ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
29.10.2010
ქართული მას-მედია საქართველოს წინააღმდეგ

ამ სტატიის სათაურიდან გამომდინარე, მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ ქართული მასმედიის რომელიღაც საშუალებას „ღმერთი გაუწყრა“ და სტრასბურგის სასამართლოში იჩივლა დაკარგული უფლებებისთვის, ასე დიდი წვალებითა და ვაი-ვაგლახით რომ მოიპოვა დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვარდების რევოლუციამდე.

erekle-2.ge / geurasia.org

თავიდანვე გავაკეთებ დაზუსტებას.  სტრასბურგის სასამართლო "ქვეყნის" სახელწოდებაში ამ ქვეყნის მთავრობას გულისხმობს, რადგან პასუხი მას მოეთხოვება, ხოლო მოსარჩელის მიერ საქმის მოგების შემთხვევაში ზიანი სწორედ მთავრობამ უნდა აანაზღაუროს.  ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, მთავრობის არც ერთი წევრის ჯიბიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება და ეს ჯარიმებიც ხალხს აწვება კისერზე, როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავიდანვე ფრიად ბრძნული და ნაწილობრივ ფილოსოფიური დატვირთვაც კი მისცა მის მიმართ წარდგენილი საქმეების დასათაურების ფორმას.

ჩემი შერჩეული სათაური ნამდვილად არ აიგივებს საქართველოს მის მთავრობასთან, რადგან, ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ქართული მასმედია ებრძვის საქართველოს, და არა მის მთავრობას.  ნამდვილად არ ვაპირებ ბანალურ ჭეშმარიტებაზე ვისაუბრო და თავი შეგაწყინოთ თეორიებით, რომელიც მკითხველთა დიდმა ნაწილმა ალბათ ჩემზე უკეთ იცის.  მე უბრალოდ რამდენიმე ფაქტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რომლებიც უშუალოდ ჩვენი ორგანიზაციისა და მასმედიის ურთიერთობებს ეხება, და ვფიქრობ ინტერესსმოკლებული არ უნდა დარჩეს, რადგან მასმედიამ ან საერთოდ არ შეიწუხა თავი მათ გასაშუქებლად, ან შესანიშნავად შეუფუთა მაყურებელს (ზოგმა, მკითხველსაც) თეთრი მაწონი შავ ქაღალდში და ბოლოს დამტკიცებულ თეორემასავით მიაწერა – რ.დ.გ (რისი დამტკიცებაც გვსურდა). ეს ისე, სიტყვისთვის, თორემ ჩვენი მასმედია რაიმეს დამტკიცებისთვის თავს რომ არ იწუხებს, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

2010 წლის 13 სექტემბერს საქართველოს აეროპორტიდან დეპორტირებულ იქნა ისრაელის მოქალაქე, პოლიტოლოგი ავიგდორ ესკინი, ხოლო 14 სექტემბერს,  საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს რუსეთის მოქალაქე, სტრატეგიული განვითარებისა და  მოდელირების ცენტრის პირველი ვიცე პრეზიდენტი, ბატონი გრიგორი ტროფიმჩუკი. ისინი საქართველოში ერეკლე მეორის საზოგადოებამ და საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალმა მოიწვია. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ 15 სექტემბერს დაგეგმილ საერთაშორისო მრგვალ მაგიდაში ,,თვითმყოფადობა და გლობალიზაცია: გამოწვევები და პერსპექტივები“. ზემოხსენებული პიროვნებების საქართველოდან დეპორტაცია იმავე დღეს გააპროტესტეს ისრაელის ტელევიზიებმა, რუსეთის ჟურნალ-გაზეთებმა, ყველა ებრაულმა საიტმა და მრავალმა სააგენტომ. ისრაელის მრავალი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოეტი თუ საზოგადო მოღვაწე ესკინის დეპორტაციას სააკაშვილის ხელისუფლების ანტისემიტურ გამოხტომად ნათლავდა. და მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს თუ არა ისრაელის, რუსეთის და ევროპის წამყვანი სააგენტოები საუბრობდნენ საქართველოდან დეპორტირებულ პერსონებზე, ჩვენი ქართული მასმედია დუმდა და სირაქლემას პოზიციას ინარჩუნებდა, გარდა ტელეკომპანია ,,მაესტროსი“, რომელიც ქართული ტელევიზიებიდან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ეს მოვლენაც და მრგვალი მაგიდის მუშაობაც ობიექტურად შეაფასა.

