ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
12.11.2010
ჯაშუშების, „სალამურის“ და ქართული „პატრიოტიზმის“ ამბავი

მერამდენე დღეა ქვეყანა ჯაშუშომანიით ცხოვრობს. ხელისუფალთა, განსაკუთრებით, საქართველოს პირველი პირის ძალისხმევით დეტექტიური ჟანრის თავგადასავლების სიუხვე არათუ თვალშისაცემი, არამედ ყველა ჩვენგანის ყოველდღიური ყოფის შემადგენელი ნაწილი გახდა. ხან ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სატელევიზიო თავდასხმა, იმიტირებულად რომ მონათლეს, გვიპყრობს, ხან გამდიდრებული ურანის გულის ჯიბით გადამტანთა შავ–ბნელი საქმენი, ხან ჯაშუშური ქსელის გამოვლინების ამსახველი ტელეკადრები გვახსენებს ქვეყნის სადარაჯოზე მდგომი სპეცსამსახურების თვალმოუხუჭავი შრომის შედეგებს, ხან ყოველივე აღნიშნულზე საქართველოს პრეზიდენტის „ღრმადშინაარსიანი“ განცხადება გვახსენებს ქვეყნის ხელისუფალთა და პირადად პრეზიდენტის ერისმამობას.

დიახ! საქართველოს დაუძინებელი მტერი ჰყავს დიდი მეზობლის, რუსეთის სახით. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ბედისწერას ჰყავს ატანილი და თუ პატარა, მაგრამ მტკიცე და მედგარი საქართველოს წინააღმდეგ არ შეწყვეტს პროვოკაციულ გამოხდომებს, აუცილებლად „კბილებში მოხვდება“. საქართველოს პრეზიდენტის ადრე გაკეთებული ეს განცხადება ისევ ძალაშია, თუმცა სხვა ტერმინოლოგიით, შედარებით რბილით, თუნდაც ასეთით – რუსული დაზვერვა ცუდ დღეშია. საქართველო ვერ დახუჭავს თვალს ჯაშუშობაზე და სხვა. ეს სიტყვები ტელეკომპანია „ბი–ბი–სი“–სთვის მიცემული ინტერვიუს დროს გამოიყენა პატივცემულმა მიხეილმა. მან არც შემრიგებლური ტონი დაივიწყა და ბრძანა, რომ ის მზად არის რუსეთთან დიალოგისათვის, მაგრამ ჯაშუშობას მას ვერ აპატიებს.

ბოლო პერიოდში ჯაშუშურმა მოვლენებმა და პრეზიდენტის კომენტარებმა შეგვახსენეს, რომ საქართველო–რუსეთის ურთიერთობა ურთულეს სტადიაშია და საქართველოს ხელისუფალთ, განსაკუთრებით პრეზიდენტს, წამითაც არ ძალუძს კვანძის გახსნა, პირიქით, თანმიმდევრულად, მონდომებით მოქმედებს ვითარების დასაძაბავად. პრეზიდენტის განცხადებები, რომ მზადაა რუსეთთან დაიწყოს უპირობო მოლაპარაკება, ლიტონი სიტყვებია და იმ დასავლელ პოლიტიკოსთა მიმართ არის ნასროლი, რომლებიც აგერ რახანია გაფუჭებულ „პლასტინკასავით“ ატრიალებენ ერთსა და იგივეს – რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

ერთის შეხედვით აშშ–ს ადმინისტრაცია, კლინტონის სახით, ახსენებს სააკაშვილს, რომ რუსეთთან დიალოგი საჭიროა, მაგრამ დემოკრატთა გარდა აშშ–ი რესპუბლიკელებიც არიან, განსაკუთრებით ნეოკონსერვატორები, რომლებიც რუსეთს ცივი ომის პერიოდის მტრად მიიჩნევენ და ყველაფერს აკეთებენ მისი სიკვდილისათვის. დემოკრატთა სავალალოდ უნდა ითქვას, რომ კონგრესის არჩევნებში განცდილმა მარცხმამ გზა გაუხსნა რესპუბლიკელთა კონტროლს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რაც თავისთავად აისახება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტების მიღების დროს. დემოკრატ ობამას გაუჭირდება ორი წლის განმავლობაში საკუთარი პოზიციების დაცვა, გარდა ამისა მისთვის ძნელი იქნება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაც.

