ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
09.11.2010
ისტორია, როგორც პოლიტიკური იარაღი და მისი არაკონფლიქტური წაკითხვის აუცილებლობა

ისტორია, როგორც ასეთი, ყოველთვის იკავებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს ნებისმიერი ხალხის თვითიდენტიფიკაციაში. ნებისმიერ ხალხს აქვს თავისი ისტორია – იმისგან დამოუკიდებლად, რამდენად ღრმა არის ამ ისტორიის ფესვები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, რამდენად „ხნიერი“ ან „ახალგაზრდაა“ ესა თუ ის ხალხი ისტორიული თვალსაზრისით. ისტორიის გარეშე არ არსებობს ხალხი, იგი (იქნება ეს ეთნოსი თუ ერი, ნაცია) თავისთავად, ისტორიის გარეშე, ვერ შეიქმნება.

ამა თუ იმ ხალხის წარმოშობისა და არსებობის გაგრძელებისათვის სხვა ფაქტორებთან ერთად აუცილებელია მითები, რომლებიც, თავის მხრივ, ისევ და ისევ ისტორიასთან არიან დაკავშირებულნი – უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ხალხის მიერ თავისი თავისა და გარესამყაროს აღქმასთან საკუთარი წარსულის, ანუ ისტორიის საშუალებით. ამით ჩვენ ვახასიათებთ ისტორიას, როგორც ხალხურ მითოლოგიას ან სულაც მითების ერთგვარ სამჭედლოს, და არა როგორც სამეცნიერო დისციპლინას. რა თქმა უნდა, ისტორია ასევე წარმოადგენს მეცნიერებას, თუმცა ნაწილობრივ ისტორიის მეცნიერულობა ბოლომდე არ არის გაზიარებული იმის გამო, რომ მას ასევე „პატრიოტულ მეცნიერებას“ უწოდებენ. მაგრამ პრინციპში ნებისმიერი სამეცნიერო დისციპლინა ხდება „პატრიოტული“, როდესაც სახელმწიფოს სამსახურში დგას, და ეს ასეც უნდა იყოს. ავიღოთ ფიზიკა – განა იგი არაპატრიოტულია? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, თუკი გავითვალისწინებთ ფიზიკოსების მიერ ატომური და სხვა მასობრივი განადგურების საშუალებების შექმნასთან დაკავშირებით გაწეულ შრომას კონკრეტული სახელმწიფოების სასარგებლოდ. მაგრამ ამავე დროს ფიზიკა ემსახურება არა მხოლოდ და არა იმდენად ერთი ხალხისა და ერთი სახელმწიფოს ინტერესებს, არამედ მთელს კაცობრიობას; ჩვენ ყველას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელ ქვეყანას წარმოვადგენთ, ჩვენი მატერიალური შესაძლებლობების შესაბამისად შეგვიძლია ვისარგებლოთ როგორც ფიზიკის მიღწევებით, ისე ყველა სხვა მეცნიერების მიღწევების ნაყოფით, ჰუმანიტარული მეცნიერებების ჩათვლით. იმავეს თქმა შეიძლება ისტორიის შესახებაც: ისტორია ვერ იქნება მიკერძოებული და თან მეცნიერება, იგი უნდა ემსახურებოდეს როგორც ცალკეულ ხალხებსა და სახელმწიფოებს, ისე მთელს კაცობრიობას, და ყველას უნდა მოუტანოს სარგებელი.

მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს პრობლემა: ისტორია, როგორც მითების სამჭედლო, ხშირად გამოიყენება პოლიტიკურ იარაღად. განსხვავებით ფიზიკური სახის იარაღისაგან ისტორიას, როგორც პოლიტიკურ იარაღს, არ გააჩნია რაიმე კონკრეტული სუბსტანცია, რომლის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სიტუაციაში ერთი და იმავე სქემის მიხედვით. უფრო გასაგები რომ იყოს: ფიზიკური იარაღი გამოიყენება პოტენციური მოწინააღმდეგის შესაშინებლად და შესაკავებლად, ან მასზე თავდასხმის მიზნით. ამ შემთხვევაში თავიდანვეა ცნობილი, რომ იარაღმა ფიზიკური ნგრევა უნდა მოუტანოს მოწინააღმდეგეს და მას მაქსიმალური ზიანი მიაყენოს. პოლიტიკური იარაღის (ისტორიის) შემთხვევაში კი საქმე პრინციპში გვაქვს პროპაგანდასთან, ადამიანთა ცნობიერებისა და განწყობებისათვის ბრძოლასთან, როგორც ლოკალური, ისე მსოფლიო მასშტაბით, საზოგადოებრივი აზრზე ზეგავლენის მოსახდენად ამა თუ იმ კონკრეტული მხარის სასარგებლოდ. ისტორია, როგორც პოლიტიკური იარაღი, მოწოდებულია, მოახდინოს საერთაშორისო პოლიტიკის ცალკეული სუბიექტის ამა თუ იმ მისწრაფების ან პრეტენზიის ლეგიტიმაცია. განსაკუთრებულად გამოვყოფ სიტყვას „ლეგიტიმაცია“. ისტორიის მეშვეობით ხშირად ცდილობენ გარკვეული ტერიტორიული ან სხვა სახის პრეტენზიების დასაბუთებას მეორე მხარესთან მიმართებით, საკუთარი პრეტენზიებისა და ქცევის გამართლებას. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია პოსტსაბჭოური სივრცისათვის, რომელიც სამაგალითო ინტერნაციონალიზმიდან ნაციონალისტურ უფსკრულში გადაეშვა.

საერთაშორისო სამართალი გამოგონილ იქნა, როგორც ამგვარი ისტორიზმის შემაკავებელი მექანიზმი (ესეც ფრიად მნიშვნელოვანი ტერმინია – ისტორიზმი – ისტორიის სფეროში ჩაკეტვა და მისდამი აპელირება ნებისმიერ სიტუაციაში, სამყაროს აღქმა მხოლოდდამხოლოდ ისტორიის პრიზმით, ხშირად დამახინჯებულით), მაგრამ მისი იგნორირება ხშირად ხდება, ისევე როგორც მისი თვითნებური ინტერპრეტირებაა ხშირი. ამასთან, საერთაშორისო სამართალი ვერ ითვალისწინებს ყოველი კონკრეტული სიტუაციის გადაწყვეტას. ეს საერთაშორისო სამართლის ცნობილი ნაკლია და მასზე აღარ შევჩერდებით. ჩვენ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ისტორია ხშირად კონფლიქტში შედის თანამედროვე საერთაშორისო სამართალთან. ხოლო საკუთრივ ისტორია, როგორც პოლიტიკური იარაღი, ბუნებრივად არის დაკავშირებული კონფლიქტებთან და კონფლიქტებით დახუნძლულ პოსტსაბჭოთა სივრცეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მოკლედ გავიხსენოთ სსრ კავშირის დასასრული პერიოდი, როდესაც საბჭოთა პრესაში ნებადართულ იქნა სიტყვის თავისუფლება. საბჭოთა საზოგადოებაში დიდი ხნის მანძილზე დაგროვილმა ნაციონალისტურმა მუხტმა საგაზეთო ქაღალდსა და ცისფერ ეკრანზე გადმოხეთქა – გამოქვეყნდა მრავალი სტატია, გადაიცა მრავალი გამოსვლა ამა თუ იმ საბჭოთა რესპუბლიკისა და ეთნიკური დაჯგუფების წარმომადგენელი „მოწინავე ინტელიგენციისა“. ამ სტატიების და საეთერო გამოსვლების დიდი ნაწილი ნაციონალისტური სულისკვეთების შესაბამისად სხვა რომელიმე ხალხის (მეზობლის, ამა თუ იმ რესპუბლიკის შიგნით მცხოვრების, რუსი ხალხის, როგორც „იმპერიულის“ და ასე შემდეგ) წინააღმდეგ იყო მიმართული. მე შემიძლია ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა. საქართველოში, მაგალითისათვის, ნაციონალისტური დისკურსი თავის მიზნად ისახავდა იმასთან დაკავშირებული საკითხის „გარკვევას“, თუ როდის დაიკავეს „ჩამოსულმა“ ოსებმა და „აფსუებად“ წოდებულმა ჩრდილოკავკასიელმა ადიღურმა ტომებმა ქართული მიწები და ქართველების სტუმართმასპინძლობის (ბოროტად) გამოყენება დაიწყეს. თავის მხრივ, არც აფხაზური და ოსური ინტელიგენცია რჩებოდა ვალში და აჩვენებდა საქართველოს მხრიდან განხორციელებულ მათი ხალხების „მრავალსაუკუნოვან ჩაგვრას“, რომლებიც „ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდნენ რუსეთს“... ასეთ მაგალითებზე შეჩერება ალბათ არ ღირს, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ „მოწინავე“ ნაციონალისტურმა საბჭოთა ინტელიგენციამ სწორედ ისტორიული თემატიკის გაუთავებელი ექსპლუატირებით ფრიად ნეგატიური გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ აზრზე, ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყო მთელი ხალხები. სავსებით შესაძლებლად მივიჩნევ, რომ ინტელიგენციის მიერ გამოვლენილი ნაციონალისტური ისტორიზმი რეალურად ნაციონალიზმით მოცული „ფართო მასების“ სოციალურ შეკვეთას წარმოადგენდა, რომელიც ამ ნაციონალისტური გრძნობების სიტყვებში გამოხატვას ესწრაფოდა და ინტელიგენციამ ეს სწრაფვა განახორციელა, საზოგადოებაში არსებული განწყობების კოდიფიცირება მოახდინა. მაგრამ ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ისტორიის არაკონფლიქტური წაკითხვის საპირისპირო მოვლენას. ეს კი უპატიებელია ინტელიგენციის წარმომადგენლისათვის. ხანდახან, შესაძლოა, უფრო ხშირადაც, ხალხის ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელმა დინების საწინააღმდეგოდ უნდა იმოძრაოს, თუკი ეს მშვიდობის საერთო საქმეს რგებს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ისტორია არის:

