ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
15.11.2010
უნავთობო ნიგერია

„განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან, რუსეთს აღარ აქვს "კულტურული გავლენა" საქართველოზე“, განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ნოემბერს და ამ კონტექსტში ისაუბრა ტელევიზიებზე, როგორც ბერკეტზე, რომელსაც აქვს „კულტურული და პოლიტიკური გავლენა ჩვენს იდენტურობაზე“.

“რუსეთი არის ჩამორჩენილი, ფეოდალური ქვეყანა... პირდაპირ ვთქვათ, რა არის რუსეთი დღეს - ნავთობზე მჯდომი ნიგერია არის ეკონომიკურად. ამ ჩამორჩენილ ქვეყანას აქვს დღეს კულტურული და იდენტურობის გავლენა პრაქტიკულად ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. ყველაზე ნაკლებად მათ აქვთ ეს [გავლენა] საქართველოში, პრაქტიკულად აღარ აქვთ,“– განაცხადა მან თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

მას მერე, რაც გფრ-ის კანცლერმა ჰელმუტ შმიდტმა სსრკ-ს „ზემო ვოლტა ბალისტიკური რაკეტებით“ შეარქვა, 30 წელი გავიდა. სხვათა შორის, საქართველო იმ „ზემო ვოლტის“ ნაწილი იყო. სააკაშვილის ეკონომიკურ შედარებებს რომ გავყვეთ, შეიძლება ითქვას, რომ სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკა რაკეტების გარეშე დარჩა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დღევანდელი ბურკინა ფასოს ნახევარიც აღარ აქვს. ასე რომ, ნამეტანი გასახარელი არაფერია, როდესაც უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყნის ბიუჯეტს აღემატება. ზოგჯერ სააკაშვილი ვირტუალური ლი კუან იუს როლში წარმოაჩენს თავს. ყოველ შემთხვევაში, ჩრდილოელი მეზობლის ჭკუის სწავლება მეტად უყვარს, ნებისმიერი საბაბით თუ უმისოდ.

თეორიულად, რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობა 2013 წელს შეიძლება ჩაცხრეს. იმ დროისთვის რუსეთში უკვე ერთი წელი, ხოლო საქართველოში ახალარჩეული იქნება „ახალი პრეზიდენტი“. მთელი ინტრიგა იმაშია, რუსული „ტანდემიდან“ ვინ დაიკავებს კრემლს, ხოლო ახალ ქართველ პრეზიდენტს სააკაშვილი არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაასახელებს. გვახსოვს, როგორ შეეცადა წინასაარჩევნოდ, გიგი უგულავა მიება საკუთარი პოლიტიკური ფიგურისადმი. მომავალი ნომინალური პრეზიდენტი ასევე დარჩება სააკაშვილის ჩრდილქვეშ.

ამიტომ რთულად წარმოსადგენია დადებითი ტრენდის გაჩენა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. რუსული ფილმების ფესტივალი თბილისში კარგი ნიშანია, მაგრამ პუტინ-მედვედევის თბილისში ან სააკაშილის მოსკოვში წარმოდგენა შესაძლებელის ზღვარს გარეთაა.

მორიგი ჯაშუშური სკანდალი კიდევ კარგა ხანს მოწამლავს ურთიერთობათა ატმოსფეროს. ინტერნეტ-პორტალის „ადამიანი და კანონი“ მთავარი რედაქტორი, „SOS–რუსეთი“ პროექტის ავტორი ანტონ სამოილენკო დარწმუნებულია, რომ: „2010 წლის გაზაფხულ–ზაფხულში ქართულმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს წინასწარი ოპერაცია რუსეთის მოქალაქეების დაკავება–დაპატიმრების მიზნით, შეთითხნილი ბრალდებებით, რომლებიც შემდეგ სასწრაფოდ გაასამართლეს და ახლა ციხეებში ამყოფებენ. შემდეგ, 2010 წლის შემოდგომაზე, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პროფესიული დღისა და ლისაბონის სამიტის წინ ისინი გამზადებულები მიიყვანეს კონტრდაზვერვის სამმართველოში ოპერაციის მეორე ფაზაში გამოსაყენებლად – რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო პროვოკაციისთვის“.

ანალოგიურად, ოღონდ სხვა სიტყვებით, აღწერენ სიტუაციას დაკავებულთა ახლობლები და ნათესავები. პირადი გამოცდილება მაქვს პატიმრობაში „რუსეთის აგენტებთან“ ურთიერთობისა: ერთ-ერთი განაჩენის გადახედვამ მომიწია. სრული სისულელის რამდენიმე ფურცელი. მაგრამ უსუსური და დაშინებული ადამიანები თანხმდებოდნენ ბრალის აღიარებაზე. სასჯელის ვადის შემცირების სანაცვლოდ. ვინმე ს.კილაძე, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი მუშაკი, ყველაზე კოლორიტული მაგალითია. ბრალის აღიარების სანაცვლოდ ერთი წლით დააკავეს და ახლა პოლიტოლოგად გვევლინება სხვადასხვა გამოცემებში.

