლა?

ქვემოთ გთავაზობთ ექსპერტების მოსაზრებებს:

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი: ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ირანთან ურთიერთობის გააქტიურებას ასეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟი. დამოუკიდებლობის 20 წლიანი სტაჟის მანძილზე ჩვენ ვერაფრით მოვიშორეთ პატრონისა და ლაქიის ურთიერთობის სტილი ჯერ რუსეთთან, შემდეგ – აშშ-სთან ურთიერთობაში. ჩვენი ექსპერტების და პოლიტიკოსების დიდ ნაწილს რომ მოვუსმინოთ, ჩვენ, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებაზე უარი უნდა ვთქვათ და ბოლომდე ვემსახუროთ აშშ-ის პოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრობლემად დღემდე რჩება ვექტორების დაუბალანსებლობა ანუ ვირჩევთ ერთ პატრონს და დანარჩენი საგარეო პარტნიორები მხოლოდ მისი გემოვნებით უნდა მოვიძიოთ. შემდეგ იმ პატრონს პოლიტიკური სურვილები თუ ინტერესები ეცვლება და ჩვენ ვრჩებით სრულიად დეზორიენტირებულები.

შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი ორი უახლოესი მეზობლის ბოლოდროინდელ აქტივობებს გადავხედოთ: აზერბაიჯანმა, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაერთხელ მიმართა აშშ-სთან ურთიერთობაში ულტიმატუმის ენას, მაგრამ ამით მას არაფერი წაუგია და მშვენივრად ახერხებს რეგიონის ყველა მსხვილ მოთამაშესთან პარალელურ რეჟიმში ურთიერთობების დალაგებას: აშშ-სთან, რუსეთთან, ირანთან, თურქეთთან.

მაგალითისთვის, თურქეთმა ბოლო 2 წელია, ძალზედ საინტერესო და მრავალვექტორიანი თამაში წამოიწყო რეგიონალური ლიდერის პოზიციების დასაბრუნებლად და აქტიურად თანამშრომლობს მათ შორის ირანთან, მაგრამ ამგვარ დაახლოებას ხელი არ შეუშლია თურქეთისთვის, იყოს ნატოს წევრი სახელმწიფო და რეგიონში აშშ-ის ყველაზე მსხვილი პარტნიორი.

ასე რომ, რაც უფრო ადრე გამოვა საქართველო პატრონი-ლაქიას ეგზისტენციალური როლიდან, მით უკეთესი.

აქედან გამომდინარე, ირანთან ურთიერთობის გააქტიურებას ცალსახად დადებით მოვლენად განვიხილავ.

გარდა ამისა, დასავლეთისთვისაც არ უნდა იყოს ურიგო, ჰყავდეს ისეთი პატნიორი, ამ შემთხვევაში, საქართველო, რომელსაც ირანთან საერთო ენის გამონახვა მასზე უკეთ შეუძლია. ძალზედ საინტერესო და პერსპექტიულია, თუმცა სპეციფიურიც, საქართველოსთვის ირანის ბაზარი. მაგრამ, ყველაფერ ამასთან ერთად, მაინც ვფიქრობ, რომ საქართველო-ირანის ურთიერთობები აშშ-ის მხრიდან განსაკუთრებულ წინააღმდეგობებს არ უნდა აწყდებოდეს.

რაც შეეხება ირანს, მისი ინტერესი უფრო იოლად ასახსნელია: იზოლირებულს, მას სჭირდება ახალი კავშირები, მით უფრო დასავლეთთან პარტნიორულ რეჟიმში მყოფი ქვეყნის სახით და ამასთან ერთად, ეს ურთიერთობები რეგიონში მისი პოზიციების განმტკიცებასაც ემსახურება.

თეიმურაზ ზაქრაძე, ჟურნალისტი: დადებითად ვაფასებ ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის ირანთან. დღეს ირანი ცივილიზებული სამყაროს ყურადღების ცენტრშია, სამწუხაროდ უარყოფით კონტექსტში. თავისი ინტერესები აქვს რუსეთსაც. საქართველოსთვის კი ეს მეზობელი ქვეყანაა, რომელთანაც აუცილებელია კარგი მეზობლობა, ეკონომიკური ურთიერთობები კი ამის უნივერსალურ შესაძლებლობას იძლევა.