ა) ობიექტური მეცნიერება, მოწოდებული, იმსახუროს საერთაშორისო პოლიტიკის ყველა სუბიექტის (ანუ მთელი კაცობრიობის) სასარგებლოდ, ამასთან არ უნდა იქნას დავიწყებული, რომ ისტორია, როგორც მეცნიერება, არა მხოლოდ წარსულის ფაქტების აღნუსხვა, მათი ქრონოლოგიური დალაგება, საარქივო დოკუმენტების პოვნა-კლასიფიკაცია და მომხდარის დადგენაა; მხოლოდ ეს რომ იყოს, მაშინ ისტორია იქნებოდა კრიმინალისტიკის შემადგენელი ნაწილი. მაგრამ ისტორია რეალურად განეკუთვნება პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტოლოგია, როგორც დისციპლინა, შეუდარებლად უფრო გვიან წარმოიშვა, ვიდრე ისტორიული მეცნიერება და მით უმეტეს, ტერმინი „ისტორია“. ისტორიკოსი ვალდებულია, სამეცნიერო მეთოდების საშუალებით გააკეთოს სხვადასხვა წარსული მოვლენების ანალიზი და განაზოგადოს ისინი, შეძლოს მათი ახსნა და მიაღწიოს სამეცნიერო დასკვნებს, აქტუალურს აწმყოსა და მომავლისათვის;

ბ) ხალხის დამოკიდებულება გარესამყაროსა და საკუთარი თავისადმი, მის მიერ სამყაროს აღქმა, „კოლექტიური ცოდნა“ და „კოლექტიური მეხსიერება“. ამ შემთხვევაში ისტორია თავის თავში მოიცავს სახალხო მითოლოგიას. მაგრამ მითოლოგია არ უნდა იქნას გაგებული, როგორც არარსებული ამბავი, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ყალბი წარმოდგენა რაიმის შესახებ. ფილოსოფოსები-კულტუროლოგები (მაგალითისთვის, კურტ ჰიუბნერი) ერთმანეთისგან განასხვავებენ მითსა და ყალბ მითს და საუბრობენ „მითის ჭეშმარიტებაზე“. ეს თემა მოითხოვს ძალზე ფაქიზ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებისა და ხალხების შემთხვევაში. განსხვავებით დასავლეთ ევროპისაგან აქ აშკარად დომინირებს ხალხების მიერ საკუთარი თავის მითოლოგიზირებული აღქმა, და არა დემითოლოგიზირებული. ეს ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც კონფლიქტებისა და მშვიდობის კონტექსტში, ვინაიდან მითოლოგიზირებული მსოფლმხედველობა, ჩემი აზრით, ინარჩუნებს ხალხებს, როგორც ერთიან ცოცხალ, და რაც მთავარია, მოაზროვნე ორგანიზმად, და არა მხოლოდ ინივიდუალიზირებულ „მოქალაქეთა“ აბსტრაქტულ ბრბოდ, რომელთაც „დემოკრატიის“ პირობებში რეალურად არავინ არაფერს ეკითხება. მაგრამ მეორეს მხრივ მითოლოგიზირებული მსოფლმხედველობიდან მხოლოდ ერთი ნაბიჯია კონფლიქტურ ნაციონალიზმამდე (სეკულარიზებული დასავლური სამყაროს ამ საშინელ პროდუქტამდე, რომელსაც თავისი იდეური საწყისი ე. წ. „განმანათლებლობაში“ აქვს).