ისრაელის ერთ-ერთი ტელეარხის წამყვანი დიდი გაოცებით საუბრობდა იმაზე, რომ მან კომენტარი სთხოვა ქართველ ჟურნალისტებს მომხდარი ფაქტის შესახებ, ხოლო მათგან პასუხად მიიღო: „ვერაფერს გეტყვით, ხვალ დაგვირეკეთ“.  ეს რაღაც ახალია მსოფლიო ჟურნალისტიკაში.  როგორც წესი, ჟურნალისტები ცდილობენ ყველას დაასწრონ მოვლენათა შეფასება და საკუთარი აზრი და ხედვა გადასცენ საზოგადოებას, აქ კი, როგორც ყველაფერი, ესეც პირიქით ხდება.  ჩვენი მასმედია რომ ხელისუფლების მიერაა ოკუპირებული, ეს ცხადზე ცხადია, კერძოდ კი,  როგორც "კავკასიის" მეპატრონე, ბატონი დავით აქუბარდია იტყოდა, „ვანიჩკას კანტორის“ მიერ, არადა ბატონი ვანო მერაბიშვილის სამინისტროზე კანტორა ნამდვილად არ ითქმის.  სრული გულწრფელობით ვამბობ, რომ თავის პროფესიულ მოვალეობას ეს სამინისტრო, სხვებთან შედარებით, მართლაც "ხუთიანზე" ასრულებს. სავარაუდოდ სწორედ მან აუკრძალა ტელევიზია "კავკასიას" (რომელიც მართლაც ჩამოგავს სოფლის კანტორას, სადაც ხალხი სალაყბოდაც შეივლიდა ხოლმე) ერეკლე მეორის საზოგადოებისა და ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის ღონისძიებათა გაშუქება.  გამონაკლისი არც ებრაელი პოლიტოლოგის არშემოშვება აღმოჩნდა მათთვის, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო, რამეთუ საქართველოს უახლეს ისტორიაში (ძველში, მით უმეტეს) ასეთი რამ არასოდეს მომხდარა.

არა მგონია, ტელეკომპანია "კავკასიაზე" ბევრი საუბარი ღირდეს, რადგან მან ქართულ საზოგადოებაში სულ რამდენიმე ხნის წინ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია, როდესაც მართლმადიდებლობის  მშვიდობიანი დამცველი ჩვენი ძმები პირდაპირ ეთერში დააჭერინა, ხოლო ამ ბიჭების მხარდამჭერი აქციები დაბლოკა და  ეთერში არ გაუშვა. თუმცა გადაღებით გადაიღო, რათა ვიდეომასალა  კანტორიდან სამინისტროში გადაეგზავნა, აქციაში მონაწილე პირთა გამოვლინების მიზნით.  სხვათა შორის სწორედ ასე მოიქცა „იმედის“ კანტორაც, როცა ჩვენმა ორგანიზაციამ, რუსულენოვან მრევლთან ერთად, საპროტესტო აქცია მოაწყო ამ ტელევიზიის წინ, რუსეთის პატრიარქის, კირილის შესახებ გაკეთებული შეურაცხმყოფელი სიუჟეტის გამო.  ახლა კი ძალზე აღშფოთებულები იძახიან – ეს რა გაბედა კირილმა, როგორ მიულოცა ოსებს დამოუკიდებლობის დღეო.  როდესაც ამოდენა ქვეყნის მართლმადიდებელთა მამას ტალახს ესროდნენ, მაშინ არავის გახსენებია, რომ სწორედ მან განაცხადა პირველმა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ქართული დედა ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში აღიარებდა.  მან და ჩვენმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, კიდევ სხვა შემხვედრი ნაბიჯებიც გადადგეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ნაბიჯების ხელშემწყობი პოლიტიკური ნება ჩვენს ქვეყანაში მომწიფებული არ არის.