ცხადია, ისეთი გულუბრყვილო არა ვარ, რომ საქართველოში რუსეთის სადაზვერვო მუშაობა გამოვრიცხო. მაგრამ ვის სჭირდება სუ–25–ის პილოტები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, როცა საქართველოს მთავრობაში მინისტრებს აქვთ მრავალწლიანი ჩეკისტური გამოცდილება და თვით პრეზიდენტის ბიძა ჯერაც რუსეთის კვოტით მუშაობს გაეროში – განიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებითაა დაკავებული.

ცნობა: http://www.un.org/russian/documen/gadocs/55sess/secr1.htm ბატონი თემურ ალასანია (მდივნის მოადგილე) ტელეფონი : 212-963-5143 ფაქსი 212-963-5303; ელ.ფოსტა : alasaniya@un.org , მდივნის მოადგილის თანაშემწე – ქალბატონი ლიდია კომატინა. ეს უკანასკნელი, ეტყობა, თანამედროვე რადისტი ქეთ-ია, „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვებიდან“. ნეტავ, ანა ჩეპმანს თუ იცნობს?

რატომღაც მეჩვენება, რომ სწორედ ამ თემურ ალასანიამ დააიმედა მიშა 2008 წლის აგვისტოში. აშენე ტრიბუნა, აგროვე ალმები! რუსეთი არ ჩაერევა!

თუმცა შევეშვათ ჩეკისტებს – ყოფილს, ამჟამინდლებს თუ მომავლებს, დავტოვოთ საკუთარ სუფთა სინდისთან. როგორი პერსპექტივა აქვს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს უახლოეს წლებში, ძნელი არაა წარმოიდგინო, თუ სააკაშვილი 2013 წელსაც დარჩა ხელისუფლებაში და ინერციითა თუ „გააზრებული აუცილებლობით“ საგარეო საფრთხობელის კვება განაგრძო და შოუების გამართვა ყოველი არჩევნების წინ, მილიციის (პოლიციის), ჩეკისტისა თუ ტანკისტის დღისადმი მიძღვნით. ობიექტურად ხომ სააკაშვილი იმათ პოზიციებს ამყარებს რუსეთში, ვინც დუგინის მსგავსად მიიჩნევს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია რუსეთის დაშლის საშიშროებას ზრდის, თესს რა ამავე დროს ჭორებს საქართველოს მიერ ისრაელის ულტრათანამედროვე „მერკავას“ ტიპის ტანკების შესყიდვაზე.

წარმოვიდგინოთ მთლად ფანტასმაგორიული შესაძლებლობა. მიხეილ ხოდორკოვსკის დღეს უკვე ბევრი თვლის რუს მანდელად. ჯულიან რიმერი Business Week –ში წერს: „ერთი შეხედვით, ხოდორკოვსკისა და მანდელას შედარება "ყურით მოთრეულად" გამოიყურება, მანდელა ხომ რასისტული მთავრობისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა, "იუკოსის" ყოფილი შეფი კი პირადი გამდიდრებით იყო დაკავებული და "თავისუფლების ყვავილად" არ აღიქმება. ამ ორ შემთხვევას ის აერთიანებს, რომ ლაპარაკია ქვეყნების განვითარების გადმწყვეტ მომენტებზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გადმოღებას.

გამამტყუნებელი საბრალდებო განაჩენი, ეჭვგარეშეა, გაზრდის ხოდორკოვსკის ავტორიტეტს, ხოლო ის თვითონ ტანჯულის საბურველს მოირგებს“.

საქართველო ასევე განიცდის სახემწიფოებრიობის „განვითარების“ გადამწყვეტ ეტაპს. მაგრამ „ქართული პარტიის“ დამფუძნებელი მამა ირაკლი ოქრუაშვილი პარიზში გაექცა „ტანჯულის საბურველს“, ოპოზიციური რვიანი „კოლექტიურ სააკაშვილთან“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მსჯელობს, ზურაბიშვილი გაერომ გამოითხოვა, ხოლო თქვენი მონა-მორჩილი უკვე ორი თვეა ისრაელის მოქალაქეა. რუსეთის მომავალმა პრეზიდენტმა კი, ხოდორკოვსკიც რომ წარმოვიდგინოთ ამ პოსტზე, არა მგონია, „ინტერ რაო ეესის“ კუთვნილი ენერგეტიკული აქტივები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნოს - რამდენიც არ უნდა იბზრიალოს სარის გარშემო პატარა ვერა ქობალიამ.

ჯერ თბილისში წინასაარჩევნო ინტრიგაც კი არ ჩანს. ნავთობი კი არც იყო და არც არის. რუსეთისგან განსხვავებით.

გია ფაცურია

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"