ეს ფრიად მასშტაბური პრობლემა საჭიროებს სერიოზულ შესწავლას განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში. ჩვენ კი დავუბრუნდეთ ისტორიის არაკონფლიქტური წაკითხვის შესაძლებლობას პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების გადალახვისა და კეთილმეზობლური გარემოს შექმნის აუცილებლობის გათვალისწინებით. რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ჩემი უფრო ვიწრო სპეციალიზაციიდან გამომდინარე, ცოტა უფრო დაწვრილებით შევჩერდები ქართველებისა და რუსების მიერ ერთობლივი ისტორიის აღქმაზე.

რუსეთსა და საქართველოს, როგორც ქვეყნებს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, ისევე როგორც ორ ხალხს შორის ურთიერთობები – განსაკუთრებული ფენომენია. აქ ძალზე ბევრია პარადოქსული და ემოციური, რაც ყოველთვის არ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას. ამიტომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე მსჯელობა შეიძლება პრაქტიკულად უსასრულოდ და სრულიად განსხვავებულ კონტექსტებში. გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ ურთიერთობებში ყველაფერი ვერ იქნება მარტივად, არის ბევრი პრობლემა, მაგრამ ასევე არის ბევრი დადებითი (მეტიც, დარწმუნებული ვარ – გაცილებით მეტია დადებითი, ვიდრე უარყოფითი). ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობებს მე ერთი გერმანული სიტყვით დავახასიათებდი – Hassliebe, რომელიც შედგება ორი სიტყვისაგან – Hass (სიძულვილი) და Liebe (სიყვარული). ეს საოცარი სიტყვა, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მჭევრმეტყველურად ახასიათებს ჩვენს ურთიერთობებს: სამწუხაროდ, ამ ურთიერთობებში არის სიძულვილიცა და მტრობაც, მაგრამ, გავიმეორებ – სიყვარული და პატივისცემა ჩვენს ერთობლივ ისტორიაში, ისევე როგორც დღევანდელ მძიმე პირობებში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაცილებით მეტია.

რუსულ-ქართული ურთიერთობების წარსულის შეფასებისას განსაკუთრებული სიხშირით, სხვა საკითხებთან ერთად, ხდება 1801 – 1810 წლებში და შემდგომ, 1921 წელს საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხის მუსირება, რაც სწორედ ისტორიის კონფლიქტურ წაკითხვას იწვევს. სამწუხაროდ, საქმე მეტწილად ორივე მხრიდან სტერეოტიპულ შეფასებებთან გვაქვს ხოლმე, ისტორიის ფარგლებში კი სწორედ სტერეოტიპული აზროვნება წარმოადგენს მის კონფლიქტურ წაკითხვას. ასე, ქართული მხრიდან დომინირებს შეფასებები, რომ რუსეთის იმპერიამ საქართველო შეიერთა მოტყუების გზით, ფეხქვეშ გათელა მისი სუვერენიტეტი; მით უფრო მტკივნეულად აღიქმება საქართველოს გასაბჭოება და მისი მიერთება საბჭოთა რუსეთთან. ამგვარი შეფასებით ხდება რუსეთისგან საქართველოს ყველაზე უფრო მუხთალი მტრის სტერეოტიპის შექმნა, რომელსაც აპრიორი არ შეუძლია ქართველი ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ ხდება იმის გათვალისწინება, რომ საქართველოს შეერთება რუსეთის იმპერიასთან მე-19 საუკუნის დასაწყისში, შესაძლოა, მართლაც არ იყო უნაკლო, მაშინდელი საერთაშორისო ნორმების (მით უმეტეს, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის) გათვალისწინებით, მაგრამ დიდი ქართველი მეფეების პოლიტიკას – სოლომონ I-ის დასავლეთში და ერეკლე II-ისა აღმოსავლეთში (სწორედ ეს მეფეები იცნობდნენ ყველაზე კარგად თავიანთი ხალხის ნებას და ღირსეულად წარმოადგენდნენ მის ინტერესებს) მე-18 საუკუნის მთელი მეორე ნახევრის მანძილზე განაპირობებდა მართლმადიდებელი ქრისტიანობის ფაქტორი, საქართველოში ქრისტიანობის გადარჩენისკენ სწრაფვა (და არა ბაგრატიონების ტახტის გადარჩენა!) და ამით ქართველი ხალხის გადარჩენა. აქ ნახსენები გამოჩენილი ქართველი მეფეების (ქართველ ბაგრატიდთა წინა თაობების ღირსეული მემკვიდრეების) პოლიტიკის ეს სულისკვეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის „ენა“, სხვადასხვა დეტალი და თვით ის ნეგატიური მოვლენებიც, რომლებიც თან ახლდა საქართველოს რუსეთთან შეერთებას (მაგალითად, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება 1812 წელს) დადებითთან ერთად. მთავარია – ქართველები გადარჩნენ, როგორც ქრისტიანი ერი რუსეთის შემადგენლობაში. რაც შეეხება 1921 წელს, თანამედროვე საქართველოში მეტწილად ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ მენშევიკური საქართველოს რესპუბლიკის ეფემერული დამოუკიდებლობის რეალურ ფასს, იმ რესპუბლიკისა, რომელიც არც-კი აპირებდა ამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რომ არა ცარისტული იმპერიის საბოლოო დანგრევა.