კვლავ დავუბრუნდეთ ესკინისა და ტროფიმჩუკის საქართველოში არშემოშვების საკითხს. საზღვარგარეთის მედია დაჟინებით ითხოვდა განმარტებებს მათი საქართველოში არშემოშვების გამო.  ამას დაემატა ისიც, რომ, ვიზაზე უარი უთხრეს რუსეთის დუმის წევრს, დუმის დელეგაციის წევრს ევროსაბჭოში, ბატონ სერგეი მარკოვს, რომელიც თბილისში ევროსაბჭოს დელეგაციის ეგიდით უნდა ჩამოსულიყო, თავის ევროპელ და რუს კოლეგებთან ერთად. ერეკლე მეორის საზოგადოება შეთანხმებული იყო მის თანაშემწესთან, რომ იგი დაესწრებოდა რუსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნას.     ხელისუფლებამ ახლა უკვე მეორე კანტორა აამოქმედა,  სახელწოდებით ,,რეალტივი“, რომელსაც მართლაც არაფერი აქვს საერთო არც ჟურნალისტიკასთან და არც ტელევიზიასთან.  მასთან მრავალმა რესპონდენტმა შეწყვიტა ურთიერთობა, თვით უმრავლესობიდანაც კი.  მოკვლევის ინსტიტუტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან სწორედ მაშინ ამოიღეს, როდესაც მე იურისპრუდენციას ვსწავლობდი.  ჰოდა ეტყობა არ იყო ეს ინსტიტუტი ასე ხელაღებით გასაუქმებელი.  მაგრამ ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ.  რა საჭიროა ეს ამოდენა ინსტიტუტი თავისი რეგულაციებით, როდესაც მის მაგივრობას მშვენივრად სწევს "რეალტივი", და თანაც გამომძიებლის, ბრალმდებლის და მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებს.  ისე პროვოკატორობაშიც მშვენივრად არიან გაწაფულები.  მათ მიერ მომზადებულმა სიუჟეტმაც დაამტკიცა ეს ყოველივე, სადაც ავიგდორ ესკინი  მუსულმანური ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიეს. არადა ბატონი ავიგდორი არის ისრაელის მოქალაქე და იყო ივრითის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა  მასწავლებელი, სიონიზმის მქადაგებელი და კაბალის ორი სკოლის დამაარსებელი (ამ მონაცემების ადამიანისთვის მუსულმანი ექსტრემისტის დაძახება შავ მაწონზე უარესია, ბოლოს და ბოლოს მაწონს შეიძლება საკონდიტრო საღებავი შეურიო და გააშავო, ესკინის მუსულმანად მოქცევა კი ძალზე გაჭირდება). გარდა ამისა, თურმე ექსკლუზიური ინფორმაციით მას ტატუც ჰქონია მკერდზე წარწერით: ,,ქართველთა სისხლი მწყურია, გაუმარჯოს აფხაზეთს“. საქართველო სახელწიფო რომ იყოს და არა მხოლოდ ქვეყანა, მსგავს ტელევიზიას ნამდვილად ჩამოართმევდნენ ლიცენზიას და სოლიდურ ფულად ჯარიმასაც დააკისრებდნენ. ამ ტელევიზიამ კიდევ ერთი ცილისწამებლური სიუჟეტი გაუშვა ერეკლე მეორის საზოგადოების და ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის ერთობლივი პროექტის რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსების შესახებ, სადაც განაცხადა, რომ თურმე ათასობით მოსწავლე ჰყოლია ერეკლე მეორის საზოგადოებას, რომლებსაც  პუტინის ენას ასწავლიან და რისთვისაც თურმე თითოეულ მოსწავლეს ალექსანდრე ებრალიძე ფულს უხდის. არადა თავად სიუჟეტში, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი, განვუმარტე, რომ ამჯერად 6 ჯგუფი არსებობს და თითო ჯგუფში 12-14  მსმენელია და სულ 70 კაცისგან შედგებოდა. ისიც ვუთხარი, რომ ათობით ადამიანი ჩაწერილია და შემდეგ ნაკადს ელოდება, რადგან ამჯერად მეტის საშუალება არა გვაქვს.