ამერიკელი ამომრჩეველი ქართველი არ არის. მას არ ახასიათებს პოლიტიკისადმი ქართული მიდგომა შემდეგი ლექსიკით – დავაცადოთ, ის ხომ ახალია, მალე გამოცდილებას შეიძენს და აგვაყვავებსო. ამ მოსაზრებას ხშირად მოისმენთ სააკაშვილისადმი ქართული საზოგადოების მხრიდან, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, პირველი პირის მიმართ მსგავსი განცხადება მიუღებელია.

აშშ–ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს დრო არ აქვს ნებივრობისა და მოცდისათვის. მან უსწრაფესად უნდა მოაგვაროს საარჩევნო კამპანიის დროს ნათქვამი დანაპირები, წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრ სახლში ყოფნა–არყოფნის მარადიული ცნების გაზიარება მოუწევს. ობამამ გრანდიოზული შეტევა მიიტანა ეკონომიკურ რეცესიაზე, საგარეო პოლიტიკაზე, სოციალურ საკითხებზე. . . მიიტანა, მაგრამ ვერ დაასრულა, დრო არ ეყო. ამომრჩეველმა არ აპატია და ორი წლის წინანდელი ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ტრიუმფალური დამარცხება აგემა. თუ ვინ გაიხარა ობამასა და დემოკრატების დამარცხებით – სააკაშვილია. რესპუბლიკელთა გამარჯვებამ მას რწმენა შემატა და თუ ორი წლის შემდეგ, ობამას მიმართ რესპუბლიკელთა დანაპირები – ერთი ვადის პრეზიდენტობა ძალაში შევა, სააკაშვილის პოლიტიკურ ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს.

სააკაშვილი რესპუბლიკელებთან თავს მოჭარბებულად კომფორტულად გრძნობს. ის, ისეთივე პოლიტიკური მაჩოა, როგორც წინათ. ის, ისეთივე სადგისია რუსულ დუმაში, როგორც წინათ. ფაქტიც სახეზეა – მორიგი „შპიონური“ სკანდალი. მისი მიზანი პრიმიტიულია – ნატოს სამიტის წინ რუსთა გაშავება. რუსეთის ხელისუფალთათვის თავს ლაფის დასხმა, მთელს მსოფლიოში რუსეთის შერცხვენა, დაკნინება, შეურაცხყოფა, დაცინვა სიტყვებით – თქვენ თუ არ იცით, ჩვენ გასწავლითო და სხვა.

რუსეთთან შერიგების მსურველი სხვა ლექსიკას უნდა იყენებდეს, თავს არიდებდეს რუსეთის ხელისუფალთა ლანძღვა–გინებას, არ უნდა თხზავდეს სატელევიზიო ჯაშუშურ შოუებსა და ტელე–გადაცემებს, არ უნდა იგონებდეს კავკასიურ სახლს და კონფედერაციას, ცალმხრივად არ უნდა აუქმებდეს სავიზო რეჟიმს რუსეთში შემავალ ავტონომიების მცხოვრებთათვის, არ უნდა აფუძნებდეს ჩრდილო კავკასიაზე დამიზნებულ რადიოსადგურს, არ უნდა იწვევდეს რუსეთის ხელისუფალთა წინააღმდეგ მებრძოლ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს საქართველოში და არ უნდა აპურებდეს მათ რუსეთის ხელისუფალთა სალანძღავად და სხვა.

სააკაშვილს აწყობს რუსეთთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც დღესაა, ვინაიდან მოლაპარაკების შემთხვევაში, თუკი ამაზე კრემლი დათანხმდა, მას არაფერი აქვს სათქმელი. მეტიც, მან იცის, რომ დამნაშავეა, რისი აღიარებაც მოუწევს. და რაც არ უნდა მალოს ეს სააკაშვილის ჟურნალისტიკამ, სიმართლე მაინც გამოჟონავს. სიმართლე კი, უდავოდ, შეარყევს მის პოლიტიკურ საფუძველს.

სჯერა თუ არა საქართველოს საზოგადოებას რუსული ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავების? მხოლოდ ზოგიერთს. ბევრი კი იმდენად დაეჩვია ამ დარგში სააკაშვილისეულ „სიურპრიზებს“, რომ ბლეფად მიიჩნევს მას. ისე, კაცმა რომ თქვას, რა აქვს საქართველოს საჯაშუშო? რუსულმა სპეცსამსახურებმა ზედმიწევნით კარგად იციან ქართული არმიის ჯაგლაგი ვერტმფრენების, თვითმფრინავების და მძიმე ტექნიკის შესახებ. იციან იმ სულისკვეთების თაობაზეც, რაც სუფევს ქვეყანაში და ქართულ „არმიაში“.