მაგრამ რუსულ მხარესაც აქვს თავისი სტერეოტიპები: რუს ბავშვებს სასკოლო ასაკიდანვე ასწავლიან, რომ რუსეთის იმპერიამ გადაარჩინა ქართველი ხალხი, როდესაც ქართველთა ქვეყანა შეიერთა მათივე კეთილი ნების საფუძველზე. მაგრამ მოსწავლეებს აღარ უხსნიან, რომ საქართველოს შემოერთებით და აქედან გამომდინარე მისი ხალხის დაცვით მრავალსაუკუნოვანი ძლიერი მოწინააღმდეგეებისაგან, რუსეთის მმართველები იმპერიის სტრატეგიულ ინტერესებს ახორციელებდნენ. მაშინდელი რუსეთის ვესტერნიზებული, მასონობით გატაცებული ცინიკოსი ელიტები სულაც არ იყვნენ ვიღაცის გადასარჩენად მოწოდებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისინი იყვნენ დიდი სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელსაც თავისი სერიოზული გეოსტრატეგიული მიზნები ჰქონდა. 1921 წლის ინტერპრეტაციაც, ბოლო დროს, თავისებურად ხდება: თურმე რომ არა ისეთი ქართველები, როგორებიც იყვნენ სტალინი, ორჯონიკიძე და სხვები, საბჭოთა რუსეთი არც-კი აპირებდა წითელი არმიის შეყვანას ტფილისში. მაგრამ ამის დაჯერება ჭირს თუნდაც იმიტომ, რომ ამიერკავკასიელთა შორის არც აზერბაიჯანლებს, არც სომხებს არ ჰყავდათ ამგვარი გამოჩენილი ბოლშევიკები მოსკოვში, როგორებიც იყვნენ სტალინი და ორჯონიკიძე, მაგრამ ამისდა მიუხედავად, აზერბაიჯანიც და სომხეთიც საქართველოზე უფრო ადრე გახდნენ საბჭოურნი – წითელი არმიის საშუალებით...