რაც შეეხება პუტინის ენას, ამ ენის პრივატიზება არც პუტინს გაუკეთებია და არც მედვედევს.  ასეთი განცხადების გაკეთება პროვინციალიზმია და მეტი არაფერი (პროვინციალიზმი გეოგრაფიული ცნება არ არის). თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისაგან განსხვავებით პუტინიც და მედვედევიც მშობლიურ ენაზე საკმაოდ დახვეწილად საუბრობენ და პატივს სცემენ მას.  ჩემთვის პირადად მიუღებელია ქართული ენის დამახინჯება ათასნაირი „სლენგით“ და ქუჩური ტერმინით, რასაც ასე უხვად მოისმენთ ჟურნალისტიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული. რუსული ენის შესწავლა, ამ ქვეყნის უდიდეს მწერლობასთან და პოეზიასთან ზიარება, არავის არ აწყენს, ენის, რომელ ენაზეც მიიღო განათლება ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და თერგდალეულმა ქართველმა მამულიშვილებმა. არავისთვის არ იქნება ურიგო პუშკინის, ტოლსტოის, დოსტოევსკის, ესენინის, პასტერნაკის, თუ ლერმონტოვის დედანში წაკითხვა. ასევე პრაგმატული თვალსაზრისითაც, რუსული ენა ხომ დღესდღეობით ერთადერთი ენაა, რომლითაც ერთმანეთს ესაუბრებიან პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ერები, ჩვენი უახლოესი მეზობლების, აზერბაიჯანლებისა და სომხების ჩათვლით. იქ ხომ დღემდე მეორე ენა რუსული ენაა და, რაც ყველაზე მთავარია, თუ ჩვენ გვსურს აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება, მათთან სასაუბროდ რუსული ენა უბრალოდ უკონკურენტოა – ეს დღევანდელი რეალობაა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო  - ძველი სიბრძნე გვასწავლის.  ჰოდა რატომ გვაწყენს ენების ცოდნით გაძლიერება ასე მცირერიცხოვან ერს?  მაინც რატომ და რისთვის უნდა ხდებოდეს ასეთი გაშმაგებული ბრძოლა რუსული ენის წინააღმდეგ და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ცდილობს როგორმე აღადგინოს კეთილმეზობლური ურთიერთობა რუს და ქართველ ხალხს შორის  და მისცეს განათლება ჩვენს მომავალ თაობას?! აბსოლუტურად უსუსური იყო ისტორიკოსის, რეალტივის შტატიანი კომენტატორის, ბატონ სვიმონ მასხარაშვილის კომენტარი თავის მშობლიურ ,,რეალტივის“ ეთერში, სადაც მან რუსული ენის შესწავლა შაჰ აბასის ენის შემსწავლელ კურსებს შეადარა, შემდეგ რაღაც ჯალალედინზეც თქვა.  იმდენად შეუსაბამო იყო ბატონი მასხარაშვილის კომენტარი, რომ ეჭვი გამიჩნდა, რომ მას საერთოდ არა აქვს ინფორმაცია არც ჩვენი ორგანიზაციისა და არც რუსული ენის კურსების შესახებ. მისი კომენტარის პასუხად კი მინდა ბატონ ისტორიკოსს შევახსენო, რომ საქართველოში თურქული ენის შემსწავლელი რამდენიმე კურსია. თუ ბატონი მასხარაშვილი ისტორიკოსია მან კარგად უნდა იცოდეს, რომ ტაო-კლარჯეთი ტერიტორიულად გაცილებით აღემატება დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებს, რატომ არ ითხოვს მის დაბრუნებას თურქეთისაგან? სხვათა შორის, ტაო-კლარჯეთი მართლაც განუყოფელი იყო დედა საქართველოსაგან, იქ არც ენა იყო განსხვავებული და არც სარწმუნოება, რასაც ვერ ვიტყვით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობაზე. ამ საკითხზე ბატონი მასხარაშვილი არაფერს ამბობს, ახლა სხვა პოლიტიკური სიტუაციაა, ახლა ყველა უნდა დავირაზმოთ და რუსეთი ვლანძღოთ.  აი ასეთია პოლიტიკური შეკვეთა.