საქართველო - ირანის დაახლოვების პოლიტიკური ინტერესების რა მოგახსენოთ. როდის იყო კავკასიელი სხვის საქმეებში ცხვირს ყოფდა? პირიქით, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილმა, საქართველომ შესაძლოა, თუ შუამავლის არა, დამამშვიდებელის როლი მაინც შეასრულოს ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობაში. საქართველოს რეფორმატორული ლიდერობა სერიოზულ პოლიტიკურ წონას ანიჭებს ჩვენს ქვეყანას. ამას დავამატოთ ისიც რომ ისტორიულად, ქართულ - ირანული ურთიერთობები მიუხედავად ყველაფრისა, მყარ ურთიერთპატივისცემაზე არის დამყარებული.

დემურ გიორხელიძე, ეკონომისტი: უკანასკნელ პერიოდში ქართულ-ირანული ურთიერთობების გააქტიურება ნამდვილად მნიშვნელოვანი და ამასთან, დადებითი მოვლენაა, რომელსაც ორი ასპექტი აქვს - ლოკალური და გლობალური. ლოკალურ ასპექტში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ყოველთვის დადებითი მოვლენაა, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამეცნიერო-კულტურული თვალსაზრისით. საქართველოსთვის ირანთან ურთიერთობის სირთულეები უკვე წარსულშია. თანამედროვე ირანი მდიდარი ქვეყანაა, აშკარად ძალას იკრებს. ჩვენ საკმაო გამოცდილება და ცოდნა გაგვაჩნია ამ ქვეყნისა, მისი კულტურისა. ეს ცოდნა გამაგრებულია სამეცნიერო თვალსაზრისითაც. ჯერ კიდევ შემორჩენილია ერთ დროს ძალიან ძლიერი აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო კადრები - ირანისტები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი მდიდარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ირანში მოღვაწე არაერთი ქართველი დადებითად ახასიათებს ამ ქვეყანაში არსებულ საქმიან გარემოს.

გლობალურ ასპექტში მთავარი ისაა, რომ ირანი მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მართალია, ეს ფონი დღეს კონფრონტაციულია, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ირანისადმი დამოკიდებულების ცვლილებას საკმაოდ მალე უნდა ველოდოთ პირველ რიგში აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან. აშშ-ს მიზნები საკმარისად გამჭვირვალეა: ირანთან ურთიერთობის ნორმალიზებით, აშშ შეეცდება ირანი რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების ნაწილობრივი ბლოკირებისათვის გამოიყენოს. ის, რომ ირანი საკმაოდ ახლო მომავალში გადაიქცევა ე.წ. რეგიონალურ დერჟავად, - სრულიად ნათელია! სწორედ აქეთკენ მიისწრაფის კიდეც იგი, რაც მას საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვას საკუთარი ინტერესები და რაკი აშშ აშკარად შეცვლის თავის დამოკიდებულებას ირანისადმი, საქართველოში ირანთან დაკავშირებით არსებული დიდი გამოცდილება, შეიძლება, ძალიან სასარგებლო იყოს. ამასთან, ირანი სამხრეთ კავკასიაში ისტორიულად გავლენიანი და სტაბილური პოლიტიკური მოთამაშეა თურქეთთან და რუსეთთან ერთად, ამიტომ მასთან კარგი ურთიერთობის დამყარება ამ მხრივაც მნიშვნელოვანია.