კიდევ ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ასევე მიჩნდება სურვილი, განვიხილო ისეთი მძაფრი პრობლემები, როგორებიცაა სამხრეთ ოსეთში ქართული ისტორიის კვალის წაშლის მცდელობა ძველი ქართული ტოპონიმების გადარქმევის გზით, რუსეთის სკოლებში ისტორიის სწავლება „სოლჟენიცინის მიხედვით“, რომელიც საკუთრივ დისიდენტური წრეებიდანაც არაერთხელ იქნა მხილებული არა მხოლოდ ნაციონალიზმში, არამედ პირდაპირ ტყუილებში, (იხ. ლევ კოპელევის ცნობილი წერილი სოლჟენიცინის მისამართით), საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციული მცდელობები, დამახინჯებულად წარმოადგინოს რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის ათვისების ისტორია, პერიოდულად აცხადებს რა „ჩერქეზი ხალხის გენოციდის“ შესახებ და კიდევ ბევრი სხვა. მაგრამ შევეცდები, შევაჯამო წინამდებარე სტატია. ჩემი აზრით, იმისათვის, რათა ისტორიის ბოროტად გამოყენების გზით პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვა, კრიზისების გაღრმავება და მისთ. თავიდან იქნას აცილებული, პოლიტიკოსები უნდა მოერიდნონ ისტორიულ თემებზე მსჯელობებს და აქცენტი გააკეთონ მხოლოდ პოზიტიურ მომენტებზე, რომლებიც ყოველთვის მოიძებნება, მით უმეტეს, რუსულ-ქართული ურთიერთობების შემთხვევაში, სადაც პოზიტივები აშკარად მეტია, ვიდრე ნეგატივები. სახელმძღვანელოებშიც ასევე დადებითზე უნდა მოხდეს აქცენტების გაკეთება, რაც არ ნიშნავს, მოსწავლეებს წავართვათ კრიტიკული აზროვნება და დავუკეტოთ გზა ისტორიული სიმართლის დასადგენად. უნდა ყველაფერი ითქვას, მაგრამ მთავარია - ეს „ყველაფერი“ ისწავლებოდეს მშვიდობისა და ურთიერთგაგების სულისკვეთებით (სწორედ ამითვის არსებობს მასწავლებლის ინსტიტუტი, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს); მეცნიერებაში კი, რა თქმა უნდა, გამოკვლეულ უნდა იქნას ნებისმიერი, ყველზე უფრო მწვავე საკითხები „ა“-დან „ჰაე“-მდე (ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ მეცნიერებაც უძლურია ჭეშმარიტების დასადგენად, მათ შორის ისტორიაც, როგორც მაგალითად, არც ერთ მეცნიერებას არ ძალუძს, ზუსტად თქვას, როგორ წარმოიშვა სამყარო ან არსებობს თუ არა სიცოცხლე სადღაც ანდრომედას გალაქტიკაში), მაგრამ სამეცნიერო დისკუსიებშიც აუცილებელია ტაქტის შენარჩუნება და დაუშვებელია ამ დისკუსიების გადაქცევა პროპაგანდისტულ ომად. ამგვარი დისკუსიის მეტად პოზიტიურ მაგალითად მიუხედავად მასში არსებული რიგი გამომწვევი ფორმულირებებისა (რითაც ამ აზრთა ურთიერთგაცვლის პოპულარიზება მოხდა), მესახება პოლემიკურ სტატიათა სერია მეტად საინტერესო რუს პოლიტოლოგ ანდრეი ეპიფანცევს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს ჩემი კოლეგის გიორგი ვეკუასა და პირადად ჩემი სახით. ანდრეი ეპიფანცევი წავიდა რისკზე და დასვა კითხვა: „ქართველები მოღალატეები არიან?“, რაზეც ძალიან ბევრი ქართველი ოპონენტი უბრალოდ „აფეთქდებოდა“. მაგრამ მე ძალზე ვემადლიერები კოლეგა ეპიფანცევს იმის გამო, რომ მან თვითონ მიმითითა თავის სტატიაზე და ამით მოახდინა შინაარსიანი დისკუსიის ინიცირება, რომელსაც მკითხველთა მეტად დიდი რეზონანსი ჰქონდა ინტერნეტ-საიტებზე.

დღესდღეობით საქართველოში თანდათან სწავლობენ ისტორიის უკონფლიქტო წაკითხვას ჩვენს ძველ რეგიონულ მეზობლებთან – ირანთან და თურქეთთან მიმართებით. მაგალითად, ირანის შემთხვევაში ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს იყო არა მხოლოდ იმპერია თავისი ექსპანსიური მისწრაფებებით, ისევე როგორც ყველა სხვა იმპერია, არამედ დიდი კულტურა და ცივილიზაცია, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა ქართული ენისა და კულტურის ჩამოყალიბებაზე. თურქეთთან ურთიერთობებშიც მოიძებნება პოზიტივები. მით უმეტეს შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ დადებით მომენტებს რუსეთთან ჩვენს ერთობლივ ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხანა უფრო მალე დადგება, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია, დღევანდელ რთულ პერიოდს აუცილებლად მოჰყვება დათბობა და სრულმასშტაბიანი დარეგულირება.

გულბაათ რცხილაძე,ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელიapn.ru
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"