ასევე პარადოქსია, რომ არც ერთი ტელევიზია არ დაინტერესდა, მათ შორის არც "რეალტივი", იმ ათასობით ინგლისური ენის მასწავლებლების შესახებ, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან ვითომც-და კეთილშობილური მისიით, და უფასოდ ასწავლიან ინგლისურ ენას.  ამაზე ბევრი რამ დაიწერა გაზეთებში და მე თავს არ შეგაწყენთ, ერთს კი ვიტყვი – ამ მასწავლებლების დათესილს ძალიან მალე მოვიმკით.   პარადოქსია, როდესაც ჩამოსულ მისიონერს, რომელიც ათასობით დოლარს იღებს რათა იდეურად მოწამლოს ქართველი ახალგაზრდობა, ხელისუფლება 500 ლარს ჯიბის ფულად აძლევდეს, ხოლო დამსახურებულ პედაგოგს კი – 250 ლარს, პენსიონერს – 90 ლარს და დევნილსა თუ ვეტერანს დენსა და გაზს უჭრიდეს.

ასევე არ შეიძლება, არ გავამახვილოთ ყურადღება "რუსთავი 2-ის" ტელევიზიაზე, რომელიც რეალტივის და კავკასიის კანტორისგან ნამდვილად განსხვავდება და უფრო სოლიდურად გამოიყურება. ორი დღის შემდეგ მათაც გააკეთეს სიუჟეტი ბ-ნ ავიგდორ ესკინის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით და აზრი სოსო ცინცაძეს ჰკითხეს. საინტერესოა, მაგრამ მათ ბ-ნ ავიგდორ ესკინის შესახებ აზრი შეეძლოთ ეკითხათ ერეკლე მეორის საზოგადოების ხელმძღვანელობისათვის და ასევე გაეშუქებინათ 15 სექტემბრის მრგვალი მაგიდის მსვლელობა, სადაც სკაიპის საშუალებით პირდაპირ ეთერში ნახევარი საათის განმავლობაში იყო ჩართული ავიგდორ ესკინი, თუმცაღა "რუსთავი 2"-ს სიმართლის გარკვევა რომ არ აინტერესებს და ყველაფერს აკეთებს, რათა არ მოხდეს რაიმე ფორმით ქართულ-რუსული ურთიერთობების დასათბობად ჩატარებული ღონისძიებების გაშუქება, ეს ცხადია.

ამისი მრავალი მაგალითი არსებობს, როდესაც ერეკლე მეორის საზოგადოებამ ჩაატარა საპროტესტო აქცია იმედის ტელევიზიის წინ, რომელშიც ათობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ამ დროს ტელევიზია ვრცლად აშუქებდა ნატოს მხარდამჭერ აქციებს, სადაც სულ ხუთიოდე მათივე აქტივისტი იღებდა მონაწილეობას. იგივე შეიძლება ითქვას ბეჭვდით გამოცემებზე. ერეკლე მეორის საზოგადოებამ თავისი მოღვაწეობის მოკლე პერიოდში გამოსცა სამი რუსულ-ქართული ალმანახი, ერთ-ერთი მათგანი ეძღვნებოდა ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავს. ამ ომში  300 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა, თუმცა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც საკმაოდ სოლიდურად ჩატარდა.  ღონისძიებას ომის მრავალი ვეტერანი ესწრებოდა, მათ შორის ბ-ნი კარლო გარდაფხაძე, იგი მიიჩნევა და არის კიდეც ქართული ტელევიზიის დამაარსებელი და მრავალი წლის მანძილზე პირველი არხის ხელმძღვანელი. ეს ღონისძიება არავის გაუშუქებია, ხოლო ცხინვალში დაღუპული მეომრების პატივსაცემად დაბეჭდილი წიგნის პრეზენტაციას მთელი ქართული მასმედია აშუქებდა.  ისტორია გაარკვევს რატომ და რისთვის დაიღუპნენ ეს ბიჭები და რა თქმა უნდა მათ ხსოვნას ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თუ დავივიწყებთ ჩვენს წინაპრებს, მაშინ ამ ბიჭების ხსოვნასაც იგივე ბედი ელის. მაშინ რა აზრი აქვს ამ აჟიოტაჟს? არაფერი – დღევანდელი ხელისუფლების კიდევ ერთი „პიარ-აქციაა“ და მეტი არაფერი.