რატომ აქვს ირანს ასეთი პერსპექტივა, - კერძოდ ის, რომ გადაიქცეს რეგიონალურ „დერჟავად“? ვფიქრობ, ამაში ხელი მას პირველ რიგში „შეუწყვეს“ ისევ ამერიკელებმა, როცა, ჩემი აზრით, არცთუ ღრმად გააზრებული ნაბიჯები გადადგეს ერაყში. ირანისთვის ისტორიულად, საფრთხე ხშირად დასავლეთიდან მოდიოდა და ეს დასავლეთი ირანისათვის იყო და არის ერაყი. ერაყის დასუსტებამ, იქ ირანის გავლენის გაძლიერებამ (ერაყში ძლიერი შიიტური ფრთის არსებობის გამო), ცხადია, ხელ-ფეხი გაუხსანა ირანს საკუთარი ძალების მობილიზაციისათვის და რეგიონში გავლენის გაძლიერებისათვის. გაიხსენეთ უკანასკნელი 8-წლიანი ომი ერაყთან, რომელსაც სწორედ დასავლეთი უჭერდა მხარს, რა ადამიანური რესურსები და მატერიალური სახსრები შეიწირა ორივე მხრიდან!

დღეს ეს საფრთხე აღარ არსებობს. ამასთან, ირანს გააჩნია სტრატეგიული რესურსები ენერგომატარებლების სახით, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ევროპისათვის. ამ რესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების პრობლემა უახლოესი ათწლეულის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იქნება. ასე, რომ ირანთან ურთიერთობის ნორმალიზება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთის სამყაროსათვის ფაქტობრივად გარდუვალი ხდება. საუბარი იმაზე, რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს ევროპისათვის ანდა აშშ-სათვის წმინდა საომარი პოტენციალის თვალსაზრისით, - არასერიოზულია. ასეთი საფრთხის შექმნა ირანს უბრალოდ არ შეუძლია, ეს მის ძალებს აღემატება. ბუნებრივია, ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ირანთან კარგი ურთიერთობა საქართველოსთვის შეიძლება ძალიან კარგი რესურსი იყოს და სასარგებლოც - ჩვენი მეგობრებისათვის.

ჯერ კიდევ სამი წლის წინათ ვსაუბრობდი, რომ კარგი იქნებოდაა აშშ-ს გაეთვალისწინებინა ის რეალური პოტენციალი, რომელიც საქართველოში არსებობდა (და არსებობს) ირანთან ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, დიდი პოლიტიკის თვალთახედვიდანაც კი, საქართველო-ირანის ურთიერთობების ნორმალიზება ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქნას განხილული.

როგორ ზემოთ აღვნიშნე, ისეთ მდიდარ ქვეყანასთან ურთიერთობა როგორიც ირანია, საქართველოსთვის წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მომგებიანია. 80- მილიონიანი ქვეყანა საკმარისად დიდი ბაზარია ქართული პროდუქციისათვის, თუ ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სწორი მიმართულებით განვავითარებთ. ირანისათვისაც საქართველოსთან ურთიერთობა საკმარისად მიმზიდველი ჩანს. საქართველოსთვის ევროკავშირში არსებული პრეფერენციების სისტემა შეიძლება ძალიან მიმზიდველი იყოს ერთობლივი წარმოებების გახსნისათვის და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისათვის.

ირანული ბიზნესი საკმაოდ აქტიური იყო საქართველოში რამდენიმე წლის წინათ. შემდგომ ეს აქტიურობა მინელდა, მაგრამ ირანელი ბიზნესმენები საქართველოში სხვადასხვა ფორმით ახლაც საქმიანობენ და ვფიქრობ, ეს საქმიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ირანი ნამდვილად არის პერსპექტიული ქვეყანა საქართველოსთვის, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმი ჩამოყალიბდეს. საქართველოს აღმოსავლური პოლიტიკა ჯერ-ჯერობით კარგად არა აქვს ჩამოყალიბებული. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს პოლიტიკა უცნობია. დღეს სხვა რეალობაა და ამ რეალობაში უძლიერესი განვითარების პოტენციალის მქონე აღმოსავლეთი საქართველოსთვის არ შეიძლება ურთიერთობის თვალსაზრისით მიმზიდველი არ იყოს.

საუბარი იმაზე, ხომ არ გამოიწვევს ეს საქართველოს ორიენტაციის ვექტორის ცვლილებას, სერიოზული განხილვის თემად არ გამოდგება. - -

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"