ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
09.11.2010
კოლექტიური სააკაშვილი

როგორც მკითხველს ახსოვს, ამ ბოლო თვეებში ოპოზიციის ცალკეულ პარტიებს, განსაკუთრებით, ეროვნულ ფორუმს, დიდი ბაქი-ბუქი ჰქონდათ ატეხილი. ფიცს სდებდნენ - ან ჩვენ ვიქნებით, ან სააკაშვილიო, ასახელებდნენ რაღაც „საკრალურ“ თარიღებს, ძირითადად 4 ნოემბერს, რომლის დადგომასაც დაინტრიგებული მოსახლეობა უკვე მოუთმენლად ელოდა.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი ეს ბაქიაობა საპნის ბუშტი და ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი აღმოჩნდა. დღეს უკვე 9 ნოემბერია, და სხვათა შორის, ბოლო დღეების განმავლობაში ნამდვილი „სამიტინგო“ ამინდი დგას რესპუბლიკაში, მაგრამ ოპოზიციის ჩამიჩუმიც აღარ ისმის. ან კი რა აქვთ სამიტინგო - გუშინ მათ ისტორიულ, უდიდეს გამარჯვებას მიაღწიეს: „თვით“დავით ბაქრაძე ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას დასთანხმდა.

ამიტომაც დღეს „დიდი რვიანის“ წევრები ბაქრაძესთან „სამიტის“ მოსაწყობად ემზადებიან. ამასთან, უნდა აღინიშნოს დავით ბაქრაძის ტაქტი და ოპოზიციის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულებაც: იმის გამო, რომ ამ მოულოდნელად თავს დამტყდარ ბედნიერებას - ამხელა მეფისტოლა კაცთან მოლაპარაკებების დაწყებას - უარყოფითად არ ემოქმედა ოპონენტების ფსიქიურ მდგომარეობაზე, მან (ბაქრაძემ) ჯერ მხოლოდ კონსულტაციების დაწყების უფლება უბოძა ქართველ ოპოზიციონერებს.

საქართველოს მოსახლეობამ თავისებური შეფასება მისცა „დიდი რვიანის“ ანუ „რვიანელების“ მანევრებს და სამიტებს - 7 ნოემბრის მოვლენების სამი წლისთავის აღნიშვნაზე სულ რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა, ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და პარტიული აქტივისტები. თუმცა, ოპოზიციას ეს ნაკლებად აღელვებს - მან კარგად იცის, რომ მომავალ პარლამენტში ადგილების განაწილება არა ხალხის მიერ, არამედ „სამიტების“ დროს გადაწყდება.

ამგვარად, გვაქვს სიტუაცია, როცა სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე მოქნილ და ეფექტურ დასაყრდენს, ვანოს პოლიციასთან ერთად, ე.წ. ოპოზიცია წარმოადგენს, ნებსით თუ უნებლიეთ. მართლაც, თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს - პუბლიკასთან ურთიერთობების, ანუ „პიარის“ დიდ ნაწილს ოპოზიცია საკუთარ თავზე იღებს. ნაციონალური მოძრაობიდან პიარს ეწევა მხოლოდ სააკაშვილი და ეპიზოდურად გამოჩნდება ხოლმე ხუთიოდე აქტივისტი (კუბლაშვილი, წიკლაური, ბაქრაძე და ორიოდე სხვა), ოპოზიიდან კი ათზე მეტი პოლიტპერსონაჟი აქტიურად „მიშაობს“ ამ მიმართულებით. სწორედ რომ „მიშაობს“, რადგან მათი უსაგნო და ემოციური ლანძღვა-გინება, რომელსაც შემდეგ პინგ-პონგის ბურთივით აბრუნებენ სააკაშვილი და მისი პალიკოები, ისევ რეჟიმის წისქვილზე ასხამს წყალს.

სხვათა შორის, რუსეთის ბევრი პოლიტიკოსი და განსაკუთრებით, მას-მედია, ზუსტად ანალოგიურ როლს თამაშობს. რუსულ ლიბერალურ მედიაში ახალი მოდაც გაჩნდა - ვანო მერაბიშვილის ქება. თუ არ ჩავთვლით, რომ ეს მედია-საშუალებები დასავლეთის მიერ კონტროლდება, სავარაუდოდ, ამით იმის დემონსტრირება უნდათ, რომ სულაც არ ეშინიათ სააკაშვილის „მიღწევების“ გაშუქების და ობიექტურები არიან, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ნაციონალების მმართველობის გახანგრძლივებას უწყობენ ხელს.

ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია - დაველოდოთ „რვიანელების“ და ბაქრაძის კონსულტაციების შედეგებს. მართალია, ყბადაღებულ „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას“ ვერ მოვესწრებით, მაგრამ სანუგეშოდ ის მაინც გვექნება, რომ „დიდი რვიანის სამიტი“ პირველად ჩატარდება ჩვენს „თელ სოფლიოში ნომერ პირველ რეფორმატორ“ საქართველოში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"