რუსულ ენასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო სიახლე დაამკვიდრა "ჯეოსტარმა", ანუ "რუსთავი-2"-მა, სადაც რუსული სიტყვის გამოყენების შემთხვევაში ჯარიმა იქნა დაწესებული 1 ლარის ოდენობით. მსგავსი ქმედება წააგავს ჰიტლერის მიერ ანტიებრაულ ფაშისტურ ქმედებებს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ შესწევს იმის ძალა, რომ რუსი ხალხის გენოციდი მოახდინოს, მაგრამ რუსული ენის „გენოციდი“ რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასევე არ შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ისეთი ტელეკომპანია, როგორიც ,,იმედია“, არხი, რომელიც მიცვალებულ ადამიანს წაართვეს და იმედი უიმედობად აქციეს, ტელეარხი, რომელიც პატარკაციშვილის სიცოცხლის პერიოდში იყო ერთადერთი გამონათება ქართულ ტელე-ინდუსტრიაში, არხი, რომელიც პროპაგანდას უწევდა ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ძირძველ ქართულ ტრადიციებს. დღეს იგი იქცა გახრწნილობის, ლესბოსელობის, მამათმავლობის, მრუშობის და უხამსობის რუპორად, რისიც მრავალი მაგალითიც არსებობს ისეთი ტელეპროექტების სახით, როგორიც იყო ,,ღამე შორენასთან“, რომელიც მართლმადიდებლობისათვის ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუტს ,,ქალიშვილობას“ მასხრად იგდებდა და ერთი ღამის სექსსა და „ბოი-გერლ-ფრენდობას“, ანუ ქართულად რომ ვთქვათ – საყვარლობას სთავაზობდა ახალგაზრდებს.

არანაკლები გახრწნილობის მქადაგებელია გადაცემა ,,სიმართლის დრო“, სადაც მამათმავლები, ლესბოსელები, მრუშები თავიანთი ურჯულო საქციელით ამაყობენ, უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ამგვარ ამაზრზენ საქციელზე დარბაზში ცრემლების და სინანულის ნაცვლად ტაშის ქუხილი ისმის. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, თუ არა ცოდვის პოპულარიზაციას და ცოდვის ქადაგებას – ანუ სულიწმიდის გმობას. სულიწმიდის გმობა კი ერთადერთი ცოდვაა, რომელიც არც ამ ქვეყნად და არც იმ ქვეყნად არავის არ მიეტევება, ამას თავად უფალი იესო ქრისტე გვასწავლის სახარებაში.