იმაში, რომ რუსეთს ფართო ჯაშუშური ქსელი ეყოლება საქართველოში ეჭვის შეტანა ძნელია, ისევე როგორც აშშ–ს, ისრაელს, თურქეთს, სხვა ქვეყნებს. მათი ძირითადი დანიშნულება ერთმანეთზე ინფორმაციის მიღება იქნება ანუ საქართელო ის ტერიტორიაა, სადაც არაერთი ქვეყნის ინტერესი ეჯახება ერთმანეთს. სწორედ ეს არის მთავარი და არა ქართული არმია ან ვერტმფრენების აფრენა–დაფრენის დათვლა.

ცინცხალი ინფორმაციის მიხედვით რუსეთის სამხედრო „რაზვედკას“ დიდი ინტერესი გასჩენია ქობალიას იმ „პრიჩოსკის“ მიმართ, ამას წინათ პრეზიდენტს რომ მასპინძლობდა სამინისტროში. რუსეთი თურმე განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენს კალმახელიძის საქმიანობისადმი, კალანდაძის ბრტყელი ქამრის და, რაც მთავარია, საკუთარი მოქალაქის, ვაშაძის „ზაპონკებისადმი“ – წამდაუწუმ რომ ისწორებს უცხოელთან დალაპარაკების წინ. – მიკროფონები აქვს ჩამონტაჟებულიო – ამბობენ რუსული სპეცსამსახურები.

„მჭერმეტყველებით“ სააკაშვილს არც ვაშაძე ჩამოუვარდება – რუსეთს მორიგი მარცხი მოუვიდაო, სინანულით განაცხადა მან და ისიც დაუმატა, რომ საქართველო პატრიოტების ქვეყანაა და რუსეთის „შპიონებს“ ვერ აიტანსო. ისიც თქვა, რომ საქართველოს უდიდესი გამოცდილება აქვს ოკუპანტებთან ურთიერთობის. საინტერესოა – როგორ მიაგნო მინისტრმა ამ საშურ აზრს? რა საამაყოა საქართველოსათვის?! მართლაც „საამაყოა“, ვინაიდან ამ არაბული სიტყვის მნიშვნელობა ზუსტად ასახავს ზოგთა ნამდვილ სახეს – ბრიყვი. მაინც რა ასეთი პატრიოტიზმი აღმოაჩინა მინისტრმა საქართველოში? ალბათ ის, რასაც ადგილი აქვს უცხოელ მასწავლებლებთან მიმართებაში. ერთ–ერთი მათგანის ფოტოსურათი ამასწინათ ვიხილეთ გაზეთ „ასავალ–დასავლის“ პირველ გვერდზე – ინგლისელი ფლეთჩერი სალამურივით პენისპირგაჩრილი. „პატრიოტი“ ქართველობა შესანიშნავად იტანს სკოლაში ასეთი მასწავლებლის არსებობას, ხოლო „შპიონებს“ – ვერა. ზუგდიდის სკოლის პედკოლექტივმა და „ელიტამ“ ავტომომინიტე ფლეთჩერის დასაცავად უდიდესი მუშაობა გასწია და კუდით ქვა ასროლინა ფლეთჩერით დაინტერესებულ ჟურნალისტებს. მინისტრმა შაშკინმა დიდაქტიკურად შეგვახსენა, რომ „ჟურნალისტს დაავიწყდა სტუმარმასპინძლობა და შეურაცყოფას აყენებს საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ადამიანებსო“! „მინისტრი“ შეაკრთო სტუმართმოყვარეობის დეფიციტმა, მაგრამ არ შეაკრთო სკოლის მასწავლებლის საქციელმა. მინისტრიც ამას ჰქვია – „მაღალი ზნეობა და ჰუმანურობა“ მისი ცხოვრების კრედოა. გიხაროდენ!

ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავებამ შესაბამისი რეაქცია გამოიწვია პარლამენტშიც. ამ დაჭერით საქართველოს საერთაშორისო იმიჯი გამყარდაო, ამბობენ პარლამენტარები. ვიმედოვნებთ, რომ იმიჯის შემდგომი გამყარების მიზნით ყოველ თვე ახალ–ახალ ჯაშუშებს დავიჭერთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"