დიდ გაკვირვებას იწვევს ისიც, რომ ამგვარი გადაცემების წინააღმდეგ, რომლებიც სულიწმიდის გმობით გამოირჩევა, სადაც სიტყვათა ნახევარს ორგაზმი, სექსი, მამათმავლობა წარმოადგენს, არანაირი ფორმით არ გმობენ ჩვენი სასულიერო პირები. არ შეიძლება ასევე ორიოდე სიტყვა არ ვთქვა იმ გაზეთებისა თუ ინტერნეტ საიტების შესახებ, რომლებმაც დამალეს ისრაელის მოქალაქის და რუსეთის მოქალაქის დეპორტაცია საქართველოს ტერიტორიიდან. მაგალითად, ასეთია, ვითომცდა თავისუფალი სიტყვის მქადაგებელი ,,რეზონანსი“, რომელიც ყველანაირად თავს არიდებს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებას თავის გაზეთში. მაგ. მაშინ როცა ასობით ადამიანი მივიდა ტელეკომპანია ,,კავკასიის“ წინ რვა უდანაშაულო ქართველი მართლმადიდებლობის დამცველთა მხარდასაჭერ აქციაზე, მაშინ სდუმდა ,,რეზონანსი“, ხოლო მეორე დღეს კი ხუთი ადამიანი, რომელიც ,,კავკასიის“ – მართლაც კანტორის დასაცავად გამოვიდა, მათ ვრცელი სტატია მიუძღვნეს ამ აქციაში მონაწილეებს. იგივე შეიძლება ითქვას თითქმის ყველა ბეჭდვით მედიაზე. არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ ერთ-ერთ სახელისუფლებო ინტერნეტ-რესურსს expert.ge, სადაც ამგვარ სტატიას მივაგენი – ,,ვიზრდებით ბატონებო“, რომელიც წერილობითი ანალოგია "რეალტივის" სიცრუისა, სადაც საქართველოს მეგობარი ბ-ნ ავიგდორი საშინელ მტრად არის დახატული. არადა, ვისაც ავიგდორის აზრი აინტერესებს, ყველანაირი დამახინჯების გარეშე, შეუძლიათ მის ინტერვიუს გაეცნონ გაზეთ ,,ერეკლეს გზაში“. ისე გაზრდას რაც შეეხება, საკვირველია ქართული ანდაზაა ,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო’ – 20 წელია კი არ ვიზრდებით, ვპატარავდებით და ვკარგავთ ტერიტორიებს. ჩვენი ხელისუფლების (აქ სამივე პრეზიდენტი იგულისხმება) უგუნური პოლიტიკითა და საქციელით 2008 წელს ისეთი ტერიტორიებიც კი დავკარგეთ, რომელიც საქართველოს არასოდეს არ დაუკარგავს მთელი თავისი არსებობის მანძილზე. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების დროს მრავალი წელი ეჭირათ კოდორის ხეობა ქართველ ვაჟკაცებს. ასევე ახალგორი, თამარაშენი და ასობით ქართული სოფელი, რომლებიც ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ გააცამტვერა. აი ასე ვიზრდებით ეტყობა. თუმცაღა სტატიის ავტორი ალბათ ვარდების რევოლუციის შემდეგ ცალ-ცალი კალოშით მოსული ჩინოვნიკების კაპიტალის ზრდას გულისხმობდა, ეს კი ნამდვილად ჭეშმარიტებაა.

თუმცა მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთას ყველა ტელევიზია და ყველა გაზეთი არ ასრულებს.  ისინი ცოტანი არიან, მაგრამ მაინც არიან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.  მათ ჩამოთვლას არ ვაპირებ, რადგან, გამორიცხული არ არის, მათაც რაიმე ცილი დასწამონ. სხვათა შორის, კიდევ ერთი ცილისწამება გამახსენდა.  29 სექტემბერს ჩატარებულ სახალხო კრების ე.წ. „რეპეტიციაზე“ ჩვენი ორგანიზაცია არც არავის დაუპატიჟებია, და რომც დავეპატიჟებინეთ – არ წავიდოდით, რადგან ჩვენთვის ნათელი არ არის მისი მიზნები და არც ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილებაა მისაღები.  მიუხედავად ამისა, „რეალტივიმ“ შეცდომაში შეიყვანა ბატონი სოსო ცინცაძე (ეს ბატონმა სოსომ სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა), დაარწმუნა იგი, რომ დარბაზში ალექსანდრე ებრალიძის მომხრეები და ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები გამოჩდნენ, და გააკეთებინა კომენტარი, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო სიმართლესთან.  მთავარი ის არის, რომ ამ კომენტარის საფუძველზე მრავალმა მედია-საშუალებამ გაავრცელა ეს ინფორმაცია ლეიტმოტივით – სახალხო კრებაში შეიძლება რუსული ფული გამოჩნდეს (მაგრამ რა შუაშია აქ ერეკლე მეორის საზოგადოება, რომელსაც არამც თუ რუსული, ქართული ფულიც კი არა აქვს, ხოლო ვისაც არა სჯერა, გვეწვიოს ჩვენს ოფისში, უზნაძის 15-ში).

სიტყვა მართლაც გამიგრძელდა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია თამამად ვუთხრა ჩვენი ვებგვერდის მკითხველს – შეიძლება შეცდომა დავუშვა, მაგრამ არც ამ სტატიაში და არც რომელიმე სტატიაში ამ ვებგვერდზე ერთი სიტყვაც არ არის ყალბი.  ღმერთმა მოგვცეს ძალა სიყალბის მორევთან გამკლავების.

არჩილ ჭყოიძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"